თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.

„ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, რომ „სითი პარკს“ აქვს პარკირების მომსახურებისთვის ყველა საჭირო აქტივი. გვაქვს ინტერესი შევისყიდოთ ეს აქტივები, მათ შორის ევაკუატორები, სამკერდე კამერები. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე „სითი პარკს“ ცოტა ინერტულად მიჰყავს სამართლებრივი დავა. არ არის აქტუალურ ფაზაში შესული ეს დავა და არბიტრაჟშიც არ არის სარჩელი შესული. სარჩელი სასამართლოში შეტანილია, დავაზე მათ ჯერ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არბიტრაჟში არ შეუტანიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მას არ სურს საუბარი იმ თანხაზე, თუ რა შეიძლება გადაუხადოს მერიამ, „სითი პარკს“ აქტივების გამოსყიდვისთვის.

„ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საუბარია იმ აქტივის შესყიდვაზე, რომელიც პარკირებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერის, ინფორმაციით, „სითი პარკთან“ მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაქირავებული ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი გადაურიცხეს. თუმცა, როგორც ხმალაძე განმარტავს, კომპანია „ემ ჯი”-მ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა და მერიას მისი მეორედ დაქირავებაც დასჭირდა.

„სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ მოლაპარაკებებს. ორჯერ დავიქირავეთ ეს კომპანია. ერთხელ კომპანიას ვადა ამოეწურა და იმ ვადის ფარგლებში აწარმოა მოლაპარაკებები. მეორედ დაქირავებაც დაგვჭირდა და ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ზუსტად რა თანხაა გადახდილი კომპანიისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, ამ მომენტში არ ვიცი. მეორე ეტაპი პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის იქნება და მოლაპარაკების მოცულობაც ნაწილში, მცირეა“, - განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

„სითი პარკმა“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რაც კომპანიამ უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ „სითი პარკის“ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას შესაძლოა, კომპანიისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს.

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია "სითი პარკის" აქტივებს ყიდულობს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს