ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) მასპინძლობს.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარი მომხსენებლი იქნება ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი.

„დაარსების დღიდან GDSC საუკეთესო პლატფორმად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვისა და დებატების თვალსაზრისით. ტრადიციულად, კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.

2019 წლის კონფერენცია მოიცავს ოთხ პლენარულ სესიას:

შავი ზღვის რეგიონის ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს გააზრება - შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო კომპონენტის გაძლიერებამ და ზრდამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპასუხო რეაქცია გამოიწვია. ნატომ შავი ზღვის რეგიონის წევრ-სახელმწიფოთა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გასამყარებლად გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, რამაც რეგიონის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა კვლავინდებურად გამოკვეთა. როგორია დღესდღეობით შავი ზღვის ფართო რეგიონი? რა გათვლები და ამბიციები ამოძრავებთ მთავარ მოთამაშეებს? შესაძლებელია თუ არა ევროპის სტაბილურობის გაძლიერება ფართო შავი ზღვის რეგიონის გაძლიერებით? როგორია ალიანსის ტრანსატლანტიკური სტრატეგია ამ მიმართულებით? ეს არის იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალი, რომელთა საფუძვლიანი განხილვა მოხდება კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების მიერ. გასათვალისწინებელია, რომ აქცენტი საქართველოს მომავალზეც გაკეთდება. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელს, ნატოს ასპირანტ ქვეყანასა და ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორს რეგიონში, აქვს ამბიცია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასამყარებლად.

საქართველოს სწორი არჩევანი: სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ - საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას. როგორია ნატოსა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა დამოკიდებულება იმ პარტნიორთა მიმართ, რომლებიც ერთგულად და მტკიცედ ინარჩუნებენ დემოკრატიულ ღირებულებებს საგარეო წნეხის მიუხედავად? რამდენად მკაფიოა ეს მესიჯი რუსეთისთვის, მაშინ როდესაც მოსკოვი თავისი მიზნების განსახორციელებლად არ იშურებს მცდელობას გააგრძელოს გამყოფი ხაზების გავლება და მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა სამეზობლოში და მის გარეთ? ამ სესიის მონაწილეები შეაფასებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და იმსჯელებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სტრატეგიული მომენტის შესახებ, აგრეთვე გაცვლიან აზრებს ევროკავშირის „რბილი“ ძალის შესახებ და განიხილავენ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.

საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა: სიტყვებიდან ქმედებამდე - ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, საქართველომ შეიმუშავა ახალი მიდგომა, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ მზადყოფნას, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპსა და ნატოს სტანდარტებთან თავსებად თავდაცვით შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას. ქვეყნის სტრატეგიული მზადყოფნა დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის განვითარებაზე. ტოტალური თავდაცვა სახელმწიფოს მდგრადობას, შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს. შეკავებისა და თავდაცვის ამოცანების წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალების ადეკვატური დაკომპლექტება, გაწვრთნა და აღჭურვა, ისევე როგორც, საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორების მზაობა, თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის საქმეში. აღნიშნული მიიღწევა ტოტალური თავდაცვის სისტემის ეროვნულ დონეზე განვითარებითა და ინსტიტუციონალიზებით, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს. ამ სესიაზე განიხილება საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, თავდაცვის ძალების ოპერატიული შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია და სხვა საკითხები. ასევე, მომხსენებლები გაუზიარებენ შეკრებილ საზოგადოებას თავის მოსაზრებებს ეროვნული დონის პირველი გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტზე - „საქართველოს თავდაცვის ეროვნულ სტრატეგია 2020-2030“-ზე. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ტოტალური თავდაცვის მიდგომის პრაქტიკული განხორციელებისთვის და მდგრადი თავდაცვის სისტემის განვითარების შესაბამის საფუძველს ქმნის.

ჰიბრიდული მეთოდები და ჰიბრიდული საფრთხეები: სიარული ბეწვის ხიდზე - რუსეთის მიერ ჰიბრიდული სტრატეგიის, საინფორმაციო ოპერაციებისა და კიბერ შესაძლებლობების გამოყენებამ მას საშუალება მისცა ზემოქმედება მოეხდინა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ნარატივის ჩამოყალიბებაზე. კიბერ და საინფორმაციო ოპერაციების შესაძლებლობებისა და რუსეთის „კიბერ მეომრების“ რიცხვის ზრდა არის ის სახიფათო კომბინაცია, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნების საქმიანობაში ჩაერიოს. მოსკოვის მიზანმიმართული და ფარული მოქმედებები მიმართულია დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების რყევისა და კონფლიქტების პროვოცირებისკენ. როგორი საპასუხო ზომა უნდა იყოს მიღებული რუსეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ეპოქაში? შესაძლებელია თუ არა ასეთი ქმედებების პრევენცია? რამდენად გააზრებულია საპასუხო მოქმედებები? აღნიშნული სესია დაეთმობა რუსეთის „ჰიბრიდული“ მეთოდების ანალიზს, კიბერ სივრცის უსაფრთხოების მნიშვნელობის ჩათვლით, იმისათვის, რომ მოხდეს სუსტი წერტილების გამოკვეთა და მზარდი საფრთხეების კვალდაკვალ ქმედითი ზომების განსაზღვრა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა