ქართული პრესის მიმოხილვა 17.12.2019

ოკუპანტთა გეგმა - “გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე“

“ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე“ - ძაბირაძე

***

ოკუპანტთა გეგმა - “გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე“

“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გატაცებებმა და დაკავებებმა უკვე გახშირებული ხასიათი მიიღო, რასაც ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია კორუფციულ სქემებს უკავშირებს, რასაც უშუალოდ რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ახორციელებენ. იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს, ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოკუპანტთა გეგმა - “გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე“

"არსებული ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად დიპლომატიური კორპუსი უკვე თვეზე მეტია საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ცდილობენ, დღეს უკვე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. გორა ღარიბაშვილისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს. "ძალიან ბევრი შეცდომაა, რომელიც მეორე მხარეს არ აინტერესებს. ჩვენ კი უნდა მივიღოთ ზომები. რაც მეტი ადამიანი "დაარღვევს" ამ ე.წ. საზღვარს, მათთვის კარგია, აქ იკვეთება ერთგვარი კორუფციის ნიშნები. რუსეთის შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი ოსი სეპარატისტული დაჯგუფებები კორუფციულ გარიგებებს ახორციელებენ. მათ ერთგვარი გეგმაც კი გააჩნიათ, გარკვეულ პერიოდში რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ "საზღვარზე." რამდენ ადამიანსაც დააკავებენ, სპეციალური აღრიცხვა აქვთ, რომლის მიხედვითაც აფიქსირებენ, თუ რამდენმა ადამიანმა ცნო მათი "საზღვარი.", - აღნიშნავს გამოცემა.

„ამიტომაც არის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ მათ აგრესია გააჩნიათ. ვაჟა გაფრინდაშვილმა მათ იმ პროცესის ლუსტრაცია ჩაუგდო, რასაც ადრე ჩვენები ყურადღებას არ აქცევდნენ და სხვებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტმა გამოაშკარავა ეს ყველაფერი. ისინი „შემოხაზავენ" ე.წ. საზღვარს, სადაც აწერენ რისი "გადაკვეთა" შეიძლება და რისი არა. ბანერებია ძალიან სტანდარტული. „უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები, გავაკეთოთ სპეციალური პოსტები, შევქმნათ მოქნილი ჯგუფები. შესაძლოა გავაკეთოთ ბუფერული ზონები, როგორც დონბასშია. უნდა მივიღოთ სამხედრო ტექნიკური ტიპის ზომები, რომ მათ არ მივცეთ საშუალება თავიანთი პოლიტიკური და კორუფციული ინტერესებით მიიღონ ასეთი "დარღვევები," - აცხადებს მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას. ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ოკუპანტები ერთგვარ ბორდერიზაციას ახდენენ. "ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მიწაა. ბუნებრივია ისინი ახდენენ უკანონო მითვისებას, ბორდერზაციას, ვერ გაარკვევ, სად არის ეს ე.წ. საზღვარი. ისეთი ტაქტიკაა არჩეული, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან ნოყიერი მიწებისკენ იწევენ, რომლებიც სოფლის მაცხოვრებელისათვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია. ესეც არ ხდება შემთხვევით, ასეთ ტერიტორიებზე ნადირობა და მითვისება. „ეს არის ფარული გავლენა და ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომ მოსახლეობაშიც გაჩნდეს ფიქრი, რომ ყველაფერი იმ „ტერიტორიაზეა," დღევანდელი ხელისუფლება კი ყურადღებას არ გვაქცევს და ჯობია ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქე" გავხდე. „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სადაზღვერო სტრუქტურებმა ძალიან კარგად იციან სიტუაცია, რა ხდება საქართველოში, მათ ომის დროსაც მიეწოდებოდათ საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია. ახლაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, სამწუხაროდ," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ცნობისათვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის „სასამართლო პროცესი" ცხინვალის რეგიონში 13 დეკემბერს გაიმართა და ის დე ფაქტო რეჟიმმა "პატიმრობაში" დატოვა. გაფრინდაშვილის შვილის თქმით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ექიმის ჩვენების არშეცვლა სახელდება, გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.შეგახსენებთ, ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა. ექიმის ოჯახი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც სურთ. ამასთან, კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც გაფრინდაშვილის მხარდაჭერა იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე“ - ძაბირაძე

"მე არ ვარ წინააღმდეგი, ძალიან კარგი იქნება თუ პლებისციტი ჩატარდება, მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტმა უარი რომ თქვას, მაშინ რას ვშვრებით?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რომელიც ჯერ უმრავლესობის ყოფლმა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ გააჟღერა, ხოლო შემდეგ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე“ - ძაბირაძე“

"მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი წინადადება თქვა (ზოიძემ) და კარგი იქნება ამ გზით წასვლა. ხალხს ვკითხოთ და ხალხი რასაც იტყვის, ის გავაკეთოთ და ჩავწეროთ კონსტიტუციაში", - განაცხადა „იმედის" ეთერში სოზარ სუბარმა. ძაბირაძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობით მხოლოდ პლებისციტის ჩატარებაა შესაძლებელი. „არსებული კანონმდებლობით რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, ეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ჩატარდება, ამიტომ ლაპარაკია პლებისციტზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პლებისციტი სარეკომენდაციოა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პლებისციტისას კითხვა ზუსტად დაისვას, ფორმულირება როგორი იქნება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ისმის კითხვა, თუ პლებისციტი ჩატარდება, მის შემდეგ დროში ეტევა ყველაფერი? და თუ პარლამენტი მაინც არ დასთანხმდება, მაშინ ამას რა აზრი აქვს? ანუ, როდესაც ასე ისვრიან იდეებს, მითუმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გათვალონ. „მე არ ვარ წინააღმდეგი, ძალიან კარგი იქნება თუ პლებისციტი ჩატარდება, მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტმა უარი რომ თქვას, მაშინ რას ვშვრებით, თუ პარლამენტი დათანხმდა, რომ კარგიაო, საკითხავია - ესწრება თუ არა ეს დროში, იმიტომ, რომ არჩევნები კარს მოდგა და ამ პლებისციტის ჩატარებასაც ხომ დრო და მომზადება უნდა“, - განაგრძობს გამოცემა.

„ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკი პლებისციტზე და რეფერენდუმზე, მგონია რომ ეს პიარის ნაწილია, ვიდრე რეალური ნაბიჯის გადადგმა, ან რეალურად იმის ძებნა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხური მდგომარეობიდან, ეს უფრო პიარია, ამიტომ, რა თქმა უნდა ოპოზიციამ შეხვედრები უნდა გააგრძელოს. „თუ პლებისციტით გადაწყდება, რომ ვთქვათ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, დავუშვათ, ხუნდაძე და ე.წ. ამბოხებული დეპუტატები თანახმანი არიან თუ არა, რომ ამ კენჭისყრას მხარი დაუჭირონ? ამიტომ აქ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი და თუ გაირკვევა, პლებისციტის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ" - აცხადებს იგი. მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თხოვნით ხელისუფლება იძულებულია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. „ხელისუფლება იძულებულია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რადგან ამას ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ითხოვენ, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ კომპრომისს, ან რაიმე შედეგს მიაღწიონ, იმისთვის დასხდნენ, რომ ყველაფერზე უარი თქვან, ამიტომ, ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს - მრავალმანდატიანი ოლქებია, თუმცა, ესეც ალბათ არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში იბრძოლებენ იმისთვის, რომ არ გამოვიდეს. „რეალობა ესაა, რომ ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე" - განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო