მამუკა ხაზარაძე - დღეს ყველას ვაჟა გვქვია!

მეგობრებო, კითხვა დაუსვით თქვენ თავს - რა წაგართვეს? - წაგართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ აქ. სიურპრიზები არ იყოს, უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ის და მისი გუნდი იქნებიან ყველგან, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.

„დღეს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დატყვევებულია, მას წაართვეს თავისუფლება. მინდა მივმართო ჩვენს ოს ძმებს: ძმებო, ასე არ გამოვა, ეს არ არის სწორი, არ არის არანაირ ტრადიციაში ჩაწერილი ამბავი, როცა ექიმი გადმოდის, რომ ავადმყოფს უშველოს და თქვენ მას აპატიმრებთ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, სანამ დროა, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და რაც მთავარია, ამ უნიათო მთავრობას, იმიტომ, რომ სანამ არ ვისწავლით ერთი კაცისთვის, ჩვენი ერთი მოქალაქისთვის ბრძოლას, სულ გაუგებრობაში ვიქნებით. დღეს ყველას ვაჟა გვქვია. კაცმა, რომელმაც თქვა, რომ მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა ცხინვალთან, ასეთი ქართველები გვინდა ჩვენ, ასეთ ქართველებზე დგას საქართველო, თქვენნაირ ხალხზე დგას საქართველო და იცით რატომ? - იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს გახდება თავისუფალი იმ მარწუხებიდან , რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიდრე თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან საქართველოში, სანამ არ იქნებიან ასეთი ახალგაზრდები, რომლებმაც დაგვანახეს, როგორ უნდა თავისუფლებისთვის ბრძოლა. სწორედ ამ ბრძოლამ მოიტანა დაპირება, რომლითაც ჩვენ თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ევროპული ორიენტაციისთვის და სამწუხაროდ, ტრაგიკულად, სამარცხვინოდ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა მთელი ქვეყანა, თითოეული ჩვენთაგანი, ის ხალხი, ვინც ტელევიზორში გვიყურებს, ვინც „ფეისბუქზეა“, მოატყუეს. აქ არ არის პარტიებზე საუბარი, აქ არის თითოეულ თქვენთაგანზე საუბარი და იმიტომ ვართ აქ ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი. მეგობრებო, კითხვა დაუსვით თქვენ თავს - რა წაგართვეს? - პასუხი არის ერთი, წაგართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ აქ, მე ჩემი გუნდით, უზარმაზარი გუნდით, „ლელოელებით“, დავდგები თქვენთან ერთად, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. არ დავთმობთ არცერთ ნაბიჯს, პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან და სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს, უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა