ქარელის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატრულირება განხორციელდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას, ე. წ. მესაზღვრეები ან დე ფაქტო რეჟიმის საცხენოსნო პატრულის გადაადგილება არ შეინიშნება.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მარინა გულისაშვილის განცხადებით, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატრულირების შესახებ, აბსოლუტურად არარეალურია.
„სოფელ ატოცის განაპირას, სოფლის კუთვნილ მინდვრებში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, დე ფაქტო რეჟიმის ცხენოსანი თუ ქვეითი პატრულის არანაირი გადაადგილება არ დაფიქსირებულა წუხელ. ფაქტობრივად, სოფლის ყველა მოსახლესთან მქონდა კომუნიკაცია და არავინ ადასტურებს, რომ სოფლის განაპირას გადაადგილდებოდა ცხენოსანთა ჯგუფი. ვერ გეტყვით, ვისზე დაყრდნობით აკეთებენ ამგვარ განცხადებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, თუმცა ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია არარეალურია”, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან” მარინა გულისაშვილმა.
შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცის განაპირას, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო რეჟიმის საცხენოსნო პატრულის გადაადგილება შეინიშნებოდა.
როგორც დავით ქაცარავამ განაცხადა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს პოლიცია ატოცის მიმართულებით გადაადგილებას უზღუდავს.

























