ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრვი და საერთაშორისო ორგანიზაციები, „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი რეგულირების რესურსის არარსებობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მძიმედ აისახება უშუალოდ კონფლიქტის და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ოკუპირებულ რეგიონებში.

მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც „ბორდერიზაციის“ პროცესმა მოიტანა უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. საზღვარზე ადამიანების უკანონო და თვითნებური დაკავებების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დარღვევის იმ მძიმე შემთხვევებზე, რომელიც 2014, 2016, 2018 და 2019 წლებში ვიხილეთ ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების, გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის და ასევე, გალში დაკავებისას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებში. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზეც, მათ შორის ხარისხიანი და სწრაფი ჯანდაცვის, განათლების, ოჯახის და პირადი ცხოვრების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ბორდერიზაციის მძიმე შედეგები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა ადამიანს, მათ შორის, ეთნიკურ ოსებს.

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მწვავე სოციალური და უფლებრივი შედეგები 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანასკნელი გამშვები პუნქტის - მოსაბრუნის („რაზდრახანის“) ჩაკეტვის შემდეგ კიდევ უფრო გამოვლინდა. 2019 წლის 28 ოქტომბერს ცხინვალში სათანადო სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო 70 წლის მარგო მარტიაშვილის და 49 წლის ბესიკ ობესოვის გარდაცვალების ფაქტი გახდა სიგნალი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისისა ახალგორში. რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმეც, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება ცხინვალის de facto რეჟიმის ციხეში და ამ დროისთვის გამოყენებული დიპლომატიური და პოლიტიკური გზები როგორც ჩანს, უშედეგოა მის გასათავისუფლებლად. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის პერსონას მუდმივად ეძლევა პოლიტიკური კონოტაცია, რაც დაკავებული ექიმის უსაფთხოების რისკებს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს გამოიყენოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების საშუალებაა. მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა არის მისი ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ მიართვაში მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა კომისარს, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი მანდატების ფარგლებში: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ან მინისტრთა კომიტეტისთვის განსახილველად წარადგინონ ანგარიში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; წარუდგინონ რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მქონე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და მოუწოდონ გადაადგილების თავისუფლების დაუყოვნებილივი აღდგენისკენ; გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებად; ჰუმანიტარული მიზნებით, ხელი შეუწყონ პაციენტების დროულ გადმოყვანას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით; განიხილონ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზები; გამოაგზავნონ მონიტორინგის მისია საქართველოში სიტუაციის უკეთ შესასწავლად. უზრუნველყონ რეგულარული ვიზიტები ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო ქმედითი საერთაშორისო ღონისძიებების გატარების მიზნით“, - ნათქვამია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში. განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR); Freedom Now; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კავშირი საფარი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; საქართველოს დემოკტრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
ახალი წლიდან სილქნეტის ოპტიკურ ქსელში სატელევიზიო პაკეტები იცვლება
„ავერსში“ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება