ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2019

მამუკა არეშიძე - “ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”

ივანიშვილი ვასაძეს, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებსა და პარლამენტში შეყვანას ჰპირდებოდა

დავით უსუფაშვილი - “ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა”

* * *

მამუკა არეშიძე - “ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”

“ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის - ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას არ ექნება სტრატეგიული გეგმა და არ იქნება სისტემური ცვლილებები, არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ეს არ აისახება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!” / “რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე”.

“ეკონომიკის, საფინანსო სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო. ინოვაციებია საჭირო სოციალური ვითარების შესაცვლელად. ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, სხვის გაშავებაზე, სხვის გაკრიტიკებაზე არიან გადართული. მიდგომა ასეთია - რაც უნდა გააკეთოს მეორე მხარემ, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური იქნება. საზოგადოებაში არის მოთხოვნა სახელმწიფო იდეოლოგიის, ხედვის, რას ვაკეთებთ, რა გვინდა, რას ვთხოვთ მსოფლიოს და რას ვაძლევთ?.. იდეოლოგიის არარსებობა ფიტავს სახელმწიფო სხეულს. პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია. საჭიროა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობის შემოსვლა. ასე რომ, თუ თვითონ არ გადახედავენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ დღის წესრიგს, საზოგადოების დაკვეთების სწორად შესრულებას არ დაიწყებენ, სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის პირველი დღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც არავის გახსენებია. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები თუ ამბები ამ გაუთავებელი დაპირისპირებით იჩქმალება, რაც ჩვენს საზოგადოებას უფრო ანაწევრებს და ათითოკაცებს. რაც შეეხება ფილმს და მის გამო აჟიოტაჟს, ძალიან არაჯანსაღია ის ვითარება, რაც ლგბტ თემის გარშემოა შექმნილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარის მიერ ხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც ლგბტ თემის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგეები რადიკალური ხერხებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მე ვნახე ეს ფილმი, მოგეხსენებათ, ჩემი პირველი პროფესია რეჟისურაა და სწორედ ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებ, მიმაჩნია, რომ როგორც ხელოვნების ნიმუში საშუალოზე დაბალი დონისაა, მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდის სამსახიობო ოსტატობისა. რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ზნეობის სახელით გამოდიან ქუჩაში, ძირითადად, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ნამდვილად არიან გულწრფელად შეშფოთებული მოქალაქეებიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული. გავიხსენოთ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სტილი, როგორ ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ - უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა. გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე, რომელიც შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა კა-გე-ბეს ჩანერგილი ეკლესიის წიაღში. თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა”, - ამბობს ექსპერტი.

“იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის რამხელა ძალა აქვს ეკლესიის მხარდაჭერას და იმის შიშით, მოახლოებულ არჩევნებში შესაძლოა ეს ვეღარ მიიღოს სახელისუფლებო პარტიამ და შესაძლებელია საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობდნენ, ვერ გავიზიარებ... რა სარგებელი შეიძლება მიიღოს “ქართულმა ოცნებამ", თუ ქართული ეკლესია დაიშალა? ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შფოთისა და არეულობის საფუძველი, რაც მთელ სახელმწიფოს და მასთან ერთად ხელისუფლებასაც დააზიანებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კვლავ წინ იყოს. როცა ლაპარაკია ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია. ნუ მოვიტყუებთ თავს - მომავალში ეკლესიაც შეეცდება პოლიტიკაზე ზეგავლენას და პოლიტიკაც ეკლესიის საქმეებში ჩაურევლად არ გაჩერდება. რაც შეეხება ეკლესიის რეფორმირებას, ვფიქრობ, აუცილებელია. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ცვლილებები მუდმივად საჭიროა, საჭიროა თაობათა ცვლა, მიდგომების შეცვლა. ამ ცვლილებებს ეკლესიურად განწმენდა ჰქვია, ეკლესია არაერთი მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი. ქართული ეკლესია ტრადიციულად საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ის მაშინ იყო ძლიერი და ავტორიტეტული, როდესაც ეს მიმართულება იყო წინ წამოწეული. როდესაც ეს არ ხდებოდა, ეკლესიის ავტორიტეტიც ეცემოდა. ახლა ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ივანიშვილი ვასაძეს, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებსა და პარლამენტში შეყვანას ჰპირდებოდა

ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შეხვედრის მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. “რეზონანსის” წყარო ლევან ვასაძის გარემოცვიდან აცხადებს, რომ ივანიშვილი 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავდა და მას ვასაძის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ხოლო სანაცვლოდ კი პარლამენტში მანდატებს დაჰპირდა. ამ ვერსიას გარკვეული თვალსაზრისით ამყარებს თავად ვასაძის განცხადებაც, რომელმაც გასულ შაბათს სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. როგორც ჩვენი წყარო ყვება, ვასაძე მის შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენები იყო. ვასაძის მიერ დასახელებული შეხვედრის დრო - 2019 წლის გაზაფხული - მის გააქტიურებას ემთხვევა, როცა აგრესიული ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მაშინ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აგრესიულ ჯგუფებს ივანიშვილი მართავდა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილი ვასაძეს, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებსა და პარლამენტში შეყვანას ჰპირდებოდა.

“ივანიშვილთან მისი ფარული შეხვედრისა და შეთანხმების შესახებ ვასაძემ 9 ნოემბერს ვერის ბაღში თავის თანამოაზრეებთან შეხვედრისას განაცხადა. “ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომ ამ ჩვენ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს არ გავასაჯაროებ და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა. მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ. დეპუტატი და მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუ ივანიშვილი და ვასაძე რაღაცაზე შეთანხმდნენ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს “მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგოდ” იყო მიმართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს. ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება, ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია”, -განაცხადა ვოლკსიმ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილსა და ვასაძეს შორის რაიმე ფარული გარიგება მოხდა. “ქართულ ოცნებას” აქვს გარიგება ქართულ საზოგადოებასთან. რა კამპანიაა ორგანიზებული, როცა გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ის არის პარტიის თავმჯდომარე, არის საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, თუ შეხვდა ბიზნესმენს და მედიას, ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს”, - აცხადებს თალაკვაძე. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ვასაძის და ივანიშვილის თანამშრომლობა რომ ხდებოდა და ხდება, ეს მისთვის გასაკვირი და მოულოდნელი ფაქტი არ ყოფილა”, - დასძენს გამოცემა.

“სანდრო ბარამიძის თქმით, ივანიშვილი რადიკალურ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მათ გამოყენებას მაშინ იწყებს, როდესაც რაღაცის გადაფარვა სურს. მისი აზრით, სავარაუდოდ, მათ შორის შეხვედრა არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. ბარამიძე დადასტურებულად ვერ ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხვით არ გამორიცხავს. მისივე აზრით, შესაძლოა ივანიშვილი ვასაძის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებდეს, რადგანაც მან იცის, რომ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს და კოალიციური მთავრობა დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი გეგმა სწორედ ეს არის, რომ ვასაძესთან და “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად კოალიცია შექმნას. ამით შეეცდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი რადიკალური ჯგუფები შეიყვანოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცით აშანტაჟებდეს. მან თქვა, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა, თუმცა ბოლომდე არ დაასახელა რაზე. ეს მგონია, რომ ვასაძის მხრიდან ივანიშვილის გაფრთხილება იყო და მიანიშნა, რომ პირობის არშესრულების შემთხვევაში უფრო მეტს იტყვის. ჩემი ვერსიაა, რომ მათ შორის მოლაპარაკება არჩევნებს უკავშირდება. სავარაუდოდ, დახმარების სანაცვლოდ ივანიშვილი ვასაძეს პარლამენტში შეყვანას დაჰპირდა. რა პირობა არ შეუსრულა, ეს არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ივანიშვილი 2020 წელს ვასაძის და “პატრიოტთა ალიანსის” დახმარებით აპირებს კოალიციის შექმნას. სხვაგვარად მან იცის, რომ უმრავლესობას ვერ აიღებს და “ოცნებასთან” ამ რადიკალური ჯგუფების გარდა სხვა არვინ ითანამშრომლებს. დააკვირდით როდის აქტიურდება ვასაძე. მას ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს იყენებს. ვასაძე არის პერსონა, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად იყენებს. ახლაც ფილმთან დაკავშირებული აჟიოტაჟით მან საპატრიარქოს ირგვლივ დაწყებული სკანდალების გადაფარვა სცადა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ ვასაძემ რაღაცის თქმა უკვე დაიწყო“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბარამიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის და ვასაძის შეხვედრის ორ სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი შემოდგომისთვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გეგმავდა და ამისთვის ვასაძის დახმარება სჭირდებოდა. თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია და ვასაძეს თუ ეს დაპირება მისცა, რა თქმა უნდა, მას ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვერ შეუსრულებდა. ძაბირაძე ვასაძის და ივანიშვილის შეთანხმების მეორე ვერსიად, სავარაუდოდ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ვარაუდობს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ვასაძეს ივანიშვილი რუსეთში გარკვეულ ჯგუფებთან საკონტაქტოდ იყენებდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ვასაძეს და ივანიშვილს შორის შეთანხმება კონკრეტულად რაზე შეიძლება ყოფილიყო, მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მართალია, ვასაძემ არ დააკონკრეტა რაზე ისაუბრეს, მაგრამ ლოგიკური დასკვნების გამოტანა ნამდვილად შეგვიძლია. ორ ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ. ერთი, რომ არ არის გამორიცხული ვასაძეს ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის მხადაჭერის სანაცვლოდ პარლამენტში შეყვანას დაჰპირდა, თუმცა 20-21 ივნისი მოვლენების გამო, მან შემოდგომისთვის არჩევნების ჩატარება გადაიფიქრა. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილისთვის ვასაძე რუსეთთან საკონტაქტოდ ერთ-ერთი შუამავალი იყოს. ამიტომაც ივანიშვილმა ვასაძეს რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის პირობა დაუდო. ის ვერსია, რომ ივანიშვილს 2020 წლისთვის ვასაძე კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სჭირდება, ლოგიკას მოკლებული არ არის, თუმცა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ვასაძეს ივანიშვილი საერთოდაც აღარ სჭირდება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

დავით უსუფაშვილი - “ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა”

“ის, რაც ხდება ქვეყანასა და ეკლესიაში, მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების განწყობას და საბოლოოდ მივიღებთ სახელმწიფოებრივ ნიჰილიზმს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის უმეტესობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არ შეგვიძლია საკუთარი თავისა და სახელმწიფოს პატრონობა. მეორე მხრივ, ევროპას ჩვენთვის არ სცალია, აქეთ თურქეთი გვიპირებს რაღაც ცუდ საქმეებს - ასეთი ჭორების გავრცელების მანქანა ამოქმედებულია და გვრჩება ერთმორწმუნე რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი 2”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქვეყანაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა”.

“ეკლესია მოსახლეობაში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს, ამიტომ ვისაც ასეთი გავლენა არა აქვს, ბუნებრივია, ეკლესიის გამოყენებით შეეცდება მის მოპოვებას. ეს ეხება როგორც მოქმედ ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთი, რომელიც შეუძლებელია ჩვენს ეკლესიაში არ ხედავდეს თავისი ინტერესების გატარების აუცილებლობას. “ოცნება” შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ძალაუფლება ხელიდან გამოეცალოს და წარმოუდგენელია, მას არ ჰქონდეს ამუშავებული ის ბერკეტები, რაც გავლენის მოპოვებაში დაეხმარება. ნუ გამოვრიცხავთ ბრძოლას პატრიარქის ტიტულისთვისაც... იმედია არჩევნებამდე მივალთ ახალი საარჩევნო სისტემით. თუმცა უკვე 5 თვეა გაჭიანურებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუმცა რიგგარეშესთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ქვეყანაში იმდენად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა, ადამიანმა რომ არ იფიქროს მოსალოდნელ სიურპრიზებზე, გამორიცხულია. არის განცდა და განწყობა, რომ ადამიანები საკუთარი მუშტის იმედად უნდა იყვნენ, რადგან კანონი არ კანონობს და ვხედავთ შორიდან მაყურებელ ხელისუფლებას, რომელიც შესაძლოა კმაყოფილიც არის, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე გადადის. ახლა იმაზე დაიწყეს მსჯელობა, რაღაც ფილმი უნდა ნახოს თუ არა ხალხმა.­ გაჭირვება, ქვეყნის დაცლა და ხელისუფლების სხვა მარცხი ამით გადაიფარება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ივანიშვილმა წელიწადნახევრის წინ თქვა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ვინაიდან ქვეყნისთვის სერიოზული ხიფათები დაინახა. ამის შემდეგ ნახევარი წელი იყო გასული, როდესაც გვითხრა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ხიფათის წინაშე დადგა და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელი შეეშალოს, ამიტომ მიშველეთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო - ანუ მეორედ მოსვლიდან 6 თვის თავზე პოზიტიური შედეგის ნაცვლად, კატასტროფული შედეგი მიიღო და ერთი წლის წინანდელი განცხადებების გაკეთება დასჭირდა. შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და მივიღეთ ახალი პრობლემები, დაკავშირებული ხან ანაკლიის და ხან პანკისის საკითხებთან. ამას მოჰყვა პრემიერის წასვლა, რომელმაც თქვა, განვითარების ჩარჩო დავტოვეო... იყო ასევე 20 ივნისის კრიზისი, ლარის კურსის დაცემა, სასამართლოს სკანდალი და “ოცნებიდან” წევრების წასვლა. ამ ყველაფერში რამე არის პოზიტიური და ვერ ვამჩნევთ?” - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე სათათბიროს შექმნას სთხოვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თავისი დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობს?” - პასუხობს:

“ჩვენ პრეზიდენტად გვჭირდება სიკეთით და შორსმჭვრეტელობით გამორჩეული­ ადამიანი. პრეზიდენტი არ უნდა ჩამოლაბორანტდეს იქამდე, ჯერ კრიტერიუმები დადგენილი არ არის, ამიტომ ვერავის შევიწყალებ და როცა იქნება, გეტყვითო, ხოლო ისინი, ვინც შევიწყალე და რატომ, არ გეტყვითო...”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს