საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის მინიმუმ სამი კანდიდატი ერთთვიან ვადაში უნდა შეარჩიოს

კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის შემცვლელის შერჩევა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მინიმუმ სამი კანდიდატის შესარჩევად საბჭოს ერთთვიანი ვადა აქვს.

გენერალური პროკურორის არჩევას, ისევე როგორც მის გათავისუფლებას, კანონი განსაზღვრავს. მას შემდეგ რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს და მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო, გენერალური პროკურორი აღარაა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, მას ორი კანონი „პროკურატურის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ განსაზღვრავს.

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, გენერალური პროკურორის, 6-წლიანი ციკლის შესრულების გარეშე, ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო დაუყოვნებლივ იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარსადგენად. კონსულტაციების შედეგად შერჩეულ პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს კი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრებათ კენჭი. ამის შემდეგ არჩეული კანდიდატი წარედგინება პარლამენტს. პარლამენტმა კი გენერალური პროკურორი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროცესი ისევ თავიდან დაიწყება.

„პროკურატურის შესახებ“ კანონით, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან;

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეული იყოს ზედიზედ ორჯერ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური გუშინ, მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. შალვა თადუმაძე ამ თანამდებობას 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებდა. დღეის მდგომარეობით, გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა