ცხინვალში სამი ბომბსაფარის მშენებლობას გეგმავენ

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრის აზამატ ჩოჩიევის განცხადებით, ცხინვალში სამი ბომბსაფარი აშენდება. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.
მისი ინფორმაციით, საშუალოდ, ერთი ობიექტის ასაშენებლად, სამიდან ხუთ მილიონამდე რუბლი დაიხარჯება, რაც, მისი განცხადებით, ძვირადღირებული ღონისძიებაა.
ბომბსაფარი და სხვა თავდაცვითი ნაგებობები გათვალისწინებულია ადამიანთა განსათავსებლად საგანგებო სიტუაციების დროს.
ჩოჩიევის ინფორმაციით, დღეისთვის, ცხინვალში, 12 ასეთი ბომბსაფარია, რომლებიც არაფრით არის აღჭურვილი.
„ჩვენ მოვამზადეთ აუცილებელი დოკუმენტაცია ბომბსაფარის მონაცემებზე და რესპუბლიკის ხელმძღვანელობას წარვუდგინეთ. მომავალ წელს სამი ბომბსაფარის აღჭურვის საკითხის შეტანა საინვესტიციო პროგრამებში იგეგმება“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
მანვე ყველა უწყებას, სადაც ბომბსაფარებია განთავსებული, მათი დალაგებისა და შესაბამის მდგომარეობაში მოყვანის რეკომენდაცია გასცა, რათა, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლების განთავსება მოხდეს.

























