ცხინვალის რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია

ცხინვალის  რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან  დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის  მისია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9-11 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. სამ მათგანს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ფულადი ჯარიმის სახით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით.

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი) აღიძრა და ცხინვალის ციხეში რჩება. დე ფაქტო უწყების ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

ამასთან, იმის შესახებ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, დღეს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის 9 ნოემბერს დააკავეს.