ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2019

"ამით ადრეც ემუქრებოდნენ და ამხელა ეფექტი არ ჰქონია. რაღაც სხვა რამეშია საქმე“ - ლუკა სირაძის ძმა სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე

თამბაქო კიდევ გაძვირდა – კომპანიები მწეველებს ძარცვავენ

***

"ამით ადრეც ემუქრებოდნენ და ამხელა ეფექტი არ ჰქონია. რაღაც სხვა რამეშია საქმე“ - ლუკა სირაძის ძმა სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე

"15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი, რომელმაც 11 დეკემბერს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საბოლოოდ გარდაიცვალა, გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ოჯახი მოითხოვს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელების დაკავებაც მოხდეს, რომლებიც ბავშვზე ასევე ზეწოლას ახორციელებდნენ. ისინი განსაკუთრებით დიღმის პირველი განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში განვითარებული მოვლენების გარკვევას ითხოვენ და ამბობენ, რომ გამოძიება ამ ეპიზოდით უნდა დაინტერესდეს - რა უთხრა მაღალჩინოსანმა ლუკას ისეთი, რომ ის იქიდან ატირებული გამოვიდა და სასწრაფო დახმარება ითხოვა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ამით ადრეც ემუქრებოდნენ და ამხელა ეფექტი არ ჰქონია. რაღაც სხვა რამეშია საქმე“ - ლუკა სირაძის ძმა სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე

"გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი გამოძიებით ჯერჯერობით კმაყოფილი არ არიან, რადგანაც მხოლოდ ერთი გამომძიებლის - მარიანა ჩოლოიანის დაკავება საკმარისი არ არის. ბექა სირაძე ამბობს, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე პოლიციელის ბრალელულობაც იკვეთება და გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა მუშაობდეს. ბექა სირაძე აცხადებს, რომ როდესაც დაკითხვის დროს მარიანა ჩოლოიანი ლუკას ესაუბრებდა, საუბარში სხვა პოლიციელიც ჩაერთო, რომელიც მუქარით და ყვირილით მისი ძმისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა. "გამოძიება მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის მიმართულებით არ უნდა მიდიოდეს. დედაჩემის ჩვენებითაც და მონაყოლიდან ირკვევა, რომ ლუკაზე ზეწოლას მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი არ ახდენდა. ამ საქმეში კიდევ რამდენიმე პოლიციელი იყო ჩართული და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. "დაკითხვა დედის თანდასწრებით დაიწყო, მაგრამ მუქარა და აგრესია მაშინვე გამოიხატა. მუქარას ჯერ მარიანა ჩოლოიანი იწყებდა და შემდეგ ტემპერატურის ასაწევად გარშემო მყოფი რამდენიმე პოლიციელი აგრძელებდა. იყო ჩემი მისამართით მუქარა და ასევე ე.წ. კაპეზეთი დაშინება. სადღაც კიდევ 3-4 პოლიციელზეა საუბარი”, - განაგრძობს გამოცემა.

"როდესაც ჩოლოიანსა და ლუკას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და უკვე სიტუაცია ყვირილში გადაიზარდა, სწორედ ამ ხმაურზე განყოფილების უფროსის მოადგილე კაბინეტიდან გამოვიდა, ლუკა 5 წუთით თავის კაბინეტში შეიყვანა და ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის იქიდან ატირებული გამოსულიყო. ამ მიმართულებით რატომ არ არის გარკვეული იქ რა მოხდა?! ბავშვი გამოვიდა და სასწრაფო ითხოვა მასზე იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. უთქვამს, "კაპეზეთი“ დამემუქრაო, მაგრამ საეჭვოა, რადგანაც ამით ადრეც ემუქრებოდნენ და ამხელა ეფექტი არ ჰქონია. რაღაც სხვა რამეშია საქმე“, - აცხადებს ბექა სირაძე "რეზონანსთან“. მისივე თქმით, დედას ჯერჯერობით არ ჰქონდა ემოციურად იმის საშუალება, რომ დამატებით ესაუბრა, თუმცა მას გამოძიებისთვის კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი. ბექა სირაძე აცხადებს, რომ დედა მზად არის, თუკი საჭირო გახდა, იმ პოლიციელების ამოცნობის პროცედურა გაიაროს, რომლებიც ლუკაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. სირაძე ამბობს, რომ, მართალია, მან დაზუსტებით არ იცის სკოლაში რა მოხდა და როგორ მოახდინეს ლუკა სირაძის იდენტიფიცირება. თუმცა დარწმუნებულია, რომ ასეთ მოკლე ვადებში პოლიცია იმ ინფორმაციას და მიმოწერას ვერ ამოიღებდა, თუ მას სკოლა არ დაეხმარებოდა”, - დასძენს გამოცემა.

"ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რეზო აჭარაძე კი აცხადებს, რომ გამოძიების მიმართულებით პროგრესი არის, თუმცა ჯოხის მხოლოდ მარიანა ჩოლოიანზე გადატეხვა ვერ გამოვა. აჭარაძე ამბობს, რომ აუცილებელია ვიდეო მასალების დათვალიერება ლუკა სირაძის დედასთან ერთად მოხდეს, რათა მან მიუთითოს, რომელი პოლციელი რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა. „არის გაურკვეველი სიტუაცია და როგორც ჩანს, გამოძიებას სხვა პოლიციელების იდენტიფიცირება უჭირს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, სადაც ლუკას დაკითხვის პროცესია ჩაწერილი, დედასთან ერთად უნდა მოხდეს. მას შეუძლია სრულიად თავისუფლად აღიდგინოს და გაიხსენოს იმ დროს რომელი პოლიციელი ლუკასთან მიმართებაში რა ქმედებას ახორციელებდა. „არის გამოძიების მიმდინარებისას გარკვეული წინსვლა, თუმცა სხვა პოლიციელების ბრალეულობაც უნდა გამოიკვეთოს. ამ ზეწოლაში მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი არ მონაწილეობდა და მას სხვებიც ეხმარებოდნენ“, - აცხადებს ადვოკატი. ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი”, - წერს სტატიის ავტორი.

თამბაქო კიდევ გაძვირდა – კომპანიები მწეველებს ძარცვავენ

“თამბაქო ისევ გაძვირდა. ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, სიგარეტზე ფასის მატებას გაისადაც უნდა ველოდოთ. ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასმა თვე ნახევარში უკვე მეორედ მოიმატა. საუბარია “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა: “ფილიპ მორისი”, “პარლამენტი”, “მალბორო”, "ელემი”. ამჯერად ამ პროდუქციის ფასი 20 თეთრით გაიზარდა. თამბაქოს პროდუქციაზე ფასი "ბრიტიშ ამერიქან თობაქომაც" გაზარდა. როგორც ამ კომპანიის კორპორაციული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, საქმე არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრენდს, არამედ ყველა დასახელების პროდუქციას ეხება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თამბაქო კიდევ გაძვირდა – კომპანიები მწეველებს ძარცვავენ / აქციზი არ იზრდება, ლარი მყარდება და კომპანიები სრულიად უმიზეზოდ აძვირებენ პროდუქციას

"ფასი გუშინ დილით გაიზარდა 20 თეთრით, თუმცა ეს გაძვირება საბოლოო არაა, შემდეგ წელს ფასები კიდევ აიწევს. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს. ჯერ 20 თეთრით მოიმატებს, შემდეგ კი - 20-30 თეთრით. ეს ყველაფერი გამოწვეულია არათანმიმდევრული პოლიტიკით და აქციზით. რა თქმა უნდა, ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. თუ პროცენტულ მაჩვენებლების მიხედვით განვსაზღვრავთ, 80-85% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10-15% კი - ინფლაციის და ლარის კურსის შედეგია”, - განუცხადა სხვიტარიძემ "ბიზნეს მედიას". თამბაქოს ფასი წელს უკვე მეოთხედ გაიზარდა, რაც არც ერთ წელს არ მომხდარა. “პირველ ეტაპზე ზრდა 50 თეთრი იყო, მერე კიდევ 50 თეთრი, ხოლო შემდეგ 40 და 20-თეთრიანი ზრდა”, - დასძინა სხვიტარიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ფასის მატება თითქმის ყველა დასახელების სიგარეტზე მოხდა და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც იგივე არ განმეორდეს. გაძვირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი აქციზია, მას მოჰყვება ლარის კურსი. რადგან ამჯერად აქციზი არ გაზრდილა, საეჭვოა რა იწვევს სიგარეტის გაძვირებას? დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოზე ფასს კომპანები უმატებენ, რომ მათ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ. თამქაბოს გაძვირება უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ამის შემდეგ, მწეველები შედარებით იაფ პროდუქტზე - თუთუნზე გადავიდნენ, თუმცა ქვეყანაში ახლა მისი ფასიც იზრდება, რის გამოც მწეველები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. დარგის სპეციალისტი ნიკო მჭედლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თამბაქოს გაძვირებას პირდაპირ კომპანიები ახდენენ, რადგან მათ რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ. “წელს აქციზი არ გაზრდილა და მე როგორც ვიცი, თვითონ კომპანიები აძვირებენ სიგარეტს. თამბაქოს ფასს აქციზი განსაზღვრავს და შემდგომ კომპანია, რომ რაღაც მოგება მიიღოს. უკვე 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი 5 ლარია, რომელიც დახლებზე იყიდება. ზოგიერთი თამბაქოს ფასი 10 ლარამდეც ადის. მინიმალურ ფასს აქციზი განსაზღვრავს, მასზე ქვევით ვერავინ ჩამოვა. მთავარი განმსაზღვრელი აქციზის სიდიდეა და რაღაც დანამატი, რომელიც კომპანიას უჯდება შემოტანის, წარმოებისა და პატარა მოგების სახით”, – განაცხადა “რეზონანსთან” ნიკო მჭედლიშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"კომპანია "ჯითიაი კავკასიის" კორპორაციული დირექტორი ივა ხასია ამბობს, რომ მათ პროდუქცია ჯერჯერობით არ გაუძვირებიათ. “რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენს სიგარეტებზე ჯერჯერობით ფასი არ მომატებულა და კონკურენტების შესახებ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ივა ხასიამ. თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ თამბაქოს გაძვირება, მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა, ფაქტობრივად არ გამართლდა. "ეისითი იმპაქტის" კვლევაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თამბაქოს გაძვირების გამო, მოწევას მხოლოდ 5%-მა დაანება თავი. “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტზე ფასი პერიოდულად იზრდება, რადგან ეს კომპანიების ინტერესებში შედის, რათა მწეველების “გაძარცვა” მოხდეს. “თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულად უმატებს ხოლმე ფასს იმის გამო, რომ უფრო მეტი მოგება ნახოს და გაძარცვოს ჩვენი მოქალაქეები. ერთადერთი გონიერი გამოსავალი ისაა, რომ გავაკონტროლოთ თამბაქოს ინდუსტრია და უარი ვთქვათ ამ პროდუქტის მოხმარებაზე. მწეველთა რაოდენობა, რომ მნიშვნელოვნად არ შემცირებულა ეს არის აბსურდული კვლევა, რომელიც არანაირ მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა. ამ ღონისძიებებს რომ არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ეს არასწორია”, - აცხადებს “რეზონანსთან” გიორგი ბახტურიძე”, - წერს სტატიის ავტორი.