„ქართული ოცნების“ დეპუტატები წყალტუბოში, სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურებიან

წყალტუბოში, სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეხმაურებიან.

როგორც პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს რეაბილიტაციის „ მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე“.

,,ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს. ის უდიდეს სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას და არის ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი გარანტი და დამზღვევი ყველა იმ დარგში, სადაც ამის საჭიროება უდგას ქვეყანას. ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს და ახლა მათ რიცხვში შედის წყალტუბოს რეაბილიტაცია. ეს მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ „წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“.

,,ყველასთვის ცნობილია, რომ წყალტუბო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო დონის კურორტი იყო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო უკანასკნელი 30 წლის მანძილზე პრაქტიკულად მიტოვებული და გავერანებულია. სამწუხაროდ, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი. მეამაყება, რომ ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე, წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობი წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, „წყალტუბოს აღორძინება, არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა“.

“მინდა გამოვეხმაურო ძალიან კარგ ამბავს, რომელიც დღეს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზადაა წყალტუბოში არსებული 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს, შემდეგ კი მათი სრული რეაბილიტაცია ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს. პარალელურად მან ქართულ ბიზნესს უნიკალური შეთავაზებით მიმართა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ ექსპლუატაციაში ჩაშვება, არათუ თვითღირებულებით, არამედ ფასდაკლებით გაასხვისოს აღნიშნული ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა მათ განაგრძონ წარმატებული საქმიანობა. ეს მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ წყალტუბოს აღორძინება, არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა. წინასწარი გათვლით სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000 – 800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი. დიდი საქმე იწყება. წარმატება ინიციატორს“, - წერს მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა წყალტუბოს კურორტის სწრაფი განვითარების.

„ უპრეცედენტო გადაწყვეტილება წყალტუბოს განვითარების ისტორიაში. 30 წელზე მეტია, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საერთაშორისო დონის კურორტი და რეგიონში, ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე თერმული ქალაქი, სტანდარტული მიდგომით ვერ განვითარდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი. ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო“, - წერს ზურაბიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით კი, ამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს“.

„წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მასშტაბით მართლაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად: ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია: დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თითოეული ოჯახისთვის - აი ეს, ძალიან მცირე ჩამონათვალი, იმისა რაც შედეგად მოყვება ბატონ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს!“,- წერს დავით მათიკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა