ერგნეთში შეხვედრა კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა

ერგნეთში შეხვედრა კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული რიგით მე-7 ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პოზიციები კვლავ მკვეთრად განსხვავებულია.

“დღევანდელ შეხვედრაზეც პოზიციები იყო უცვლელი. ჩვენ ველოდებოდით ცხინვალელი მონაწილეებისგან უფრო მეტად კონსტრუქციულ პოზიციას, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ის შეთავაზებები, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები არ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე, ვისაუბრეთ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ დაუკავშირეს ამ თემას და კვლავ დავაყენეთ საკითხი ამ გადასასვლელების ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი კვლავ არის უარი“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ანთაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხიც დააყენეს.

“მოვიკითხეთ უკანონოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივიღეთ პასუხი, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, განმიცხადეს, რომ გადიან ე.წ. პროცედურებს და ზუსტ დროს გვეტყვიან მოგვიანებით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერთადერთი, რაზეც შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, დიალოგის გაგრძელებაა. რიგით მე-8 ტექნიკური შეხვედრის თარიღზე შეთანხმება ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება.