ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2019

დავით ჭიჭინაძე - “ივანიშვილი კლანების მოსამართლეა. დღეს თბილისში ყველაზე ძლიერი კალაძის კლანია, ენერგეტიკაში - თურნავა-ჩხარტიშვილის...”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს, ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს”

* * *

დავით ჭიჭინაძე - “ივანიშვილი კლანების მოსამართლეა. დღეს თბილისში ყველაზე ძლიერი კალაძის კლანია, ენერგეტიკაში - თურნავა-ჩხარტიშვილის...”

“ვფიქრობ, ბატიაშვილის გადადგომა დაკავშირებულია არჩევნების დროს მომხდარ ტრაგედიასთან, რა დროსაც გარდაიცვალა ია კერზაია. რამდენიმე ხნის წინ სტრასბურგში გაგზავნეს სარჩელი და მგონია რომ იმისთვის, რათა არ აგორებულიყო ახალი პრეტენზიები, პრემიერმა დასწრების ეფექტით იმოქმედა. თან თუ მის შეფასებასაც მოვისმენთ, მას არ აკმაყოფილებდა ის ტემპები, რითაც რეფორმა მიმდინარეობდა.... სამწუხაროდ, ახალი ტენდენციაც ჩამოყალიბდა - ყველა თანამდებობის პირი, იქნება ეს მინისტრი თუ პარლამენტარი, თანამდებობას ტოვებს ისე, რომ თურმე ყველა საკუთარი სურვილით აკეთებს და საკუთარი განცხადების საფუძველზე. როგორც ჩანს, მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრება და უსაქმურობა ძალიან დამღლელია”, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე: “ივანიშვილი კლანების მოსამართლეა” / “დღეს თბილისში ყველაზე ძლიერი კალაძის კლანია, ენერგეტიკაში - თურნავა-ჩხარტიშვილის”.

“ბატიაშვილი ისე გაუშვეს, რომ ბრიფინგის გამართვის საშუალებაც არ მიეცა, თუმცა რაზე უნდა ჩაატარონ ბრიფინგი. დამშვიდობებისას რას აჯამებ, ერთადერთი იმით დაგვამახასოვრდება, რომ მოსწავლეებს გაუუქმა გამოცდები და მასწავლებლებს დაუნიშნა. ანუ ყველაფერი პირიქით გააკეთა... როცა ქართულის მასწავლებლებს ფიზიკა-მათემატიკას აბარებინებ და რაღაც გაუგებარ ტექსტებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მშობლიურ ენასა და ლიტერატურასთან, არა მგონია ეს გამართლებული იყოს. თანაც, რა ისწავლეს ბავშვებმა, ამას აღარავინ აღარ ამოწმებს, იმიტომ თურმე, რომ ეს ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს ბავშვებში. მე მგონია იმისთვის, რომ ადამიანი ცხოვრებას მომზადებული შეხვდეს, სწორედ ამიტომ უნდა ჩააბაროს გამოცდა... არჩევნებთან ვხედავ კავშირს, რომ თუ მასწავლებლები არ იქნებიან დამჯერები და კარგად მორგებული “ოცნების” მოთხოვნებზე. მაშინ სხვა რამეს მოიგონებენ... ვფიქრობ, მასწავლებლების გამოცდებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების მიზანი აქვს. დაშინებული მასწავლებელი ამ ქვეყანას ვერ გაუზრდის თავისუფალ მოქალაქეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“მგონია, რომ ამ სამინისტროს გაყოფენ. თავიდანვე ეს გაერთიანება მოუმზადებელი და არასერიოზული იყო. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მე ვხედავ, რომ ამა თუ იმ მინისტრის უკან მაინც არის გარკვეული კლანი და საარჩევნოდ კლანურ დაპირისპირებაში ახლა ალბათ არ შევლენ იმიტომ, რომ კლანებს შორის დაპირისპირება მათ დაასუსტებს. ეს რეალურად ცნობილი კლანებია, არის გარკვეული ბიზნესები სიგარეტთან მიმართებაში, რკინიგზასთან მიმართებაში და ა.შ. ფარცხალაძის კლანი ვიცოდით, მამაცაშვილის, კახელების კლანი, კალაძის კლანი... პრაქტიკულად ყველაფერი მონოპოლიზებულია ამ ქვეყანაში და და ცხოვრების დონეს ეტყობა კიდეც. დღეს ყველაზე ძლიერად ისევ და ისევ თბილისში კალაძის კლანია, ენერგეტიკის სფეროში თურნავა-ჩხარტიშვილის კლანია. არიან სხვა კლანებიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე ვფიქრობ, გახარიას ყველაზე ნაკლებად აქვს კლანური მისწრაფება. ის პირდაპირ არ არის დაკავშირებული კლანებთან პრემიერის რანგში. მას, პირიქით, დამაბალანსებელი ფუნქცია აქვს. ის პირდაპირ პასუხისმგებელია ქვეყანაში სიტუაციის გარკვეულ გაჯანსაღებაზე და ამიტომ მას ნაკლებად მოუწევს ამისთვის ბრძოლა. მას შეეძლო კლანებისა და გავლენებისთვის ებრძოლა, როცა იყო შს მინისტრი. დღეს უკვე ნაკლებად არის”, - დასძენს დავით ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ამ კლანების მეთაური ბიძინა ივანიშვილია?” - პასუხობს:

ბიძინა ივანიშვილი ამას არც მალავს. ის არის ამათი მოსამართლე, როგორც იტყვიან. მათ შორის, კლანებს შორის გადაკვეთა რომ ხდება ხოლმე, ვინაა მართალი და ვინ არა, ამას არკვევს. ეს არის მისი ფუნქცია. ერთი მეორის ბოსტანში რომ არ შეიჭრას, მას უკავია გამაწონასწორებელი როლი და ამითაა დაკავებული. დანარჩენი ვერავინ მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და ვერავინ შევა მისი ნებართვის გარეშე სხვის სფეროში - ამას არეგულირებს და აეწესებს ბიძინა ივანიშვილი”.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს, ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს”

“60%-ზე ვიმუშავებთო და მართლა იმუშავებენ. რეალურად მობილიზებული იქნებიან და მოტივირებულებიც არიან. ეკლესიაში მიმდინარე პროცესები გადადის ისევ “ქართულ ოცნებასა ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირების ჭრილში. ისევ იმავეს აპირებს “ქართული ოცნება” - ხელისუფლება იმავე კარტს გაითამაშებს, რომელსაც ყველა წინა არჩევნებზე ათამაშებდა. სწორედ ამ სვლამ მოუტანა ყველა წინა არჩევნებში ზედმეტი თავისტკივილის გარეშე წარმატებები დღემდე - ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობასთან პირისპირ დარჩენას. გზავნილი ასეთია - “მე თუ არ ამირჩევთ,ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება. ნაციონალურ მოძრაობს კი ვჯობივარ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს” / ვახტანგ ძაბირაძე: “ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს”.

“საქართველოში ოპოზიცია რაღაც დონეზე ხელისუფლებას მოარყევს ხოლმე, მაგრამ შემდეგ იმდენად არაქათგამოცლილია, რომ საბოლოო მიზნის მიღწევა უჭირს. ბევრად მნიშვნელოვანი იქნება რამდენად სწორად იმოქმედებს ოპოზიცია, დაუშვებს თუ არა ისეთ შეცდომას, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის. აქვს კი გაცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც არც “ქართული ოცნება” მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. საითაც გადაიხრება ეს ამომრჩეველი, სწორედ მის მხარეს იქნება გამარჯვება. და თუ ისევ ორპოლუსიანი იქნება არჩევანი და ამას ხელი არაფერმა შეუშალა - მაშინ “ქართული ოცნებისკენ” გადაიხრება... არა მხოლოდ ხელისუფლება იმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს, არამე ოპოზიციაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რა რეალობაც არის, კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურზე. პირველ ტურზე “ქართულ ოცნებას” არ უმუშავია. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი არჩევნებს იყიდის, ეს არის პრობლემა. თუ გულწრფელად სჯერათ, რომ არჩევნების ყიდვა არის შესაძლებელი დღეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე. ეს კი ოპოზიციას სრული კრახისთვის გაწირავს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა უნდა ქნას ოპოზიციამ?” - პასუხობს:

“თუ ოპოზიციის მიზანი ერთმანეთში მხოლოდ იმის გარკვევაა, პარლამენტში რომ შეხვალ, კოალიციაში “ქართულ ოცნებასთან” ერთად ხომ არ იქნები, მაშინ ეს მათ დიდ დივიდენდს არ მოუტანს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამას დიდი მღელვარება მოჰყვება ქუჩაში, არ მოჰყვება"...

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო