სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.

„კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აქცენტს აკეთებს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე. მათივე ცნობით, 2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ.

„ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - სექსუალური შევიწროების შესახებ ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მსჯელობის შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება აიკრძალა საკანონმდებლო დონეზე და დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გაიწერა. ამასთან, ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით, საჯარო სივრცეში ჩადენილი სექსუალური შევიწროება მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევად, რაზეც მანდატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა. კანონმა სექსუალური შევიწროება განსაზღვრა როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკური, სიტყვიერი ან არასიტყვიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მტრულ გარემოს უქმნის მას.

რამდენიმე წლის წინ კონკრეტული ქალების მიერ საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბრის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენების შედეგად, საზოგადოების ნაწილმა სექსუალური შევიწროების პრობლემაზე მსჯელობა აქტიურად დაიწყო. იმ დროს, ჯერ კიდევ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, სასამართლომ და სახალხო დამცველმა, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების განმარტებით თუ საერთაშორისო სტანდარტების მეშვეობით, რიგ შემთხვევებში, სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ აქტიური მსჯელობის დაწყებისა და საკანონმდებლო დონეზე გაწერის შემდეგ, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა გაიზარდა.

„ამან შესაძლებლობა მოგვცა, განგვევითარებინა სამართლებრივი სტანდარტები და შეგვემუშავებინა სექსუალური შევიწროების ინდიკატორები.

სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რომლის ყველაზე მეტ სავარაუდო შემთხვევას შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი. როგორც წესი, მსხვერპლი ქალები სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიმართავენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართლებრივ კონტექსტთან ერთად, სექსუალური შევიწროების შემთხვევებს თან ახლავს ფსიქო-სოციალური ასპექტები, რომლებიც არსებითად განაპირობებს ინციდენტის შემდეგ მსხვერპლის ქცევას, მის მოწყვლადობას და გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეაგირების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სრული ძალისხმევა მიმართონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს