ირაკლი ბათიაშვილმა თავისი წიგნის „შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გამართა

ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა და პოლიტოლოგმა ირაკლი ბათიაშვილმა თავისი წიგნის „შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდა, ირაკლი ბათიაშვილმა წიგნის შინაარსი აუდიტორიას გააცნო. წიგნში განხილულია შელინგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები „გამოცხადების ფილოსოფია“ და პარალელურად განვითარებულია მსჯელობები, რომელიც ეხება ადამიანური ყოფიერების, თანამედროვეობის უდიდეს პრობლემებს და გამოწვევებს.

„ამ წიგნზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. თვითონ ფრიდრიხ იოზეფ შელინგი არის დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის გიგანტი. ჰეგელი და შელინგი იყვნენ მეგობრები, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად, ევროპული ფილოსოფიის ლიდერი იყო შელინგი, შემდეგ ჰეგელი გახდა, მაგრამ რაც დრო გავიდა, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნეში, შელინგი უფრო და უფრო აქტუალური გახდა. ახლა, 21-ე საუკუნეში შელინგმა წამოწია ისეთი პრობლემები, რომელიც არის მარადიული და ამასთან ერთად, ეს პრობლემები ამ საუკუნის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იწვევს. სწორედ ამაზეა ჩემი წიგნი. ეს არის შელინგის საკმაოდ სკურპულოზული ანალიზი და ამასთან ერთად, აქ არის შემოქმედებითი მიდგომა, ამ პრობლემების თანამედროვეობაში გააზრება. მე უკვე ვაანალიზებ დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ვუყურებთ, თუ როგორ ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რა ტიპის კატასტროფის კონტურები ისახება ჩვენს წინაშე”, - აღნიშნა მან.

წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგნენ პროფესორები: ვალერი რამიშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, ვალერიან ასათიანი და ანასტასია ზაქარიაძე.

ამასთან, ღონისძიებას დაესწრნენ ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ ირაკლი ბათიაშვილის წერის მანერის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ის დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

„ბატონი ირაკლი არის ძალიან სერიოზული მკვლევარი, ფილოსოფოსი და მას რამდენიმე ერთმანეთზე უკეთესი წიგნი აქვს გამოქვეყნებული და მიიჩნევა ძალიან სერიოზულ ავტორად. რაც შეეხება „შელინგის გამოცხადების ფილოსოფიას”, ეს არის უნიკალური წიგნი, იმიტომ, რომ აქ გადმოცემულია არამარტო მთელი სიღრმე, არამედ საოცარი არის ბატონი ირაკლის წერის მანერა. ავტორი გვიყვება არა დიდ ავტორზე, არამედ საუბრობს მასთან, წიგნში შემოდის როგორც პერსონაჟი. ეს სრულიად გამონაკლისია და ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მსგავსი არაფერი არ ყოფილა, როდესაც ავტორი თავისივე ნაწარმოების პერსონაჟი თვითონ ხდება”, - განაცხადა პროფესორმა.

„შელინგის გამოცხადების ფილოსოფიასთან” დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებზე პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმაც ისაუბრა.

„ბატონი ირაკლი უნიკალური პერსონაა, რომელსაც მე „მებრძოლ ფილოსოფოსს” ვეძახი. ჯერ 90-იან წლებში, ახლა კი მეორე ფილოსოფიური საჩუქარი მოგვიმზადს ყველას და რაც მთავარია, ხალისიანი ადამიანია, რაც არ უნდა მძიმე იყოს მისთვის არცთუ საოცნებო რეალობა. რაც დრო გადის, სულ უფრო გული მწყდება, რომ ამ ადამიანმა დატოვა სივრცე სახელმწიფო საქმეებისთვის, მაგრამ მადლიერები ვართ, რომ აქამდე არნახული და არგაგონილი წიგნები გამოსცა”,- აღნიშნა მან.

წიგნი „ბიბლუსისა” და წიგნის სხვა მაღაზიათა ქსელებში უკვე ხელმისაწვდომია. ამასთან, ნამუშევრის გამოცემაში მას „ევროპის უნივერსიტეტი” დაეხმარა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო