ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2019

განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”

თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა

***

განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”

“ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქს ერთგვარ დაუმორჩილებლობას უცხადებს და შიომღვიმის მონასტერში განმწესების შესახებ განკარგულების შესრულებას არ აპირებს, მეტიც გეგმავს ბრძოლას „ეკლესიის გაჯანსაღებისთვის." მისი მკვეთრი და რადიკალური განცხადებები შესაძლოა, საპატრიარქოში ერთგვარი განხეთქილების საგნადაც იქცეს, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მრევლისა თუ საეკლესიო პირების გაყოფის ტენდენციის საფუძველი გახდება. მეუფე პეტრეს მოწინააღმდეგეებთან ერთად მომხრეებიც ჰყავს, რომლებიც ყოფილ მიტროპოლიტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ; გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმაც დატოვოს. უკვე ცნობილია, რომ ეპარქიას ტოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე. ეპარქიის ყოფილ მმართველთან ერთად ჭყონდიდის დატოვებას რამდენიმე მონაზონიც აპირებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია” / არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია რამდენიმე სასულიერო პირმაც დატოვოს

"ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე პატრიარქის ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შიომღვიმის მონასტერში განწესდა. თუმცა, მეუფე პეტრე მაინც აცხადებს, რომ შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს. ის სავარაუდოდ, თბილისში წავა. „მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები," - ამბობს მეუფე პეტრე. ყოფილმა მიტროპოლიტიმა 4 ნოემბერს მარტვილში, ეპარქიაში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ის ეკლესიიდან განკვეთასაც არ გამორიცხავს: „ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის" შემდეგ, ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ - ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. "უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ეს რა თქმა უნდა, უხერხული იქნება," - განაცხადა მეუფე პეტრემ. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შესაძლოა საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად ვიხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე, მეუფე პეტრემ „მორიგ ჭორს" უწოდა: "ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი."- განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპატრიარქოში განხეთქილება უკვე დაიწყო, რასაც გაგრძელება აუცილებლად ექნება. „ბუნებრივია, საპატრარქოში გარკვეული განხეთქილება არსებობს. არიან პატრიარქისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები და არიან რეფორმატორები, რომლებსაც ეკლესიაში გარკვეული რეფორმები სურთ. ქართული ეკლესიის ფაგრლებში, დებატები შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს," - ამბობს ჩიტაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არსებული სურათის უფრო მეტად დამძიმებას არ ელოდება. „როდესაც ორივე მხარეს არიან ადამიანები, გაყოფა ბუნებრივია, მაგრამ გააჩნია რამდენად მომგებიანი იქნება ეს გაყოფა. უნდა გაირკვეს საუბარია საეკლესიო კანონების დაცვა-არდაცვაზე, თუ მეუფე პეტრეს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. „ეკლესია არ არის ჩვეულებრივი ინსტიტუტი. ეს იერარქიული ინსტიტუტია. ადრეც იყვნენ კრიტიკულად განწყობილი პირები იმის მიმართ, რაც ეკლესიაში ხდება, მათ მოუწიათ ანაფორის გახდა. დარჩენა ამ ტიპის სტრუქტურაში და ბრძოლა, ცოტა გაუგებარია. ასეთი პროცესი არამგონია სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ორივე მხარეს თანაბარი ძალებია. არ იქნება ის რაოდენობა, რომელიც განხეთქილების სურათს შექმნის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს მხარეს დადგებიან ის პირები, ვისაც ეკლესიაში გარკვეული რეფორმის გატარება სურთ. "ეკლესიის შიგნით შედარებით რეფორმატორული ძალები დაუჭერენ მხარს (პეტრე ცაავას), რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკლესიის შემდეგომი რეფორმირებით, რომ რაღაც პრობლემები, კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ. ნაკლები იყოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. ცნობისათვის, მეუფე იაკობ იაკობაშვილის განცხადებას სინოდის სხდომის გამართვა მოჰყვა, რომელიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით დასრულდა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პატრიარქის მხილება გახდა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვლის, რომელიც პირველ ნოემბერს, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, მარტვილში ჩავიდა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასა და მრევლს შეხვდა. შეგახსენებთ, სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ"- წერს სტატიის ავტორი.

თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა

“აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეცდომის გამოსწორების მცდელობად ჩაითვალოს; თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროების მხრიდან ამერიკულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმა, რომელიც სირიის ქალაქ ქამიშლიში 4 ნოემბერს შევიდა, ნეგატიური ფაქტია ორ ქვეყანას შორის, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ამერიკული მხარე ამ ფაქტს განიხილავს, როგორც ამერიკულ სამხედრო კონტიგენტზე თავდასხმას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა

"ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღოთ - ირანი, რუსეთი, თურქეთი და სირიის რეჟიმი აშშ-ის წინააღმდეგ. სირიაში, ქალაქ თელ-თამერთან თავდასხმის შესახებ დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსულ ცენტრს ამერიკულმა მხარემ აცნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია: „დეკონფლიქტიზაციის ხაზით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თელ-თამერიდან ექვს კილომეტრში, „ემ-4"-ის ავტომაგისტრალზე, ერაყის საზღვრისკენ მოძრავი ამერიკელი სამხედროების კოლონა „თავისუფალი სირიის არმიის" პროთურქი სამხედროების მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა," - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სირიაში ამერიკული ჯარების დაბრუნებას ვახტანგ მაისაია გაუგებარს უწოდებს და ამ ფაქტს ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაუარესებულ ურთიერთობას უკავშირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სირიის ნაციონალური არმიის ნაწილები სწორედ ერდოღანის მოკავშირეებად მოიაზრება. თუმცა, მიკვირს, ამერიკელებმა ქამიშლის მიდამოებში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეს. ისინი საერთოდ ჯარების გამოყვანას აპირებდნენ. არ ვიცი რატომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს. „ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გამომდინარეობს კონგრესისა და ტრამპის უთანხმოებიდან საგარეო პოლიტიკის საკითხებში; ტრამპი შეეცადა ის შეცდომა გამოესწორებინა, რაც დაუშვა, როდესაც ამერიკული კონტიგენტის სირიიდან, ქურთთა კონტროლირებად ტერიტორიებიდან გამოყვანა დაიწყო," - აღნიშნა მან. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ იბრძვიან, ომის დანაშაულში ამხილეს. ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოები მობილური ტელეფონებით არის გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისიმ" გაავრცელა. გაერომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა შესაძლოა თურქეთს დაეკისროს, ოფიციალური ანკარა კი გამოძიების პირობას დებს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აუცილებელია სირიის კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი მეთოდების მოძებნა. ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმების მიუხედავად, მიაჩნია, რომ მისაღებია გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერის წინანანდება, ჩრდილოეთ სირიის უსაფრთხოების ზონაში, თურქეთის საზღვართან, ვითარებას გაეროს ეგიდით შექმნილი ძალები უნდა აკონტროლებდნენ. „ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ეს მოსაზრება საბოლოო გადაწყვეტილებამდე იქნება მიყვანილი, თუმცა, არასდროს არ არის გვიან იპოვნო უკეთესი ჩარჩო პირობები, რომლებიც საბოლოოდ ვითარების პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ვახტანგ მაისაიას თქმით, ამერიკულ კოლონაზე თავდასხმამ შესაძლოა აშშ-თურქეთის ურთიერთობა უფრო მეტად დაძაბოს. ანალიტიკოსი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრობს, სადაც სირიის რეჟიმი, ირანი, რუსეთი და თურქეთი აშშ-ს უპირისპირდებიან”, - დასძენს გამოცემა.

“მოხდა თავდასხმა, რომელსაც ამერიკული მხარე განიხილავს, როგორც უშუალოდ ამერიკულ სამხედრო კონტიგენტზე თავდასხმას. შესაძლოა მოითხოვოს თურქული მხარისაგან ამ შენაერთების დასჯა, რომელმაც ამერიკულ კოლონაზე თავდასხმა განახორციელა. არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ამერიკული კონტიგენტის გადაადგილება-შესვლა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა, თავისი შეცდომის კომპენსაცია მოეხდინა, როდესაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკული კონტიგენტის გამოყვანა დაიწყო. ცოტა გაუგებარი გეოპოლიტიკური თამაშებია; თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა საერთო ენა გამონახეს და ამერიკული კონტიგენტი შეიძლება მათთვის დისონანსური ელემენტების გამომხატველი იყოს იმის ფონზე, რომ ამერიკის კონგრესმა ორი რეზოლუცია მიიღო; ერთი სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, ხოლო მეორე - თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები გამკაცრების. ეს ფაქტი კიდევ უფრო დაძაბავს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს. ახალ გეოპოლიტიკურ თამაშის წინაშე ვართ, რომლის კონტურები ჯერჯერობით მკვეთრად არ არის გამორჩეული; რუსეთი, სირიის რეჟიმი და ირანი ამერიკელების კატეგორიული წინააღდეგი არიან, თუმცა, მათ შესაძლოა თურქეთიც შეუერთდეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. ცნობისათვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ანკარამ ოპერაცია დროებით შეწყვიტა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა