ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2019

გია ხუხაშვილი - “ის, რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია და არც არასდროს მომხდარა”

მთავრობა იანვრიდან "112"-ის გადასახადს გაუქმების ნაცვლად ზრდის - მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

ზაალ ანჯაფარიძე - “რა თქმა უნდა, ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე”

* * *

გია ხუხაშვილი - “ის, რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია და არც არასდროს მომხდარა”

“ქართული ოცნების” იმიჯი სერიოზულად არის შელახული და ეს განპირობებულია ობიექტური მიზეზებით. რაც მოხდა საქართველოში, დასავლური სტანდარტით წარმოუდგენელია. როდესაც ხელისუფლება პირდება საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი და ამ დროს ხელისუფლება ძალიან უხეში ფორმით აყირავებს ამ მაგიდას, - თავისივე დაპირებაზე უარს ამბობს”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გამორიცხულია დასავლეთმა ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტოს” - ხუხაშვილი.

“პროვინციული სპექტაკლი დადგეს ბუნტთან დაკავშირებით. ეს იყო სერიოზული ინდიკატორი დასავლეთისთვის და შესაბამისად ვითარდება მოვლენებიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერას დასავლეთი შეწყვეტს, დიპლომატიურ ენაზე ეუბნებიან ხელისუფლებას იმას, რაც სათქმელია. ამ განცხადებაში (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის) საყურადღებოა ერთი მომენტი, როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზების რისკებზე, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია. ხელისუფლებამ, როგორც მისთვის არის დამახასიათებელი, კონტექსტიდან ამოგლიჯა თავისთვის სასარგებლო რაღაცები და თქვა, რომ ეს მათი მხარდამჭერი წერილია. ოპოზიციამ - თავისთვის. ჭეშმარიტება დარჩა მის მიღმა. ძალიან სამარცხვინო წელი იყო ამ ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში. მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესები, ივნისის მოვლენები, “გადაგდება”... რომელი ერთი გავიხსენოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლების დეგრადაციის ტემპი წელს განსაკუთრებული იყო. ამერიკელებს აქვთ ყველა ის ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ. მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი, - ეს არის მცირე დეტალი. პრობლემები გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზეა საუბარი, რომელიც პროკურატურას და სასამართლოს მოიცავს. თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა და დასავლეთის თვალში ხელისუფლების იმიჯის ვარდნა გაგრძელდება შედეგად მივიღებთ არასტაბილურობას, მუდმივ რყევებს და შეფერხებას დასავლურ სისტემებში ინტეგრაციის კუთხით, - ეს კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში კი ორიენტაციის ნელ-ნელა ცვლილებას”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ხელისუფლების რიტორიკაში ვხედავ ისეთ კონტექსტს, რომ “თუ არ ვუყვარვართ დასავლეთს, სხვა გზა უნდა ვეძებოთ”. ზოგს ჰყოფნის ჭკუა, რომ ამაზე არ ილაპარაკოს. “ფეისბუქის” სკანდალს თუ გავყვებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული ფრთა, ანტიდასავლური ნარატივის ქვეშ მუშაობდა, დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გაჩნდა მოსაზრება, რომ თუკი დასავლეთის ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” გაგრძელდება, მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილება. თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?” - პასუხობს:

“დასავლეთს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ის, რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს ხელისუფლების შეცვლა, გამორიცხულია და არც არასდროს მომხდარა, მიუხედავად ათასი შეთქმულების თეორიისა. დასავლეთი უყურებს პროცესს და ის მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც მისთვის უფრო გასაგებია, რომელიც უფრო ახლოს არის მის ფასეულობათა სისტემასთან. რაც უფრო შორდება ხელისუფლება ამ ფასეულობათა სისტემას, ეს დასავლეთის მხრიდან ალტერნატიული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას იწვევს”.

მთავრობა იანვრიდან "112"-ის გადასახადს გაუქმების ნაცვლად ზრდის - მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში

“112-ის გადასახადი გაუქმების ნაცვლად, გაიზრდება. საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად სცნო, პარლამენტმა კი მისი ოდენობის ზრდას მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი მთავრობაზეა. სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს უფლება დადგენილებით განსაზღვროს გადასახადის ზუსტი ოდენობა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავრობა იანვრიდან 112-ის გადასახადს გაუქმების ნაცვლად ზრდის / მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში.

“პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (76 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან “112”-ის მომსახურების საფასურს, რომლის ზუსტი ოდენობაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილება, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილება “112”-ის მომსახურების საფასურის შესახებ ბევრ კითხვას აჩენს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. რატომ იხდის საქართველოს მოსახლეობა “112 საფასურს”, მაშინ როდესაც მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში? რატომ უწევს “112 საფასურის” გადახდა პირს, რომელსაც შესაძლოა არც კი უსარგებლია მისი მომსახურებით და ვალდებულია გაუწეველი მომსახურების საფასური გადაიხადოს? გადაწყვეტილება განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, რომ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ალაფიშვილის და “კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს “112”-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, “კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი” მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ “112”-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ, კანონს მხარი დაუჭირა მათი დიდი ნაწილი “რეზონანსთან” ამ თემაზე არ კითხვებს არ პასუხობს, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და მისი მოადგილე რეზო არველაძეც. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი კითხვებზე საპასუხოდ სასამართლოსა და პარლამენტში გადაგვამისამართა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მიუხედავად მთელი დღის მცდელობისა არ მოიძებნა არც ერთი დეპუტატი, რომელიც ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებდა, იურიდიული კომიტეტისგან “რეზონანსმა” შემდეგი კომენტარი მაინც მოიპოვა: “საკონსტიტუციომ, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა ერთი მთავარი რამის გამო, მთავრობას უნდა დაედგინა საფასური, მხოლოდ მას შედეგ, რაც კანონით განისაზღვრებოდა მაქსიმალური და მინიმალური ფარგლები. ამიერიდან კონკრეტული საფასური რამდენი იქნება, ეს მთავრობამ უნდა დაადგინოს. სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დადგენილებას მიიღებდა, იქამდე მოცემულობა იყო ასეთი: პარლამენტი არ განსაზღვრავდა ზღვრებს და მთავრობას ჰქონდა ექსკლუზიური უფლება დაედგინა ნებისმიერი გადასახადი. სწორედ ეს მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და იქვე მიუთითა, რომ თუ პარლამენტი ზედა და ქვედა ზღვარს დაადგენს, ეს იქნება კონსტიტუციური. ჩვენ როგორც საკონსტიტუციომ გვითხრა, ისე გავაკეთეთ და ახლა უკვე, მთავრობა განსაზღვრავს ამ ფარგლებში რამდენი იქნება გადასახადი”, - განუცხადეს “რეზონანსთან” იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ეს არის ტყუილი - ასე აფასებს თავად სარჩელის ავტორი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლების პოზიციას და ამბობს, რომ თუ გადასახადი არ მოიხსნა, სასამართლოში დავა კვლავ გაგრძელდება”, - დასძენს გამოცემა.

“ტყუილია, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი. საკონსტიტუციო სასამართლომ, რამდენიმე მიზეზით ცნო გადასახადი არაკონსტიტუციურად. პირველი ეს იყო პარლამენტის მიერ მოყვანილი მიზეზი. იქვე თქვა სასამართლომ, რომ ეს არის მოსაკრებელი. ამ ორის გარჩევა რომ პარლამენტში არ შეუძლიათ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და წარმოაჩენს მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ, მთელი ქვეყანა ვართ. კიდევ იყო მესამე მომენტიც, საკონსტიტუციომ აღნიშნა, რომ განსხვავებული გადასახადის დაწესება, არის დისკრიმინაციული. კონსტიტუციის ორ მუხლთან მიმართებაში სცნო არა კონსტიტუციურად. ვნახოთ, რას იზამს მთავრობა. მერწმუნეთ, ასე მარტივად გაჩერებას არ ვაპირებ. ასე ადვილად ეს საქმე არ ჩაივლის. კანონიერება და კანონის უზენაესობა, პირველ რიგში, პარლამენტიდან მოდიოდეს და არა ისე, როგორც ახლაა, ვიძახოთ რა ცოტა გადასახდი გვაქვს და უამრავი სხვადახვა შენიღბული და შეფუთული სახით არსებობდეს ასეულობით ტარიფი. თუ მთავრობა დატოვებს ან გაზრდის გადასახადს, ჩვენ, კიდევ ერთხელ წავალთ სასამართლოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“ამავე დროს, ივლისში, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად “112” დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული. როგორც ჩანს, მოწესრიგების თავისებური გაგება აქვს საქართველოს ხელისუფლებას”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაალ ანჯაფარიძე - “რა თქმა უნდა, ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე”

“ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე, რადგან ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჯერჯერობით საქართველოში არ აქვს და ცდილობენ გარე ბერკეტების ამოქმედებით ხელისუფლების დასუსტებას” - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომ “ძალადობრივი რეჟიმის შექმნელებს”, რომელთა შორის პოლიტიკური და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები არიან, სანქციები დაუწესდეთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ესეც ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, ეცდებიან ეს სია სათანადო კაბინეტებში მოხვდეს” - ზაალ ანჯაფარიძე.

“ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკურ დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ქმნის, რომლის მიზანია ამხილოს “რეპრესიის ავტორები, შემსრულებლები და გამოავლინოს მსხვერპლი”. ოპოზიციის “შავი სიის” მთავარი ფიგურანტები ცნობილია. სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი. მეორე ადგილს იკავებს პრემიერი გახარია. სიაში მოხვდნენ, ასევე სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მოსამართლეები. დოკუმენტი ოფიციალურ სახეს 8 იანვარს მიიღებს, რის შემდეგაც საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ. ოპოზიციის მოთხოვნაა, სიაში ჩამოთვლილ ადამიანებს პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტი შეეზღუდოთ, სანქციები დაწესდეს ფინანსებთან დაკავშირებით და დაყადაღდეს მათი საბანკო ანგარიშები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა პერსპექტივა ექნება ამ სიას, ვერ გეტყვით, რადგან სერიოზული დასაბუთება და დამაჯარებლობა უნდა ჰქონდეს, ასევე რამდენად იპოვნიან გავლენიან მოკავშირეებს, რომ დაარწმუნონ გადაწყვეტილების მიღებაში. მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რაც არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს სიაც ძალაუფლებისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. ალბათ იმუშავებენ ამაზე, რომ ეს სია სათანადო კაბინეტებში მოხვდეს და შემდეგ მსვლელობა მიეცეს. რა თქმა უნდა, ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე, საქართველოში ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჯერჯერობით არა აქვს და ცდილობენ, გარე ბერკეტები აამოქმედონ ხელისუფლების დასაზუსტებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა