კარლო კოპალიანი - სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერ და ხალხის იმედი გვაქვს

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერ. ხალხის იმედი გვაქვს. გვჯერა, რომ ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი მაჟორიტარების ინიციატივას, 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კოპალიანის განცხადებით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპორციულზე არ უნდა იყოს „ჩაციკლული".

„მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას იქიდან გამომდინარე, რომ ამ საარჩევნო სისტემასაც აქვს არსებობის უფლება თუნდაც განხილვის და დებატების დონეზე. უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემა და არ უნდა ვიყოთ ჩაციკლული მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. თურმე მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა ყოფილა ქვეყნის გადარჩენა. არ არის ასე. ეს ინიციატივა სწორედ ამას ემსახურება.

ბოლო პერიოდში იყო საუბრები, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თარიღი გადმოგვეწია 2020 წლისთვის და ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო. მაშინ რატომ ჩნდება კითხვები, რომ 2024 წლისთვის განვიხილოთ სხვა საარჩევნო სისტემა? პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამას ნიშნავს და არა იმას, რომ 200 - მა კაცმა რაღაც მოითხოვოს და იმ გზით იაროს ქვეყანამ,"- განაცხადა კოპალიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, რატომ აქვთ მაჟორიტარებს მათი ინიციატივის დამტკიცების იმედი, კოპლიანმა უპასუხა, რომ მათ ხალხის იმედი აქვთ.

„ჩვენ ხალხის იმედი გვაქვს. გვჯერა, რომ ხალხს არ უნდა ის, რასაც ოპოზიცია სთავაზობს,"- აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუკი მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, რატომ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, კარლო კოპალიანი პასუხობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კარგი იყო და მხარიც ამიტომ დაუჭირა. ჟურნალისტების კითხვაზე, ახლა ეს ცვლილებები ცუდი რატომ გახდა, კოპალიანი პასუხობს, რომ „ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება".

„მხარი თუ დავუჭირეთ, ე.ი. კარგ რაღაცას დავუჭირეთ. არაა ლოგიკური კითხვა, როცა მეკითხებით კარგ ცვლილებებს რატომ დავუჭირე მხარი.

ბევრი რამ იცვლება ამ ქვეყანაში, მით უმეტეს პოლიტიკურ ველზე,"- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა