ქართული პრესის მიმოხილვა 27.12.2019

“საფრთხე ძალიან სერიოზულია” - ლიცენზიის დროებითი შეჩერება, ან ჩამორთმევა - რა ბედი ელით “ურჩ” ტელეკომპანიებს

რა კლიმატური კატაკლიზმები ელის საქართველოს ზამთრის ანომალური სითბოს გამო

***

“საფრთხე ძალიან სერიოზულია” - ლიცენზიის დროებითი შეჩერება, ან ჩამორთმევა - რა ბედი ელით “ურჩ” ტელეკომპანიებს

"მორიგი შეტევა კრიტიკულ და თავისუფალ მედიაზე," "არასწორი ქმედება და დისკრიმინაციული მიდგომა," - სწორედ ასეთი შეფასებები მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ სამი ტელეკომპანიისთვის, „რუსთავი 2"-ის, „ტვ პირველისა" და „კავკასიისთვის" ინკასოს დადებას, თანაც ეს იმის ფონზე, როდესაც ძველი დავალიანება „იმედს" (19 მილიონი,) და მის ჰოლდინგში შემავალ "მაესტროს" (8 მილიონი) ჯერ კიდევ არ გადაუხდია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “საფრთხე ძალიან სერიოზულია” - ლიცენზიის დროებითი შეჩერება, ან ჩამორთმევა - რა ბედი ელით “ურჩ” ტელეკომპანიებს

"შესაბამისი სამსახურის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანიებს ავალდებულებს სახელმწიფოს წინაშე პირველი ოქტომბრიდან არსებული დავალიანების დაფარვას, ტელევიზიებს მხოლოდ ერთდღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული იმისათვის, რომ ეს დავალიანება დაეფარათ. დღეს კი სამივე ტელეკომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეეზღუდათ. როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის „რუსთავი 2"-ს, „იმედს", „ჯიდიესს", „მაესტროსს", „მთავარს", „ფორმულას", „პალიტრანიუსს" პირველი ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „ტვ პირველს", ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტელეკომპანიები მიმდინარე დავალიანებას არ დაფარავენ, საქმე შესაძლოა საკმაოდ მკაცრ შედეგამდეც კი მივიდეს, რაც ლიცენზიის დროებით შეჩერებას, ან მის ჩამორთმევას გულისხმობს. ამის შესახებ "რეზონანსს" იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა”,- აღნიშნავს გამოცემა.

"სანქციების მთელი რიგი კასკადი შეიძლება იქნას გამოყენებული. პირველ რიგში, ანგარიშზე ინკასო ნიშნავს იმას, რომ რაც კი შემოუვათ, იმას ავტომატურად მოუხსნიან. თუკი არ გადახდის, საკითხი დიდხანს გაგრძელდა და ტელევიზიები არ გაასაჩივრებენ, შეიძლება კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საინქციების შემოღება დაიწყოს. გაფრთხილებას შემდეგ ლიცენზიის შეჩერება და ლიცენზიის ჩამორთმევა მოჰყვება, - ეს არის კომუნიკაციების კომისიის სანქციები. "აშკარად მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, რაც ასევე დისკრიმინაციულია, - ყველას რომ ერთნაირად სთხოვდნენ, გასაგები იქნებოდა, მაგრამ გამორჩევა არის აშკარად დისკიმინაციული მიდგომა და იმ ტელევიზიების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს და მის დაკვეთებს არ ასრულებს. ეს არ დარჩება სათანადო საერთაშორისო რეაქციის გარეშე. ტელევიზიებს ვურჩევ გააგრძელონ წინააღმდეგობა, როგორც თვითონ თქვეს," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ყოფილი ტელეჟურნალისტი არჩილ გამზარდია "იბერიას" დახურვის ფაქტს იხსენებს და "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დღეს არსებული პროცესი სწორედ იქითკენ მიდის, რომ ტელეკომპანიები შეიძლება დახურონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არა ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ საკითხთან, - ხელისუფლება ცდილობს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები დაადუმოს. "ზუსტად ეს პერიოდი გავიარეთ ტელეკომპანია „იბერიაში" და ვნახეთ კიდევაც შედეგები. მაშინ, რასაც ვითხოვდით, იყო ის, რომ თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით სხვა ბიზნესთან ერთად. როდესაც სხვა ბიზნესწარმომადგენლებს, რომლებთანაც ხელისუფლება მეგობრობდა, ათეულობით მილიონობით ლარი ჩამოეწერათ და ჩვენ შემთხვევაში რესტრუქტურიზაციასაც არ ახდენდა, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიას ვხედავთ დღეს "ტვ პირველსა" და "კავკიასიაზე." "ხელისუფლება ცდილობს, ძირითადი სასიცოცხლო არტერიები გადაუკეტოს ტელევიზიას. ფინანსები თუ არ იქნება, მის გარეშე რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს? ეკონომიკური და ფინანსური შტურმირება, ასე დავარქვთ „ქართული ოცნების" სტრატეგიას და ძალისხმევას, მოქმედებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ტელევიზიას მეტი დავალიანება გაუჩნდეს, უფრო მეტად გაუჭირდეს გადახდა და შემდგომ მისი პარალიზება გამოიწვიოს. მთავარი მიზანი პოლიტიკურია, ფინანსურ კონტექსტში არ განვიხილავ," - თქვა გამზარდიამ. „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ფინანსთა სამინისტროს მოქმედებას უპასუხისმგებლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ უწყებას ასეთი პრინციპულობა წინა მენეჯმენტის პირობებში უნდა გამოეჩინა”, - დასძენს გამოცემა.

"არჩილ გამზარდია „რუსთავი 2"-სთვის ინკასოს დაწესებას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორით ხსნის. პირველი, რომ ხელისუფლება "ალიბს" იქმნის და მეორე, - "ქართულ ოცნებას" "რუსთავი 2" ისევ არ მოსწონს. „რუსთავი 2"-ის ფაქტორს ორი შესაძლებელი ასპექტით ვხსნი; "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს ერთგვარი ალიბი შეიქმნას. ამავდროულად შეიძლება არსებობდეს უკმაყოფილება სალიასთან მიმართ, რადგან მისი ცალკეული ჟურნალისტები მეტ-ნაკლებად ცდილობენ, ხელისუფლების პროპაგანდაში არ იყვნენ ჩართული. „ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები „რუსთავი 2"-ის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. რამდენჯერმე იყო ასეთი ტექსტი, რომ ძველი „რუსთავი 2"-ვით მუშაობს. ან შესაძლოა „რუსთავი 2"-ის ხელოვნურ გაკოტრებას ცდილობდნენ. ასეთი ვერსიები არსებობს, რომ ტელევიზია არ უნდა ხალვაშს და შეიძლება პროცესი სწორედ აქეთკენ მიდიოდეს. „რაც შეეხება „იმედს," ხელისუფლებისთვის სასურველები არიან და შეიძლება ფორმალური სანქცირება ვიხილოთ, ან სხვა, მაგრამ საერთო ჯამში, პროცესი ასე არ წავა. ეს შესაძლოა უბრალოდ ფორმალური ჟესტები იყოს. ხელისუფლებისთვის მთავარი პროპაგანდისტული წყაროა დღეს ტელეკომპანია „იმედი." „მაქსიმალურად ეცდებიან ამ ტელეკომპანიებს ყველა წყარო გადაუკეტონ, რომ საბოლოო ჯამში ამან გამოიწვიოს დახურვა. საფრთხე ძალიან სერიოზულია. მიზანი ეს არის, რასაც სამწუხაროდ შესაძლოა მიაღწიოს, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ამ პროცესს არ დაიწყებდა," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. „კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ ამით ფაქტობრივად, ტელევიზიის მუშაობა შეაჩერეს. ჯანგირაშვილი ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დაედო ინკასო „იმედისა" და „მაესტროს" ანგარიშებს, როცა მათი დავალიანება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ტვ პირველის" გენერალურ დირექტორს, ინგა გრიგოლიასა და ნინო ჯანგირაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სატელევიზიო ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე მრავალწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. გვარამიას „რუსთავი 2"-ზე დადებული ინკასოც უსამართლობად მიაჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

რა კლიმატური კატაკლიზმები ელის საქართველოს ზამთრის ანომალური სითბოს გამო

“წელს საქართველოში ზამთრისთვის უჩვეულო ამინდები შეინიშნება, რაც ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გლობალურ დათბობას უნდა დავუკავშიროთ, რასაც შესაძლოა ანომალიაც კი ვუწოდოთ. საჭიროა კვლევების გამოქვეყნება იმისათვის, რომ წინასწარი ღონისძიების გატარება შეძლოს საზოგადოებამ და მოსალოდნელ პროცესებს მომზადებული შეხვდეს. მისივე თქმით, დაწყებულია ნეგატიური პროცესი, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს, როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზეც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა კლიმატური კატაკლიზმები ელის საქართველოს ზამთრის ანომალური სითბოს გამო.

"ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას გვსიამოვნებს სითბო, თუნდაც ზამთარში, მაგრამ ეს ნორმალური და კარგი არ არის, - გლობალური დათბობის შედეგია. რაც შეეხება ქვეყნის მზაობას, ამ მხრივ პრობლემები სერიოზულია," - ამბობს ჩხარტიშვილი. მისივე შეფასებით, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თუმცა, ამ კუთხით ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. "შეიძლება ჩვენი ზეგავლენა გლობალურ გარემოზე იმდენად დიდი არ არის, რადგან ეკონომიკურ კრიზისში და კატასტროფის პირობებში ვცხოვრობთ, თუმცა, გვაქვს ვალდებულება, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე საკუთარ მოქალაქეებთან პირველ რიგში, რომ ვაწარმოოთ ქმედებები, რომელიც შეარბილებს კლიმატის გლობალური ცვლილების ზეგავლენას ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ." - თქვა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სპეციალისტები ტემპერატურის უჩვეულო მომატებაზე და მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც სწორედ ტემპერატურის უჩვეულო მომატება ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარების დნობას იწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფული ვითარების შექმნის წინაპირობას აჩენს. ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია. „გააქტიურებულია მყინვარების დნობა, შეცვლილია კლიმატური პირობები და ამ ყველაფერს ზეგავლენა აქვს ბუნებრივი კატასტროფის პრევენციის კუთხით, რომლის სათანადო პროგნოზირებაც არ ხდება. „მნიშვენლოვანი ამ მხრივ კვლევების წარმოება. ეს ცვლილება, რომელიც სახეზეა კლიმატთან დაკავშირებით, მოქმედებს ბუნებრივი ორგანიზმების გამრავლებაზე და გარკვეულ ცვლილებებზე. ხელისუფლება კვლევებზე ერთ თეთრსაც არ ხარჯავს, რისი შემდეგაც არის ის შედეგი, რასაც სამწუხაროდ ახლა ვხედავთ," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი კატასტროფულ დნობას 2050 წლისთვის ელოდება, თუმცა, ნაწილი თვლის, რომ პროცესი დაჩქარებულია, შესაბამისად, კატასტროფული დნობა უფრო ადრეც კი არის მოსალოდნელი”, - დასძენს გამოცემა.

"გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, "უაღრესად შეუსაბამო" იყო და შესაბამისად, არსებობს საფრთხე, გლობალურმა დათბობამ „უკან არდაბრუნების წერტილი" გადალახოს. ამის შესახებ მან მადრიდში ორკვირიანი საერთაშორისო კლიმატური კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. გაეროს ხელმძღვანელის თქმით, ტემპერატურის ზრდა და ამით გამოწვეული უფრო ექსტრემალური ამინდი უკვე იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რასაც დრამატული გავლენა აქვს ადამიანებსა და სხვა სახეობებზე. მისივე განცხადებით, მსოფლიოს აქვს გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის საჭირო მეცნიერული ცოდნა და ტექნიკური საშუალებები, მაგრამ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა