„ლელო“,  „შენების მოძრაობა’’ და ,,ახალი მემარჯვენეები’’ - სამოქალაქო დაპირისპირებების შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ოცნებას“ და ივანიშვილს

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას, - ამის შესახებ ერთობლივი განცხადება საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ’’, „შენების მოძრაობამ’’ და ,,ახალმა მემარჯვენეებმა’’ გააკეთეს. მათი განმარტებით, ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ. ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ. მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა კი იმისთვისაც მზად არიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას გაუხსნან გზა. მივმართავთ ხელისუფლებას - არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძიმესი ისტორიები ახლო წარსულიდან, რაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად ატყვია ჩვენს ცნობიერებას და სახელმწიფოს. მძიმე წარსულმა თუ რამე გვასწავლა ისაა, რომ პოლიტიკური განსხვავებები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესით და არა ძალადობით და იმიტირებული კონტრ-აქციებით, - განაცხადეს საკოორდინაციო პლატფორმის წევრებმა.

როგორც საკოორდინაციო პლატფორმის წევრებმა განაცხადეს, საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, შიშით, დაპირისპირებებით და მას სჭირდება გონიერი, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის ღირსეული, სტაბილური ცხოვრებისა და განვითარების გარანტიებს.

„მმართველი პარტია ვალდებულია, უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლილება სამართლიანი საარჩევნო სისტემით არჩევნებით, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი და დაიწყოს სრულიად ახალი, ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადეს საკოორდინაციო პლატფორმის წევრებმა.

მათ ძალოვან უწყებებსაც მოუწოდეს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის და არა დაკვეთების შესაბამისად. მაქსიმალურად უზრუნველყონ საპორტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი. მოახდინონ ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მისცენ თითოეული მათგანი პასუხისგებაში.

„მოვუწოდებთ სამოქალაქო აქტივისტებს და ახალგაზრდებს - მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაუშვან დაპირისპირებაში შესვლა მოძალადე ჯგუფებთან და არ წამოეგონ პროვოკაციებს; მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას - მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და რაც ჩვენთვის ასმაგად შემაშფოთებელია - ქვეყანას. ამიტომ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს, სამოქალაქო დაპირისპირებების ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადეს საკოორდინაციო პლატფორმის წევრებმა.

იხილეთ ვიდეო: "ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა