პირველადი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან

პარამედიკოსები (სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები) გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება.

თალაკვაძის ინფორმაციით, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ. ისინი დაშავებულს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს სასწრაფოს ეკიპაჟი მოემსახურება.

მისივე განმარტებით, გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი.

თალაკვაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს.

„უახლოეს პერიოდში 20-მდე მსგავსი ტიპის ავტომანქანისა და მოტოციკლის შემოყვანა იგეგმება. კონკრეტულად ელექტროავტომობილი გათვალისწინებულია ბათუმის ბულვარისთვის. ელექტროავტომობილზე არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი გამოიძახებს, უახლოესი ეკიპაჟი მივიდეს ადგილზე. ამ განახლებული სისტემის ჩაშვებას 112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 1-ელი იანვრიდან ვგეგმავთ. ბრიგადები პირველად დახმარებას გაუწევენ პაციენტებს და გადააბარებენ შემდგომ სასწრაფო დახმარების ავტომობილს“, - განუცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკაციანი ელექტრომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება.

რაც შეეხება სამთო კურორტებს, თალაკვაძის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ 12 ჯიპის ტიპის ავტომობილი შეისყიდა და ავტოპარკი სრულად არის განახლებული.

„სამთო კურორტებზე ყოველწლიურად იზრდება ეკიპაჟების რაოდენობა, რადგან იზრდება ტურისტების რაოდენობაც. წელს გუდაურის ლოკაციაზე გვყავდა 4 ეკიპაჟი გათვალისწინებული და სრულად დააკმაყოფილა მოცული ტერიტორია. თუ საჭიროება გახდება ეკიპაჟებს წელსაც დავამატებთ. აქ ივლიან მაღალი გამავლობის, ჯიპის ტიპის ავტომობილები, რაც უკვე გვყავს. ავტოპარკი სრულად არის შევსებული. წელს ვიყიდეთ ასეთი 12 ავტომობილი. ამის გარდა, შარშან გვყავდა დაახლოებით 30 ავტომობილი, რითაც მაღალმთიანი რეგიონები სრულად არის დაფარული“, - განაცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. უწყებიც ინფორმაციით, ავტოპარკი 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა