საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გახსნან გამშვები პუნქტები და უზრუნველყონ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება.
„სექტემბრის დასაწყისიდან სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა გადაადგილების თავისუფლება ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) გასწვრივ, რითაც გააუარესა იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, Amnesty International-ი აცხადებს, რომ ახალგორის მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობასაც დე-ფაქტო უწყებების მიერ გაცემული პასპორტები არ აქვს, რეგულარულად ესაჭიროება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთა და მსგავსი აკრძალვები ნეგატიურად აისახება მოხუცებზე, ბავშვებზე, სტუდენტებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
„რუსეთმა, რომელიც ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ასევე რომელიც წარმოდგენილია სამხედრო ძალებით ტერიტორიაზე, ასევე უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილების უფლება და უზრუნველყოს, რომ დასრულდეს თვითნებური შეზღუდვები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ“, - ნათქვამია განცხადებაში.