ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2019

პაატა ზაქარეიშვილი - “ხალხს თუ უნდა ცვლილებები, მაშინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. სხვის ხარჯზე ეს ყველაფერი არ გამოვა”

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები?! (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის მიმოხილვა)

* * *

პაატა ზაქარეიშვილი - “ხალხს თუ უნდა ცვლილებები, მაშინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. სხვის ხარჯზე ეს ყველაფერი არ გამოვა”

"გამოსავალი არის, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა გამოსავლის ძებნა. ხელისუფლება ამაზე უნდა წავიდეს, მან უნდა დაიწყოს გამოსავლის ძებნა. როდესაც ის ამბობს, რომ დასრულებულია ამაზე ლაპარაკი და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, რა დიალოგზე შეიძლება იყოა ლაპარაკი?! ივანიშვილის ინტერვიუ საერთოდ ცივი შხაპი იყო ყველაფერზე. მან გვითხრა, რომ გამორიცხულია რამე იმედები გქონდეთ ჩვენგან, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთო. მან გვითხრა, მირჩევნია საქართველო დაიცალოს აქ მცხოვრებლებისგან, ვიდრე ჩვენ რამეს დავთმობთო”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღევანდელი “ოცნება” 2012 წლის ნაცმოძრაობის ასლია” - პაატა ზაქარეიშვილი: “ხელისუფლება ჯოჯოხეთის გზას დაადგა და სახელმწიფოც აქეთკენ მიჰყავს”

“ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა - ან ყველაფერი, ან არაფერი - ეს ცალსახა და მკაფიოა. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელივ ჩვენს სახელმწიფოს აზარალებს. არ მგონია “ოცნებამ” რამე დათმოს - მათ ჰგონიათ, რაკი ხალხი არ გამოდის მიტინგებზე, ამიტომ ესენი წარმატებულები არიან. ხელისუფლება ჯოჯოხეთის გზას დაადგა და სახელწიფოც აქეთკენ მიჰყავს... მე ვერ ვხედავ რატომ უნდა გადაიფიქროს “ოცნებამ” და გადახედოს თავის პოზიციებს. დათმობაზე კი არა, ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე უნდა წავიდეს, რაც მისთვისაც სასარგებლო იქნება, თუმცა ეს არ ესმით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “არ გაქვთ მოლოდინი, რომ თუნდაც ელჩების ზეწოლის შედეგად რამე დათმოს ხელისუფლებამ?” - პასუხობს:

“ამ წუთში ამ მზაობას ვერ ვხედავ. ამას სჭირდება ხალხის გამოსვლა ქუჩაში. ამას სჭირდება 1 კვირა მაინც დღისით 15 ათასი კაცი, როლო ღამით 2 ათასი კაცი. თუ ამ ტემპერატურას აწევს მოსახლეობა - სწორედ მოსახლეობამ უნდა აწიოს, რადგან ოპოზიცია და აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი უკვე ხალხის ნებაა. ხალხს თუ უნდა ცვლილებები, მაშინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. სხვის ხარჯზე ეს ყველაფერი არ გამოვა, საჭიროა ქუჩაში დგომა. თუ არადა გაგრძელდება ეს დაპირისპირება და ქაოსი”.

“საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის რა ხდება. თუ შევარდნაძის დროს იყო კორუფცია და ამის გამო გამოდიოდა ხალხი, ხოლო ნაციონალების დროს იყო ტერორი ყველგან, ახლა ხალხი არ გამოდის, რადგან ბევრს არ ესმის რა განსხვავებაა პროპორციულსა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის. ხალხი თვლის, რომ სკამებისათვის ბრძოლა მიდის და ეს მას არ ეხება. “ოცნებას” ჰგონია, რომ ეს არის დიდი პლუსი. რადგან ხალხი არ გამოდის ქუჩაში ის მოიგებს არჩევნებს. თუნდაც მოიგოს, მერე რაღას აპირებს - კრიზისში ხომ თვითონ შეიყვანა ქვეყანა... დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობასა და 2012 წლამდე არსებულ ნაციონალურ მოძრაობას შორის დიდი განსხვავებაა, ხოლო დღევანდელ “ქართულ ოცნებასა” და იმდროინდელ ნაცმოძრაობას შორის ბევრი საერთოა”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები?! (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” დეკემბრის ნომრის მიმოხილვა)

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები?! / ქართული სანაპირო დაცვის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში / რას ჰპირდებიან მეხანძრე-მაშველებს ახალი წლიდან / საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი

“ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონში ამერიკულ მხარესთან ხელი მოაწერა საქართველო-აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში მორიგ სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას. წინა, ამავე სახის ხელშეკრულების შედეგია, რომ წარმატებით ხორციელდება “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა”, რომლის ფარგლებში მთავრდება ცხრა ქართული ბატალიონის გადამზადება სწორედ იმ საფრთხეების მოსაგერიებლად, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დაუდგა აგვისტოს ომის სახით და დღესაც აქტუალურია. ამ გადამზადებაში ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დიდი წვლილი შეიტანეს”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N12, დეკემბერი, 2019) სტატიაში სათაურით ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები?!

“საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელება, ბუნებრივია მისასალმებელია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი სჭირდება, რათა სავარაუდო მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში საქართველოს მხარში ამოუდგებიან და არა მარტო “შეშფოთება-აღშფოთებით”. ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუკი საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ნატოს წევრი გახდებოდა და მას ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი დაიფარავდა, მაგრამ წელი წელს ემატება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, დღემდე მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება. ამასთან, ის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო კრიზისიც, რაც დღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სუფევს, ნაკლებად პერსპექტიულს ხდის ახლო მომავალში საქართველო ნატოს სრულუფლებიან წევრად ვიხილოთ, რასაც ყბადაღებული “რუსეთის ფაქტორიც” ემატება. ყოველივე ამის ფონზე მეტად აქტუალურია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფორსირება ახალი გზით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ გზას “ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-ის მთავარი მოკავშირის” სტატუსის მიღებისკენ მივყავართ, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ აშშ-საქართველოზე იქნება დამოკიდებული და მის დაბლოკვას ვერც გერმანელი მერკელი და ვერ ფრანგი მაკრონი შეძლებენ (არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ გერმანიის ლიდერი გახლდათ). “ნატოს გარეთ მთავარი მოკავშირის” სტატუსი 1989 წლიდან ამოქმედდა და აშშ-ს დღეს 17 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რაც სერიოზულ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს, მაგალითად, სამხრეთ კორეის”, - განმარტავს სტატიის ავტორი.

“2009 წლიდან აშშ-სა და საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, ქართულ პოლიგონებზე ყოველწლიურად ტარდება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, მოქმედებს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრი და ნუთუ აღარ მომწიფდა ვითარება საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად უფრო ქმედითი ნაბიჯის გადასადგმელად - ქართული სტრატეგიული ობიექტების დაცვის მოტივით ერთობლივი ქართულ-ამერიკული საბრძოლო დანაყოფების შექმნა და დისლოცირება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?! გასაგებია, რომ ამის გადაწყვეტა მეტწილად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი საკუთარი პრობლემები არ აკლია, იმპიჩმენტის გამოცხადების პერსპექტივის ჩათვლით. მაგრამ ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს, რადგან დღევანდელ არაპროგნოზირებად მსოფლიოში საქართველოსხელა პატარა ქვეყნის “გადაყლაპვა” ადვილია, თუკი ის მეგობრების გარეშე დარჩება”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე სამსახურს, სადაც უკვე 25 წელზე მეტია კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ, ენთუზიაზმით სავსე და პროფესიული საქმიანობის ერთგულ პირად შემადგენლობასთან ერთად ვმსახურობ”, - აცხადებს შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე (სასაზღვრო ძალების შტაბის საზღვაო განყოფილების ყოფილი უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დამთავრებული აქვს აშშ-ის საზღვაო ომის კოლეჯი) ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქართული სანაპირო დაცვის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში.

“ჩემთვის პრიორიტეტი იქნება ისეთი მიმართულებით მუშაობა, როგორიცაა სამსახურში ახალგაზრდა თაობის მოზიდვა, მათ მომზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, პირადი შემადგენლობის ნატოს წევრი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში მომზადება, ქვედანაყოფების მომზადება და სერტიფიცირება ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში და ზოგადად, ურთიერთთავსებადობის ამაღლება... ჩვენი ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას. გლობალური საზღვაო ვაჭრობის განვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ტვირთბრუნვის გაზრდა გამოიწვევს დიდი ტევადობისა და რაოდენობის გემების შემოსვლას საქართველოს პორტებში. ეს, თავის მხრივ, გაზრდის ნაოსნობის უსაფრთხოების აუცილებლობის, საზღვაო-სატრანსპორტო სისტემის საიმედოობისა და მისი უსაფრთხოების მნიშვნელობას... საქართველოს ტურისტული პოტენციალის მატებასთან ერთად, გაიზრდება რეკრეაციული ნაოსნობა და დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ პაპიძე.

“სანაპირო დაცვამ უნდა უზრუნველყოს ხალხისა და საკუთრების დაცვა ზღვაზე, საზღვაო რესურსების დაცვა და საზღვაო სივრცის ეკოლოგიური უსაფრთხოება. დღეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვაო სივრცეში უკანონო შეიარაღებული და კრიმინალური დაჯგუფებების არსებობა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უარყოფითად აისახება საქართველოსა და, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ზრდის პროვოკაციებისა და ინციდენტების რისკებს. საქართველოს საზღვაო სივრცის ოკუპირებული არეალის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ვერ ახორციელებს სრულყოფილ კონტროლს და კანონაღსრულებით საქმიანობას. შესაბამისად, გამოწვევები და რისკები მეტწილად ოკუპირებული ტერიტორიების წყლებიდან, საოკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარეობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სანაპირო დაცვა აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან ზღვაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. 2010 წლიდან თანამშრომლობს ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული მემორანდუმით სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო ნატოს ჯერ ანტიტერორისტული ოპერაცია “აქტიური ძალისხმევის”, ამჟამად კი უკვე ოპერაცია “ზღვის მცველის” მხარდაჭერა, რაც გამოიხატება 2011 წლიდან ინფორმაციის ურთიერთგაცვლით და მეკავშირე ოფიცრის წარგზავნით ნატოს საზღვაო ძალების შტაბის სარდლობაში (2014 წლიდან). მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფების სერტიფიცირება, რომლის დასრულების შემდეგაც ჯგუფები ოპერაცია “ზღვის მცველში” ჩაერთვებიან. ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, 2017 წლიდან სანაპირო დაცვის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული რეგიონის გარეთ, ალიანსის ეგიდით წარმოებულ სხვადასხვა სახის წვრთნებში”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “საქართველოს სანაპირო დაცვის ჩამოყალიბებაში დიდი დამსახურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. დახმარების პროგრამები თუ გაგრძელდება?” - პასუხობს:

“აღსანიშნავია, რომ სანაპირო დაცვის, როგორც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურის განვითარება, უმთავრესად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტების, ასევე მისი სანაპირო დაცვის მხარდაჭერის დამსახურებაა. დახმარების მიმართულებები სხვადასხვა პროგრამას მოიცავს: პირადი შემადგენლობის მომზადებას და პროფესიულ განვითარებას; სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაციას; ინფრასტრუქტურის განვითარებას; არსებული ტექნოლოგიების მომსახურების პოტენციალის გაზრდას; ზღვაზე დაკვირვების სისტემების განვითარებას; მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდას და სხვ. ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რაც ბევრად ზრდის სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას და დასახული ამოცანების სათანადო დონეზე შესრულებას. აშშ-მა საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებისათვის 1998 წლიდან დღემდე 200 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სანაპირო დაცვის განვითარებისთვის როგორც აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების, ასევე, ადამიანური რესურსების და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით”.

“გასული თვე ტყის ქვედა საფრის ხანძრებით გამორჩეული იყო, განსაკუთრებით, რთულ რელიეფზე და მიუვალ ადგილებში. ქვეყანაში ტყის ქვედა საფრის ხანძრის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ხანძრის კერები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იყო. მათ ლიკვიდირებაში 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლების თავდადება, ხშირად ისეთ ადგილებში მუშაობდნენ, სადაც მიახლოება წარმოუდგენელი იყო. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. საბედნიეროდ, საზოგადოება ხედავს და აფასებს მათ თავგანწირვას”, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი გაზეთ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რას ჰპირდებიან მეხანძრე-მაშველებს ახალი წლიდან.

“წელს ჩვენ 5 ტყის ხანძარი დაგვიფიქსირდა. ბორჯომის რაიონში საკირეში, კახეთში - კაჭრეთსა და ყვარელში, შიდა ქართლში - ატენის ხეობაში ორი ხანძარი იყო. დროული რეაგირებით ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადებით და შვეულმფრენებით ყველა ხანძრის ლიკვიდაცია დროის მცირე მონაკვეთში მოვახერხეთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შს სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნებამ გაზარდა კოორდინაცია და ეფექტიანი გახდა სტიქიებზე რეაგირება. სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენები ტყის ხანძრებსა თუ მიუვალ ადგილებში დაკარგული ტურისტების გადარჩენაში ძალიან გვეხმარებიან. ასე რომ, ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას შედეგი აშკარად მოაქვს. საკმაოდ რთულ სამუშაოებს ასრულებენ მეხანძრე-მაშველები. ზოგჯერ დაღუპული მოქალაქეების წყლიდან ამოყვანა ან ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მანქანებიდან გამოხსნა უწევთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეიმურაზ მღებრიშვილი.

“სამსახურმა საზღვაო სეზონი შეაჯამა. წელს წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის, 300-მდე სეზონური მაშველი მუშაობდა. შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისის წყლებზე 275 კაცი გადაარჩინეს. მათ შორის 69 არასრულწლოვანი და 67 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ასევე, სანაპირო ზოლზე დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. სანაპირო ზოლებზე განახლდა სამაშველო კოშკურები, გაუმჯობესდა წყალზე სამაშველო ტექნიკა და საჭირო აღჭურვილობა დაემატა. წელს პირველად ჩვენი მაშველების რიგებში გამოჩნდნენ მაშველი გოგონებიც. წელს პირველად სამაშველო ოპერაციებში ჩაერთო ჩვენი ტექნოლოგიური სიახლეც - დრონი. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება და მათი პროდუქტიულობა საქმეში უკვე ვნახეთ, მისი საშუალებით მაშველებმა შტორმის დროს რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეხანძრე-მაშველების საქმიანობა სპეციფიკურია და გამოირჩევა სირთულით. ოქტომბრიდან ჩვენთან ფსიქოლოგიური კაბინეტი გაიხსნა. სპეციალისტი მეხანძრე-მაშველებთან მუშაობს, როგორც ჯგუფური თერაპიის კუთხით, ისე ინდივიდუალურად და თანამშრომლებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. დარწმუნებული ვარ, კაბინეტი გაამართლებს თავის დანიშნულებას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელფასების ზრდა ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და ყველა მეხანძრე-მაშველის შემოსავალი 125 ლარით გაიზრდება. იანვრიდან ამოქმედდება მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც მორიგეობის დროს ჩვენი მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მთელი პირადი შემადგენლობის სახელით პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. სრულიად ვაცნობიერებთ, რა რთულ და ღირსეულ საქმიანობაშია ჩართული სამსახურის თითოეული თანამშრომელი. მეხანძრე-მაშველები ნამდვილი გმირები არიან და სათანადო დაფასება სჭირდებათ. თითოეული მათგანის ოჯახი მუდმივად უნდა გრძნობდეს თანადგომას და ამაყობდეს, რომ ასეთი მამა, ძმა, შვილი თუ შვილიშვილი ჰყავთ”, ამბობს თემურ მღებრიშვილი და შეკითხვაზე - “ტექნიკური გადაიარაღებისა და ავტოპარკის მხრივ რა სიახლეებია?” - პასუხობს:

“წლის ბოლომდე ჩამოვა 30 ახალი სახანძრო მანქანა. “მაგირუსის” სახანძრო მანქანები გერმანული წარმოებისაა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ასევე იაპონიის საელჩოსთან აქტიური მუშაობის შედეგად უკვე საქართველოშია “უნომოგის” ორი ტყის სახანძრო მანქანა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში განაწილდა. წლის ბოლომდე იგეგმება იაპონიის საელჩოს დახმარებით სახანძრო კიბის გადმოცემა, რომელიც ბათუმში განთავსდება... ჩვენ დამატებითი ტექნიკა შევიძინეთ ზედამხედველობის სამმართველოსთვის. ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებენ, რაშიც უკვე დამატებით “მიცუბისი” - L 200 მარკის ავტომანქანები დაეხმარებათ. ინსპექტორებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 ავტომობილი უკვე გადაეცათ. ისინი საბიუჯეტო-ზედამხედველობის ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოებას შეამოწმებენ. 12 ავტომობილი კი თბილისში ცენტრალური სამმართველოს დაქვემდებარებაში იქნება და საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში კერძო დაწესებულებებსაც გაუწევენ მონიტორინგს. ზედამხედველობის სამსახურის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია ხანძრების პრევენციისთვის”.

“შსს-მ საგზაო 2019 წლის ბოლომდე უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ შს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გეგმები გააცნო. საგზაო უსაფრთხოების კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” აქტიურად გრძელდება და მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 2019 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-ითაა შემცირებული”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი.

“ნინო ჯავახაძის განცხადებით, “2019 წლის 9 თვეში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა. ბოლო 9 თვის მონაცემებით, გარდაცვლილია 337 კაცი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1,5%-ით ნაკლებია. თუმცა ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ... მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. 2019 წლის აპრილის მონაცემებით, მაშინ როდესაც კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ფუნქციონირებდა. დღეს კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს, საიდანაც 2 760 ზოგადი ხედვის, 1 558 კი ნომრის ამომცნობია. წლის ბოლოსთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა ამოქმედდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს, კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნა ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება. სოციალური კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ახალი ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედიასაშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში, ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება რეგიონებში. შს მინისტრის მოადგილეებმა კახაბერ საბანაძემ, ნინო ჯავახაძემ და ლევან კაკავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესთან ერთად “სისტემური განახლების” ფარგლებში რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები”, - განაგრძობს გამოცემა.

“თბილისის შემდეგ რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, “ერთი სარკმლის” პრინციპით მიიღებს. მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა. ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. მე-12 ოთახი ჩაანაცვლა. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ამავე შენობაში განთავსდა შსს-ს მომსახურების სააგენტოს კუთხეც, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს. ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. გასული წლის 1-ლი მაისიდან უკვე მოქმედებს თბილისის ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც 1 წლის განმავლობაში 300 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა, სატელეფონო ცენტრმა კი 250 ათასამდე ზარს უპასუხა”, - დასძენს გამოცემა.

“ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონული კომპონენტის დანერგვით საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი მომსახურების მიღების დრო. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას “ერთი სარკმლის პრინციპით” მოემსახურებიან. შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე საპატრულო პოლიციის დირექტორ ვაჟა სირაძესთან ერთად ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით. რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი “ერთი სარკმლის პრინციპით” ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება. ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად ახლომდებარე ქალაქებში ჩასვლა უწევდათ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო