ანატოლი ბიბილოვი ახალგორის მოსახლეობას - გზის ჩაკეტვის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გახდა

ანატოლი ბიბილოვი ახალგორის მოსახლეობას - გზის ჩაკეტვის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გახდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობას განუცხადა, რომ „გზის ჩაკეტვის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გახდა“. აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიბილოვის მტკიცებით, "სამხრეთ ოსეთის" ხელისუფლებას არ ჰქონდა განზრახული შეეჩერებინა „სასაზღვრო პუნქტების მუშაობა“ მანამ, ვიდრე „საქართველო არ შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და ააშენა არალეგალური შეირაღებული პუნქტი სოფელ უისტის მიმდებარედ“.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია. როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას ეხება. როგორც პრეზიდენტს, მე არ შემიძლია გავყო ერთი ქვეყნის ადამიანები. თუ მტრული ქმედებები ეხება ერთი რეგიონის მცხოვრებლებს, ის ეხება ყველას. ჩვენ გვაქვს საერთო პოლიტიკა. არ შეიძლება ისე იყოს, რომ ლენინგორის მკვიდრთა ფასეულობები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყოს კონცენტრირებული, მაშინ, როდესაც წნელისის მოსახლეობა ამ ქართულ პოსტთან იარაღის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ ერთი ერი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ მტრის წინააღმდეგ“,- განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართოს.

„სთხოვეთ მათ შეცვალონ პოლიტიკა მათთან მიმართებაში ვინც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს“,-განაცხადა ბიბილოვმა.

ამასთან, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი 26 დეკემბერს, ახალგორში, საახალწლო ღონისძიებაზე და ადგილობრივებთან შესახვედრად ჩავიდა. შეხვედრის დასრულებამდე ადგილობრივმა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ, რომელიც ბიბილოვის ულტიმატუმებმა გააღიზიანა, დარბაზი პროტესტის ნიშნად ერთხმად დატოვა.