ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2019

საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - მთავარი ეპიცენტრი ქუთაისია

პანკისში სისხლისღვრის საფრთხე იზრდება / მუთოშვილების გვარმა შურისძიების გადაწყვეტილება მიიღო

***

საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - მთავარი ეპიცენტრი ქუთაისია

“პოლარიზაცია ოპოზიციურ სპექტრსა და მმართველ გუნდს შორის იზრდება, რაც სერიოზული დაპირისპირების საფუძველს ქმნის. დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში გამოხატულია საკმაოდ აგრესიული ფორმებით, მაგალითად, როგორიც არის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. აქტივისტები ხშირ შემთხვევაში არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერიდებიან, რაც ზრდის ტენდენციას, რომ საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ. მიიჩნევენ ანალიტიკოსები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - მთავარი ეპიცენტრი ქუთაისია / "სიტუაცია არ მიიყვანონ იქამდე, რომ გამოუსწორებელი რამ მოხდეს, რაც თოვლის გუნდასავით ააგორებს დაპირისპირებას“

"ექსპერთა გარკვეული ნაწილი სამოქალაქო დაპირისპირების პირველ ნიშნებად ქუთაისში ბოლოს მომხდარ ინციდენტს ასახელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ბოლო დღეებში უკვე მეორედ, ცოცხები და კვერცხები ისროლეს. იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია კონტროლიდან გამოვა და თავად ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას, სამომავლოდ შედეგი შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო იყოს და სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი ვიხილოთ. „ასეთი დაპირისპირებები სამწუხაროდ ბევრი გვახსოვს, თუნდაც 2012 წელს, როდესაც საარჩევნო პროცესი დაიწყო. „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის იყო დაპირისპირებები. "ამ დროს „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში იყო და სახელისუფლებო რესურსს იყენებდა. იგივე მეორდება დღესაც. მაშინაც არსებობდა იმის საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება უფრო მასიურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, რაც დღესაც არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით ეს საზოგადოებაზე არ გადადის, შესაბამისად მასშტაბები დიდი არ არის. დაპირისპირება აქტივისტებს შორისაა," - აცხადებს "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქუთაისში მომხდარ ინციდენტს სამოქალაქო დაპირისპირების პირველ ნიშნებს არ უწოდებს ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების „კონტრტაქტიკის შემადგენელი ნაწილი" იყო. „დაპირისპირების პირველ ნიშნებად ამას ჯერჯერობით არ განვიხილავდი; შესაძლოა იყოს ერთგვარი სპონტანური გამოვლინება, ან ორგანიზებული აქცია, დაანახონ "ნაციონალურ მოძრაობას," „ევროპულ საქართველოსა" და მათთან გაერთიანებულ ჯგუფებს, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აქტიურობენ სხვადასხვა ტიპის აქციაზე, რასაც აშკარა აგრესიული ხასიათი აქვს, რომ შეიძლება დახვდეთ წინააღმდეგობის კერები.

"ეს აქცია და ის, რაც მოხდა მცხეთაში, შესაძლოა იყოს „ქართული ოცნების" გარკვეული კონტრტაქტიკის შემადგენელი ნაწილი, ერთგვარი გაფრთხილების გაგზავნა იმ ჯგუფების მიმართ, რომ აღარ შეეძლებათ ისე მოქმედება, როგორც აქამდე მოქმედებდნენ ყოველგვარი პასუხის გარეშე," - აღნიშნა ანჯაფარიძემ. უნდა ითქვას ისიც, რომ 2 დეკემბერს დაპირისპირება იყო მცხეთაშიც. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ადგილი ჰქონდა ხმაურსა და შეხლა-შემოხლას. მოძრაობა „გაბედეს" წევრები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც სწორედ ხუნდაძის მაჟორიტარული ოლქია, დეპუტატთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ხმაური იყო თბილისში „ქორთიარდ მარიოტთანაც," სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. მას მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები „მონა", „პროპორციული დაიდოს" შეძახილებით შეხვდნენ და ასევე მოუწყვეს სირცხვილის დერეფანი. „დიდი სიფრთხილეა საჭირო ყველა მხრიდან, როგორც „ოცნების," ისე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადავიდეს და უფრო დიდი მასშტაბები არ შეიძინოს. ეს განსაკუთრებით ხელისუფლებას ეხება, რომელსაც გააჩნია მექანიზმები. "დღეს დაახლოებით იგივე მოხდა მცხეთაში, კიდევ უფრო ადრე თელავში, სადაც ალეკო ელისაშვილის აქტივისტები და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ეს სიმპტომები ნელ-ნელა ჩნდება და როგორც ჩანს, პროცესი ასე გაგრძელდება არჩევნებამდე," - ამბობს ძაბირაძე”, - დასძენს გამოცემა.

"ვითარების უფრო მეტად დაძაბვას არ გამორიცხავს ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, საჭიროა სიტუაციაზე კონტროლის აღება, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეს, რაც უშუალოდ ოპოზიციის ინტერესებშია. „შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ექსცესებს იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ამ მხრივ ექსცესების გამოწვევა კარგად გვეხერხება, მაგრამ ეს უკვე დიდწილად დამოკიდებული იქნება როგორც თავად ოპოზიციაზე, ასევე ხელისუფლებაზე. სიტუაცია არ მიიყვანონ იქამდე, რომ გამოუსწორებელი რამ მოხდეს, რაც თოვლის გუნდასავით ააგორებს დაპირისპირებას. საქართველო პატარა ქვეყანაა, ქუთაისი პატარა ქალაქია, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ასე რომ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვინმეს სურდეს ექსცესების გამოწვევა," - ამბობს ანჯაფარიძე. ქუთაისში ინციდენტი შესაძლოა ამით არ ამოიწუროს; 6 დეკემბერს მთავარ ეპიცენტრში კვლავ ეს ქალაქი ხვდება, რადგან ამ დღისათვის ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. არც აქციების სიმცირეს უნდა ველოდოთ; ოპოზიციური სპექტრის სამომავლო გეგმების თანახმად, 9 დეკემბერიდან იგეგმება საპროტესტო აქციები რეგიონებში, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, ეს გადამწყვეტია - წავა იმაზე, რომ ეს დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს თუ დატოვებს ისე, როგორც არის. "ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ აქტიური ქმედებები და საპროტესტო აქციები დაიწყოს, სხვა შანსი არ აქვს, სხვა მექანიზმი არ გააჩნია. ამიტომაც არის, რომ ეს საპროტესტო აქციები დაშვებულია ყველა ქვეყანაში. ხელისუფლებას გააჩნია უამრავი მექანიზმი, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები, რომელმაც არ უნდა დაუშვას დაპირისპირება ამ ორ ბანაკს შორის. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული სურათი 2012 წლის მდგომარეობას ჰგავს, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა" იყო, აქტივისტები არ იყვნენ ისეთი აგრესიული, როგორიც დღეს ოპოზიციის მხრიდან არიან. „დავსვათ კითხვა, ვის უფრო აწყობს ექსცესების გამოწვევა, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? - ამ შეთხვევაში დაინტერესებული მხარე უფრო ოპოზიციაა, რადგან მისივე ინტერესშია თავისი თავი დაჩაგრულად და მსხვერპლად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. "სწორედ ამიტომაც აჩვენებენ ასე ხშირად მედიასიუჟეტებს, რომლებიც შემდეგ უცხოეთში გადის და იქ იწვევს შესაბამის რეაქციას. ასე რომ, ხელისუფლებამაც უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ არ დაუშვას ის, რაც შემდეგ შეიძლება ბუმერანგივით დაუბრუნდეს. „საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეფერება ის ცნობილი გამონათქვამი, რომ „ისტორია მეორდება ორჯერ, ერთხელ ტრაგიკომედიის და მეორედ ფარსის სახით". რაღაც მსგავსებები 2012 წელთან შეიძლება დავიჭიროთ, მაგრამ იმ დროს ასეთ ორგანიზებულ წინააღმდეგობის აქტებს და პესფორმანსებს ადგილი არ ჰქონდა. იყო „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის სპორადიული გამოსვლები, მაგრამ არ ჰქონდა ასეთი მასშტაბური, ორგანიზებული და აგრესიული სახე, როგორც ახლა აქვს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

პანკისში სისხლისღვრის საფრთხე იზრდება / მუთოშვილების გვარმა შურისძიების გადაწყვეტილება მიიღო

"ორ გვარს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ, პანკისში სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახმა მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები ქავთარაშვილების სახლში სათათბიროდ იყვნენ შეკრებილები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პანკისში სისხლისღვრის საფრთხე იზრდება / მუთოშვილების გვარმა შურისძიების გადაწყვეტილება მიიღო

“რეზონანსთან" უხუცესები ამბობენ, რომ ქავთარაშვილების გარდა მუქარა ვრცელდება ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილების და ალდამოვების გვარზეც. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის ქავთარაშვილთან ერთად 29 წლის რამაზ ხანგოშვილიც დააკავა, მუთოშვილების გვარმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღო. ორივე დაკავებულს გამოძიება მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. 27 ნოემბერს პანკისში, სოფელ საკობიანოსთან მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები აქვთ მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სოფლის ცენტრში ვისო მუთოშვილს და მასთან ერთად თანმხლებ ორ პირს 15 შეიარაღებული პირი თავს დაესხათ. ორმხრივი სროლის შედეგად კი 4 პირი დაიჭრა, მათგან კი ვისო მუთოშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ნათესავები დაპირისპირებას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. მუთოშვილები გლოვის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ გვართან ანგარიშსწორებას აპირებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პანკისის უხუცესები კი შეხვედრაზე მხარეებს შორის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე მსჯელობდნენ. ხეობის გავლენიან პირებს შორის შეხვედრაზე, მედიას დასწრების და გადაღების უფლება არ მისცეს. უხუცესები არც სხვა დეტალებს აკონკრეტებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც გვარების გადასაწყვეტია და მათი გავლენა ასეთი დიდი არ არის. უხუცესები აცხადებენ, რომ ისინი მათ შერიგებას შეეცდებიან, თუმცა, გამოვა თუ არა რამე, რთული სათქმელია. უხუცესი თამაზ ბაღაკაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ სისხლი ერთ კაცზეა, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და ისე არ უნდა მოხდეს, რომ პანკისში სიტუაცია უმართავი გახდეს. უხუცესი აცხადებს, რომ მათ თუნდაც მოუწოდონ მუთოშვილებს, რომ სისხლის აღებაზე ხელი აიღონ, ისინი იმდენად არიან გამწარებულები, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მათი მოწოდება გაითვალისწინონ. "ოჯახია, გვარია და თავად წყვეტენ რა გააკეთონ. აქ არ არის ისე, რომ ვინმე უხუცესების გავლენის ქვეშ იყოს. ყველა გვარს თავისი უფროსი ჰყავს და თავად წყვეტენ რა გააკეთონ. უბრალოდ ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დამნაშავეზე გაჩერდეს. უშუალოდ იმ ადამიანზე, ვინც ვისო მუთოშვილი მოკლა და არ მოხდეს უდანაშაულო გვარის წარმომადგენლის დაზარალება", - აცხადებს უხუცესი”, - განაგრძობს გამოცემა.

"აბდულ ქერიმ ქავთარაშვილი, რომელიც ასევე ადგილობრივი იმამია, აცხადებს, რომ სიტუაციის განხილვა და გაანალიზება მათ გვარშიც მოხდება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ისინიც მიიღებენ. ქავთარაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის მუქარა და ეს არის ჩვეულებრივი ტრადიციული გაფრთხილება, რაზეც შესაბამის გადაწყვეტილებას თავადაც მიიღებენ. შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილის დედა. ლეილა გაურგაშვილი ამტკიცებს, რომ არბი ქავთარაშვილი მუთოშვილებთან სასაუბროდ ბიძას, მურად ქავთარაშვილს გაჰყვა და ვისო მუთაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. მკველელობის მოტივად ჰესის მშენებლობის ან გვარებს შორის დაპირისპირებას გამორიცხავენ კონფლიქტის შედეგად დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ნათესავები. მათი თქმით, დაპირისპირება პირად თემაზე მოხდა. უხუცესები მუთოშვილების გვართან აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას კი გარდაცვლილის ოჯახში გლოვის დასრულების შემდეგ აპირებენ. უხუცესი ხასო ხანგოშვილი „რეზონანსთან" აბობს, რომ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს და მოხდება თუ არა ამ გვარებს შორის შერიგება. მისი თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე ცხელია და დანაშაული ახალი მომხდარია, ამიტომაც სანამ დაძაბულობა არ ჩაცხრება, რაიმეზე წინასწარ საუბარი რთულია. „მოხდება თუ არა გვარებს შორის შერიგება, რთული სათქმელია. ჯერჯერობით სიტუაცია ცხელია და წინასწარ რაიმეზე საუბრი რთულია. ვნახოთ, უხუცესები, რა თქმა უნდა, რომ გვარების შერიგებას შეეცდება. მუთოშვილებთან სასაუბროდ გლოვის დასრულების შემდეგ მივლენ", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო