ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019

“პოზიციების დაახლოება” - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შანსი ჩნდება

რატომ სურს მოსკოვს თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა

***

“პოზიციების დაახლოება” - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შანსი ჩნდება

“მმართველი გუნდი ოპოზიციის ახალ შემოთავაზებას, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მრავალმანდატიანით შეიცვალოს, დიდი ალბათობით დათანხმდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ, ეს თანხმობა არ უკავშირდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მხარეთა შორის დიალოგის დაწყება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იქნა მიღწეული. შედეგად კი „ხელისუფლება და ოპოზიცია ამ დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პოზიციების დაახლოება” - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შანსი ჩნდება

"9 დეკემბრის საპარლამენტო უმრავლესობის მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების" ლიდერებმა სამ მთავარ საკითხზე იმსჯელეს. როგორც უმრავლესობის ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი შეეხებოდა მრავალმანდატიან ოლქებს, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას. უმრავლესობის რიგებში მსჯელობა და დისკუსია გაგრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი დაახლოებით 2-3 დღეში გახდება ცნობილი. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის „მოხდა პოზიციების დაახლოება." საუბარი ასევე შეეხებოდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით ე.წ. ამერიკული მოდელით უნდა ჩატარდეს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი შეთანხმების შემდეგ „დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები ამ შეთანხმების შემდეგ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს. „დღეს გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს," - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს და ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე. „ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციები დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, მითუმეტეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები, არიან ჩართული ამ პროცესში, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ამ დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან. "პირველივე შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციის წარდგენილი შეთავაზება განიხილოს. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი გადაგზავნილია ეუთოში და იქ მოხდება მისი შეფასება, რამდენად არის თანხვედრაში მოცემული დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციასთან," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ასევე საერთაშორისო პარტნიორების როლსა და ჩართულობაზე საუბრობს, რომელმაც მნიშვენლოვანი გარდატეხა მოახდინა, რომ მხარეებს შორის დიალოგი დაწყებულიყო. „ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვენელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომელთაც სურთ, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მოლაპარაკების უნარი დაინახონ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეში. უკან დახევაც მათი პოზიციის გათვალისწინებით მოხდა და არა საპროტესტო აქციების შიშით, რადგან ამ აქციებს ის მასშტაბი არ აქვს, რომ ხელისუფლებისთვის საშიში მდგომარეობა შექმნას," - ამბობს საყვარელიძე. ხელისუფლება „გერმანულ მოდელზე" გადასვლის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსიტიტუციას ეწინააღმდეგება. „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ მათი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ბოკერიას თქმით, ამ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა”, - დასძენს გამოცემა.

"რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ახალ შემოთავაზება, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღების შესახებ, დადი ალბათობით თანხმდება: „ისიც გამიკვირდა როგორ გადაათამაშა (ხელისუფლებამ) და ძველი სისტემა დააბრუნა, როდესაც ახალი სისტემა თავისივე ინიციატივა იყო. არ მესმის ლოგიკა და რადგან ლოგიკაზე დაფუძნებული არ არის ეს პროცესი, შეიძლება მეტ-ნაკლებად, შემთხვევით მოსაზრებაზე იყოს დამოკიდებული, ამის პროგნოზი ძნელია. ოპოზიციისთვის ეს შემოთავაზება მომგებიანია მანდატების რაოდენობის მხრივ. თუ ჩავთვლით, რომ მიზანი უმრავლესობის აღებაა პარლამენტში, ამ მხრივ ოპოზიციას პერსპექტივა არ აქვს და საპარლამენტო უმრავლესობას ისევ „ქართული ოცნება" დაიკავებს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი უკან დახევა დემონსტრირებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება" გარკვეულ დათმობებზე მიდის. „რატომ ითხოვს ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებს, გასაგებია; ასეთ ოლქებში ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე ზეგავლენა, როგორც ფინანსური, ასევე სახელმწიფო რესურსებით, მცირდება. "ამ შემთხვევაში, უფრო ადვილია ერთმანდატიან ოლქებში რესურსების გამოყენება, რადგან უფრო დიდ ეფექტს იძლევა, ვიდრე მრავალმანდატიან ოლქებში. გასაგებია, რომ ხელისუფლება მაშინვე არ დათანხმდა, რადგან იქ მიდის მსჯელობა. მშვენივრად ხვდებიან, ოპოზიცია ხელისუფლებას რატომ სთავაზობს ასეთ მოდელს”, - წერს გამოცემა.

"ხელისუფლება თუ ამაზე დათანხმდება, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ქვეყნისთვის სათქმელი ექნება, რომ რაღაცებს დათანხმდა, რაღაცას არა. ამით სურს თქვას, რომ გარკვეულ კომპრომისზე წავიდა. „თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლება მაინც ცდილობს გარკვეულწილად დრო გაწელოს და ამ კამათში შევიდეს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დასკვნა „ეს არ შეესაბამება კონსტიტუციას" არ იქნება, მაგრამ ეცდება, რომ ამ ჭრილში წაიყვანოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს უწევს ანგარიშს. თუ ამას დათანხმება, „გერმანულ მოდელზე" არ დათანხმდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საგნის განხილვაზე," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. რამდენად რეალურია, რომ თავად „ქართულ ოცნებაში" ამ საკითხს მორიგი დაპირისპირების ტალღა მოჰყვეს, რადგან უმრავლესობაში მაჟორიტარ დეპუტატთა გარკვეული ნაწილი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა? - ვახტანგ ძაბირაძე ამ თემის წინ წამოწევას ტყუილს უწოდებს. „სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა „ბლეფია," რადგან ოპოზიცია ითხოვს პროპორციულს, ამის საპირისპიროდ დაიწყო მოძრაობა. 113 ხმა მას შემდეგ აღარ აქვთ, რაც დეპუტატების ჯგუფი გამოეყოთ. თუ თემის აქტუალიზაცია არ მოხდება, სრულად მაჟორიტარული მოთხოვნის ხალისი „ქართულ ოცნებას" ძალიან მალე გაუქრება. ეს იქცევა არ უნდა იქცეს მედიასა და ოპოზიციაში," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ თემის გამო, მმართველმა გუნდმა შესაძლოა მაჟორიტარ დეპუტატებზე პოლიტიკური კონტროლი დაკარგოს. „მაჟორიტარების „ქართული ოცნების" კონტროლიდან გასვლის შანსი არის. ეს „ოცნებისთვის" შეიძლება მნიშველოვანი დარტყმა აღმოჩნდეს. მაჟორიტარებმა აღნიშნეს კიდევაც, რომ ადრე შეჰპირდნენ სიაში ჩასმას, ამიტომ დათანხმდნენ პროპორციულს. გადადგების პროცესისთვის „ოცნების" შიგნითაც მიმდინაროებს დაპირისპირება. მაჟორიტარების რეაქცია გადაგდებაზეა,ისევე როგორც ოპოზიციის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ სურს მოსკოვს თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა

"ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის წინადადება საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფად და რუსულ ე.წ. რბილ ძალად შეაფასა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ამ ინიციატივას ჯაშუშური უწოდეს. ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი" მთავრობას და პარლამენტს მიმართავს, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა აიკრძალოს, ორგანიზაციამ შესაბამისი პეტიციაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ცენტრის შექმნა, ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობისთვის კარის ღიად გახსნას ნიშნავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ სურს მოსკოვს თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა

"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსული კულტურის წინააღმდეგი არაფერი აქვს, მისი თქმით აქ მთავარი პრობლემა პუტინის რეჟიმია. „კულტურისა და ხელოვნების წინააღმდეგ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ, რუსული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებიც პუტინის რეჟიმს ასევე თავად ებრძვიან და ჩვენ საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. „ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან მსგავსი ცენტრები აქვს გახსნილი, პოლონეთი, ბრიტანეთი აშშ, ესენი დემოკრატიული სახელმწიფოები არიან და შესაბამისად რბილი ძალის ამოქმედება არ სჭირდებათ, ხოლო თურქეთის და რუსეთის კულტურის ცენტრების გახსნა კი შესაძლოა რბილი ძალების ამოქმედებას უკავშირდებოდეს, მითუმეტეს , რომ კარასინი ჩვენ დაგვემუქრა და თქვა, რომ იმედია, რომ ამაზე არაფერი ამბავი არ ატყდებაო. "როგორც ჩანს აქ რაღაცაა ჩადებული, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სიტუაცია არეულია და იმ ფონზე როდესაც ზოგიერთ პარტიას მოსკოვთან დიალოგი აქვს, ასევე ასლან აბაშიძის ის განცხადება, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ასევე სააკაშვილის გააქტიურებაც, რომელიც რუსულ თამაშს თამაშობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მსგავსი რუსული ცენტრები პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაშიცაა, გარდა ამ ქვეყნებისა, ასეთი ცენტრები ამერიკაშიც და ბრიტანეთშიცაა. „ერთის მხრივ ინგლისურთან და ესპანურთან ერთად რუსული ენა ერთ-ერთი წამყვანი ენაა, იმიტომ, რომ მსოფლიოში 200 დან 300 მილიონამდე ადამიანი საუბრობს, მეორეს მხრივ კი შესაძლოა პუტინის რეჟიმმა საკუთარი ინტრესებისთვის გამოიყენოს, ზოგიერთ ქვეყანაში ამას ფარული სადაზვევრვო ოპერაციების შექმნის ერთგვარი პრეროგატივები ჰქონდა. „თვითონ პრობლემა პუტინის რეჟიმია, თორემ კულტურის მხრივ მე ამ ცენტრის გახსნას მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საგარეო და გეოპოლიტიკური მხედველობა აბსოლუტურად პროდასავლურია,რუსული ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის კუთხით პირიქით, ჩემი უსაყვარლესი მწერლები სწორედ ცნობილი კლასიკოსები არიან."-აცხადებს მაისაია”, - დასძენს გამოცემა.

"რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია გადაამოწმა, არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ამგვარი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით რაიმე შეხება არ აქვს, არც ჰქონია, ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად განხილულა. "რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ კუთხით განვითარებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ", - განაცხადა აბაშიძემ. ნოემბერის ბოლოს გრიგორი კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის”, - წერს სტატიის ავტორი.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)