ერეკლე კუხიანიძე - ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და საოკუპაციო რეჟიმს კაცურად დაელაპარაკებოდა, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ

ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მისი ჩასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმს ერთი მტერი ჰყავს, ამიტომ ბიბილოვის რეჟიმისთვის მის მოშორებაში დახმარება უნდა ეთხოვა.
“რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუივარ. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. ვეტყოდი, მე გადმოვედი იმისთვის, რათა მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი - ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული...
ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი დაამცირო, თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, გამოუშვებდნენ”, - განაცხადა კუხიანიძემ.
რაც შეეხება კუხიანიძის შეფასებას, თუ რატომ არ გაათავისუფლა საოკუპაციო მხარემ ვაჟა გაფრინდაშვილი, კუხიანიძის თქმით, “იმიტომ არ გაათავისუფლეს, რომ როდესაც გაფურთხებენ, გეუბნებიან რომ ოკუპანტი ხარ, არ გაუშვებ”.

























