ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019

რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება

პირველი სისხლისმღვრელი შეტაკება თურქეთისა და სირიის არმიებს შორის

***

რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება

"პირველი პროტესტის დროს, პარლამენტში გადაჯგუფება მოხდა; მოიშორეს ხალხი, ვისაც თვლიდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა. ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ახალი პრემიერის მეთაურობით ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყანას გამოსავალს, „სამოქმედო პროგრამას" შესთავაზებდა, რაც ასევე იქნებოდა წინასაარჩევნო პროგრამა; ახალი გუნდი გააკეთებდა განაცხადს რომ „ჩვენ მოვდივართ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება / „ლოგიკურია, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა“

"ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მინისტრების შეცვლის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს; გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, თუმცა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება. ამის შესახებ "პირველი რადიო" იუწყება. მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობის დატოვებამ ეჭვი გააჩინა, რომ ამ ცვლილებას სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება. ბატიაშვილის შემცვლელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება, რასაც მიმინოშვილი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას. ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" ნაბიჯს ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ 2020 წლამდე უმრავლესობა განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე. „ცოტა სხვაგვარად ვუყურებდი; არა მინისტრების სათითაოდ ამოკენკვას, არამედ მთლიანად კაბინეტის გადახალისებას, ცოტა უფრო მძლავრ პიარულ ნაბიჯს, მაგრამ „ქართული ოცნება" ამ მიმართულებით არ წავიდა, თუმცა, ნელ-ნელა იწყებს მინისტრების ცვლას, რომ ახალი გუნდი შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოხდეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილება და „ქართულმა ოცნებამ" ის გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს შესთავაზებს და ეტყვის, რომ „ეს იქნება მისი გუნდი არჩევნების შემდეგ, თუ ჩვენ მოვალთ უმრავლესობაში”, - დასძენს გამოცემა.

“თურნავამ სავარძელში ჩაჯდომა ვერ მოასწრო; თუ ათავისუფლებენ უკვე, ვერაფრის გაკეთებას მოასწრებდა ამ ხნის განმავლობაში და ვერც გაფუჭებას. პიარ-ნაბიჯია და სწორი ლოგიკაა, ამას მოითხოვს პოლიტიკური განვითარება. "როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მაინც ამ ლოგიკას მიჰყვება, ოღონდ ცოტა უცნაურად. ლოგიკურად ასეა, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა," - აცხადებს ძაბირაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების რაიმე სტრატეგიას ვერ ხედავს, თუნდაც ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლით. „განზოგადებული ლაპარაკი ვერსიაზე, რომ ეს რაღაც სტრატეგიაა, ჩემთვის ძნელია თქმა. ბატიაშვილმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც სხვა გეგმები აქვს და აღარ უნდა მინისტრობა, მოთხოვნა ახლა დაუკმაყოფილეს. ამიტომ ბატიაშვილის მოვლენა პარტიის სტრატეგია არ არის. "თურნავასთან დაკავშირებთ, თუკი ეს ორი ცვლილება მოხდა და კიდევ სხვა, რა თქმა უნდა, სტრატეგიაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით, ბატიაშვილი წავიდა და ისიც თავისი ნებით. ამიტომ არ ვიცი, რამდენად უპრიანია სტრატეგიაზე ლაპარაკი," - ამბობს საყვარელიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

პირველი სისხლისმღვრელი შეტაკება თურქეთისა და სირიის არმიებს შორის

"სირიაში თურქეთისა და სირიის სამხედრო ნაწილებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბრძოლა სისხლისმღვრელი იყო, მხარეებმა გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია, ასევე სამხედრო დრონები. ბრძოლის შედეგები კი ჯერჯერობით გაურკვეველია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი სისხლისმღვრელი შეტაკება თურქეთისა და სირიის არმიებს შორის

"ინფორმაცია თურქული და სირიული არმიების მასშტაბური ბრძოლის შესახებ ორმა საინფორმაციო წყარომ გაავრცელა. სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „სანას" ცნობით, შეტაკება 9 ნოემბერს ჰასაკის პროვინციაში, ქალაქ რას ალ-აინის მახლობლად მდებარე სოფელ სოფელ უმ-შეიფთან მოხდა და მასში თურქული არმიის მხარეს დაჯგუფება „სირიის ეროვნული არმიის" მებრძოლებიც იყვნენ ჩართული. სააგენტო „სანა" არაფერს იტყობინება არც მხარეების დანაკარგებზე და არც ბრძოლის შედეგებზე”, - აღნიშნავს გამოცემა

"ლონდონში ბაზირებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის" ინფორმაციით კი, ბრძოლა სოფელ თელ-შეუერთან მოხდა. ამ წყაროს ინფორმაციით, შეტაკება თურქული ნაწილების იერიშით დაიწყო, რომლებმაიც იქ განლაგებულ სირიულ სამხედრო ნაწილებს პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი. ამასთან, თურქებმა საბრძოლო მოქმედებებში სადაზვერვო და საბრძოლო დრონებიც გამოიყენეს. ვითარება დაძაბული რჩება და ჯერჯერობით გაურკვეველია რა გაგრძელება მოჰყვება ყოველივე ამას და რამდენად შესაძლებელია სირიის სამოქალაქო ომი სირია-თურქეთის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით