აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზმა მაღალჩინოსნებმა ჩინეთის დელეგაციასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა და „რესპუბლიკაში“ ელექტრომობილების წარმოების დაწყება განიხილეს

აფხაზური მედიის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს სტუმრობს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრები „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ფინანსთა მინისტრთან გაიმართა“.
„სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო „ორი ქვეყნის“ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებული ფართო სპექტრი.
”ჩინეთის დელეგაციას წარედგინა განზრახვა, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყოს ელექტრომობილების წარმოება, რომლის გაყიდვაც შესაძლებელი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ,” - ნათქვამია ე.წ. საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთის დელეგაციამ შეხვედრები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ ჯანსუღ ნანბასთანაც გამართა.
ნანბას თქმით, „აფხაზეთის ეკონომიკა ღიაა ინვესტიციებისთვის“.

























