ქართული პრესის მიმოხილვა 23.12.2019

ირაკლი გოგავა - “ახლა ტიტანების ბრძოლა მიმდინარეობს”

“ლელომ” ორი პარტია შთანთქა - რა პერსპექტივა აქვს ახალ პარტიას

დავით მაღრაძე - “ქართული ოცნება” ამ ქვეყნის პრობლემად იქცა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ტრაგედიაა”

* * *

ირაკლი გოგავა - “ახლა ტიტანების ბრძოლა მიმდინარეობს”

“ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დემოგრაფიული პრობლემაა. გაეროს კვლევით, გადაშენების პირას მდგომი ერი ვართ. დემოგრაფიული კატასტროფა სახეზეა. ქვეყანაში, სადაც 50 ათასი ბავშვი იბადება წლიურად და 60 000 აბორტი კეთდება, ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო. ცარიელი სივრცეების დაკავებას აუცილებლად შეეცდებიან სხვა ქვეყნებიდან მოსულები. ჩვენს სამხრეთით ისეთი ქვეყნებია, სადაც შობადობა მაღალია, ტერიტორიები დიდია, მაგრამ 80-90% უდაბნოა. აქედან უნდა ველოდოთ ძირითად მიგრაციას ჩვენკენ და ეს პროცესი დაწყებულია. საჭიროა ერის კონსოლიდირება ამ პრობლემის დასაძლევად, ეს უნდა გახდეს ეროვნული პროექტი, ქართული სტრატეგია. თუმცა ვერ ხერხდება, რადგან მსოფლიო გლობალისტური ამოცანები და დღის წესრიგი სხვაგვარია”, - აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ტიტანების ბრძოლა მიმდინარეობს” / “თქვენ სააკაშვილს კარგად არ იცნობთ, იმ პარტიულ ლიდერებს, რომლებიც ახლა მან ვითომ გვერდით დაიყენა, ყველას ციხეში მოუყრის თავს”.

“გლობალისტების აზრით, ეროვნული სახელმწიფოები ნელ-ნელა უნდა დაკნინდნენ და საბოლოოდ გაქრნენ. პლანეტის რეგულაცია ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს, მათ შორის შობადობაზე კონტროლით, მაგალითად, ჩინეთში, ინდოეთში... ამის საჭიროებას ხედავენ მსოფლიოში მოსახლეობის ჭარბი ზრდისა და ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობის გამო. ტრამპი ანტიგლობალისტია. მან ბრძოლა გამოუცხადა გლობალისტებს და მას მოსახლეობაც მხარს უჭერს. მსგავსი სიმწვავის ბრძოლა ამერიკაში არ ახსოვთ. გლობალისტები და დემოკრატიული პარტია ერთ ნავში სხედან. გლობალისტების სახე ჯორჯ სოროსია, მათ ბანაკშია ამერიკული მედიის ერთი ნაწილი, ჰოლივუდის დიდი ნაწილი, ნეოკონსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი). ტრამპის მხარესაც არის ძალა: მედიის ნაწილი და კიდევ ორი ათეული მილიარდერი. საქართველოში ცნობილია ლუკ ბეზოსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, უორენ ბაფეტი, რომელთაც უმდიდრეს ამერიკელებად ვიცნობთ და მათი ქონების საერთო ღირებულება 400 მილიარდი დოლარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკის ყველაზე დიდ საინვესტიციო კორპორაცია Black Rock-ს 6.8 ტრილიონის ქონება აქვს მართვაში, კორპორაცია Vanguard Groups-ს - 5.3 ტრილიონის. ამ ორმა კომპანიამ ყველაზე დიდი მოგება სწორედ ტრამპის პოლიტიკით მიიღო და ძნელი მისახვედრი არ არის, ვის დაუჭერენ მხარს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

“რაც მთავარია, ტრამპს მხარს უბრალო ხალხი უჭერს. ის ადვილად ახერხებს 100 000-იანი აუდიტორიების შევსებას მომხრეებით. 60-იანი წლების ბოლოდან აშშ-ში ინტენსიური ლიბერალური პროპაგანდა მიდის და პროტესტი დაგროვდა. ბრიტანული ბრექსიტიც ანტიგლობალისტური და ანტილიბერალური მოვლენაა, რომელიც, ისევე როგორც ტრამპის აღმასვლა, 2016 წელს დაიწყო. კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა ჰყავთ, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. სავარაუდოდ, მოსმენები ამერიკის კონგრესში არ დამთავრდება ტრამპის იმპიჩმენტით, რადგან სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. თუმცა ყველაფერი კეთდება იმის საჩვენებლად, თითქოს ტრამპი ვერ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიონალები ძალზე კვალიფიცირებული არიან და საქმე იქით მიჰყავთ, რომ ტრამპს საგარეო ურთიერთობებზე გავლენა შეუკვეცონ. ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. 2020 წელს ამერიკაში არჩევნებია. ახლა `ტიტანების ბრძოლა~ მიმდინარეობს _ გლობალისტები ანტიგლობალისტების წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჭიროთ ვინმეს მხარე. არ უნდა გამოგვიყენონ ინსტრუმენტად შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს 2008 წელს მოხდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ეს სცენარი წლების განმავლობაში მზადდებოდა და ემსახურებოდა ერთ მიზანს: 2008 წლის არჩევნებში მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო. ამიტომ დაიწყო საქართველოს ინტენსიური შეიარაღება, არსებული ანტირუსული ემოციების გამძაფრება, რუსების გაღიზიანება და ფსიქოლოგიური მომზადება ამ ომისთვის კოსოვოს აღიარებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს და უკრაინის პოტენციური წევრობის ჩაწერით და სააკაშვილის აგრესიული ანტირუსული რიტორიკით. შეეშალათ მხოლოდ ერთი: ომი აგვისტოში დაიწყო და სააკაშვილმა ნოემბრამდე, ანუ ამერიკის არჩევნებამდე საომარი მოქმედებების გაგრძელება ვერ გაქაჩა... “ცივი ომის” დროს ამერიკაში დიდი ანტისაბჭოთა და ანტირუსული პროპაგანდა მიდიოდა. იქ ანტირუსული ემოციების წინ წამოწევა ხელს აძლევს იმ კანდიდატს, რომელსაც უფრო ანტირუსული პოზიცია აქვს. ბუნებრივია, რუსეთ-საქართველოს ომი ამერიკულ მედიაში გაშუქდა, წერდნენ, ამერიკის მოკავშირე საქართველოს რუსეთი თავს დაესხაო. ამ დროს მაკკეინმა განაცხადა: “დღეს მე ქართველი ვარ” და მისმა რეიტინგმა რეკორდულად მოიმატა. ამ სცენარის უკან ის ჯგუფი დგას, ვინც 2003 წელს გადატრიალების გზით მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში - ამერიკის ნეოკონსერვატორების ჯგუფი - მე მას “მაკკეინის ჯგუფს” ვუწოდებ”, - ამბობს პოლიტოლოგი.

“2004 წელს იგივე გააკეთეს: ბუში-კერის არჩევნების დროს. გვახსოვს სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, რომელიც ამერიკის არჩევნების დღიდან სამ დღეში დასრულდა. ბოლოს ქვებით სავსე ტყვიების ყუთები გვაჩვენეს, აი, ამის გამო ვეღარ ვაგრძელებთ ომსო... შესაძლოა დღესაც იმავეს განმეორება სურთ, რუსეთთან ახალი ომისთვის კი მათ გამოცდილი პარტნიორი სჭირდებათ. როგორც ჩანს, არსებულ ხელისუფლებას ვერ ითანხმებენ ამ სცენარზე და იმიტომაც გვესმის მოწოდებები - “საქართველო ნაკლებად აქტიურობს ნატოს წევრობაზე”, “ანაკლიაში ამერიკული სამხედრო ხომალდები უნდა განთავსდეს”, “დემოკრატია საფრთხეშია”, “საქართველო რუსეთს უახლოვდება”. სააკაშვილი მაშინ ამ თამაშში აბსოლუტურად გააზრებულად მონაწილეობდა”, - მიიჩნევს ირაკლი გოგავა და შეკითხვაზე - “რეალურად მიგაჩნიათ სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში?” - პასუხობს:

“რატომაც არა?! თქვენ სააკაშვილს კარგად არ იცნობთ, იმ პარტიულ ლიდერებს, რომლებიც ახლა მან ვითომ გვერდით დაიყენა, ყველას ციხეში მოუყრის თავს. მის პატრონებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და ნაკლებად ადარდებთ, როგორი სისტემით ჩატარდება საქართველოში არჩევნები. მათთვის მთავარია, საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების იმიჯი შეილახოს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ქუჩის პროტესტები მასობრივი არ არის. 32 პარტია მხოლოდ 4-5 ათას კაცს აგროვებს აქციებზე. ხელოვნურად იძაბება სიტუაცია ქვეყანაში, რათა დასავლეთში შეიქმნას აზრი, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და საჭიროა სასწრაფო ცვლილებები, თანაც ისეთი, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალები” დაბრუნდნენ. წვრილ პარტიებს კი კოალიციაში ადგილებს ჰპირდებიან”...

“ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. უბრალოდ, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რუსეთის გასაღიზიანებლად ქმნიან ლეგენდებს, რომ იქ ამერიკის სამხედრო ხომალდები განთავსდებიან, სინამდვილეში კი ეს წმინდა სავაჭრო პორტის პროექტია.... ნატოს წევრობის ყველა კრიტერიუმი შესრულებული გვაქვს და გადაწყვეტილებაც მიღებული. ეს იციან ვაშინგტონში და ბრიუსელშიც. პრობლემა ის არის, ნატო არ გვიღებს, რადგან ევროპელებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. რამდენიც უნდა ვიყვიროთ, ვერაფერს შევცვლით. ჩვენ ნატოს უნდა ვუთხრათ: “მზად ვართ, ველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას”, მაგრამ ზედმეტი ტაშ-ფანდური ამაზე არ უნდა გავმართოთ. საქართველომ ევროპისკენ უნდა იაროს. ევროკავშირის პრეზიდენტმა იუნკერმა კი განაცხადა, რომ უკრაინა 25 წელი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობის გარდა სხვა სიკეთეებიც არის. ევროპაში ჩვენ გვაინტერესებს განათლება, მეცნიერება, კულტურა, ტექნოლოგიები, ინვესტიციები, ვაჭრობა და დემოკრატიის განვითარებაში თანამშრომლობა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს”, - თვლის რესპონდენტი.

“თუ გვინდა უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები მაშინ, როდესაც ნატო არ გვიღებს, აუცილებელია სამი კომპონენტის რეალიზება - პირველი: სატრანზიტო არტერიების განვითარება, ანუ უნდა გავხდეთ საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი. საინტერესოა არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარება, არამედ ჩრდილო-სამხრეთისაც. მილსადენები, რკინიგზა, პორტები, საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, სახმელეთო გადაზიდვები, ლოჯისტიკური ცენტრები, მეგასაწყობები, “ამაზონის” რეგიონული ცენტრი, ენერგეტიკული პროექტები - ყოველივე ეს მოგვიტანს ფუნქციას და უსაფრთხოების გარკვეულ ხარისხს, რადგან ყველა, ვისი ტვირთიც აქ გაივლის, დაინტერესებული იქნება სტაბილურობით; მეორე - თავისუფალი ფინანსური ზონის, ანუ “ფინანსური სამოთხის” შექმნა საბანკო და საინვესტიციო კაპიტალისთვის. ამის გაკეთება შეიძლება აჭარაში, რომელიც ავტონომიური წარმონაქმნია და არის საშუალება, რომ განსხვავებული კანონმდებლობა ჰქონდეს. იქ შეგვიძლია განვათავსოთ ფინანსური კაპიტალი, რომელიც არ დაიბეგრება და იარსებებს მხოლოდ ერთი ვალდებულება: განთავსებული კაპიტალის 2% გაიცეს საქართველოს რეზიდენტებზე სესხად. დღეს ჰონკონგის საფონდო ბირჟა კრიზისშია, ყოველდღიურად 1,5 მილიარდი ტოვებს ჰონკონგს. 4-ტრილიონიანი დოლარის კაპიტალის მფლობელები ინგლისელები, ჰონკონგელი ჩინელები და ამერიკელები არიან. შევთავაზოთ მათ კაპიტალის ნაწილის მიმზიდველი პირობებით ჩვენთან განთავსება, სავსებით რეალურია 100-200 მილიარდი დოლარის მოზიდვა ქართულ ფინანსურ ჰაბში; და მესამე - უნდა ვიშრომოთ, რომ საქართველოში განთავსდეს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მთავარი ოფისები, რაც მეტი, მით უკეთესი. ეს სამი კომპონენტი მაღალი ხარისხის უსაფრთხოებასა და ხალხის კეთილდღეობას მოგვიტანს”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. უბრალოდ, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რუსეთის გასაღიზიანებლად ქმნიან ლეგენდებს, რომ იქ ამერიკის სამხედრო ხომალდები განთავსდებიან, სინამდვილეში კი ეს წმინდა სავაჭრო პორტის პროექტია... საქართველომ არ უნდა იაქტიუროს აშშ-ის რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ. რუსეთთან დაძაბულობა და, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთი ომი დაანგრევს ქვეყანას. რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა. ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ერთდროულად დიალოგი აშშ-ის ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებთან, მოსკოვსა და ბრიუსელთან. დღეს საქართველოს საკითხი ნამდვილად არ არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტოპსაკითხებში, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქიდან წამოვა, სწორედ ზემოაღწერილი სცენარის ფილტრში უნდა გავატაროთ”, - დასძენს ირაკლი გოგავა.

“ლელომ” ორი პარტია შთანთქა - რა პერსპექტივა აქვს ახალ პარტიას

“როგორც ჩანს, ხაზარაძემაც დაინახა, რომ საჭიროა არა ზოგადად 12-12 კაცის პრეზენტაცია, არამედ ისეთი ჯგუფის შექმნა, ყოველ შემთხვევაში საარჩევნოდ მაინც, სადაც ცნობადი სახეები იქნებიან, რადგან გვინდა თუ არა, ამომრჩეველი ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას სწორედ ასეთ ფორმას თავად კარნახობს”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აწ უკვე პოლიტიკურ პარტიაში “ლელო საქართველოსთვის” “შენების მოძრაობისა” და “ახალი მემარჯვენეების” შესვლას. ახალდაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი - ბადრი ჯაფარიძე. პარტიის დამფუძნებლები ასევე “შენების მოძრაობისა” და “ახალი მემარჯვენეების” წევრებიც არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ლელომ” ორი პარტია შთანთქა - რა პერსპექტივა აქვს ახალ პარტიას.

“ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება ცნობილი სახეებისა და პოლიტიკური პარტიების მიერთების შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი აზრით, ეს მომავალში გაერთიანების რეიტინგზე დადებითად აისახება. “მე მოვუსმინე განცხადებას, რომ “ახალი მემარჯვენეები”, როგორც პოლიტიკური გაერთიანება წყვეტს საქმიანობასო, მაგრამ არ ვიცი რა ხდება “შენობის მოძრაობათან” დაკავშირებით, ისინი ერთ პარტიაში გაერთიანდნენ, თუ კენჭს ერთად იყრიან, მაგრამ “შენების მოძრაობა” ცალკე სუბიექტად დარჩება - ეს არ ვიცი. თავიდან, როდესაც “ლელო” ჩამოყალიბდა და ასპარეზზე გამოვიდა, მაშინ ხაზარაძის მხრიდან, ჩემი აზრით, არასწორი განცხადება გაკეთდა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ახალი ხალხით მოვალთ, არ გვინდა ძველი სახეები, მით უმეტეს პოლიტიკოსები და ისე შევეცდებით პოლიტიკაში დამკვიდრებასო. ეს ყველა ვარიანტში არასწორი გზა და არასწორი განცხადება იყო. მგონია, რომ ამჯერად სწორი გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ ასეთმა დაჯგუფებამ ახლა უკვე სერიოზული პოლიტიკური ბირთვი შექმნა, რომელსაც ენერგიული და აქტიური საქმიანობის დაწყება შეუძლია”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრით, “რას მოუტანს ეს და პოლიტიკურ ლანდშაფტს რამდენად შეცვლის, რთული სათქმელია, მაგრამ ასეთი ჯგუფის არსებობა უკვე განაპირობებს იმას, რომ 3 თუ 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ დაძლევენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ შეძლებენ იმას, რომ მათ კონკურენცია “ევროპულ საქართველოს” და “ნაცმოძრაობას” გაუწიონ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მათი პერსპექტივა ისევ და ისევ დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკის გააზრებაზე, არამედ ამ საარჩევნო სისტემაში სწორ ნაბიჯებზე და ადგილის დამკვიდრებაზე იმ სპექტრში, რომელშიც დამკვიდრების პრეტენზია აქვთ. ჯერჯერობით პოლიტიკურ ძალათა ჩამონათვალს თუ გავაკეთებთ, ჩემი აზრით ასე გამოიყურება: 1. “ქართული ოცნება”, 2. “ნაციონალური მოძრაობა”, 3. “ევროპული საქართველო” და 4) ალბათ უკვე “ლელო”. ჯერჯერობით ასე ჩანს, ამას ალბათ დაემატება “პატრიოტთა ალიანსი” და შემდეგ გამოკითხვების მიხედვით მოსდევს “ლეიბორისტები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მე რამდენადაც მოვუსმინე ისინი თითქოს აცხადებდნენ, რომ აღარ აპირებდნენ ამ მიმართულებით სვლას, რომ ისინი წვრილ პარტიებს კიდევ შეიერთებდნენ, მაგრამ მგონია, რომ ისევ ნაჩქარევ განცხადებას აკეთებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაზაფხულზე კიდევ მოხდეს ერთი გადაჯგუფება. ასევე ძალიან კარგი იქნება ისიც, თუ კიდევ რამდენიმე ჯგუფი ჩამოყალიბდება, ან ერთი დიდი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ უმრავლესობით მოსვლას თუ არა, საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატებას მაინც მიაღწიოს. ბლოკის გაკეთება იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ, ნიშნავს იმას, რომ საკუთარი პარტიის მანდატი აჩუქო სხვა პარტიებს და თუ იქიდან არაფერი პოლიტიკური მოგება არ ნახეს, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“ახალი პარტიის პრეზენტაცია კვირას “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: კახა ხაზარაძე, ლაშა ბაქრაძე, საბა ბუაძე, მედეა მეტრეველი, გრიგოლ გეგელია, სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თამაზ დათუნაშვილი, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, თამარ შავგულიძე, გია მორდეხაშვილი, ირაკლი კუპრაძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი კანაშვილი და ბადრი ჯაფარიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით მაღრაძე - “ქართული ოცნება” ამ ქვეყნის პრობლემად იქცა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ტრაგედიაა”

“პრობლემების სათავე, რაც გაუსაძლის ვითარებას ქმნის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაივიწყა სამართლიანობის აღდგენის დაპირება, არ შეეცადა სააკაშვილის შექმნილი სისტემის შეცვლას, ხელოვნურად დააკონსერვა პოლიტიკურ ავანგარდში მყოფი “ნაციონალური მოძრაობა”. ამის მიზეზი კი არის ის, რომ გადაწყვიტეს დაებალანსებინათ ის ხალხი, ვინც რეპრესიულ რეჟიმს ებრძოდა, რათა ამ ხალხს გამარჯვებულად არ ეგრძნო თავი. ბიზნესურად შეხედეს საზოგადოებრივ ცხოვრებას - მართვის საკონტროლო პაკეტის 100%-ის მფლობელი “ქართული ოცნება” უნდა ყოფილიყო და მასში საზოგადოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რათა შემდგომ ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება არ მოეთხოვათ... ამ ერთმა წელმა დაგვანახა კიდევ ერთი რამ - როგორი რთულია და რა დიდი დრო სჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ განვითარების გზაზე ერთი საფეხურით აიწიოს და როგორი ადვილია თვალის დახამხამებაში წუმპეში მოადინო ზღართანი”, - აცხადებს პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთ დღეში შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ 7 წელიწადში მცდელობა მაინც ხომ უნდა დაგვენახა?”

“შეუძლებელია ქვეყანას ერთმა ადამიანმა და ერთმა პარტიამ უშველონ, დაქცევა ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ ერთბაშად შველა, არა. უხერხულია ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოქალაქე ბიულეტენში მესიას ეძებდეს შემოსახაზად და მერე ელოდებოდეს, როდის უშველის ის, ვინც შემოხაზა. აქვე ვიტყვი ერთსაც - როგორც პერიფერიას სჩვევია, შინაარსობრივ და თვისებრივად უკეთეს ცვლილებებზე კი არა, მუდმივად ფასადურ ცვლილებებზე ვფიქრობთ. მზად ვართ ევროპაც ფასადი იყოს და ჩვენი პროვინციული ყოფა შინაარსობრივად იგივე დარჩეს. “ქართულ ოცნებას” სისტემური ცვლილებების მცდელობაც არ ჰქონია. ერთ დღეში შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ 7 წელიწადში მცდელობა მაინც ხომ უნდა დაგვენახა? მაგალითად, უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებად ყველაზე რეპუტაციაშელახული ხალხი რატომ უნდა შეარჩიო?! ერთიცაა, როცა ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ არის მეორე მხარე, ვინც ეს სისტემა შექმნა, ვინც ეს მოსამართლეები თავის სამსახურში ჩააყენა, მათ რა აქვთ სალაპარაკო?! ამ ხელისუფლებამ ეს სისტემაც და მოსამართლეებიც მათგან გადაიბარა, რასაც გამართლება არა აქვს არც მორალურად და არც სახელმწიფოებრივად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ “ქართული ოცნება” ამ ქვეყნის პრობლემად იქცა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ტრაგედიაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მაღრაძე.

“ერთიც უნდა ვთქვა, რაც წინა ხელისუფლებიდან გადმობარებულ საქმეს ჰგავს - ლუკა სირაძე ჯერ გარდაცვლილი არ იყო, “იმედის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რითაც რაღაც პროცესების პრევენციას შეეცადნენ, სცადეს სამართალდამცავთა პოზიცია დაეცვათ, ერთი-ერთში ისე გაკეთებული სიუჟეტი იყო, როგორსაც “ნაცმოძრაობის” დროს “რუსთავი 2” აკეთებდა. ამ სიუჟეტმა აჩვენა, რომ ეს იყო “რუსთავი 2”-ის მემკვიდრე “იმედი 2”. “ქართულ ოცნებას” კითხვაზე, რატომ შეარჩიეს უვადო მოსამართლეები ყველაზე მძიმე რეპუტაციის პირებიდან, პასუხი არა აქვს, უფრო სწორად, გვპასუხობენ, ადრე ცუდები იყვნენ, მაგრამ ახლა კარგად მოიქცევიანო. ასე ერთმანეთს ელაპარაკონ, ხალხს ნუ ელაპარაკებიან” - დასძენს რესპონჯდენტი და შეკითხვაზე - “გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება დავასახელოთ თქვენი წიგნის აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე თარგმნა...” - პასუხობს:

“უპირველესად დიდი მადლობა, რომ ჩემი წიგნის ამბავი გაიხსენეთ - როდესაც ქართველი პოეტის წიგნს აფხაზურ და ოსურ ენაზე თარგმნიან ეთნიკური აფხაზები და ოსები, შეუძლებელია ამას ჩვენი ქვეყნისთვისაც არ ჰქონდეს მნიშვნელობა. წიგნი ჩერქეზულ ენაზეც ითარგმნა. კავკასიური სივრცის მნიშვნელობა იზრდება მით უფრო ახლა, როდესაც იმპერიებმა მასში ბევრი დისონანსი შეიტანეს, როდესაც მიზანმიმართულად უპირისპირებდნენ ერთმანეთს კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსებს... იორდანიაში ამ თარგმანების პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობას ხელმძღვანელობდა რუსეთის კონსული იორდანიაში, მაგრამ არაფერი გაუვიდათ - როდესაც დარბაზში `პროტესტანტები~ შემოიჭრნენ შეძახილებითა და რუსულწარწერებიანი ტრანსპარანტებით, მიკროფონთან იდგა წიგნის აფხაზი მთარგმნელი, ქალბატონი ირმა ოსია და აფხაზურად კითხულობდა ლექსს, იმწუთას ცხადი გახდა, რომ აფხაზეთის ხმა რუსულენოვან ტრანსპარანტებზე კი არ იკითხებოდა, ისმოდა სცენიდან და ეს ხმა ერთდროულად აფხაზურ-ქართული იყო... მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასა ეს მოვლენა, ილიას ფონდმა კი მთარგმნელები ირმა ოსია, სოხუმში მცხოვრები მინაზ ლაზბა, ნაირა ბეპიევა, მერი ცუხურბათი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს, და ჩერქეზი ქალბატონი ლარისა ტუბწაყვა პრემია “საგურამოთი” დააჯილდოვა. მთარგმნელებს უმასპინძლეს “კავკასიურმა სახლმა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებამ სწორად შეაფასა ეს პროექტი, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელსაც ქართული სახელმწიფო აბარია, ამ სახელმწიფოში მომხდარი მოვლენის მნიშვნელობა კი ვერ აღიქვა. ისე, ამას წინათ მოვისმინე, სიმართლის დრო დადგაო. მე კი მგონია, სიმართლის თქმის დრო ყოველთვის არის, შენ როდის გაქვს ამის თქმის შნო, ეს სხვა საქმეა”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო