ქართული პრესის მიმოხილვა 28.12.2019

ზაზა ხატიაშვილი - “ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი იქნება შეტევა ყველა ბერკეტით ტელევიზიასა და პრესაზე - იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ ვერ დაიმონა”

“დელტას” სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” იანვრის ნომრის მიმოხილვა)

* * *

ზაზა ხატიაშვილი - “ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი იქნება შეტევა ყველა ბერკეტით ტელევიზიასა და პრესაზე - იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ ვერ დაიმონა”

“მითი იმისა, რომ ივანიშვილი რამე ღირებულს გააკეთებს საქართველოში ყველაზე დიდ ოპტიმისტებსაც კი დაენგრათ... როდესაც ივანიშვილი მოვიდა და განაცხადა ლევან მურუსიძეზე, კარგი კაცი გავიცანიო, მაშინვე ვთქვი, რომ ეს არის დიდ ფეოდალი, რომელიც ამ ქვეყანას დააქცევს მეთქი... ისიც ვთქვი, რომ ეს რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმზე ნაკლები არ იქნებოდა. მაშინ მიიღო პირველი შოკი საზოგადოებამ, ხალხი მურუსიძეების და ჩინჩალაძეების დასჯას რომ ითხოვდა, მან კი მათ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა... ყველაფრის გვირგვინი კი იყო 2019 წელს ის სამარცხვინო სია, რომელიც წარადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და აბსოლუტური უმრავლესობა რომ დაამტკიცა პარლამენტმა - იმ მონა პარლამენტმა, რომელმაც პროპორციული სისტემის ჩაგდებისას ვითომ წინააღმდეგობა გაუწია”, - აცხადებს უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ხატიაშვილი: “დარბევის ბრძანება ივანიშვილის გაცემული იქნება” / “უღირსი 30-ლარიანი ამომრჩევლის ბრალია, რომ ჯერ სააკაშვილმა დააქცია ქვეყანა და ახლა ივანიშვილი აქცევს”.

“ვითომ რომ აჯანყდნენ მაჟორიტარები - ეს ყველაფერი რომ აბსურდი იყო და ერთი ადამიანის ნებაზე ტრიალებდა მთელი სახელმწიფო ვერტიკალი, ეს ძალიან კარგად დავინახეთ, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდოდა და ივანიშვილს უნდოდა - გავიდნენ. 2019 წლის დასასრულს ჩვენ შევხვდით იმით, რომ ლევან მურუსიძე სამუდამოდ ავირჩიეთ. ან პრეზიდენტი როგორ ავირჩიეთ - ესეც სამარცხვინო ნაბიჯი იყო, - ამომრჩევლის მოსყიდვის კლასიკური მაგალითი. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოში დაწყებოდა რეპრესიები... ცხოვრების ამსახველი კადრებიც მხოლოდ იმათზე ქვეყნდება, ვინც ივანიშვილს უპირისპირდება. ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა. 2020 წლიდან ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი იქნება შეტევა ტელევიზიასა და პრესაზე - იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ ვერ დაიმონა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

“ეს ეკონომიკური სანქციები ჯერ დასაწყისია. წნეხი და ზეწოლა გაძლიერდება. როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში აცხადებდა, ჟურნალისტებს სემინარები უნდა ჩავუტარო უნდა ვასწავლო, როგორ წაიყვანონ გადაცემებიო. რადგან ვერ ასწავლა, 2020 წელს იქნება ძალიან დიდი თავდასხმის წელი ჟურნალისტთა კორპუსზე. საკანონმდებლო იქნება ეს თუ სხვა, აუცილებლად ყველა ბერკეტს აამუშავებს ივანიშვილი მედიის წინააღმდეგ”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება ამ ყველაფერზე?” -პასუხობს:

“ივანიშვილი აღარაფერს აქცევს ყურადღებას. არავის აზრს ითვალისწინებს. 2019 წლის მთავარი უბედურება იყო 20 ივნისი. როდესაც ივანიშვილს გაუჭირდება, ის ხდება სააკაშვილი-2. მან დაარბია მომიტინგეები, ბავშვებს თვალები დათხარა. მიბრჯნით მოხდა სახის არესა და თავში რეზინის ტყვიების სროლა. ეს იყო დიდი დანაშაული! სადარბაზოებშიც კი მისდევდნენ ადამიანებს. შს მინისტრმა გახარიამ თქვა, მე გავეცი ბრძანებაო. იმის მაგივრად, რომ საბრალდებო სკამზე დამჯდარიყო, პრემიერ-მინისტრი გახდა... აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეჭვი, რომ დარბევის შესახებ ბრძანება ივანიშვილის გაცემულია, - ასე რომ არ ყოფილიყო, გახარიას კი არ დააწინაურებდნენ, მოხსნიდნენ. ვანო მერაბიშვილი ზუსტად ანალოგიური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ნება. მე ვფიქრობ, 2020 წელი უფრო მძიმე იქნება.

“ივანიშვილი რომ ამდენს ბედავს, არის იმ 30-ლარიანი ამომრჩევლის ბრალი, რომელიც უღირსად ყიდის თავის ხმას. ეს ამორალური საქციელია. ამ უღირსი 30-ლარიანი ამომრჩევლის ბრალია, რომ ჯერ სააკაშვილმა დააქცია ქვეყანა და ახლა ივანიშვილი აქცევს... 2020 წელს ველოდები ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას. ამას ველოდები 100%-ით. იმიტომ რომ, სააკაშვილი იყო მაგაზე ჭკვიანიც, მაგაზე მეტად პირსისხლიანიც და მაგაზე მეტად ულმობელიც. მას ჰყავდა უფრო მეტად პირსისხლიანი მინისტრებიც და უფრო მეტად დაუნდობელი ხალხი, მაგრამ როცა დაინახა, რომ მოსახლეობას ეზიზღებოდა, ადგა და აღიარა დამარცხება - ამით მან საკუთარი თავი გადაირჩინა. ივანიშვილი კი ამ არჩევნებს რომ წააგებს, ეს აღიაროს მე ძალიან შორს ვარ ამ აზრისგან... მას წაგებული აქვს ეს არჩევნები. სამწუხაროდ, ამას ივანიშვილის გარდა ყველა ხვდება. მისი გარემოცვაც, რომელიც ნელ-ნელა შემოეცალა. სირცხვილია, ყველა დაგვცინის - თავისი პირადი მცველებით დააკომპლექტა სამინისტროები... ხალხს ეზიზღება ივანიშვილი, ხალხი ამ ზიზღს აღარც მალავს, სხვის არავის მიმართ არაა აგრესია - ყველამ კარგად იცის, რომ ყველაფერი ეს ერთი კაცია”, - დაასკვნის ზაზა ხატიაშვილი.

“დელტას” სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი (სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” იანვრის ნომრის მიმოხილვა)

2019 წლის სამხედრო მიმოხილვა/ ნატოს სამიტი და საქართველო / ტერაქტი ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე / რა მდგომარეობაშია ქართული არმიის ყაზარმები / საოჯახო ტრადიცია – მესაზღვრის პროფესია / “დელტას” სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი / სეპარატისტების რისხვა “განთიადი”

“მიილია 2019 წელი და უკვე შეიძლება გავაანალიზოთ, რა მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენები მოხდა როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად შეეხო ან უახლოეს მომავალში მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N01, იანვარი, 2020) სტატიაში სათაურით 2019 წლის სამხედრო მიმოხილვა.

“ფარულად გაგრძელებული ოკუპაცია: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხედრო გზით შეძლო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აშკარა ოკუპირება, ამ ომიდან 11 წლის შემდეგ კი ოსი სეპარატისტების ხელით დაიწყო ოკუპაციის ხაზის ფარულად გადმოწევა ერთბაშად რამდენიმე კილომეტრზე. ხაშურის რაიონში სოფელ ჩორჩანასთან, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის საპასუხოდ, ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერით ოკუპაციის ხაზი (რომელიც მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადიოდა) თითქმის 2 კმ-ით გადმოგვიწიეს და სურთ, კიდევ 300 ჰექტრამდე ქართული მიწა “მოგვპარონ”. ჩორჩანას ხაზთან სექტემბერში დაწყებული დაძაბულობა წლის ბოლოსთვის მინელდა, რადგან ლამის მთელი ქვეყნის ყურადღებამ დედაქალაქის ცენტრში ოპოზიცია-სამართალდამცავების “გამიშვი-არგაგიშვებ” დაპირისპირებისკენ გადაინაცვლა, სეპარატისტებმა კი ახალმოპარულ ქართულ მიწაზე ახალი სამანქანო გზები გაჭრეს, თავდაცვის ზღუდეები მოაწყვეს და ოკუპაციის ახალი ხაზიც “დაგვიმტკიცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

მე-19 თავდაცვის მინისტრი: ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად და არა – თავდაცვის უწყებაში. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც, ბუნებრივია, მმართველ ძალას სურს, ამომრჩევლის რაც შეიძლება მეტი ხმა მოიპოვოს. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში სამ ათეულ ათასამდე სამოქალაქო და სამხედრო პირია, რომელთა უკან მდგომი ოჯახის წევრების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ამომრჩეველთა “არმიის” საერთო რაოდენობამ შეიძლება 60-70 ათას ხმასაც გადააჭარბოს. ამ ხმების დაკარგვას არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ისურვებდა, ამიტომაც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის სამინისტროში მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეიძლება სწორედ უწყების პირადი შემადგენლობის “გულის მოგება” იყოს, მით უმეტეს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ავღანეთის უბნებზე კარგად გამოჩნდა, რომ სამხედროთა არცთუ მცირე ნაწილმა ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი დაიწუნა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამაზე მიუთითებს ღარიბაშვილის მინისტრობის პირველი 100 დღის ანალიზიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალმა მინისტრმა ძირითადი ყურადღება პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაუთმო. მან მოიარა თითქმის ყველა სამხედრო ბაზა და კრიტიკულად შეაფასა ყაზარმებისა და სასადილოების მდგომარეობა. შედეგად გამოჩნდა, რომ თავდაცვის მინისტრის ახალმა გუნდმა დაიწყო თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი და, რაც მთავარია, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის მომატება. გარემონტებულ ყაზარმაში გაღვიძება, გემრიელი კერძები სასადილოში, ახალი უნიფორმა, გამძლე ყელიანი ფეხსაცმელი, სამედიცინო დაზღვევის “ქოლგით” დაცული ოჯახი და მომატებული ხელფასი - ამის შემდეგ რატომ არ უნდა მისცენ ხმა სამხედრომ და მისი ოჯახის წევრებმა მმართველ პარტიას? თუმცა, სასურველია, თავდაცვის ბიუჯეტიდან პირადი შემადგენლობის ხელფასებსა და სოციალურ პირობებზე ისევ 67% არ დაიხარჯოს, რათა არმიის საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვისთვის, წვრთნებისა და სწავლებებისთვის მეტი ფული დარჩეს. თუკი ირაკლი ღარიბაშვილი ამ რთულ საკითხს თავს წარმატებით გაართმევს, იგი თავდაცვის მინისტრის სავარძელს სხვას დაუთმობს, თვითონ კი, ალბათ, უფრო მაღალი იერარქიის სავარძელში გადაჯდება”, - დასძენს გამოცემა.

“უცხოელი სამხედროები ქართულ პოლიგონებზე: ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნების სამხედროები არც 2019 წელს მოჰკლებიან ქართულ პოლიგონებს. ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე ერთიმეორის მიყოლებით ჩატარებულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებზე იხვეწებოდა NAთO-ელ პარტნიორებთან ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფების კოორდინირებული მოქმედება, რასაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის ქართული დანაყოფების მომზადებისგან (რაც ასევე აუცილებელია) განსხვავებით, საერთაშორისო სწავლებების დროს როგორც შტაბებში, ისე – ქართულ პოლიგონებზე თამაშდება ლეგენდა მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფების შესაჩერებლად, კონტრსაბატარეო ცეცხლის საწარმოებლად, ავიაციის საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად, ანუ მიმდინარეობს მზადება თავდაცვის იმ ხერხებისა და უნარების შესასწავლად, რომლებიც ასე გვაკლდა აგვისტოს ომის დროს. სხვა საკითხია სწავლებაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დანაყოფებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ევროპიდან საქართველოში საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით გადმოსროლისა და ჩვენს ტერიტორიაზე მათი სამანქანო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით პოლიგონებამდე ოპერატიულად ჩატანის ლოგისტიკური საშუალებების დახვეწა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ იყიდა ქართული შეიარაღება: გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასთვის”. აბუ-დაბის საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე “დელტას” პროდუქციამ დიდი დაინტერესება მოიპოვა, განსაკუთრებით კი - ახალმა თვითმავალმა ნაღმსატყორცნმა, რომელიც “დიდგორი მეომრის” ბაზაზე შეიქმნა. ამას წინ უძღოდა “დელტაში” დამზადებული 120 მმ-იანი ბუქსირებადი ნაღმსატყორცნების არცთუ მცირე პარტიის მიყიდვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე გავლენიანი წევრისთვის, რაც ნატოს მიერ ქართული სერიული წარმოების შეიარაღების შეძენის პირველი ფაქტია. შემოდგომაზე კი “დელტაში” აწყობილი შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების პირველი პარტია ინდონეზიაში ჩავიდა და ეს ქვეყანა მეორეა საუდის არაბეთის შემდეგ, რომლის გზებზეც თბილისში აწყობილი ჯავშანმანქანები ივლიან. ამასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში “დელტა” განაგრძობდა ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების დამზადებას ქართული არმიის პირადი შემადგენლობის აღსაჭურვად”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

თურქეთის დაახლოება რუსეთთან აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე: საქართველოს უშუალო მეზობელი თურქეთი მთელი “ცივი ომის” პერიოდში ნატოს ძირითადი დასაყრდენი იყო ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და შავი ზღვის აკვატორიაში. დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოსთვის, რომელიც ნატოში გაწევრებას, ამდენი წელია, უშედეგოდ ელოდება, სწორედ მისწრება იყო ასეთი მეზობლის გვერდით ყოფნა ალიანსის ზღურბლზე გადაბიჯებაში “ხელწასაკრავად”, მაგრამ სიტუაცია იცვლება და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ახლა თავის რუს კოლეგას, პუტინს უფრო “ეხუტება”, ვიდრე ისტორიულ პარტნიორს - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. სირიის ომის, ასევე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთ-აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობაში ნაპრალი გაჩნდა, რაც გააღრმავა წლის ბოლოს მიღებულმა აშშ-ის სენატის რეზოლუციამ, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. ამას უსათუოდ მოჰყვება ოფიციალური ანკარის საპასუხო ნაბიჯები; შეიძლება წამოიჭრას ინჯირლიყიდან ამერიკული საჰაერო სამხედრო ბაზის (სადაც ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები ინახება) სასწრაფოდ გაყვანის საკითხიც. რუსეთისა და თურქეთის ასეთი დაახლოება ხელს შეუშლის ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის აკვატორიაში, რაც უარყოფითად იმოქმედებს ალიანსთან საქართველოს დაახლოების პროცესზე”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“2019 წლის დეკემბერში ნატოს 70-ე სამიტისგან ბევრს ელოდნენ. ამის მიზეზებმა სამიტამდე იჩინა თავი. მეტ-ნაკლებად ყველა შეეგუა, რომ სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების ზრდას მოითხოვდა და რამდენიმე პრეზიდენტსაც გააკრიტიკებდა, ამიტომ დონალდ ტრამპისადმი ინტერესი ნაკლები იყო. უფრო საინტერესო იყო ის პროცესები და განცხადებები, რომლებიც სამიტს უსწრებდა. ბრიტანულ “ეკონომისტთან” ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისეთი განცხადებები გააკეთა, საიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ სამიტზე წევრებს შორის შეხმატკბილებული საუბარი არ იყო მოსალოდნელი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ნატოს სამიტი და საქართველო - რაზე შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდნენ ლიდერები?

“ნატო ჩამოყალიბდა მტრისთვის, ვარშავის პაქტზე პასუხის გასაცემად. 1990 წელს, როცა თავდაპირველი მტერი აორთქლდა, ჩვენ ხელახლა არ განგვისაზღვრავს ამ გეოპოლიტიკური პროექტის მიზანი. ... ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება”, - მაკრონის ამ შეფასებას ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 28 ნოემბრის განცხადება მოჰყვა: “არის ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც ხანდახან მესმის ხოლმე? არის მტერი ჩინეთი? არის ნატოს მიზანი მათი მტრებად აღიარება? არ მჯერა. ჩვენი საერთო მტერი დღეს არის ტერორიზმი"... ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვები: როგორ მიიღებენ ნატოს წევრები ემანუელ მაკრონის კრიტიკას? 27 ნოემბერს სააგენტო “როიტერმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს ახალი საჯარისო ფორმირებების განლაგებას მანამ, სანამ ალიანსი ქურთულ დაჯგუფება “სახალხო თავდაცვის ერთეულებს” ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს. ეს, შეიძლება ითქვას, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო, რადგან თურქეთის ასეთ ულტიმატუმს არავინ ელოდა...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ თემასთან დაკავშირებით სამიტზე რომ ვერ მიაღწიეს საბოლოო თანხმობას, ლონდონის სამიტის დეკლარაციიდანაც ჩანს, სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი თურქეთსა და თავდაცვის გეგმასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ნატო გააგრძელებს მოკავშირეების დაცვას. შესაბამისად, თურქული გამოწვევა გამოწვევად დარჩა და ძნელი წარმოსადგენია, ეს პრობლემა მალე მოგვარდეს. საინტერესოა ისიც, როგორ არის ნახსენები რუსეთი საბოლოო დეკლარაციაში. მესამე მუხლში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები არის საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მეოთხე მუხლში ლაპარაკია მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებაზე, ადანაშაულებენ რუსეთს მის დარღვევაში, თუმცა ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სურვილის შემთხვევაში ნატო კვლავ მზად არის მასთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის მინიშნება, რომ ალიანსი მზად არის კომპრომისისთვის რუსეთთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და თუ რუსეთიც გამოთქვამს სურვილს, შესაძლოა ორმხრივი კომპრომისის მოწმენი გავხდეთ. რა მასშტაბის კომპრომისზეა ლაპარაკი, კონკრეტული მაგალითებით ვნახავთ, დასძენს გამოცემა.

“შეიძლება მკითხველისთვის პესიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ რეალისტურად თუ შევხედავთ, ეს სამიტი საქართველოსთვის სასარგებლო არაფრით ყოფილა. ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი უფრო დიდი გამოწვევებია და ამ ფონზე საქართველო დაიჩრდილა, თუმცა ამას ვერ დავეთანხმებით. ფაქტი, რომ საბოლოო დეკლარაციაში საქართველო, უკრაინა ან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნახსენებიც არ არის, ბევრ შეკითხვას ბადებს. მაგალითად, 2016 წლის 9 ივლისის დეკლარაციის 23-ე მუხლში ლაპარაკია საქართველოსა და უკრაინასთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შემდგომაც 139-მუხლიან დეკლარაციაში არაერთხელ არის ნახსენები საქართველო, ლონდონის დეკლარაცია კი მხოლოდ 9 მუხლისგან შედგება და აჩვენებს, რომ ნატოს წევრებს საკამათო უფრო მეტი ჰქონდათ და ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ფონზე ნატოში ჩვენს გაწევრებასთან დაკავშირებით სიახლეს არ უნდა ველოდოთ. მიუხედავად სირთულეებისა, ლონდონის სამიტზე გარკვეულ საკითხებზე თანხმობას მაინც მიაღწიეს. მაგალითად, ნატო დასახელდა ბირთვულ ალიანსად და აღინიშნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა. საინტერესოა, რომ ნატომ კოსმოსი მოქმედების არეალად დაასახელა, თუმცა ბუნდოვანია, რა სახის ოპერაციებს ისახავს მიზნად ალიანსი კოსმოსში ან როგორ იმუშავებს ამ მიმართულებით”, - წერს სტატიის ავტორი.

“ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა და საერთაშორისო პოლიტიკა არის როგორც გამოწვევა, ასევე შესაძლებლობა, რომელსაც ალიანსმა უნდა უპასუხოს. ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ირიბ გამარჯვებად, რომელსაც ჩინეთთან სავაჭრო ომი აქვს გაჩაღებული და ამას ქვეყნის უპირველეს გამოწვევად მიიჩნევს (რაშიც, ძნელია, არ დავეთანხმოთ). ასევე დონალდ ტრამპის გამარჯვებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ დეკლარაციაში ალიანსმა განაცხადა თანხმობა თავდაცვის ხარჯების 2%-მდე გაზრდაზე და პირობა დადეს, რომ ამ ზღვარს ეტაპობრივად მიუახლოვდებიან... შეიძლება დავასკვნათ, რომ ლონდონის სამიტი ერთ-ერთი რთული სამიტი იყო, ბევრი საკითხი კი გადაუჭრელი დარჩა. ამას ისიც ადასტურებს, რომ დეკლარაცია 9 მუხლისგან შედგება და, ძირითადად, ზოგად განცხადებებს მოიცავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“11 დეკემბერს, გამთენიისას, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმისას მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს. მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძისა და უფროსი სერჟანტის, დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჰოსპიტალიზაციაც არ დასჭირდათ. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, მათ ტერორისტების წმენდისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობა კოალიციურ ძალებთან ერთად განაგრძეს. მე-12 ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის თქმით, სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა – ცხრა ტერორისტი ლიკვიდირებულია, ერთი ტყვედ აიყვანეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ტერაქტი ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე.

“ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება შეძლო. ქართველი სამხედროების ადგილზე დროული მისვლითა და ბლოკირებით მოწინააღმდეგემ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ჯინჭარაძე და შეკითხვაზე - “რა ვითარებაში მოხდა აფეთქება?” პასუხობს:

“ბაზაზე არსებობს შიდა და გარე პერიმეტრი, რომლის შუაში იყო კორეელების შექმნილი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც სამოქალაქო პირებსაც ემსახურებოდა, მაგრამ ამჟამად ის გაუქმებულია. სწორედ მის კედელს დაეჯახა დანაღმული მანქანა, ანუ “იბი აიდი” და მისი წნევისა და აფეთქების ტალღისგან სამხედროებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს. კოალიციური ძალების ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ცხრა, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლდება, არც ერთი სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტალიზებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია სერიოზული დაზიანება... მეორე დღიდანვე ბაზის გარშემო პერიმეტრს მთლიანად კოალიციური ძალები, მათთან ერთად - ქართველებიც აკონტროლებენ და ამ ეტაპზე დაცულია უსაფრთხოება”.

“განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოთა მასშტაბების გაზრდას გეგმავს. 2020 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 100 მლნ ლარი – წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი დაიხარჯება, რაც ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას უდავოდ გააუმჯობესებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რა მდგომარეობაშია ქართული არმიის ყაზარმები.

“სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრის გადაწყვეტილებით, ყაზარმების, სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი-მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შენობების რეაბილიტაციის გარდა, გრძელდება სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი ჩავიდა აჭარის რეგიონში, სადაც ქობულეთის ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ერთი ყაზარმის, სპორტული მოედნის, საყარაულო შენობის, საკონტროლო-გამშვები პუნქტისა და ავტოპარკის მშენებლობა. აჭარის რეგიონის მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა ადლიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში სტუმრობით დაასრულა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა: თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაცნობისას მინისტრმა ასევე მოინახულა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ საქართველოს სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 ქვეითი ბრიგადის სასადილოთიც დაინტერესდა და გასინჯა სამხედრო მოსამსახურეების განახლებული მენიუ, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან შეიცვალა. დაინტერესდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის საჭიროებებითაც, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება”, - განაგრძობს გამოცემა.

“საჩხერის სამთო მომზადების სკოლა: საჩხერის სამთო მომზადების სკოლა თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეთა კვებითაც დაინტერესდა და პირად შემადგენლობასთან ერთად ახალი მენიუ აქაც გასინჯა. სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვისა და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევები აჩვენეს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიღებული დეკლარაციის თანახმად, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პროგრამის - “პარტნიორობა მშვიდობისთვის” მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და რეგიონში ერთადერთია, რომელიც ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო მოსამსახურეთა სამთო მომზადებას სთავაზობს”, - დასძენს გამოცემა.

“მუხროვანის სამხედრო ბაზა: მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში ახალი ყაზარმები მოეწყობა. მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება. თავდაცვის მინისტრი გაეცნო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც. ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო. სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლება, ყაზარმების, სასადილოებისა და სველი წერტილების კაპიტალურად გარემონტება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა – ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ გეგმისა, რომლის განხორციელებას თავდაცვის მინისტრი გეგმავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მესაზღვრის პროფესია ოჯახური ტრადიციაა. წლების წინ გააცნობიერა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში ოჯახისა და ახლობლების გვერდით ყოფნაზე უარის თქმა მოუწევდა, თუმცა ამას არ დაუბრკოლებია. ძმაც მესაზღვრეა... სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს (ბათუმი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, სასაზღვრო პოლიციის მაიორ გიორგი ირემაძის თქმით, ოჯახის წევრები შეგუებული არიან, რომ ახალ წელს ან ოჯახურ დღესასწაულებზე შეიძლება არც ერთი მათგანი შინ არ იყოს...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით საოჯახო ტრადიცია - მესაზღვრის პროფესია.

“ჩემი ქვეყნის სამსახურში ერთი რიგითი მესაზღვრე ვარ და ვცდილობ ისე ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც შემიძლია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და ამას ოჯახური ტრადიცია მოითხოვს. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მესაზღვრის პროფესიის არჩევა ჩემმა ოჯახურმა გარემომ განაპირობა - თვალი გავახილე თუ არა, გარშემო სულ მესაზღვრეები ტრიალებდნენ. პროფესიონალური განათლების მიღებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ყოველთვის მინდოდა, მამასავით მესაზღვრე გავმხდარიყავი. სწორედ მან მირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამეგრძელებინა. 1998 წლის 15 აგვისტოს 18 წლის ჯერ არ ვიყავი, თუმცა აკადემიის კურსანტი მაინც გავხდი. ეს ჩემს ცხოვრებაში გამორჩეულად ბედნიერი დღე იყო. სამხედრო აკადემიაში სწავლის პერიოდი ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქვეყანაში ბევრი პრობლემა იყო, მაინც კვალიფიციური განათლება მივიღე. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ სწორ გზაზე ვიდექი. 4-წლიან სწავლის პერიოდში ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება, პრობლემებთან გამკლავება, მეგობრების არჩევა, ურთიერთობა. ასევე ვისწავლეთ ერთმანეთის გვერდით დგომა და ურთიერთგატანა, რაც ამ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ წლებში შევიძინე მეგობრები, რომლებთან ერთად მზად ვარ მთელი ცხოვრება გავატარო, რადგან ერთმანეთი ბევრ რამეში გამოვცადეთ. მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და კურსელები, რომელთაგან რამდენიმე ახლა გენერალი და მაღალი თანამდებობის პირია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ირემაძე.

“ეროვნული აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ სასაზღვრო ჯარების სარდლის, აწ გარდაცვლილი გენერალ-ლეიტენანტის, ვალერი ჩხეიძის ბრძანებით, ბათუმის 1-ლ რეგიონულ სამმართველოში გამანაწილეს. 2002-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სასაზღვრო ჯარების N1-ლი რეგიონული სამმართველოს (ბათუმი) სასაზღვრო საგუშაგოს (სარფი) უფროსის მოადგილედ, 2004-2008 წლებში დამაწინაურეს და სასაზღვრო სექტორ “კირნათის” უფროსად გადამიყვანეს. საზღვარზე 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 1-ლი სამმართველოს (ბათუმი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად დამნიშნეს. 2008 წელს გრძელვადიანი მივლინებით სასწავლებლად თურქეთში გამგზავნეს. დღემდე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 1-ლი სამმართველოს (ბათუმი) საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. ფაქტობრივად, სულ საზღვარზე ვიყავი, თუმცა, ოჯახის შექმნისთვის მაინც მოვიცალე და 22 წლის მესაზღვრე ოფიცერმა ოჯახი შევქმენი. ახლა ქალ-ვაჟის მამა ვარ”, - განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მაიორი.

“მამაჩემი შალვა ირემაძე უკვე ვეტერანი პენსიონერია. სასაზღვრო ჯარებში სამსახური 1970-იან წლებში დაუწყია. ხუმრობით რომ ვთქვა, მამა პროფესიულ თვისებებს არც ოჯახში ღალატობს - როგორც წლების წინ თავის სამსახურში, აქაც ხელმძღვანელია. მან თავისი შეგნებული ცხოვრება - 35 წელი სასაზღვრო სამსახურს მიუძღვნა და დაჯილდოებულია მრავალი მედლით. როგორც გამოცდილი მესაზღვრე, რჩევა-დარიგებას არ გვაკლებს და არც ჭკუის სწავლება ეზარება. არ მახსოვს, ოდესმე საქებარი ეთქვას, რაზეც, ცოტა არ იყოს, ვბრაზდებით. ახლა მისი მთავარი საზრუნავი შვილიშვილებია... ჩემი ძმა სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. ჩემზე ორი წლით უფროსია. პროფესიით იურისტია. სასაზღვრო პოლიციის რიგებში ჩემზე ერთი წლით ადრე – 2001 წელს ჩაირიცხა. კარიერა რიგითი მესაზღვრით დაიწყო და ყველა ეტაპი გაიარა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი... სხვათა შორის, სამსახურთან დაკავშირებით ხშირად ვკამათობთ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვინ იმარჯვებს?” - პასუხობს:

“არც ერთი არ თმობს პოზიციას და შეთანხმებას ვამჯობინებთ... მამა ჩვენს კამათში არასდროს ერევა და ამიტომ ვერ ვიგებთ, ვის პოზიციას იზიარებს”

“თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 6 დეკემბერს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” იმყოფებოდა, სადაც ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერა და “დელტას” ხელმძღვანელობასთან ქართული სამხედრო ტექნიკის ექსპორტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამამულო წარმოების ტექნიკით აღჭურვის პერსპექტივები განიხილა. ჯავშანმანქანა “დიდგორის” უახლეს მოდიფიკაციებთან ერთად თავდაცვის მინისტრი მრავალფუნქციურ უპილოტო შვეულმფრენის პროტოტიპსაც გაეცნო, რომელზეც მუშაობა ადგილობრივი ძალებით ბოლო წლებია მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური შვეულმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “დელტას” სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი.

“პოტენციური მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მოტომსროლელი და სატანკო ბრიგადების შეიარაღებაში მყოფი დიდი რაოდენობით მსუბუქი და მძიმე ჯავშანტექნიკის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გამორჩეულად საინტერესო და პერსპექტიულია შვეულმფრენის ტანკებზე მონადირე კონფიგურაცია, რომელსაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში რამდენიმე კილომეტრიდან მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ეფექტურად შეუძლია გაანადგუროს როგორც მსუბუქი ჯავშანმანქანები, ისე ტანკები. ამ პროტოტიპზე შეიარაღების საკიდ წერტილებზე შესაძლებელია ერთდროულად ოთხი ერთეული Р-2 ტიპის ლაზერული არხით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის დაკიდება, რომელთა მაქსიმალური სროლის მანძილი 5000 და 7500 მეტრია. რაკეტების ტანდემური საბრძოლო ნაწილი დინამიკური დაცვის სისტემით აღჭურვილ ტანკზე მოხვედრისას 800 მმ ჰომოგენური ფოლადის ეკვივალენტ ჯავშანს გაიტანს. კომპლექსის ავტომატიზებული მართვა-დამიზნების სისტემა, მუშაობის სპეციფიკური პრინციპიდან გამომდინარე, ტანკის საბორტე დაცვის ოპტიკურ-ელექტრონული სისტემის მუშაობის შემთხვევაშიც კი რაკეტის მოხვედრის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახმელეთო და საჰაერო ბაზირების ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურების მუშაობის პირობებში შვეულმფრენით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე ფრენა, რაც მთაგორიანი რელიეფის პირობებში მოწინააღმდეგის ზურგში შეღწევის საშუალებას იძლევა, პილოტის დაღუპვის საფრთხის არარსებობის გამო კი შესაძლებელია მაღალი რისკის ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაც, როგორიც არის, მაგალითად, მტრის ზურგში შორსმსროლელი რეაქტიული არტილერიის ან ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების განადგურება პირდაპირი საცეცხლე ზემოქმედებით. უმცირესი რადიოამრეკლი ზედაპირის (RCS) წყალობით ჰაერში დაბალ სიმაღლეზე დაკიდებული უპილოტო შვეულმფრენის შემჩნევა მაქსიმალურად გართულებულია ახლო მანძილზე მოქმედი საჯარისო საზენიტო-სარაკეტო სისტემების რადიოლოკაციური სადგურებისთვის, მაგალითად, როგორიც არის “შილკა”, “ტუნგუსკა” ან “პანცირი”, რომლებიც ბრძოლის ველზე მცირეგაბარიტული უპილოტო საფრენი აპარატების მთავარ მოწინააღმდეგეებად ითვლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენის გამოყენების სპეციფიკა: შვეულმფრენი იმართება ავტონომიური მობილური მართვის ცენტრიდან, საიდანაც დროის რეალურ რეჟიმში მიმართული მოქმედების ანტენის საშუალებით დახურული ხარვეზებისგან დაცული სიხშირით მისი მართვა მაქსიმალურ 150 კმ-მდე შეიძლება. პირდაპირი კავშირის დაკარგვის შემთხვევაში ავტოპილოტი ინერციული (INS) და სატელიტური (GPS) ნავიგაციის სისტემების საშუალებით შვეულმფრენს ბაზაზე დააბრუნებს. ამ პროექტზე მუშაობისას დაგროვილი ქართველი სპეციალისტების გამოცდილება და დანერგილი ტექნოლოგიები სამომავლოდ „დელტას~ საშუალებას მისცემს, იმუშაოს ისეთ პერსპექტიულ სისტემებზე, როგორიც არის სხვადასხვა მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები და ტაქტიკურ თუ ოპერატიულ სიღრმეებში მოქმედი კამიკაძე დრონები”, - დასძენს გამოცემა.

“აფხაზეთის ომში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე ძლიერი და სახელგანთქმული გემი - სეინერი “განთიადი” ცოტა ხნის წინ ჩაიძირა - 2019 წლის 6 დეკემბრის ღამით, დაახლოებით 2 სთ-ზე, ჩოლოქის ტრავერსზე სეინერი “განთიადი”, სავარაუდოდ, წყალში მოტივტივე მორს დაეჯახა, მარჯვენა ბორტში წყალხაზს ქვევით გაიხვრიტა და დახმარება ითხოვა. კაპიტანი იგორ ბოროდკინი სეინერის გადარჩენას ნაპირზე გარიყვით შეეცადა, მაგრამ კორპუსში შესულმა წყალმა "განთიადი" ნაპირის სიახლოვეს, დაახლოებით 7-10 მ სიღრმეზე ჩაძირა. ბBორტზე მყოფი რვა მეზღვაური სეინერმა “ვიქტორიამ” გადაარჩინა...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სეპარატისტების რისხვა “განთიადი”.

“გაგრის თევზმჭერი კოლმეურნეობის სეინერი “განთიადი” 1983 წლიდან დაცურავდა და მისი საქმიანობა შავ ზღვაში თევზის რეწვა იყო. აფხაზეთის ომმა მშვიდობიანი გემი სამშობლოს სამსახურში ჩააყენა. სეპარატისტთა კატარღებისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად “განთიადის” კაპიტნის, შუქრი კოპალიანისა და ეკიპაჟის ინიციატივით სეინერის შეიარაღება გადაწყდა. 1992 წლის ბოლოს სოხუმის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტ “ატოლის” სპეციალისტებმა ეკიპაჟის მონაწილეობით სეინერი სხვადასხვა იარაღით აღჭურვეს. წინა გემბანზე დაიდგა უმართავი რაკეტული ჭურვების გამშვები საავიაციო კონტეინერი "უბ20-ვ20ა", რომელიც ერთი ზალპით 82 მმ-იან C-8 ტიპის 20 რაკეტას ისროდა. სროლის სიშორე, რაკეტების მოდიფიკაციიდან გამომდინარე, 1300 მ-დან 4500 მ-ის ფარგლებში მერყეობდა. საზენიტო 23 მმ-იანმა ავტომატმა PE-23-2-მა ადგილი სეინერის კიჩოზე დაიკავა. ორ 14,5 მმ-იან "კპვტ"-ს ტიპის ტყვიამფრქვევს ადგილი ბაკზე, ორ 12,7 მმ-იან "დშკ"-ს კი – ზედნაშენზე მიუჩინეს. შეიარაღებული სეინერის დანიშნულება იყო სანაპირო ზოლში ზღვაოსნობის უსაფრთხოება, მოწინააღმდეგის კატარღების თავდასხმებისგან სოხუმის დაცვა, სამოქალაქო გემების გაცილება და სხვ. “განთიადის” საცეცხლე საშუალებები ოთხივე მიმართულებას ფარავდა. ასეთი ძლიერი შეიარაღება არც ერთ სხვა ქართულ გემსა თუ კატარღას არ ჰქონდა. მისი მონაწილეობით ქართველმა მეზღვაურებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუდაუთის დაბომბვა: 1993 წლის მარტში სოხუმზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ აპრილში აფხაზები სოხუმის გახშირებულ დაბომბვაზე გადავიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმაც იმატა. მოწინააღმდეგის აქტიურობის შესასუსტებლად საჭირო იყო ადეკვატური კონტრზომები, რაც გუდაუთაში მყოფ სეპარატისტებს დაუსჯელობის განცდას მოუსპობდა. მაშინ გაჩნდა ზღვიდან “გრადის” დანადგარით გუდაუთის დაბომბვის იდეა, მაგრამ იდეის განხორციელებას ხელს უშლიდა აფხაზ სეპარატისტთა საზღვაო შესაძლებლობებზე მწირი ინფორმაცია, ამასთანავე, შეუძლებელი იყო რუსი სამხედროების მოსალოდნელი რეაქციის განსაზღვრა. ამის მიუხედავად, მაინც დაიწყო ოპერაციის საიდუმლო ვითარებაში მომზადება და სეპარატისტთა შეცდომაში შესაყვანად ზომებიც მიიღეს. ამასობაში სოხუმის სატვირთო პორტის რაიონში ადგილობრივი საშუალებებით უმნიშვნელოდ გადაკეთდა მიწამხაპავი “კოდორი”, რომელზეც “ურალის” მარკის ავტომობილი დამაგრდა 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრად"-ის დანადგარით. ოპერაციის ჩასატარებლად 28 აპრილს სოხუმიდან გავიდა ტაქტიკური ჯგუფი: შეიარაღებული სეინერი “განთიადი” (მეთაური შუქრი კოპალიანი), შეიარაღებული გემი”კოდორი” (მეთაური მამუკა ჯანგველაძე), შეიარაღებული კატარღები - “ვოლგა-05” (მეთაური მალხაზ ოჩიგავა), “ვოლგა-06” (მეთაური ვლადიმერ გვაზავა), “სტრიჟი-01” (მეთაური ზურაბ ბარაბაძე) და “სტრიჟი-02” (მეთაური ზურაბ ჯალაღონია). 28 აპრილის 3:15 სთ-ზე გუდაუთაში წინასწარ შერჩეული მიზნების მიმართულებით “გრადის” 36 ჭურვი გაფრინდა, ოთხი კი ყოველი შემთხვევისთვის დატოვეს. ოპერაციის შედეგები უცნობი დარჩა, თუმცა ამის შემდეგ სოხუმის დაბომბვამ იკლო, მაშინდელმა აფხაზურმა პრესამ კი ოპერაციის მიღმა უკრაინული იარაღი და უკრაინელები დაინახა. რუსული სამხედრო დანაყოფებით ყოველმხრივ დაცულ-გამაგრებული ქალაქის დაბომბვა ქართველი მეზღვაურების დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს”, - დასძენს გამოცემა.

“აფხაზმა სეპარატისტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვაო კომუნიკაციებზე კონტროლის სისტემაში შემავალი გემის, “ვექტორის” მწყობრიდან გამოყვანა. ერთხელ აფხაზებმა “ვოლგის” ტიპის კატარღებიდან გემის სავალი ჯიხური ტყვიამფრქვევის ცეცხლით დაცხრილეს და "რპგ"-7-ის რამდენიმე ჭურვიც ესროლეს. 6-7 ივლისს “ვექტორი” ოჩამჩირიდან მგზავრებით გამოვიდა და კურსი სოხუმისაკენ აიღო. იმ დროს ტამიშის მახლობლად აფხაზური კატარღები დაცურავდა და ორმა მათგანმა გემის დაკავება სცადა. “განთიადი” სკურჩასთან იყო, როცა ეს გაირკვა და გემის მეთაურის, შუქრი კოპალიანის ბრძანებით სეინერი სრული სვლით “ვექტორის” დასახმარებლად წამოვიდა. ყველა საცეცხლე საშუალება საბრძოლო მზადყოფნაში იყო და ბრძანებისთანავე მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელი ცეცხლის გახსნა შეეძლო. ნათელი ღამე იყო და ზღვის ზედაპირი კარგად ჩანდა. როგორც კი ერთ-ერთი აფხაზური კატარღა თვალთახედვის არეში მოექცა, მთელი ცეცხლი მისი მიმართულებით გაიხსნა. “ვოლგას” ცეცხლი მოედო და წყალში გაუჩინარდა. გათენებისას ზღვაში ქართული კატარღები გავიდნენ და ის რაიონი დაათვალიერეს, სადაც, სავარაუდოდ, აფხაზთა კატარღა ჩაიძირა. ჩვენმა მეზღვაურებმა მაშველი რგოლი, ნაფოტები და საწვავის ლაქა იპოვეს... მთელი ომის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხევევა, როცა ქართულმა გემმა მოწინააღმდეგის კატარღა გაანადგურა და ამის აღსანიშნავად 7 ივლისი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღედ გამოცხადდა”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს