ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2019

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა

მერკელი-მაკრონის დაპირისპირება და უპრეცედენტო დაძაბულობა ნატო-ს სამიტის წინ

გახდება თუ არა ივანიშვილი იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები

* * *

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა

“ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაპირების გადათქმისა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ მიიღო - ოპოზიციამ თავისი ბრძოლა წააგო მაშინ, როდესაც მან დესტრუქციული სცენარით მუშაობა დაიწყო, იმიტომ, რომ დღეს საზოგადოებაში რევოლუციის მხარდამჭერი განწყობები არაა, ხოლო ოპოზიციის მცდელობებში - “ნაციონალური მოძრაობის” ავანგარდს ვგულისხმობ -აშკარად რევოლუციური სცენარი იკითხებოდა, რომელიც მათ არ გამოუვიდათ. ეს სცენარი პოლიტიკისგან შორს მდგომი ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად წასაკითხი იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ კრიტიკული მასის შეკრება, რომელიც მათი გეგმის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა - ანჯაფარიძე.

“გარდა ამისა, აშკარად ჩანდა, რომ მათ მკაფიოდ გაწერილი გეგმა არ ჰქონდათ და ძალიან სპონტანურად მოქმედებდნენ, რაც ეტყობოდა კიდეც მათ აქციებს. ამ ოპოზიციურ კოალიციაში, როგორც ჩანს, ერთიანობა არაა იმ საკითზე, თუ რამდენად რადილკალური უნდა იყოს აქციები და ამ რადიკალიზმში რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ. ამ მხრივ რამდენიმე პარტია გაემიჯნათ, თუნდაც იგივე “ლელო”, დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობა”. აქედან გამომდინარე, ყველა აშკარად ხედავს, რომ ეს ფაქტიურად “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს აქციაა” და მათი მხარდაჭერაც ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ პარტიებთან. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე საპროტესტო პერფორმანსებს აწყობენ, მეეჭვება, რომ საერთოდ წარმოდგენა ჰქონდეთ რა განსხვავებაა პროპორციულ, მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებს შორის. მათ ეს დავალებული აქვთ და აჟღერებენ, თორემ ჩვენთან ახალგაზრდობას გაცილებით უფრო მწვავე საკითხები უნდა აწუხებდეს, ვიდრე პროპორციული საარჩევნო სისტემაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ოპოზიციას მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა შესაძლოა მაშინ ჰქონდა, როდესაც პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე გაცემული დაპირება არ შესრულდა. ეს შესაძლოა მას გარკვეულ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ მას შემდეგ ეს ყველაფერი რაშიც გადაიზარდა, ვფიქრობ, რომ მათ ეს მორალური უპირატესობაც დაკარგეს, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების სააკაშვილთან ვიზიტით, პარლამენტის პიკეტირებით, მათზე მომუშავე ტელევიზიების ფეიკნიუსებით და ა.შ.”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ვფიქრობ, რომ ამ ამბებს გაგრძელება ექნება მანამ, სანამ ოპოზიციას ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსები ეყოფა. ისინი ხელისუფლებაზე წერტილოვან დარტყმებს გააგრძელებენ, შემდეგ სიტუაციას დააკვირდებიან და თუ ნახეს, რომ ამ აქციებს დასავლეთიდან მხარდაჭერა შეუმცირდათ და აქციებზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოვა, ალბათ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ აქციებმა თავისი თავი ამოწურა და მოქმედების სხვა მეთოდებს მოიფიქრებენ. ან თუ ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, შესაძლოა ამან პირიქით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს. ასე რომ, ეს ერთგვარი ნერვების და ინტელექტის თამაშია, როგორც ერთი ისე მეორეს მხრიდან და ვინც პირველი დაუშვებს მძიმე შეცდომას, ის გამოვა წაგებული” - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

მერკელი-მაკრონის დაპირისპირება და უპრეცედენტო დაძაბულობა ნატო-ს სამიტის წინ

“2 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს მორიგი სამიტი იხსნება, რომელიც შესაძლოა ამ ორგანიზაციის მომავლისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მიზეზი ისაა, რომ შიდა კონფლიქტები და დაპირისპირება თავად ნატო-ში სულ უფრო აშკარა და მასშტაბური ხდება. ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები, რომელიც ლონდონის სამიტს უძღვოდა წინ - ნატო-ს წევრთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სირიაში თურქეთის მოქმედებაზე, ევროპელი მოკავშირეებისადმი აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკული დამოკიდებულება, საფრანგეთის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება და ამასთან დაკავშირებით მისი კამათი გერმანიის კანცლერთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მერკელი-მაკრონის დაპირისპირება და უპრეცედენტო დაძაბულობა ნატო-ს სამიტის წინ.

“ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-სადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მან რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას განუცხადა, რომ უამრავ თანხას ხარჯავს ნატო-სთვის და ამასთან, არ არის ვალდებული დაიცვას ნატო-ს მეხუთე მუხლი. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მასში გაწევრიანებულ ყველა ქვეყანაზე თავდასხმაა. ასეთი მიდგომის პასუხი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონის ცნობილი ფრაზა მის მიერ “ეკონომისტისთვის” მიცემული ინტერვიუდან იმის შესახებ, რომ “ნატო-ს ტვინი სიკვდილს განიცდის”. ამ ფრაზამ მოკავშირეებში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო ევროპისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის იყო ცივი ომის პერიოდში. ამავე თემაზე, “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, მერკელსა და მაკრონს შორის ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე გამართული საზეიმო მიღებისას მცირე შელაპარაკებაც მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მესმის თქვენი მისწრაფება დესტრუქციული პოლიტიკისკენ, მაგრამ მე დავიღალე თქვენი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებით. მე ისევ ვაწებებ თქვენს მიერ გატეხილ ჭიქებს, რათა ჩვენ ჩაის დალევა მოვახერხოთ”, - “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონმა კი საპასუხოდ განაცხადა: “მე არ შემიძლია უბრალოდ წავიდე ნატო-ს სამიტზე ლონდონში და თავი ისე დავიჭირო, თითქოს აშშ და თურქეთი სირიაში ნატო-ს საერთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ”. ნატო-ს სამიტსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით “რეზონანსი” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ექსპერტ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვფიქრობ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაეტყობა ის დაძაბულობა, რაც გაჩნდა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის. ევროპელ ლიდერებს კარგად ესმით, რომ მსგავს სიტუაციაში მთავარი ერთიანობაა, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას მკაფიო დამოკიდებულება არ აქვს ალიანსის მომავლისა და მისი ფუნქციის თაობაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვაზე - “რა შედეგის მომტანი იქნება ნატო-ს მომავალი შეხვედრა საქართველოსთვის?” - პასუხობს:

“იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ალიანსი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან დაკავშირებით და მისი პრინციპების ერთგულებას დააფასებს, რათა ჩვენს დაახლოებას ჰქონდეს სათანადო პერსპექტივა”.

გახდება თუ არა ივანიშვილი იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები

“ორივეს აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. “ქართულ ოცნებასაც” აწყობს, რადგან, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. ჯობია დროზე ჩაატაროს არჩევნები, რომ შედარებით ნაკლებად გაუარესებულ ვითარებაში მეტი ხმა აიღოს. ოპოზიცია კი პროცესებს მართავს და “ოცნებას” დღის წესრიგს უდგენს. ნებისმიერი ვითარება მის სასარგებლოდაა - მმართველი გუნდი კარგავს რეიტინგს, ოპოზიცია კი ძლიერდება”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვადამდელი არჩევნები “ოცნებასაც” აწყობს და ოპოზიციასაც, - ზაქარეიშვილი.

“ოპოზიციის ახალი გეგმის თანახმად, პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ დღის წესრიგში დგას და 28 ნოემბერს უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. დასავლელი პარტნიორები მზაობას გამოთქვამენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ოპოზიციონერ ლიდერებს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ხელს უწყობს მოვლენები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ შემოატრიალოს და ამის მიზეზი, მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებია. ოპოზიციას მოსახლეობის იმედი იმდენად არ აქვს, რამდენადაც აქტივისტების, რომლების აქტიურები არიან და საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. “ოცნება” აქტივისტების აქტიურობასაც კი ვერ უმკლავდება. ამის ფონზე ოპოზიცია მშვიდადაა და მას ნებისმიერი ვარიანტი აწყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, იქნება შერეული სისტემით, როგორც დაადგინა თავისი ფარისევლური სპექტაკლით “ქართულმა ოცნებამ”. ეს ოპოზიციას აწყობს, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, თუმცა, არ იმჩნევენ ამას, რადგან საქმე “ოცნებამ” გაუკეთა. ასეთი უგნურება არ მინახავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე მუშაობდეს - აბსოლუტურად კომფორტული ვითარება შეუქმნა “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ამის ფონზე, ოპოზიციას ურჩევნია შერეული სისტემა. რეალურად სამნი გავლენ და გაიყოფენ ძალაუფლებას პარლამეტში, თანაც დასუსტებული “ქართული ოცნების” ფონზე. მიუხედავად იმისა, როდის იქნება არჩევნები, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” წარმატებული იქნება, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამისათვის ყველაფერი გააკეთა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“დღეს იმის, რომ ეს იყო იდეა და არა დაპირება, იმათაც კი არ სჯერათ, ვინც მხარი დაუჭირა პროექტის ჩაგდებას, მით უმეტეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ვფიქრობ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, მმართველი გუნდი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი აზრით, რა თქმა უნდა, ეს აქციები მინელდება და ოპოზიცია აქტიურობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან პოლიტიკისთვის მკვდარი სეზონი მოდის; მაგრამ გაზაფხულზე პროცესები ისევ გააქტიურდება და რამდენად გაუძლებს „ოცნება“, არავინ იცის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეს აქციები მინელდება, მაგრამ ივანიშვილი შეიძლება იძულებული გახდეს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, - ძაბირაძე.

“ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არ აქვს - პროპორციული სისტემით არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს, გერმანული მოდელიც მიუღებელია; კობახიძის და უსუფაშვილის დებატები უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება... ამიტომ მისაღებია გადაწყვტილება. ასეთ ვითარებაში დასავლეთის ჩართულობა ყოველთვის ხდება. ასე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე. თუ ქვეყნის შიგნით და გარეთ იქნება ძლიერი ზეწოლა, ივანიშვილი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რამდენად ექნება “ოცნებას” გამარჯვების შანსი, არ ვიცი”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო