ბაჩო ახალაია - ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს

ჩემთან დაკავშირებით მსმენია მოსაზრება: „ციხეში პარტიული პოლიტიკისთვის ზის“ - სინამდვილეში ამისთვის არ ვზივარ!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია პენიტენციური დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი არ დაუბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაჩო ახალაია აცხადებს, მას პარტიული გეგმები არ აქვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და ამომრჩევლად რჩება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ პრიორიტეტები და შეხედულებები არ შეცვლია, თუმცა „თუ მანამდე რუსულ ტანკს მიიჩნევდა საკუთარ გამოწვევად, ახლა ეს „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა“.

ბაჩო ახალაიას თქმით, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მას ცხოვრების დაწყება არა ნულიდან, არამედ, მინუსებიდან მოუწევს...

- ბატონო ბაჩო, ალბათ, გიფიქრიათ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ რას გააკეთებთ; დაუბრუნდებით თუ არა ისევ პოლიტიკურ ცხოვრებას? თუ კი, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობაა", თუ რამე ახალს გეგმავთ?

- სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით საკუთარ სამომავლო გეგმებზე. არა იმიტომ, რომ შეიძლება რამეს ვმალავდე, არამედ იმ ბანალური მიზეზით, რომ გულწრფელად არ ვიცი. ჯერჯერობით, დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ როგორც ჩანს, თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში. შემდეგ კი, ერთდროულად მომიწევს უამრავ სამართლებრივ, პოლიტიკურ, თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება. რეალურად ვუყურებ ვითარებას და ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს. ხოლო იმას თუ რას, როგორ, როდის, ან საერთოდ გადავლახავ თუ არა, ამას მხოლოდ მომავალში თუ ვნახავ.

- ანუ, პენიტენციური დაწესებულების შემდეგ, პარტიაში არ გიხილავთ?

- ვფიქრობ, მშვენივრად მესმის თქვენი კითხვის ძირითადი არსი, ანუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მაქვს თუ არა, პარტიული პოლიტიკური გეგმები? შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - არა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის პრიორიტეტები და შეხედულებები შემეცვალა. ამ თვალსაზრისით სინამდვილეში ყველაფერი ყოველთვის ასეც იყო და შევეცდები განვმარტო რას ვგულისხმობ. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი ვიყავი ისე, რომ არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი ფორმალურადაც კი, რომ არაფერი ვთქვა რაიმე პარტიულ თანამდებობაზე. მიზეზი ყოველთვის მარტივი იყო - არასდროს მქონდა ინტერესი უშუალოდ პარტიული საქმიანობისადმი და ვფიქრობ, არც არასდროს მქონია შესაბამისი უნარები. შესაბამისად, პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ. ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება - „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის“. სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში „ამისთვის არ ვზივარ“. ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია.

- არის რამე, რისი თქმაც საზოგადოებისთვის გინდათ?

- ჩემთვის სულ სხვანაირად დგას საკითხი, უბრალოდ როცა დრო დადგა, საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემგან გარკვეულ კითხვებზე პასუხს ითხოვდა, ჩავთვალე, რომ ეს პასუხები მქონდა და უნდა გამეცა კიდეც. სწორი იყო კიდეც, როგორც კითხვების დასმა, ასევე პასუხების გაცემაც. სულ სხვა საკითხია ის, რომ სინამდვილეში არავის, არანაირ კითხვაზე არანაირი პასუხი სინამდვილეში არ აინტერესებდა, ამიტომაც ყველაფერმა მახინჯი ფორმა მიიღო. ასე რომ, თავის დროზე ჩემი მხრიდან სასამართლოს წინაშე წარდგომა იმ პირობებშიც კი, როცა გამართლების უფლება ჩამორთმეული აღმომაჩნდა, ერთადერთი რამით იყო განპირობებული - ოდესღაც, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, თუნდაც, ასეთი მახინჯი ფორმით მეპასუხა საკუთარი ვალდებულებებისთვის ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მითუმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე.

რაც შეეხება ციხის შემდეგ ჩემს დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება, ისევ ისეთი მხარდამჭერი და ამომრჩეველი დავრჩები, როგორც დღემდე ვიყავი. უფრო სწორად, იმას ვგულისხმობ, რომ გარდა უბრალოდ მხარდაჭერისა და ამომრჩევლისა, არანაირ პარტიულ პოზიციაზე ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები რომ გამჩენოდა, ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა. გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან. რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა იმის გათვალისწინება, რომ არანაირი ისეთი ამბიცია არ გამაჩნია, რომელიც კონფლიქტში მოვიდოდა რეალობასთან. ციხეში კი, ასეთი მოვლენა სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, ნორმაა.

ეკა ლემონჯავა

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო