ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება”

მამუკა ხაზარაძე - “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”

“ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად წარმოშობილი საპროტესტო ტალღა “მიინავლა”, ხელისუფლებამ მწარედ ინანა საკუთარი დაპირება მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. ეს აშკარად ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მერე კი დაფიქრდნენ და თავში ხელი შემოირტყეს, ამ ორდღიანი აქციებისთვის ღირდა კი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის სასწორზე შეგდებაო? ჩემი აზრით, ზაფხულშივე ფიქრობდნენ, რომ ამ დაპირებას არ შეასრულებდნენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის მიიღეს, რაც ბევრი დეტალით ჩანდა, ზოგ შემთხვევაში თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებშიც კი. უცნაურია, რომ ეს ვერ დაინახა ოპოზიციამ”, - აცხადებს ქსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა” / “ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა”.

“არ ვიცი, ოპოზიციაში რატომ იფიქრეს, რომ “ქართული ოცნება” ასე გამოსროლილ დაპირებას აუცილებლად შეასრულებდა. ეს გასვლები რეგიონებში, შეხვედრები, კანონპროექტის ჩაგდების სცენარის ნაწილი იყო, რათა მოედუნებინათ ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება. მაგრამ მათი სცენარი ამით არ სრულდება, ვიღაცამ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, თითქმის ფილიგრანული ოსტატობით გათვალა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასატანად, “ქართულ ოცნებას” მომზადებული აქვს სცენარები პროცესის განვითარების სხვადასხვა გზის გათვალისწინებით. ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში რომ გავიდოდა, იცოდნენ, თუმცა თუ ეს იქნებოდა პატარა მასშტაბისა და მილევადი აქციები, მაშინ უპრობლემოდ გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებდა მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას, ძალისმიერ ხერხებს გამოიყენებდა და სადმე შევარდნას შეეცდებოდა, ხელისუფლება სათანადო ზომებს მიიღებდა და იმავდროულად, დასავლეთთანაც იქნებოდა პირმობანილი, იტყოდა, ყველაფერი გავაკეთე საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, მაგრამ ჩავარდა და კიდევ კარგი, რომ ჩავარდა, რადგან ვის უნდა რევოლუციის მომწყობები და გადამტრიალებლები ხელისუფლებაშიო. “ქართული ოცნების” დასავლეთისთვის გზავნილი ამგვარიც იქნებოდა - მე ვარ ამ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი დამე უნდა დამიჭიროთ მხარიო...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“აქამდე “ქართული ოცნება” ორსახოვანი იანუსი იყო, რომლის ორი სახიდან ერთი პროდასავლური გახლდათ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით მან პროდასავლური სახე თავისივე ხელით “აიხია”. ის დეპუტატები, რომლებიც წამოვიდნენ უმრავლესობიდან, “ოცნების” პროდასავლური სახეები იყვნენ, სწორედ ამ გუნდზე იდგა დასავლეთის ნდობა “ქართული ოცნებისადმი~, ისინი წარმოადგენდნენ დასავლეთთან მთავარ ხიდს და საკომუნიკაციო არხს, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. დღეს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლებას არავინ ჰყავს, ვინც მის პოზიციებს დაიცავს. იმ ხალხის ვისითაც ჩანაცვლდება, იმათ გასაგონად ვიტყვი - დიპლომატია, როგორც წესი, ერთი-ორ შეხვედრას არ ემყარება, უმნიშვნელოვანესია ნდობა, რაც ურთიერთობებში წლების განმავლობაში ყალიბდება. ეს ნდობის ფაქტორი არა აქვთ იმ პირებს, ვინც დღეს “ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას უძღვებიან პარლამენტში. ვფიქრობ, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი “ოცნებისთვის” ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხომ ყველასთვის ცხადია, მაჟორიტარების უმრავლესობა საკუთარი ამომრჩევლის ხმებით ვაჭრობს. ისინი ამა თუ იმ კანონპროექტისთვის მიცემული ხმის სანაცვლოდ, უკანონოდ იგებენ ტენდერებს და მილიონები გააქვთ ბიუჯეტიდან. დავფიქრდეთ, რამდენი მილიონი იშოვა ზოგიერთმა მაჟორიტარმა “ქართული ოცნების” და რამდენი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს. არიან ისეთებიც, რომლებიც შეეზარდნენ სკამებს - ეს ხალხი მილიონებს შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული მაჟორიტარობით შოულობს. პირობითად რომ ვთქვათ, ისინი 10 ლარს ამომრჩეველს უგდებენ და ამის სანაცვლოდ იმავე მოქალაქეების ჯიბეებიდან ათი ათასებს იღებენ. ამ ყველაფრის ამომრჩევლისთვის ახსნას რა უნდოდა?! მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა, ახლა კი ამის დრო შეიძლება აღარ იყოს - როდესაც ზოიძე აცხადებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმიო, ამას იმიტომაც ამბობს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტში აღმოჩნდეს. ოპოზიცია რაიმეს ახსნას მოსახლეობისთვის ძნელად მოასწრებს”, - განმარტავს ექსპერტი.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მართლაც გადაწყვიტა, ოპოზიცია რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს, არ გვინდა პლებისციტზე ამ საკითხის გატანა, იმიტომ, რომ ხალხი ვერ ერკვევა, რა არის მაჟორიტარული და რა პროპორციული სისტემაო?! საბოლოოდ “ქართული ოცნება” ისევ პირდაბანილი გამოვა. ივანიშვილის პოზიცია ასეთი იქნება - როგორ მკადრებთ, რომ ვინმე გადავაგდე, ცვლილებები პარლამენტში კი ჩამიგდეს, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში თემა ისევ შემოვაბრუნე, ავირჩიე ყველაზე დემოკრატიული გზა და ხალხს ვკითხე აზრიო. განსაკუთრებით სახიფათოა ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუ ის დამტკიცდა, ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ 150 მაჟორიტარ-ფეოდალს, რომლებიც ხელისუფლებას ჯიბეში ეყოლება და მივიღებთ სრულად ტოტალიტარულ რეჟიმს, რისი კანონიერი და კონსტიტუციური გზით დამარცხება სრულიად შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ხელისუფლება წაუგებელ თამაშს თამაშობს, მით უფრო, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ ქმედით ბერკეტებს არ ამუშავებს. ეს რომ სჭირდებოდეთ, ისე მოიყვანდნენ ჭკუაზე “ქართულ ოცნებას”, როგორც დაგიბარებია. ამის მაგალითი განვლილი ისტორიაა, თუნდაც 2012 წელი გავიხსენოთ, როცა დასჭირდათ, სააკაშვილს აღიარებინეს არჩევნებში დამარცხება. ვიმეორებ, დასავლეთი ჯერჯერობით არ იყენებს ქმედით ბერკეტებს “ოცნების” ხელისუფლების თავნებობის შესაზღუდად. რამ უნდა შეაჩეროს “ქართული ოცნება”, რომ ხელი აიღოს ძალაუფლების სრულ უზურპაციაზე, ამ ეტაპზე არ ჩანს”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის წინადადებაა ე.წ. გერმანული მოდელის შემოტანა ქართულ საარჩევნო კოდექსში. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სწორედ ეს საკითხი დააყენეს”, - პასუხობს:

“ერთი რამ მაფიქრებს - ისე არ გამოვიდეს, გერმანული მოდელი ხაფანგად იქცეს, რომელიც ოპოზიციამ თვითონ დაუგო საკუთარ თავს. გერმანული მოდელის ის ვერსია, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, ხელისუფლებას უტოვებს ბევრ შემოვლით გზას და საშუალებას, რომ ეს მოდელიც საკუთარ თავზე მოირგოს. ამიტომაც ამ ყველაფერს კარგად დაფიქრება და გათვლა სჭირდება”.

“ხელისუფლების კიდევ ერთი ჩანაფიქრია, რომ ოპოზიცია ორპოლუსიან სივრცეში, ნეგატივში დატოვოს და რაც შეიძლება გაზარდოს ტემპერატურა, რათა საზოგადოებაში კვლავაც გაჩნდეს “ნაციონალური მოძრაობის” რევანშის პანიკური შიში. 2012 წლიდან დღემდე “ქართული ოცნების” ყველა გამარჯვების თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობაა”. ასეთ “საჩუქარს” ხელიდან როგორ გამოიცლის ხელისუფლება, ამიტომაც, ვფიქრობ, გაამძაფრებენ “ნაციონალური” ლიდერების დევნას, ზოგიერთის დაკავებასაც არ გამოვრიცხავ, რასაც მოჰყვება სიტუაციის ესკალაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და პროცესის ისევ ორპოლუსიან სივრცეში ჩარჩენა. რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების ხელისუფლებისეული სცენარი კიდევ სხვა საკითხია - მთელი ეს პროცესი საქართველოს რომ არ ეხებოდეს და სხვა ქვეყანაში ხდებოდეს, შორიდან უნდა გვეყურებინა და დავმტკბარიყავით ძალაუფლების შენარჩუნების იმ ოსტატურად გათვლილი სცენარებით, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა. ძალიან ბევრი ვერსია აქვთ დალაგებული. დარწმუნებული იყავით, რომ “ქართულ ოცნებაში” რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებაც მიდის. ამის სცენარი კი ასეთი იქნება - მაქსიმალური პოლარიზაცია და ორპოლუსიანობის უკიდურესად გამწვავება, დაპირისპირების პროვოცირება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას ამ `სამეფო კარის თამაშებში~ ქვეყანა დაავიწყდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ერთი თვის წინ მომეცა იმედი, რომ “ქართული ოცნება” პოზიტიურ დღის წესრიგზე გადაერთო, - განცდა გააძლიერა გლობალური პროექტების დაანონსებამ, მათ შორის წყალტუბოს განვითარებისა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტებმა. ნიშანდობლივი იყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეომიმართვა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტსა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას შეეხებოდა. ვიფიქრე, რომ “ოცნება” პოზიტიურ დღის წესრიგზე გადადიოდა. რა თქმა უნდა, ნეგატივსა და ტროლების ქარხანას არ მოეშვებოდნენ, რადგან ეს მათი საყვარელი პირმშოა, მაგრამ პოზიტივზე გადართვით “ქართული ოცნება” საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებას დაასრულებდა. დასანანია, რომ რამდენიმე დღეში მივიღეთ სულ სხვა შედეგი - მმართველმა ძალამ პოზიტივს ნაჯახის პოლიტიკა არჩია, რაც ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს. არადა, ამ პოზიტიური ტაქტიკით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. ეს ქვეყნისთვისაც იქნებოდა უპრეცედენტოდ კარგი რამ - ერთ მხარეს იქნებოდა “ქართული ოცნება” ამ გლობალური პროექტების დაანონსებით, მეორე მხარეს ვაშაძე სტრატეგია “აღმაშენებლით”, იქით ხაზარაძე თავისი ეკონომიკური პროგრამით და ქართული პოლიტიკა განვითარების ახალ, ხედვებისა და სტრატეგიების შეჭიდების დონეზე გადავიდოდა. ამაზე თვითონ თქვა “ოცნებამ” უარი და დარჩა ამ ბნელი გეგმების იმედად, რაც გამაოგნებელია”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

“რაც შეეხება 25 ნოემბრისთვის აქციას, ეს ნერვების ომია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს, ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით აჯობოს და რამდენად შევძლებთ ყველანი ერთად, დავაზღვიოთ ქვეყანა ვითარების ესკალაციისგან. მე რასაც ვხედავ, “ქართული ოცნება” ლამის ყოველდღიურად პროვოკაციებს უწყობს პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც. თავად ხელისუფლებაც მუდმივად დაძაბულობის რეჟიმშია, როდის სად გააქანებს სპეცრაზმს, არ იცის, ხან რომელ ოფისს იცავს და ხანაც რომელი მაჟორიტარის ბიუროს. როდის ვის უღალატებს ნერვები, ძნელი სათქმელია. ამ რყევების გამო ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. “ქართული ოცნება” იქცა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალად, რომელიც ქვეყანაზე კი არა, მხოლოდ იმათზე ზრუნავს, ვინც მასზე ფინანსური ინტერესებითაა მიბმული, ანუ ადმინისტრაციულ რესურსზე. ამით სულ უფრო კარგავს ლეგიტიმაციას. ასეთმა ძალამ არჩევნები ხელების გადაგრეხითა და მანიპულაციებით რომც მოიგოს, მას ლეგიტიმაცია არ ეყოფა ქვეყნის სამართავად”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება”

“ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოს, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს. რეალურად, ეს “დაბოქლომება” სიმბოლური აქციაა და კონკრეტული შედეგი არ აქვს. ადრე კაბინეტების აჭედვა იყო მოდაში, ახლა აჭედვა უფრო სიმბოლურმა და უკეთესმა ფორმამ შეცვალა, რომელიც იგივე დატვირთვისაა. რეალურად ეს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აიძულებს მუდმივად იყოს ამ გაწამაწიაში ოპოზიციასთან”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ დაწყებული აქციების “მაინც დაგაბოქლომებთ” შესახებ საუბრისას. ძაბირაძის განცხადებით, ეს აქციები არსებულ სურათს ვერ შეცვლის და მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი სახე არ მიეცეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ეს აქცია, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს” - ძაბირაძე ორშაბათის აქციაზე.

“ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება. არ ვგულისხმობ ისეთ რეპრესიებს, როგორიცაა დარღვევების გამო აქტივისტების 10-15 დღით ჩასმას. ეს პროტესტი, რაც დაიწყო, ალბათ არ შეწყდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ან კიდევ არჩევნებამდე, თუმცა, თუ შედეგი მიუღებელი აღმოჩნდა, არც არჩევნების შემდეგ გველოდება მაინცდამაინც დიდი სიმშვიდე. რეალურად ყველა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ხელისუფლება განსაკუთრებით. მოხდა მისი ფაქტობრივი იზოლაცია როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ხელისუფლებამ უნდა ეძებოს გამოსავლი. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიცია 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, 25 ნოემბერს აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ძაბირაძე 25 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ეს კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა, თუკი აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება, რადიკალიზაციის პროცესის დაწყებას არ გამორიცხავს. “როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ეს აქცია, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ დიდი მასშტაბის იქნება, ან იმაზე დიდი აქცია იქნება, რაც უკვე იყო პარლამენტის შენობასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა იწყება რადიკალიზაციის პროცესი”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ეს აქცია არ უნდა გახდეს საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ლაპარაკი ძალადობაზე და ხელისუფლების ძალით დამხობაზე”, - დასძენს გამოცემა.

“უნდა მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა, არა მარტო ბოქლომების დადება, არამედ სხვა აქტივობები უნდა მოიფიქრონ მრავალფეროვანი და ალბათ დრო არის, ოპოზიცია გავიდეს რეგიონებში, იქნებიან ბოქლომებით თუ ბოქლომების გარეშე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სამოქალაქო დაპირისპირება, ფაქტობრივად, უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დაპირისპირებას აქციის აქტივისტებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის... იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა” - საყვარელიძე.

“როგორც “ნაციონალებს” აქვთ განსხვავებული აზრი და ამის დასაცავად გამოდიან, თანაც ასე ემოციურად და ცდილობენ, კანონის ზღვარზე გაიარონ, მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რომლებიც ასევე თავიანთი აზრის დასაცავად გამოდიან, გაუჭირდებათ თავის შეკავება. ფაქტია, სამოქალაქო დაპირისპირება უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა. სამართალდამცავები მოახერხებენ, მხარეები ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივიდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მამუკა ხაზარაძე - “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”

“დღეს ქვეყანაში პოლიტიკას საფუძვლად ტყუილი უდევს, მმართველმა ძალამ ტყუილი აქცია დღის წესრიგად. სადაც ტყუილია, იქ არც პოლიტიკა კეთდება და არც ეკონომიკა ვითარდება, მხოლოდ ნიჰილიზმი მძაფრდება. ისღა დაგვრჩენია, გავაპროტესტოთ არსებული რეალობა და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საქართველოში არ დამყარდება სრული დემოკრატია, სანამ ჩვენი ქვეყანა არ დაადგება ევროგანვითარების გზას, სანამ არ შევცვლით ამ უნამუსო ხელისუფლებას”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა” / “რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორი ძალის თამაშის მოწმენი ვართ”.

“ჩვენ ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც პარლამენტმა და ფეოდალმა მაჟორიტარებმა მიიღეს. ამაში ერთიანი ვართ ყველასთან, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს. მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი კი არა, მოსახლეობის 75% მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. “ნაციონალებთან” არაფერი გვაერთიანებს, გარდა ერთადერთი მოთხოვნისა - დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში და პარლამენტმა მიიღოს “პროპორციული არჩევნების შესახებ” კანონი. ჩვენ რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ვერ ვხედავთ. თუ ფორსმაჟორულ­ი ვითარება შეიქმნება და ჩატარდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორი ძალის თამაშის მოწმე ვართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის. 22 დეკემბერს დამფუძნებელ ყრილობაზე წარვადგენთ არა მარტო პოლიტიკურ გუნდს, არამედ ჩვენს პოლიტიკურ ხედვას, პროგრამას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“შევთავაზებთ იმას, რასაც 29 წლის განმავლობაში ვაკეთებდით - ჩვენ შეგვიძლია სამუშაო ადგილების შექმნა, შეგვიძლია საქართველო გავხადოთ გეოპოლიტიკურად აქტიური მოთამაშე, ფინანსური ცენტრი, სამედიცინო ცენტრი, ბიოპროდუქტის წარმოების ცენტრი, სამართლებრივად საარბიტრაჟო ცენტრი და ადგილი, სადაც ჩვენი რეგიონის ფინანსური ნაკადი მოიყრის თავს. ამის თქმის უფლებას მე და ჩემს გუნდს გვაძლევს ჩვენი გამოცდილება და უკვე გაკეთებული საქმეები; ჩვენ საქართველოში უკვე შევქმენით 10 000 სამუშაო ადგილი, მოვიზიდეთ 6 მილიარდი და საერთაშორისო პარტნიორები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ამ მიმართულებით ხედვა არ გააჩნია, არ ფიქრობს, რომ ქვეყანა აქტიური ეკონომიკური მოთამაშე გახადოს. ჩვენ არა მარტო სამუშაო ადგილების, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაც შეგვიძლია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოYთვლილი ბედნიერების ინდექსით საქართველო 119-ე ადგილზეა, პირველ ხუთეულში კი შედიან ისეთივე მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა: ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი და ლუქსემბურგი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 119-ე ადგილიდან 50-ზე გადავინაცვლოთ და შემდეგ მიზნად ათეულში მოხვედრა დავისახოთ. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანაა, ადამიანი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, პოლიტიკოსებისთვის ადამიანები მიზნის მისაღწევი საშუალებაა. ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება. მე ვგულისხმობ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც. ჩვენი ემიგრანტები უზარმაზარ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ გვერდით უნდა დავიყენოთ და მათთან ერთად განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას განვითარების დიდი რესურსი აქვს, “ქართული ოცნება” ვერაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად. ვერც გააკეთებს, რადგან მენეჯმენტში გამოცდილება არ გააჩნია.”, - თვლის “ლელოს” ლიდერი.

“ოცნების” ლიდერის პოლიტიკა ემყარება ტყუილს, გადაგდებას, ტყუილით ქვეყნის მართვა კი არა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობაც არ შეიძლება. 90-იანი წლების რუსეთში ფულის შოვნა კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს. კაცს 1998 წელს ბანკი გაუკოტრდა, ის კი მილიარდერი გახდა. კარგი მენეჯერი სტრუქტურას, სამუშაო ადგილებს ქმნის, ბიუჯეტში ფული შეაქვს, განვითარების პერსპექტივა აქვს და საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს, ივანიშვილს კი არც სამუშაო ადგილები შეუქმნია და არც საერთაშორისო ბიზნესპარტნიორები ჰყავს... არავის ნარატივს არ ვიზიარებ. ლოგიკურად კითხვები გიჩნდება - როდესაც შენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, შენ რუსეთიდან მილიარდები როგორ გამოგატანეს რაიმე ვალდებულების გარეშე? ნახეთ, ვინ არის დღეს ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში - პანამელი ინვესტორი. რუსული ფული პანამაში მიდის და იქიდან შემოდის საქართველოში. რატომ მალავს ივანიშვილი ამ ფულის წარმომავლობას? ზღაპრების მოყოლა უნდა დასრულდეს! “ოცნებამ” უკვე საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მატყუარაა - ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მასშტაბით დადებული პირობა გატეხა. ცოტა ხნის წინ ქუთაისში სამეცნიერო ცენტრის აშენება და ამ საქმეში მილიარდის ჩადება დააანონსა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ტყუილი თქვა. უნივერსიტეტის გახსნას მილიარდი არ სჭირდება, ეს გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგიაზეა გათვლილი”, - განმარტავს მამუკა ხაზარაძე.

წყალტუბოს განვითარების პროექტში, რა თქმა უნდა, გვატყუებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმა ბიზნესმენმა 22 სასტუმრო ააშენოს ან მისი რეაბილიტაცია მოახდინოს? რატომ, რა საჭიროა, ბიზნესმენები დაილია საქართველოში, ან არ გამოჩნდნენ უცხოელი ინვესტორები? ბოლოს და ბოლოს, სასტუმროების რეაბილიტაციაზეა ლაპარაკი, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხომ არა?! ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ საქართველოში მცხოვრები 40 ქართველი ბიზნესმენი, რომლებსაც თუ დაუძახებენ, ახლავე შეუძლიათ თითო სასტუმროს რეაბილიტაცია თუ აშენება საკუთარ თავზე აიღონ. ეს მათთვისაც კარგი იქნება და მთელი ქვეყნისთვისაც. მთელი ქალაქი მე მომყიდეთ და მერე იაფად გავყიდიო, ეს ზღაპრები ბევრჯერ მოვისმინეთ და ასეთი მიდგომა არ მუშაობს ნამდვილ ბიზნესში, ნამდვილ ეკონომიკაში. თუ მართლა გინდა რამის გაკეთება, თანასწორუფლებიანი სიტუაცია უნდა შექმნა. დღეს ასეთი თავისუფალი გარემო არ გვაქვს. ვინც ალაგებს ბიძინასთან საქმეს, მშვიდად არის, ვინც არ ალაგებს, აგერ ვარ მე და თქვენ გესაუბრებით”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენც რომ მოგეხერხებინათ ბიძინა ივანიშვილთან საქმის დალაგება, მაშინაც ილაპარაკებდით ამ პრობლემებზე?” - პასუხობს:

“ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ მე შემიქმნეს პრობლემები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული პრობლემებს სულ მიქმნიდნენ. 29 წლის განმავლობაში არაერთ თავდასხმას, შემოტევასა და ზეწოლას გავუძელით. ახლა სხვა რეალობის წინაშე დავდექით -გვითხრეს, რომ ზედმეტად თავისუფლები, ზედმეტად დიდები გავხდით. დამერწმუნეთ, ათიათასკაციანი გუნდით დღემდე ვერ მოვაღწევდით, კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები რომ არ გვქონოდა, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ვერავისთან მოილაპარაკებ. ეს საკითხებია - ღირსება და თავისუფლება და როდესაც ამას ეხებიან, წითელი ხაზი ჩნდება. სწორედ ამ წითელმა ხაზმა გააჩერა ანაკლია და ამივსო მოთმინების ფიალა. ხშირად მეუბნებიან, აქამდე რატომ არ შემოხვედი პოლიტიკაში, სად იყავიო? სად ვიყავი და, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი და ვაპირებდი გაგრძელებას. პრობლემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მარტო მე არ შემხებია, ჩემ უკან უამრავი დასაქმებული ადამიანი იყო. კიდევ ბევრის დასაქმებას და არაერთი პროექტის განხორციელებასაც ვაპირებდი. დღეს ბევრ ადამიანს ვხვდები და ვხედავ, რა მძიმე ყოფაში არიან. მინდა მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში მივიღო მონაწილეობა. არ შემიძლია მაღალი ღობით შემოსაზღვრულ გარემოში კომფორტულად ვიცხოვრო და ჩემი ნაცნობ-მეგობრების გაჭირვება გულთან არ მივიტანო”.

“რაც შეეხება მესამე ძალის ნიშის დაკავებას პოლიტიკურ სივრცეში - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა. თუ ორ თვეში არ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, რიგით არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი თავისუფლად გვეყოფა არჩევნების მოსაგებად. თუ საარჩევნო სისტემის შეცვლა არ მოხერხდა, ეს ქვეყნისთვის იქნება ცუდი. უნდა ვეცადოთ და გამოსავალი მოვძებნოთ, თუნდაც გერმანული მოდელის სახით. მასზე ხელისუფლება უარს ამბობს. ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ აქციები და ხელისუფლება ვაიძულოთ, მიიღოს ჩვენი შეთავაზება. მთავარია, საპროტესტო მუხტი არ განელდეს. თუ ვერ გავიმარჯვეთ და მატყუარა ხელისუფლებას ქვეყანა ხელიდან ვერ გამოვგლიჯეთ, მისი განვითარება რამდენიმე წლით შეფერხდება, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა