სასამართლო კონტროლი რომ ყოფილიყო თავის დროზე, 7 ნოემბერი არ მოხდებოდა, ამდენი ადამიანი არ გაუბედურდებოდა. დღეს მოსამართლეების 20 - კაციანი სიის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესმა აჩვენა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა 20 - კაციანი სია არ შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი.
„სასამართლო კონტროლი რომ ყოფილიყო თავის დროზე, 7 ნოემბერი არ მოხდებოდა, არ მოგვიკვდებოდა ამდენი ადამიანი საპატიმროში, არ გვიწამებდნენ ამდენ პატიმარს, ამდენი ადამიანი არ გაუბედურდებოდა. სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო კონტროლი არ არსებობდა თავის დროზე, ის რეჟიმი იყო ძალადობრივი. მთავარი გარანტი, რომ ადამიანები იყვნენ დაცული, არის სწორედ გამართული და დამოუკიდებელი სასამართლო. დღეს, როდესაც მაკო გომურის და გიორგი სულაშვილის თვალის ჩინი ემსხვერპლა მორიგ უკანონობას და ისევ სასამართლოს სისუსტემ განაპირობა ის, რომ მათ დღეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი დღეს ვდგავართ. აი, ამ 20 - კაციან სიაში 15 არის ის მოსამართლე, რომლებიც სწორედ იმ რეჟიმს აძლიერებდა და იმ უსამართლობას ქმნიდა. ის 10 - კაციანი სია შევაჩერეთ. მაშინ ეს მოხდა გარე დიდი საპროტესტო აქციების თუ გარე დიდი წნეხის გარეშე, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსამართლეების 20 - კაციანი სიის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი, ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება გარანტია, რომ კონსტიტუციურად იქნებით დაცული და ბევრი წლის განმავლობაში შეექმნება საფრთხე თქვენს ყოველდღიურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა და საფიქრალი. ამ პროცესმა აჩვენა, რომ ეს სია არ შეიძლება იყოს საქართველოს და თქვენი მომავალი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.