ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2019

დავით ბერძენიშვილი - “დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”

სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება? (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ნოემბრის ნომრის მიმოხილვა)

* * *

დავით ბერძენიშვილი - “დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”

“ჭირმა თავი არ დამალა”. საქართველოს საპატრიარქოში სისტემური კრიზისია. ეს სინოდი და ეს ეპისკოპატი არ არის შემძლე, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდეს. საჭიროა საეკლესიო ცხოვრების განახლება. ასეთი კრიზისების დროს დიდი კრების მოწვევა ხდება. მაგალითად, 1917 წელს დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, სადაც სასულიერო პირებიც იყვნენ და საერო, მრევლის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ აირჩიეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად კირიონი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქამდე მივიდეს საქმე და დიდი საეკლესიო კრების მოწვევა გახდეს საჭირო, მით უფრო, ეს ინიციატივა უკვე გაჟღერებულია”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია” / დავით ბერძენიშვილი: “დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო”.

“არაფერი დამანგრეველი ქვეყნისთვის არ ხდება, უბრალოდ,, დროს ასცდა და ჩამორჩა საპატრიარქო. 40 წელზე მეტია, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის ილია მეორე, რომელსაც აქვს დამსახურებებიც და შეცდომებიც. შევარდნაძე-ილია მეორის ეპოქა, საბჭოთა-პოსტსაბჭოთა ეპოქა ერთიანად დასრულდა. შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, ილია მეორე ცოცხალია და ღმერთმა დიდხან ამყოფოს. ხელისუფლებასთან შეზრდილი საპატრიარქოს ურთიერთობები აღარ არის თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსი ურთიერთობების მისაღები ფორმა. რაც შეეხება დანარჩენს, რომელ მღვდელმთავარს რა ცოდვა აღმოაჩნდა და თუ არ აღმოაჩნდა და აბრალებენ. ეს ჩემთვის საინტერესო აღარ არის. როდესაც ადამიანები ამ ტიპის ბრალდებების გამოდიან ერთმანეთის მიმართ, არ ვარგა, მაგრამ როდესაც ტაბურეტით ხელში გამოდიხარ და ადამიანს ჩაგრავ, მორალური კვარცხლბეკიდან ვეღარ იყურები და იქიდან ჩამოდიხარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ მაქვს განცდა, რომ ვიღუპებით, რომ ქვეყანა იქცევა, რომ პატრიარქო გადასარჩენია. ეს სადღეგრძელოს ნაწილი მგონია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

“სინოდი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებამდე ვერც და არც მივიდა. ეს ცუდია. საქართველოს ეკლესიაში რუსული ძალის მოძლიერება ხდება. მოსაყდრე შიოც ამის ნაწილი მგონია. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ხელისუფლების გარეშე. თავის დროზე შევარდნაძემ თქვა - ჩვენ ილია მეორე შევარჩიეთ და გაამართლა კიდეცო. რასაკვირველია, ხელისუფლება ძალიან აფათურებს ხოლმე ხელს საპატრიარტო ტახტის მემკვიდრის შერჩევაში. მოსაყდრე შიოც ხელისუფლების გარეშე არ არის არის შერჩეული. მაგრამ ერთია შერჩევა, და ის, რომ ის ჯერ კიდევ არ არის პატრიარქი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაუქმებაზე საუბრობენ. როგორია თქვენი პოზიცია?” - პასუხობს:

“ეს საკითხი არ არის აქტუალური. უფრო სწორად ვერ იქნება, რადგან მის გაუქმებას პარლამენტში დეპუტატების სამი მეოთხედის მხარდაჭერა სჭირდება. კონკორდატი არავითარ როლს არ თამაშობს, რადგან არ სრულდება იქ გაწერილი მუხლების დიდი უმრავლესობა. პუნქტების დიდი უმრავლესობა სადღეგრძელოებია. კანკორდატით არ იმართება დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა.... ეს პროცესი რაც უფრო ღრმად მივა ფსკერამდე, მით უფრო მეტი იქნება კათარზისი. დადგა გაჯანსაღების პერიოდი. საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია, ამიტომ ის თანამედროვე ფორმით უნდა შეიცვალოს”.

სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება? (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ნოემბრის ნომრის მიმოხილვა)

სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება? / უკრაინელი პილოტების მიერ გადარჩენილი 7 634 საქართველოს მოქალაქე... / მართლწესრიგის ოფიცრები ძველ თბილისშიც იმუშავებენ / დაიბომბა თუ არა მახათას მთა... /

”რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ტრიუმფის ზენიტშია - სწორედ ის კარნახობს თამაშის წესებს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, თურქი კოლეგა სოჭში ეახლება, ამერიკელი კოლეგა კი სირიიდან საერთოდ გარბის, ამის შემყურე საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კრემლის მთავარ ბინადარს გრანდიოზულ დახვედრებს უწყობენ. პუტინმა ამ ეტაპზე გაიმარჯვა და ახლო აღმოსავლეთის “მთავარ მომრიგებლად” იქცა, მაგრამ ვინ იქნება პუტინის ახალ “მენიუში” და რიგით ვის ემუქრება კრემლის მიერ “გადასანსვლა”? ახლო აღმოსავლეთში ასეთი წარმატების მიღწევის შემდეგ, ლოგიკური იქნება, მოსკოვს დიდი სურვილი გაუჩნდეს, ბოლოს და ბოლოს, “ჭკუაზე” მოიყვანოს, რუსეთის მიერვე “ახლო საზღვარგარეთად” მონათლული საქართველო და უკრაინა, რომ შემდგომ უკვე მთელი ძალით ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც მოიცალოს”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N12, დეკემბერი, 2019) სტატიაში სათაურით სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება? / სირიაში დიდი პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ პუტინს საქართველოს დაუსჯელად “გადაყლაპვის” დიდი ცდუნება შეიძლება გაუჩნდეს...

“აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის უკან დახევამ სირიის კონფლიქტში და, ფაქტობრივად, სირიელი ქურთების მიტოვებამ ძალზე შელახა მსოფლიოს ამ უძლიერესი ქვეყნის იმიჯი არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სირიაში უკანდახეული ამერიკა უკვე ცოტა ძნელად აღიქმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერების მთავარ გარანტიად, არადა, საქართველოსა და მეომარ უკრაინაშიც სწორედ ოკეანისგაღმელი ზესახელმწიფოს დიდი იმედი ჰქონდათ და აქვთ, რადგან ნატოს წევრი “ბებერი ევროპის” არანაკლებ ბებერ პოლიტიკურ ლიდერებს უახლოეს წარსულში არაერთხელ დაუხევიათ უკან რუსული ფაქტორის შიშით. გვინდა თუ არა ამის აღიარება, დღეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბევრად ძლიერი მსოფლიო დონის პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი ამერიკელი კოლეგა, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთის, ისრაელისა და მით უმეტეს, ევროპელ პოლიტიკოს ლიდერებზე. პრეზიდენტი პუტინი ეცდება სირიაში მოპოვებული გამარჯვება გააორმაგოს ან სულაც გაათმაგოს საქართველოსა და უკრაინის “ჭკუაზე მოყვანის” გზით. საქართველოში კრემლს ამისთვის სამხედრო აგრესიის განახლება, სავარაუდოდ, არც დასჭირდება, ჩვენს ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსული "რბილი ძალა" მთელი სიმძლავრით ამუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გამოუცხადებელ ომში ჩათრეულ უკრაინაში უკვე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ერთპიროვნულად გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ქვეყნის სათავეში მოვიდა და მალე გამოჩნდება, ის თავს ბოლომდე დაუხრის კრემლს თუ კრემლის მთავარ ბინადარს მაინც დონბასელი სეპარატისტების საფარქვეშ მოუწევს რუსული ტანკებით კიევზე შეტევა. რიგით მესამე მსხვერპლი კი რუსეთის მოძმე ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელისუფლება იქნება (არ არის გამორიცხული, კრემლის მიერ ლუკაშენკოს საბოლოო “მოთვინიერებამ” ამ რიგში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს), რადგან ბელორუსის პრეზიდენტის ხშირი მცდელობა შეეწინააღმდეგოს მოსკოვის პირდაპირ ზეწოლას (მათ შორის ბელორუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და უკრაინასთან მეტ-ნაკლებად მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების გამო), მისი რუსი კოლეგის გამძვუნვარებას იწვევს და მოსკოვისთვის ბევრად კომფორტული იქნება მინსკში ლუკაშენკოზე დამყოლი, მარიონეტული ფიგურა დასვას”. - დასძენს გამოცემა.

“ქართველ და უკრაინელ ხალხს მეგობრობისა და თანადგომის დიდი ტრადიციები აქვს. საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ უკრაინელ მოხალისეებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომს აფხაზეთში სიცოცხლე შესწირეს, უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს შორის კი საუკუნოვანი სასუფეველი ქართველმა მებრძოლებმა დაიმკვიდრეს. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულებაა უკრაინელი რეჟისორის მიროსლავ გაის დოკუმენტური ფილმი “მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში”. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 16 ოქტომბერს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს “არმი ჰოლში” ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო უკრაინელი ფოტოგრაფის პავლე პაშჩენკოს ფოტოები, გადაღებული სვანეთის მთებში 1993 წლის 13 ოქტომბერს...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით უკრაინელი პილოტების მიერ გადარჩენილი 7 634 საქართველოს მოქალაქე...

“ფილმი ემოციურია და აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ მძიმე მოგონებებს აღძრავს, როცა 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემის შემდეგ ათასობით ადამიანი - ქალი, ბავშვი, მოხუცი, დაჭრილი, ავადმყოფი ფეხით კოდორის ხეობით სოფელ ჭუბერისკენ დაიძრა. წინ 150-160 კმ-ის გზა იყო გასავლელი კავკასიის მთებში, სადაც იმ წელს ნაადრევად ჩამოთოვა და ომით გამოწვეულ სტრესებს სიცივე და შიმშილი დაემატა. მთის ვიწრო გზებზე შეფენილ ადამიანებს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდათ და დახმარება რაც უფრო მოკლე დროში იქნებოდა ორგანიზებული, სიკვდილს მით მეტი გადაურჩებოდა. ფილმში არის ერთი ეპიზოდი, როცა უკრაინელი მფრინავი პავლო მოროზი მის მიერ გადარჩენილ ერთ ქართველ ქალს ხვდება. შეხვედრას სიხარულთან ერთად თან ახლავს ის დიდი ტკივილი, რასაც თითოეულ ჩვენგანში აფხაზეთის ომი იწვევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგანგებოდ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის უკრაინიდან ჩამოვიდნენ უკრაინელი მფრინავები: ვლადიმირ გარკუშა, ოლეგ ტარჩევსკი და გიორგი ჩიბისოვი, რომლებმაც ის დღეები ემოციურად გაიხსენეს. “ჩვენ არ შეგვეძლო უმწეო, განადგურებული დევნილები გასაყინად გაგვემეტებინა... და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი”, - განაცხადა ოლეგ ტარჩევსკიმ. “ვდგებოდით დილის 4 სთ-ზე, ფრენას 5-6 სთ-ზე ვიწყებდით. ვბრუნდებოდით 40-50 წთ-ით საწვავის შესავსებად და ისევ მივფრინავდით, მუშაობას კი გვიან ვამთავრებდით. ხალხი ჩვენ გველოდა, ბორტზე 40 კაცს ვიღებდით და ამას უკვე ყურადღებას აღარც ვაქცევდით, როცა ნორმა მხოლოდ 24 კაცი იყო. ვლოცულობდით, რომ აეროდრომამდე მიგვეღწია, ზოგჯერ კი გადატვირთვის გამო ნაკლებად მომზადებულ მოედანზე ვსხდებოდით. ეტყობა, ღმერთი და იღბალი ჩვენს მხარეს იყო”, - აცხადებს პოლკოვნიკი ვალერი ჩალი. უკრაინელი რეჟისორის ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის დიდ ტრაგედიაზე კარგად აჩვენებს ომის მძიმე შედეგებს. სასურველი იქნებოდა ფილმის ქართულ ენაზე დუბლირება და მისი ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება”, - განაგრძობს გამოცემა.

“არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გამოცხადდეს სვანეთის რეგიონი ეროვნული უბედურების ზონად. ვთხოვ ყველა მეზობელ ქვეყანას, მსოფლიო საზოგადოებრიობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს - გაითავისოს საქართველოს მოსახლეობის გაჭირვება. ნუ დაუშვებთ ათიათასობით ბავშვის, ქალის, მოხუცის შიმშილითა და სიცივით დაღუპვას. მთებიდან მოსახლეობის სასწრაფოდ გამოყვანის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა შვეულმფრენები. საქართველოს კი სულ რამდენიმე ცალი მანქანა გააჩნია. განვიცდით კვების პრიდუქტების, თბილი ტანსაცმლის, მედიკამენტების სასტიკ დეფიციტს...” - ესაა ნაწყვეტი ედუარდ შევარდნაძის 1993 წლის 5 ოქტომბრის განცხადებიდან. ედუარდ შევარდნაძის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ოპერატიულად გამოეხმაურა და კოდორის ხეობაში სამაშველო ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება უმოკლეს დროში მიიღო. მალე კოდორის ხეობის თავზე უკრაინული შვეულმფრენები გამოჩნდნენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადასარჩენად უკრაინელი მფრინავები თავს არ ზოგავდნენ. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და აქედან დაიწყო აფხაზეთში ეთნოწმენდა, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით აფხაზმა სეპარატისტებმა ქართველებსა და სხვა ერების წარმომადგენლებს მოუწყვეს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის იდეას ემსახურებოდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ქვეყანას საკუთარ მოქალაქეთა გადასარჩენი ძალა არ შესწევდა. 4 ქართული და 2 სომხური შვეულმფრენის ეკიპაჟების თავდადება ადამიანების უზარმაზარი მასის გამოყვანისთვის საკმარისი არ იყო. ედუარდ შევარდნაძის თხოვნით უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკის განკარგულებით, 1993 წლის 7 ოქტომბრის საღამოს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში შიფროგრამა გაიგზავნა, რომ 8 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით საჰაერო ძალების შტაბის ცხრაკაციანი ოპერატიული ჯგუფი რეკოგნოსცირების მიზნით საქართველოში ქუთაისის მახლობლად მდებარე კოპიტნარის აეროდრომზე გამგზავრებულიყო. ჯგუფის ამოცანა იყო სამაშველო სამუშაოთა ორგანიზებისთვის ადგილზე მდგომარეობის შესწავლა და შვეულმფრენთა მისაღებად სათანადო პირობების მომზადება. ჯგუფს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი იური პეტროვი ხელმძღვანელობდა. პარალელურად უკრაინის ავიაციის შვეულმფრენთა პოლკებში საქართველოში გამოსაგზავნი რაზმის ფორმირება დაიწყო, რისთვისაც ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“უპირატესობა ეძლეოდათ ავღანეთში ნაბრძოლ და კავკასიაში ნამსახურებ მფრინავებს, რომელთათვისაც მთებში ფრენა უცხო არ იყო და შესაბამის საფრენოსნო გამოცდილებასაც ფლობდნენ. 9 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ვაპნიარკას 488-ე ცალკეულ შვეულმფრენთა პოლკისა და ხერსონის 320-ე ცალკეულ შვეულმფრენთა პოლკის მი-8 MT/ MTB ტიპის 15-მა, ოჩაკოვოს 555-ე ცალკეულ ნავსაწინააღმდეგო შვეულმფრენთა პოლკის კა-27 ”პლ”-ისა და კა-27 ”პს”-ის ტიპის თითო შვეულმფრენმა საქართველოში გადმოფრენის ბრძანება მიიღო. ფრენის მარშრუტი ხერსონიდან იწყებოდა, მას მოსდევდა ბაგეროვო, ადლერი და ბოლო პუნქტი ქუთაისი იყო. უკრაინიდან შვეულმფრენთა გადმოფრენა 10 ოქტომბერს დასრულდა. რაზმი 90 სამხედროს ითვლიდა და მისი ხელმძღვანელობა უკრაინის მე-5 საჰაერო არმიის საბრძოლო მომზადების უფროსს, გენერალ-მაიორ ევგენი ვლასენკოს ჰქონდა ჩაბარებული, ხოლო საქართველოს წარმომადგენლებთან ორგანიზაციულ საკითხებს გენერალ-მაიორი იური პეტროვი არეგულირებდა”, - განაგრძობს წერილის ავტორი.

“უკრაინელი მფრინავები კოდორის ხეობაში გამავალი გზის თავზე დაფრინავდნენ. ხელსაყრელი მოედნის პოვნის შემთხვევაში ძირს ეშვებოდნენ საკვებისა თუ თბილი ტანსაცმლის გადასაცემად და დასუსტებული ადამიანების გამოსაყვანად. მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად უკრაინელმა მფრინავებმა 1993 წლის 10-14 ოქტომბერს 291 გაფრენა შეასრულეს და მათ შორის 152 ქუთაისიდან. გამოიყვანეს 7 634 კაცი და გადაიტანეს 487 ტ ტვირთი – კვების პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავ-საპოხი მასალები, თბილი ტანსაცმელი. 14-15 ოქტომბერს ბოლო ფრენები შესრულდა და 16 ოქტომბერს შვეულმფრენები მუდმივი ბაზირების აეროდრომებს დაუბრუნდნენ. თუმცა უკრაინის ავიაციის დახმარება მაშინ მარტო ამ ოპერაციით არ შემოიფარგლა. საქართველოს მთავრობის თხოვნით 22 ოქტომბერს მელიტოპოლის აეროდრომიდან 175-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკის სამი სატვირთო ილ-76 “მდ” გერმანიაში კიოლნის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავებმა გერმანიიდან თბილისში 60 ტ ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“შს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს. პირველ სამუშაო დღეს მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს. ისინი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მართლწესრიგის ოფიცრები ძველ თბილისშიც იმუშავებენ.

“მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით 10-თვიანი მუშაობის შედეგად მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მოზარდებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოფიცრები როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით შეირჩნენ. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება”, - დასძენს გამოცემა.

“აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა და ბევრი თბილისელი დარწმუნებულია, რომ საჰაერო დაბომბვას ბეწვზე გადაურჩა, როდესაც რუსული ბომბები მახათაზე აფეთქდა. ეს მთა, ფაქტობრივად, თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს და მასზე საჰაერო იერიში დედაქალაქის დაბომბვის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსულ ბომბდამშენებს მახათა არ დაუბომბავთ, თუმცა ქართულ მიწას “სასიკვდილო ნობათები” არ დააკლეს. თუ მახათას მთა 11 წლის წინ, 2008 წლის 10 აგვისტოს ღამეს, რუსულ ბომბდამშენებს არ დაუბომბავთ, მაშინ რამ გააღვიძა ლამის ნახევარი თბილისი? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ და საინტერესო დეტალებიც აღმოვაჩინეთ...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით დაიბომბა თუ არა მახათას მთა...

“აგვისტოს ომის დაწყების პირველ ორ დღეში რუსულმა საბრძოლო ავიაციამ რამდენიმე მოიერიშე და ბომბდამშენი დაკარგა. რუსი პილოტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 9 აგვისტო, როდესაც შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ty-22М3-ის გარდა, კიდევ სამი მოიერიშე ჩამოვუგდეთ. ამან რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი გააცოფა - მის არმიას, რომელსაც პრეტენზია მსოფლიო პირველობაზე ჰქონდა, ვიღაც ქართველები პანტაპუნტით უყრიდნენ საბრძოლო თვითმფრინავებს. ამიტომაც რუსულმა გენერალიტეტმა მიიღო მკაცრი ბრძანება, რადაც უნდა დასჯდომოდათ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა “დაებრმავებინათ”, რათა მას ვეღარ აღმოეჩინა ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული საფრენი აპარატები, ამისთვის კი ქართული რადიოლოკატორების წერტილოვანი დარტყმებით განადგურება იყო საჭირო. რუსი პილოტები განსაკუთრებით უფრთხოდნენ სამკოორდინატიან ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორ 36D6М -ებს, რომლებიც საქართველომ ჯერ კიდევ ომამდე უკრაინაში იყიდა. ერთ-ერთი ასეთი მძლავრი რადიოლოკატორი თბილისი-გორის შემაერთებელი გზის მარცხენა მხარეს, შავშვებთან, მთის თავზე იდგა და მისი დაფიქსირება გამოსხივებული რადიოტალღებით ადვილი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ რადიოლოკატორის ლიკვიდირება რუსმა სამხედროებმა 2007 წლის ზაფხულში სცადეს, როდესაც მოულოდნელად სოფელ წითელუბანთან საბჭოთა წარმოების “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოვარდა, ოღონდ არ აფეთქდა. მაშინ რუსეთმა უარყო მონაწილეობა ამ მეკობრულ საჰაერო თავდასხმაში, თუმცა ყველასთვის ნათელი გახლდათ, თუ ვისმა ბომბდამშენმა გამოუშვა ეს რაკეტა, რომელიც აუცილებლად ააფეთქებდა შავშვებთან რადიოლოკატორს, რომ არა ქართველი სამხედროების სიმარჯვე - მათ რადიოლოკატორის ეკრანზე დაინახეს მათკენ მფრინავი ობიექტი და მოასწრეს რადიოლოკატორის გამორთვა, რის შემდეგაც რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის მართვადმა რაკეტამ მიზანი დაკარგა და წითელუბანთან ჩამოვარდა. ამ მარცხის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტი უკეთესად მოემზადა, მით უმეტეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია მას აშკარა მოქმედების საშუალებას აძლევდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“8 აგვისტოს ვორონეჟიდან მოზდოკის აეროდრომზე გადმოფრინდა რუსეთის 455-ე ბომბდამშენი პოლკის რამდენიმე Су-24М ტიპის ბომბდამშენი. მათგან ყველაზე მომზადებულმა ეკიპაჟმა (რომელსაც ჩეჩნეთის მეორე ომში საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა), პილოტის, მაიორ სერგეევისა და შტურმანის, კაპიტან შპიტონკოვის შემადგენლობით, მიიღო სპეციალური დავალება ქართულ ლოკატორებზე საჰაერო “ნადირობის” დაწყების თაობაზე. პირველ სამიზნედ შავშვების რადიოლოკატორი განისაზღვრა, რომელიც როგორც ხელისგულზე, ისე “ხედავდა” ჩრდილოეთ ოსეთიდან კავკასიის ქედზე გადმოფრენილ რუსულ თვითმფრინავებს და მათ კოორდინატებს დროულად აწვდიდა ქართულ საზენიტო გათვლებს. 9-10 აგვისტოს ღამეს მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე რუსული ბომბდამშენი აფრინდა და გეზი საქართველოს საჰაერო სივრცისკენ აიღო. მათ სამხედრო ეშმაკობას მიმართეს - ფრენის მარშრუტები შეცვალეს და ქართულ ცაში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ...” - დასძენს გამოცემა.

“როგორც ომის შემდგომ კაპიტანი შპიტონკოვი იხსენებდა, სხვა ბომბდამშენებისგან განსხვავებით, მათი ეკიპაჟი “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის მართვადი რაკეტებით იყო შეიარაღებული. კავკასიის ქედზე გადმოფრენისას ეკიპაჟმა ბომბდამშენის საბორტე რადიოლოკატორი და სხვა რადიოელექტრონული აპარატურაც გამორთო, რათა ნაკლები აქტიური რადიოგამოსხივება ჰქონოდა მათ თვითმფრინავს, თუმცა ხელსაწყოებმა ეკიპაჟს “აუწყა”, რომ შავშვებთან ქართულმა რადიოლოკატორმა მათი ბომბდამშენი მაინც აღმოაჩინა. მართვადი რაკეტის გაშვება სწორედ შტურმან შპიტონკოვის მოვალეობა იყო და მან აქტიურ რეჟიმში მომუშავე ქართული რადიოლოკატორისკენ “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის Х-58У ტიპის რაკეტა გაუშვა. ამჯერად რუსული საჰაერო შეტევა შავშვებთან მდგარ ქართულ რადიოლოკატორზე შედეგიანი აღმოჩნდა - აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებმა ის მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა, საბედნიეროდ, გადავურჩით ადამიანურ დანაკარგს, რადგან ოპერატორები რადიოლოკატორის კაბინაში არ ისხდნენ. შავშვების რადიოლოკატორის დაკარგვამ სერიოზულად “დააბრმავა” ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ძლიერი რადიოლოკაციური პოსტი - თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანში, მთის თავზე. აგვისტოს ომამდე ამ სამოქალაქო რადარის გვერდით ქართველმა სამხედროებმა სამკოორდინატიანი 36D6М განათავსეს, ისეთივე როგორიც შავშვებში, და დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეს კარგად აკონტროლებდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“შავშვების ქართული რადილოკატორის აფეთქების შემდეგ შტურმან შპიტონკოვს თბილისის ზღვასთან მომუშავე რადიოლოკატორების აფეთქებაც დაავალეს. საჰაერო ოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა Су-24М-მა კავკასიის ქედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გადმოკვეთა და თბილისს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან “მოეპარა”. თბილისის ზღვის თავზე აქტიურ რეჟიმში მომუშავე სამოქალაქო და სამხედრო რადარები ძნელი აღმოსაჩენი არ გახლდათ და კაპიტანმა შპიტონკოვმაც მორიგი Х-58У გამოუშვა მათ ასაფეთქებლად. ამჯერად ქართველმა სამხედროებმა იმარჯვეს და სამკოორდინატიანი 36D6М-ის გამორთვა მოასწრეს, რის შემდეგაც რუსული “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის რაკეტა, რომელმაც მიზანი დაკარგა, ფრენის მარშრუტის შუაში ჩამოვარდებოდა, როგორც 2007 წლის ზაფხულში მოხდა შავშვებთან. მაგრამ სამოქალაქო რადარი აგრძელებდა აქტიურ რეჟიმში მუშაობას და სწორედ ის ემსხვერპლა რუსულ მართვად რაკეტას, თუმცა რადიოლოკატორის მომსახურე პერსონალმა მოასწრო სამშვიდობოს გასვლა. სწორედ ეს აფეთქება გახდა დიდი შიშის მიზეზი, თბილისის დაბომბვა დაიწყესო”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ძნელი სათქმელია, ვინ გაავრცელა ჭორი, რომ მახათას მთა დაიბომბა, თუმცა ამის თეორიული მიზეზი არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სწორედ აქ იყო განთავსებული საჰაერო თავდაცვის მართვის მიწისქვეშა ბუნკერი, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელი რუსულმა სამხედრო დაზვერვამ იცოდა, ისევე როგორც ის, რომ ქართულმა საჰაერო თავდაცვამ ამ ბუნკერში მართვის პუნქტი მოაწყო. რუსული საჰაერო შეტევა არა მახათას მთაზე, არამედ თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანის მთაზე განთავსებული სამოქალაქო რადიოლოკატორის აფეთქებით დამთავრდა, მაგრამ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ღამის სიჩუმეში 650 კგ-იანი რუსული რაკეტის 149 კგ-იანი საბრძოლო ქობინი აფეთქდა, ბევრმა იფიქრა, რომ დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო. არადა, ქვიშიანში აფეთქებული სამოქალაქო რადიოლოკატორიდან მახათას მთამდე პირდაპირი ხაზით დაახლოებით 10 კილომეტრია”, - დასძენს სტატიის ავტორი.