პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იუსტიციის საბჭოს პრეზიდენტისადმი მიმართვა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველომ“ აქცია-პერფომანსი გამართა, რითაც გააპროტესტეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება.

როგორც „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრი.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დატოვეს კონსტიტუცია, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ კონსტიტუცია უზენაესი კანონია და ყველა უმაღლესი პირის მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

ეკა ციმაკურიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ დააკმაყოფილოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა და ანა დოლიძეს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ეს მისი მხრიდან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება.

„გუშინ საბჭომ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ეფუძნება რაიმე კანონის დარღვევის საფუძველს, არამედ კარგად ვიცით ბოლო წლების განმავლობაში, მის მიმართ მსგავსი ინიციატივები პერიოდულად ჟღერდებოდა. მიზეზი ისაა, რომ მას აქვს კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და ამაზე იუსტიციის საბჭოს ფორმატში ღიად საუბრობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ კონსტიტუციისგან განსხვავებით პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის საბჭოს წევრი, რაც არაკონსტიტუციურია. ამიტომ, ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ" საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, ერთი კვირის წინ და ვითხოვთ, გასწორდეს ეს კანონშეუსაბამობა და ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს კანონითაც უნდა განესაზღვროს,რომ ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან ვითხოვთ, რომ გაიზარდოს იუსტიცის საბჭოს ყველა არამოსამართლე წევრის მათი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების სტანდარტი. ველოდებით, რომ პარლამენტი იმსჯელებს ჩვენს კანონპროექტზე", - განაცხადა ციმაკურიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა