ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2019

"ასე იყო დაგეგმილი სოფლების ინტერნეტიზაციაც, მაგრამ არაფერი გაკეთდა“ - გამზარდია, ივანიშვილის გეგმაზე

კოშმარი ახალგორში: პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლები არ იშოვება, მძიმე ავადმყოფები იღუპებიან

***

"ასე იყო დაგეგმილი სოფლების ინტერნეტიზაციაც, მაგრამ არაფერი გაკეთდა“ - გამზარდია, ივანიშვილის გეგმაზე

"ივანიშვილი ამით პოზიტიური ხმაურის შექმნას ცდილობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივას. ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად გადაიქცეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ასე იყო დაგეგმილი სოფლების ინტერნეტიზაციაც, მაგრამ არაფერი გაკეთდა“ - გამზარდია, ივანიშვილის გეგმაზე

"ივანიშვილი ამით პოზიტიური ხმაურის შექმნას ცდილობს. ეს დღეები ხელისუფლება და მათ შორის ივანიშვილი სრულიად სხვა როლში აღმოჩდნენ. ისინი კიდევ ერთხელ სხვადასხვა მხარემ ამხილა, როგორც ხდება ხოლმე და შესაბამისად, ერთგვარი პოზიტიური ხმაური იყო საჭირო, რომ შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდა წასულიყო და აქცენტი კვლავ მის ქველმოქმედებაზე გაეკეთებინათ. "ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდისტული ხერხია. ასე იყო დაგეგმილი სოფლების ინტერნეტიზაციაც, მაგრამ არაფერი გაკეთდა და არ ვიცით გაკეთდება თუ არა. სხვა მხრივ, ივანიშვილი კარგ ქველმოქმედად რომც ჩავთვალოთ, პრობლემა ისაა, რომ ის ძალიან ცუდი მმართველი აღმოჩნდა", - აცხადებს გამზარდია. მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები ამას ვერ გადაწონის”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ზოგადად, ივანიშვილს ახასიათებს ისეთი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლითაც თავის ავტორიტეტის გამაგრებას და გამყარებას ცდილობს ხოლმე. თავისთავად მნიშვნელოვანია ეს პროექტი რომ განხორციელდეს, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და ცალკეული პროექტები, რომლებსაც ის ახორციელებს, საერთო ჯამში სახელმწიფოს და ხალხის მდგომარეობას არ აუმჯებესებს და ცხოვრების დონის გაუარესების დინამიკა იმდენად დიდია, რომ ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები ამდენი უბედურების დამბალანსებელი ვერ არის. „ქველმოქმედება მისი ნებაა, მაგრამ მისი ვალდებულებები რაცაა, ის ამას არ ასრულებს და როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო უპირატესი და მნიშვნელოვანია? ვფიქრობ, რომ ეს ცალკეული პროექტები დიდ ჭაობში ჩაგდებული პატარა ნაკვერჩხალია, რომელიც რა თქმა უნდა ცეცხლს ვერ დაანთებს", - განაცხადა გამზარდიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

კოშმარი ახალგორში: პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლები არ იშოვება, მძიმე ავადმყოფები იღუპებიან

"ახალგორთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვიდან 2 თვე გადის და მოსახლეობა უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. სამედიცინო დახმარების და საკვების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები უკვე ორი თვეა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, ე.წ. ცხინვალის მთავრობას დახმარებას და „საზღვრის“ დროულ გახსნას სთხოვს. იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი ფატალური მაგალითი კი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილია. ის 28 ოქტომბერს ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს, რის გამოც იძულებული გახდნენ ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო კი ის გზაში გარდაიცვალა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კოშმარი ახალგორში: პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლები არ იშოვება, მძიმე ავადმყოფები იღუპებიან

"მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ საგუშაგოს ჩაკეტვამ ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნათ. თუკი პირველ ჯერზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები „წითელ ჯვარს“ თბილისის მიმართულებით შედარებით ადვილად გადმოჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს – მძიმე პაციენტები ცხინვალში გადაჰყავთ. გარდა ამისა, თუკი წინა პერიოდში დაკრძალვებზე გადმოსვლას ასე თუ ისე ახერხებდა ახალგორის მოსახლეობა, ამჯერად ვერც ამას ახერხებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ახალგორელების ნაწილმა რაიონის ჩაკეტვამდე გადმოსვლა მოასწრო, ნაწილი კი დე ფაქტო საზღვარზე ვერც გადმოდის და აქეთ დარჩენილებიც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე ყვება და ამბობს, რომ მას ვინაობის გამხელის ეშინია, რადგანაც მის ოჯახს საფრთხე დაემუქრება. "ადგილობრივებს გვაფთხილებენ და გვეუბნებიან, რომ სატელეფონო საუბრის დროსაც კი არ გავბედოთ ნათესავებთან იმაზე საუბარი, თუ ახალგორში რა სიტუაციაა. აქ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება ისჯება და კაცმა არ იცის ვინ როგორ მოგედავება. „სრულიად ჩაკეტილ გარემოში ვართ. პროდუქტები ჯერ ხომ არ არის და თუ მაღაზიაში რამე მოიპოვება, სამმაგ ფასშია. აქ ხალხი შეშინებული და დაზაფრულია. არავინ გვეუბნება ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ხალხი ფაქტობრივად იზოლირებულია, ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი მათთვის ჩაიკეტა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ. "ცხინვალიდან შემოტანილ პროდუქტს ცეცხლის ფასები ადევს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ ახალგორის მოსახლეობას, არამედ მთელ ცხინვალის რეგიონს ზიანს აყენებს. წამლები ხომ არ ვიცი... ელემენტარული "ციტრამონი“ და "ტკივილგამაყუჩებლებია“ დეფიციტში. ბავშვი მყავდა ავად, ვირუსი შეხვდა და სიცხის დამწევ წამალს ვერ ვშოულობდით. ამის ხმამაღლა თქმისაც კი გვეშინია“, - ამბობს ახალგორის მკვიდრი „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

"მისივე განცხადებით, გზის დაკეტვამ პენსიონერებსაც პრობლემები შეუქმნა, რომლებიც ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. ადგილზე ფასების ზრდის პარალელურად, პენსიის გარეშე დარჩენილ ახალგორელებს რთულ ვითარებაში უწევთ არსებობა. ამიტომაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენსიებამდე ნისიად პროდუქტების აღებაა, თუმცა ისიცი არ იციან როდემდე. ადგილობრივი ამბობს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა, თუ სიტუაცია კიდევ ასე გაგრძელდა, შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულები. გზის ჩაკეტვის გამო სწავლის გაგრძელებას ვერც ახალგორში ჩარჩენილი სტუდენტები ახერხებენ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია და აცხადებენ, რომ არ აპირებენ საგუშაგოს აღებას, რადგან ის მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა. საგუშაგო არ არის არანაირი პროვოკაციის მატარებელი და არც არანაირი საფრთხეს წარმოადგენს ვინმესთვის. ოკუპირებულ ცხინვალში ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადგილზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მარიონეტულ რეჟიმს ერთადერთი გადასასვლელი გზის გახსნისკენ მოუწოდებს. „ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. საუბედუროდ, მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი”, - წერს გამოცემა.

"10 სექტემბერს, ახალგორის რაიონის მოსახლეობამ კოლექტიური მიმართვა გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს „საქართველოსთან საზღვრის“ გახსნის თხოვნით. მიმართვას ხელი 242 ადამიანმა მოაწერა. ისინი სთხოვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ე.წ. გამშვებ პუნქტ რაზდახანის გახსნას, ან თუნდაც უბრალოდ შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შეტანას - გაიხსნება თუ არა „საზღვარი“ და თუ არა - რატომ. თუმცა, წერილს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. ახალგორელებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი. კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ჩაეკეტა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოტანილი საქონელი ძალიან ძვირია, ქართულს კონკურენციას ვერ უწევს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ნერვების ომია. რადგან ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო დააყენა, ისინი ამას ამ ფორმით აპროტესტებენ - მომავალშიც თუ იმავეს გააკეთებთ, უარესს მიიღებთო. „ახალგორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ხელისუფლების დუმილი შემაშფოთებელია. ან უკეთეს შემთხვევაში არაფრის მთქმელი განცხადებები კეთდება, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერ ვშველით. „როდესაც ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში ისე დააყენა საგუშაგო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ეს არც განუხილავს, უნდა ეფიქრა, რომ ამას ოსური მხარის პასუხი მოჰყვებოდა. ასე ხომ არ გამწვავდებოდა ვითარება და არც ახალგორის მოსახლეობა მოექცეოდა იზოლაციაში. საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა დაუშვებელია“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან ეს რისკები უნდა გაანალიზებულიყო. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია რატომ არ მოხდა ოსებთან და რუსებთან ამ საგუშაგოს მშენებლობაზე შეთანხმება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მინისტრი იყო, გზები ორივე მხარეს მაშინაც იკეტებოდა, მაგრამ რეკავდა და მიზეზს პირადად არკვევდა. „როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან პრობლემების რაღაცის სანაცვლოდ მოგვარებას ვცდილობდით. ახლა კი ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც, რომ ოსები და აფხაზები ფიქრობენ - ეს ვინ არის, ხვალ შეიძლება აღარც იყოს და საქმე რომ გავუკეთო, ხვალ მე რამე რომ დამჭირდეს, შეიძლება სხვა დამხვდესო და არც უღირთ. ფაქტია, თუ ახლანდელ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება აქამდე ასე თუ ისე შეეძლო, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს