„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომებს  ბოიკოტს უცხადებს

პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის გადაწყვეტილება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის.

„იმ სიტუაციაში, როდესაც არის ასეთი მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი და ეს პროტესტი გამოწვეულია საზოგადოების მოტყუებით და გადაგდების შედეგად და ეს გადაგდება უკავშირდება ხელისუფლების მიტაცებას, ჩვეულებრივ რეჟიმში საპარლამენტო ცხოვრება ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცდილობენ თავი მოიტყუონ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს ბიუჯეტზე საუბრობენ და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოების ძალიან სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც უკავშირდება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას. სანამ არ მივაღწევთ ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯების გადადგმას და სანამ არ გამოიკვეთება, როგორ ჩატარდება პროპორციული არჩევნები ამ ქვეყანაში, ჩვეულებრივ რეჟიმში საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, ან შეიძლება იყოს სხვა შეთავაზება, რაც არსებითად ნიშნავს საპარლამენტო მანდატების განაწილებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ჩვენთვის ეს წინადადება არის მისაღები. რა თქმა უნდა, ამ ტიპის განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. მაგრამ არ ვმონაწილეობთ სხდომებში, სადაც ამ საკითხის იგნორირება ხდება და ხელისუფლება ცდილობს წაუყრუოს პროტესტს და გააგრძელოს ცხოვრება, თავისი ჭკუით, ჩვეულებრივ რეჟიმში“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომებს არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებისას დაესწრებიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განხილვამაც, ბიუჯეტის განხილვამაც გვაჩვენა, რომ პარლამენტი არის მარიონეტების ადგილი ივანიშვილის ხელში და ისინი იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილს სჭირდება. ივანიშვილის პასუხისმგებლობაა პროპორციული სისტემის ჩაგდებაც. ამიტომ ვერ ვხედავთ პროცესში მონაწილეობის აზრს, მათ შორის, არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაში, რადგან ეს ადამიანები ისევ იმოქმედებენ ივანიშვილის ნების შესაბამისად და გაიყვანენ კლანის წევრებს, არც სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობის აზრს ვხედავთ, სანამ არ დაიწყება პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება უნდა იყოს“, - განუცხადა აბესაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტში 19 დეპუტატია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა