ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019

სერგო რატიანი: “ხელისუფლებას გერმანული მოდელის მიღება მოუწევს”

თორნიკე შარაშენიძე - “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

* * *

სერგო რატიანი: “ხელისუფლებას გერმანული მოდელის მიღება მოუწევს”

"წარმოიდგინეთ, ისეთ რეალობაშია დღეს “ქართული ოცნება”, რომ ის 12-მა სპიკერმა დატოვა. პარტიისთვის ეს დიდი დანაკარგია. საუბარია პარტიის პოლიტიკურ სახეებზე. იმდენად სამარცხვინოა დღეს “ქართულ ოცნებაში” ყოფნა, რომ ამ ადამიანებს იქ დარჩენა არაფრად უღირდათ. როდესაც “ქართული ოცნება” ძალის დემონსტრირებას ახდენს, ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. ძალიან უსუსურად გამოიყურებიან. მათი მხრიდან გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობა, მათ მიერ ნასროლი ნებისმიერი კვერცხი თავად ხვდებათ სახეში ამით ხომ საკუთარ ხელისუფლებას ანგრევენ...” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სერგო რატიანი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სერგო რატიანი: “ოცნების” მიერ ნასროლი ყველა კვერცხი მასვე ხვდება სახეში / “ხელისუფლებას გერმანული მოდელის მიღება მოუწევს”.

ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ საკუთარი ხელისუფლება მანამდე დაენგრია, სანამ ბოლომდე ჩამოიშლებოდა. ის აშანტაჟებს ყველას, მთლიანად საზოგადოებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მისი ძალები და შესაძლებლობები იწურება მიუხედავად 7 მილიარდისა. ჩვენ გვინახავს ოლიგარქები როგორ მძიმედ ამთავრებენ. ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. პირიქით... როდესაც საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, ამას მილიარდები არ უშველის. ოპოზიციის რეიტინგი მუდმივად იზრდება, ხელისუფლების - იკლებს. ფული და ძალაუფლება ამას ვერ აჩერებს...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო რატიანი.

“ოპოზიცია დღეს ორი ტაქტიკით მოქმედებს - ერთი საპროტესტო აქციები და მეორე - პოზიტიური დღის წესრიგი - ხელისულებას შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ამ პირობებში "გერმანული მოდელია" გამოსავალი. მისი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბარი არის ტყუილი. ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ამ მოდელის მიღება - სხვა გამოსავალი “ქართულ ოცნებას” არ აქვს”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას დღევანდელი მუხტის შენარჩუნება გაუჭირდება? - პასუხობს:

“არც საზოგადოება, არც ჩვენ, ოპოზიცია, არ დაიღლება - ამაში ვარწმუნებ ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველა თავის დანაპირებში ხალხი “გადააგდო”. ბოლოს გაირკვა, რომ წასვლასაც არ აპირებს. ეს დანაპირებიც რომ არ შეასრულა! ამას უკვე აღარავინ აპატიებს. შესაბამისად, დაღლას აღარავინ აპირებს. თუ ამის იმედად არიან, ძალიან ცდებიან. საზოგადოებაში პროტესტი მზარდია და ეს ფართო საზოგადოებრივი პროტესტია. ამას თვალნათლივ ნახავენ”.

თორნიკე შარაშენიძე - “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

"ის, რომ თავის ჭკუაში ხალხს აჩვენებენ, თითქოს აი, არის ხალხი, ვინც მთლიანად მაჟორიტარულ არჩევნებს ითხოვს - ეს სპექტაკლია. არ არის გამორიცხული რომ ჩამოიარონ, აკრიფონ მოსახლეობაში მომხრეები, ფული გადაუხადონ და უთხრან მაჟორიტარული მოითხოვეთო”, - აცხადებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოცნების” საქციელი სააკაშვილის დაბრუნების შანსებს ზრდის / თორნიკე შარაშენიძე: “რა უნდათ, ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?!”

“ეს ქაოსი უკვე ხელისუფლების აგონიაა - ოპოზიცია არ დათმობს არაფერს - ბოლო 7 წლის განმავლობაში ოპოზიციას, ნაცმოძრაობას, პირველად აქვს მორალური უპირატესობა “ოცნებასთან” შედარებით. შესაბამისად, ამ მომენტს ოპოზიცია არ დათმობს, ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. “ოცნება" შეეცდება ხან მაჟორიტარულის შემოგდებით, ხან “ტიტუშკების” მობილიზებით სიტუაცია გაანეიტრალოს. “ოცნება” წაგებულ თამაშს თამაშობს. მისთვის უარესია ასეთი არჩევანის წინაშე დაყენება - ან ყველაფერი ან არაფერი, რადგან შერეული სისტემით სწორედ ან ყველაფერი ან არაფერს თამაშობს. ორი ვარიანტია - ან მიაღწევენ შერეულს, ან ისე საშინლად წააგებენ, რომ ისევ სააკაშვილი დაბრუნდება და მერე ძალიან ცუდად წაუვათ საქმე - როცა თავად აყენებენ ასეთ არჩევანს - ან ყველაფერი ან არაფერი, ეს თავად მათთვისაა ძალიან სარისკო. მით უმეტეს ასეთი წარუმატებელი მთავრობა რომ ხარ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“რაც შეეხება უმრავლესობის ნელ-ნელა დატოვებას დეპუტატების მიერ - ამ ხალხს თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო, ხვდებიან, რომ წაგებულ საქმეში არიან და გაიქცნენ. რის იმედზე აპირებს “ოცნება” ქვეყნის მართვას 2020-2024 წლებში? ლეგიტიმაცია სერიოზულად შერყეულია, ნდობა დაკარგულია. რა უნდათ ვერ გავიგე, რომელი მთავრობა დარჩენილა მესამე ვადით?! ამათზე უფრო წარმატებული და ეფექტური იყო წინა მთავრობა, გაკეთებული მაინც დატოვეს რაღაც, მაგრამ ვერ დარჩნენ მესამე ვადით და სამარცხვინოდ წავიდნენ. ასე რომ, ჩნდება კითხვა - რის ხარჯზე აპირებენ დარჩენას?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“მათი დარჩენის ცივილიზებული ფორმა იქნებოდა კოალიციაში თუ შევიდოდნენ ვინმესთან, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი არ უნდათ. კონტრაქციების მოწყობა საქმეს არ შველის. საერთოდ, პოლიტიკურ მეცნიერებაში არის ასეთი კანონი - თუ არჩევნები ტარდება მაჟორიტარული სისტემით, მაშინ რჩება მარტო ორი პარტია, ორი პოლიტიკური ძალა, ანუ რეალურად თვითონ ზრდიან მიშას დაბრუნების შანსს... თუ გინდა რომ იყოს მრავაფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, მაშინ უნდა იყოს პროპორციული. ამათ თვითონ მიჰყავთ ყველაფერი იქითკენ, რომ იყოს ორი ძალა. იმის იმედით, რომ მიშას შიშით ხალხი ისევ ბიძინას მისცემს ხმას...”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა