ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ კიდევ ერთი პირი გადმოიყვანეს

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ კიდევ ერთ ადამიანს მისცეს საშუალება, რომ ოკუპირებული დაბის ტერიტორია დაეტოვებინა და სამედიცინო სერვისით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ისარგებლოს.
ნოდარ ტეხოევი ახალგორის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით უკვე გადმოიყვანა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ახალგორის საავადმყოფოდან ტეხოევის გადმოყვანის გადაწყვეტილება იმ სპეციალურმა ჯგუფამ მიიღო, რომელიც დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით ახლახანს შეიქმნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული იმ პაციენტების მდგომარეობას და რისკებს სწავლობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც რთულია.

























