სანდრო თვალჭრელიძე - “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
ხმების რამდენი პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი - ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს
ლაშა ძებისაშვილი - “ჰიბრიდულ ომში რუსული წესებით კატასტროფული სურათი გამოიკვეთა”
არჩევნების წინა ბოლო კვირა - ვის უმტყუნებს ნერვები
მირიან მირიანაშვილი - “ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ არის”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
“20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ხალხის ნება თვალნათლივ გამოჩნდა, ხალხს სურს ევროპა, სურს ცვლილებები და აღარ სურს არჩევნებზე ოთხჯერ ზედიზედ ერთი და იმავე პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. ეს აქცია არის ამის ცხადი გზავნილი. ჩემი აზრით, ხალხის ამ ნებას ვეღარავინ დაუდგება წინ. აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ვნახეთ ის ოვაცია, რითაც შეხვდა საზოგადოება. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი ფიგურაა ხელისუფლებიდან, რომელსაც ენდობიან ქვეყნის გარეთ და უსმენენ საქართველოში. ჩემი შეფასებით, მისი როლი არჩევნების შემდეგ უფრო გაიზრდება. მას ექნება დაძაბულობის შემცირებისა და გამაერთიანებლის როლი. მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
“ზოგადად თუ მიმოვიხილავთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდმაც აჩვენა, რომ ევროპისგან კიდევ ბევრი რამ გვაშორებს. ჯერ კიდევ აშკარაა, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ეს უპირველესად ვლინდება ჩვენს მენტალიტეტსა და მსოფლმხედველობაში. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოქიშპე პარტიები ერთმანეთს პატივს სცემენ და მზად არიან თანამშრომლობისთვის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ არის ერთპარტიული მმართველობის სისტემა. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს კოალიციური მთავრობები მართავენ, ჩვენთან კი კოალიციური მთავრობა მმართველი პარტიისთვის უბედურების ტოლფასია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ამ არჩევნებით დასრულდება, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს გადამწყვეტ უმრავლესობას და იძულებული იქნება ეძებოს გამოსავალი კოალიციაში, მაგრამ ერთმანეთის ლანძღვა-გინება და უკიდურესად ნეგატიური მუხტი ამას ხელს უშლის. ოპოზიციაში თითქოს მეტ-ნაკლებად მიხვდნენ, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს გამარჯვების შანსი და ამიტომ აშკარად მზად არიან კომპრომისისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, იგივე უნდა გაეკეთებინა მმართველ პარტიასაც, ეძებნა პარტნიორები. “, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, ძალით აგებს ამ არჩევნებს. 6 თვის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებამ, დასავლეთის დაუსრულებელმა ლანძღვა-გინებამ და ა.შ. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. რისთვის გააკეთეს, ჩემთვის დღემდე გაუგებარია. კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, სრული დილეტანტიზმია. პოლიტიკური აქტორები ხშირად ისეთ რაღაცას ამბობენ, რისი გაკეთებაც, აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. არ შეიძლება ისეთი რამეების თქმა და დაპირება, რაც პირდაპირ ააშკარავებს შენს უცოდინარობას... დღემდე ჩვენი მთავრობები კომპლექტდებოდა პოლიტიკურად და არა პროფესიული ნიშნით. საბოლოოდ, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრები ამ პოსტზე, ლორენს პიტერის პრინციპის თანახმად, საკუთარი არაკომპეტენტურობის მაქსიმუმს აღწევენ, რაც საქმეს აზიანებს. ამიტომ ტექნიკური მთავრობის იდეა არასწორად სულაც არ მიმაჩნია. მე ბოლო 30 წელიწადია ამაზე ვლაპარაკობ, რომ გვჭირდება სწორედ პროფესიული ნიშნით შედგენილი მინისტრთა კაბინეტი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლარიზაციას. მოკლედ, იდეა ჯანსაღია, მაგრამ მისი ფორმა და ხორცშესხმა როგორი იქნება, ეს სხვა საკითხია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“იმედია, საარჩევნო გარემო თანდათან ნაკლებად ხისტი და დაძაბული იქნება. ჩვენ ნელ-ნელა ვიძენთ სამოქალაქო საზოგადოების თვისებებს, რაც აუცილებლად აისახება პოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, ვინც არ უნდა გავიდეს არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე, ვერ შეძლებს გადამწყვეტი უმრავლესობის მოგროვებას და აუცილებლად დასჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა, რაც დიდი ნახტომი იქნება დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, თანამშრომლობა და შეთანხმება... თუ ოპოზიციური კოალიცია მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ გადატვირთვა მომენტალურად დაიწყება, თუმცა “ქართული ოცნების” გამარჯვების ან მისი შექმნილი კოალიციის პირობებში ეს გართულდება. ყველაფერი, რაც ითქვა დასავლეთზე და გაკეთდა, მარტივად ვერ ჩაივლის. ეს იყო ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად გაუგებარი წინასაარჩევნო ხრიკი. რაში დასჭირდა “ქართულ ოცნებას” დასავლეთთან ამ ენით ლაპარაკი, არ ვიცი”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ერთი შეხედვით, მათ სურდათ მკვეთრად შეემცირებინათ არასამთავრობო სექტორის გავლენა არჩევნებზე, რაც სრული სიბრიყვე იყო. თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩნენ, მაინც მგონია, თანდათან შეეცდებიან ევროპულ გზაზე დაბრუნებას, რადგან საქართველოს სხვა გამოსავალი არა აქვს - ან უნდა მოხდეს ქვეყნის ბელარუსიზაცია, რაც ყოვლად გამორიცხულია, ან საქართველო უნდა დაუბრუნდეს განვითარების ბუნებრივ გზას. “ქართული ოცნების” პოლიტიკა კი ბოლო თვეებში, ჩემი შეფასებით, აბსოლუტური სიბეცეა. ზუსტად ამან დააყენა ეჭვქვეშ მათი გამარჯვება. “ოცნების” მარცხი, რაც 6 თვის წინ არარეალური ჩანდა, სრულიად რეალური გახდა დღეს. ამასთანავე, ბოლო თვეებში დავინახეთ, რომ “ქართულ ოცნებაში” პიროვნებები არ არსებობენ. უკაცრავად და, ამ პარტიაში, ძირითადად, არიან კლონები, რომლებიც ერთი კაცის ნათქვამის მიხედვით მოქმედებენ. თუმცა ამ კლონების ნაკადშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დადუმდნენ. მაგალითად, სად გაქრა არჩილ თალაკვაძე? რატომ წავიდა პოლიტიკიდან დავით სერგეენკო? სწორედ იმიტომ, რომ არ სურდათ ამ მარაზმში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, “ქართული ოცნების~ ე.წ. მოლაპარაკე თავები როგორ გავლენ ქუჩაში, არ ვიცი”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ეს ხალხი ლაპარაკობს იმას, რასაც ავალებენ, და არა იმას, რასაც ფიქრობენ. ეს მლიქვნელობა ზუსტად ლორენს პიტერის პრინციპს შეესაბამება. ეს არის ხალხი, რომელსაც კომპეტენცია არ გააჩნია, რასაც ეტყვის ერთი ე.წ. წინამძღოლი, იმას იმეორებენ. ასეთი პარტია განწირულია ნგრევისთვის. ამ ხალხს აერთიანებს არა მსოფლმხედველობრივი იდეა, არამედ პოლიტიკური ოკეანის ზედაპირზე ტივტივის სურვილი. როგორც კი დაბრკოლება შეხვდებათ, ჩაიძირებიან და ისევე დაინგრევა “ქართული ოცნება”, როგორც თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირი”. ისინი წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ევროკავშირში გაწევრებაზე, ვიზალიბერალიზაციას ამათ მოაწერეს ხელი... ახლა კი 180 გრადუსით შებრუნდნენ და უკან მიდიან. ესეც აჩვენებს, რაოდენ უპრინციპო ხალხი გვყავს ამჟამად ხელისუფლებაში... ჩემი აზრით, სულაც არ არის გამორიცხული, კოალიციური მთავრობის შექმნა “ქართულმა ოცნებამაც” შეძლოს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამის პატარა შანსი ნამდვილად არის. კანონის თანახმად, თუ გადამწყვეტ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტმა პირველად სწორედ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა შესთავაზოს კოალიციის შექმნა. ეს კი, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის მარცხს, სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის გამწვავება. ჩვენი უახლესი ისტორია ამას აჩვენებს. თუმცა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, ჩემი აზრით, უფრო სანდოსა და მდგრადს ხდის ვითარებას”, - ამბობს რესპონდენტი.
“ვნახოთ, საარჩევნო დღე როგორ ჩაივლის. კითხვას უფრო ასე დავსვამდი - რამდენად მზად არის `”ქართული ოცნება” წაგებისთვის? ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ძალიან კარგი, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაუსახელებია “ტექნიკური მთავრობა”. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდეც არ იტყვის. ეს პოლიტიკური შეცდომა იქნება. საქმე ის არის, თუ პრემიერობის კანდიდატს ან მთელ შემადგენლობას დაასახელებს, ის ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. არ არის საჭირო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაბნევა. მთავარია, ოპოზიციამ მიიღოს სასურველი შედეგი, დანარჩენზე მოლაპარაკება და კანდიდატების შერჩევა არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს... თქვენ მიერ ნახსენები კანდიდატურებიდან ზოგიერთს ვიცნობ, პატივსაც ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველასთვის მისაღები ფიგურა მათგან არც ერთი არ არის, ყველას აქვს დადებითი მხარეც და უარყოფითიც”, - დასძენს თვალჭრელიძე.
ხმების რამდენი პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი - ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, პარალელურად კი ხმების მოსაგროვებლად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასობრივად გაზარდა. რამდენად ძლიერია ეს ზეწოლა და ზოგადად, საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით? “ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საჯარო მოხელეები, გარკვეული მიზეზის გამო, ზეწოლის გარეშეც აძლევენ ხმას ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ყოველთვის იცვლებოდა დაბალი და საშუალო დონის ბიუროკრატიული რგოლი და ხელისუფლებაში მოსულ ძალას მისი აქტივისტები და მხარდამჭერები მოჰყავდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებსაც აქვთ განცდა, რომ თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს მათზე გარკვეულწილად აისახება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხმების რამდენ პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი - ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს.
“პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ “ოცნების” წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს. “ოცნების" რეგიონული კლანები არიან “ოცნების” დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა “ოცნების” სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს “ოცნებას” შეუძლია გაიგოს ვინ ვის გააფერადებს... მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ... “ნაცმოძრაობის” გენერალური მდივანის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ხმის მიცემა ფარული არ არის. დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საჯარო მოხელეების გარდა ხელისუფლება ააიპ-ების და სოციალურად დაუცველების არმიას იყენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა განსაკუთრებული ისეთი არაფერი ხდება, რაც ადრე არ იყო. ბუნებრივია, ზეწოლა არის. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ადამიანი საარჩევნო სპეციფიკაში ცოტა მაინც გარკვეულია იცის, რომ ამ ზეწოლას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მათი ხმები 100%-ით დაცული იქნება და ვერავინ გაიგებს ვის მისცა ხმა. ამიტომ, თუ ვინმე საჯარო მოხელე მომისმენს, ვეტყვი, რომ ასეთი ზეწოლის შემთხვევაში, თუ მას ეშინია, თავი დაუქნიოს, მერე წავიდეს და ვისაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი. თუკი ისინი ამას გააპროტესტებენ და ამ ფაქტებს საჯაროს გახდიან, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მოკლედ, ხმის მიცემა იმდენად კონფიდენციალურია, რომ არ უნდა იფიქრონ, რომ ვინმე გაიგებს. რთული სათქმელია ხელისუფლებაში მყოფი პარტია ადმინისტრაციული რესურსიდან საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს. ეს დამოკიდებულია თვითონ ადმინისტრაციული რესურსის რაოდენობაზე. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, მარტო საჯარო მოხელეები არ იგულისხმებიან. ამ ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდი ააიპ-ების არმია ჰყავს, განსაკუთრებით რეგიონებში, საკრებულოებთან არსებულები”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ეს ნიშნავს, რომ შექმნიან რაღაცას - მაგალითად, ქობულეთის კულტურის ცენტრი, ან თერჯოლის განვითარების ასოციაცია და ა.შ. ისინი საკრებულოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელფასებს უხდიან, დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე, არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ ამ თანხებს იღებენ. ანუ მობილიზებული აქტივისტები არიან, რომლებიც არჩევნების დროს აქტიურდებიან და ერთვებიან წინასაარჩევნო პროპაგანდაში. ესეც ადმინისტრაციული რესურსია. ასევე ადმინისტრაციულ რესურსში შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. სოციალური დაუცველების არმია, რომლებთანაც მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები მიდიან და ემუქრებიან, რომ თუ “ოცნებას” ხმას არ მისცემენ, დახმარებას მოუხსნიან. პრინციპში, ხელისუფლების მთლიანი ხმების ნახევარი ადმინისტრაციულ რესურსზე გადის. მათი ამომრჩევლები რეალური მხადამჭერები კი არ არიან, არამედ ისინი ხმას აძლევენ ძალას. თუმცაღა ამან შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხში არის განცდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ასეთ ვითარებაში კი მმართველი გუნდი იმდენ ხმასაც ვერ აიღებს, რამდენსაც ელოდება. ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ძალიან რთულია ამ საკითხზე დეტალურად საუბარი. თუ რეალურად ასეა, მაშინ უნდა დაასახელონ ის საჯარო მოხელეები, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, ან თვითონ ის გამოვიდეს საჯაროდ და განაცხადოს, რომ მას აიძულებდნენ ხმა მიეცა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის. ან დოკუმენტური მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამის გარეშე მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ მსგავს რაღაცას ადგილი აქვს. მე დეტალურად ეს საკითხი, თუ ხელისუფლება საჯარო რესურსებიდან რამდენ პროცენტს იღებს, არ შემისწავლია. ყველა ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უჭერს მხარს. თუმცა, ისეთი საჯარო მოხელეების გარკვეული რაოდენობაც არსებობდა, რომლებიც ოპოზიციას აძლევდა ხმას. მაგალითად 2012 წელს, საჯარო მოხელეების ძალიან დიდმა ნაწილმა “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ აძლევს ხმას, შეიძლება შეადგენდეს 10-15%-ს, ან ცოტა მეტს, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, რადგან კონკრეტული მონაცემები არ გამაჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ლაშა ძებისაშვილი - “ჰიბრიდულ ომში რუსული წესებით კატასტროფული სურათი გამოიკვეთა”
“დღეს საქართველოს ისტორიის ისეთ გარდამავალ მომენტში ვართ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მთელი რიგი არაკეთილმეგობრულად განწყობილი ძალები და სახელმწიფოები მოქმედებენ. არის სპექტრი იმ საფრთხეებისა, რომლებიც თუ განხორციელდა (და ხორციელდება კიდეც), ეს არა მარტო სახელმწიფოს და საზოგადოებას დაასუსტებს, დიდი დარტყმის ქვეშ დაგვაყენებს. საფრთხეების სპექტრიდან ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომია, რაც არყევს ნდობას პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, იხლიჩება საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და ინსტიტუტები, ხალხს აღარ სჯერა პოლიტიკოსების და სახელმწიფო უწყებების. დეზინფორმაციული გზავნილები, სიცრუე, პროპაგანდა და ა.შ. გამიზნულია საზოგადოების დაპირისპირებისთვის, რათა მაქსიმალურად განადგურდეს ეროვნული საზოგადოებრივი ერთიანობა, რაც უმთავრესი წინა პირობაა იმისა, რომ ერმა და სახელმწიფომ წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს”, - აცხადებს ექსპერტი, უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჰიბრიდული ომი რუსული წესებით.
“ამ ომში საინფორმაციო მესიჯებით შეტევა კონკრეტული სამიზნე ჯგუფების, პოლიტინსტიტუტების და ა.შ. წინააღმდეგ არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მასში ბევრი სხვა ელემენტიცაა, მათ შორის, დივერსიული საქმიანობა, გავლენის მოპოვება ეკონომიკურ სივრცეში. ამ შეტევებმა ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ როცა საბოლოო დარტყმას მიაყენებენ საქართველოს - იქნება სამხედრო, პოლიტიკური თუ სხვა, ქვეყანას წინააღმდეგობის გაწევის რესურსი არ ჰქონდეს. ეს არის ის დიდი საფრთხე და ამის შემოქმედი რუსეთია. ამისგან თავდაცვისთვის საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები უნდა იყოს მედეგი. თუ პოლიტიკურ სისტემას არ გააჩნია უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს საინფორმაციო შემოტევას, ეს ნიშნავს: 1. მას არა აქვს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ნება ან 2. არა აქვს წინასწარ შემუშავებული გეგმა, მატერიალური თუ ტექნიკური რესურსი და მექანიზმები, რომ შეეწინააღმდეგოს საინფორმაციო შემოტევებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.
“პოლიტიკური აქტორები” - ასე ჰქვია კვლევას, სადაც შედიოდა შსს, უსაფრთხოების სამსახური, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, ეროვნული კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, პრემიერის ოფისი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის ორი ძირითადი კომიტეტი - უსაფრთხოებისა და თავდაცვისა და ეროვნული ინტეგრაციის კომიტეტი, მუნიციპალიტეტებიდან - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი (სადაც ძალიან გაიზარდა რუსულენოვანი მოსახლეობა), ქვემო ქართლი... გვაინტერესებდა, იქ თუ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდა და რა მექანიზმები გვაქვს ამის აღსაკვეთად. საბოლოოდ მივიღეთ კატასტროფული სურათი - გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ფორმალურად თითქოს აღიარებს, რომ არსებობს რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდის საფრთხე, მის აღსაკვეთად არაფერი კეთდება, არ არსებობს სამოქმედო გეგმა და კოორდინაცია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ოპოზიციურ პარტიებშიც კი დაბალი იყო იმ აუცილებლობის აღქმის დონე, რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა ეფექტური უნდა იყოს. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, შემაშფოთებელი ის იყო, რომ არ არსებობს თანამშრომლობა არც ერთ დონეზე, რათა როგორმე შეიზღუდოს და აიკრძალოს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალება. განსაკუთრებით საგანგაშო ის არის, რომ მუნიციპალიტეტებში საამისოდ არაფერი კეთდება. ჩვენი პარტნიორები განსაკუთრებით ამახვილებენ ამაზე ყურადღებას და ჩვენი უწყებებისგან ითხოვენ, რომ მოქალაქეები მოვამზადოთ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამ საფრთხესთან საბრძოლველად აბსოლუტურად მოუმზადებელია. სახელმწიფო უწყებებში ფორმალურად აღიარებენ, რომ რუსული დეზინფორმაცია სახიფათოა, თუმცა სუს-ის ბოლო ანგარიშებს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ ხდება მესიჯების შერბილება, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე ძალზე ნეიტრალურად საუბრობენ, თითქოს დასავლეთიდან მომავალი ნაკადები თავისი მავნე გავლენებით უდრის რუსეთიდან მომავალ სადეზინფორმაციო ნაკადებს, ანუ ტოლობის ნიშანს სვამენ, რაც დაუშვებელია”, - განმარტავს ექსპერტი.
“იმაზე აღარ ვილაპარაკებ, რომ ფართოდ ვრცელდება ცნობილი შეთქმულების თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს მსოფლიოს რესურსული ბაზების დაპყრობა, ტრადიციული ღირებულებების მოსპობა, გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ა.შ. ჩვენ რეალურად არც გვჭირდება რუსული დეზინფორმაციული ნაკადების დადარება, ვინაიდან “ოცნება” იღებს რუსულ სადეზინფორმაციო ნარატივებს და ქართული შეფუთვით თვითონ გააქვს შიდა ბაზარზე. თუ, პირობითად, სხვა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდას სჭირდება ადგილობრივი მედია, მაგალითად, ქმნის “რაშა თუდეის”, საქართველოში მას არაფრის გაკეთება არ სჭირდება, ეს ფუნქცია “ოცნების” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და მასთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმა იკისრეს. იმას აღარ ვამბობ, რამდენად ემთხვევა ის ნარატივი, რუსეთი წლების განმავლობაში რომ გვეუბნებოდა, ომი თქვენ დაიწყეთო, და მერე “ოცნებამ” იგივე თქვა, - ომი 2008-ში ჩვენ დავიწყეთო”, - ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
“მასირებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ შემოტევას სახელმწიფო არათუ წინააღმდეგობას არ უწევს, მმართველ პარტიასთან აფილირებული ძალები პირდაპირ არიან ჩართული მსგავსი მესიჯების გავრცელებაში. ჯერ რად ღირს “გლობალურ ომის პარტიაზე” განცხადებები, ამ პარტიას ხან ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, ხან არა, ხან თურმე მასთან უნდა “დალაგდნენ”... ასეთი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფო იწყებს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ და საინფორმაციო სივრცეში ფართო კოორდინაციას, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწყის ეტაპზე შეზღუდვას, შემცირებას და საბოლოოდ აღკვეთას. ჩვენ ამ სიტუაციაში მთავარი ბერკეტი გვაქვს გამოცლილი ხელიდან, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი საინფორმაციო გზავნილები შევზღუდოთ და აღვკვეთოთ. ეს მთავარი ბერკეტია სახელმწიფოს მაკოორდინირებელი ფუნქცია. მისი ვალია მთელი რესურსების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მობილიზება და რეგულირება, რათა შეიზღუდოს საინფორმაციო სივრცე ამ ნაკადებისთვის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“რუსეთის საინფორმაციო შეტევა კარგად არის მორგებული თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ სურათზე. მესიჯებს შეიძლება მეტ-ნაკლებად ჰქონდეს საერთო დამახასიათებელი ნიშან-თვისება, მაგრამ მათი შეფუთვა ხდება ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე. რუსეთის მიზანია დასავლეთის ერთიანობის მოშლა და ამისთვის პირდაპირ ურტყამს დასავლეთს, რათა ევროკავშირის ერთიანობა მაქსიმალურად მოიშალოს პოლიტიკურ დონეზე (მაგალითად, როგორიცაა უნგრეთის პოლიტიკა უკრაინასთან ურთიერთობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავს უკრაინისთვის საფინანსო და სამხედრო დახმარებას). რუსეთს სურს ბევრი “უნგრეთი” იყოს ევროკავშირში, რათა საბოლოოდ ის, როგორც ერთიანი იდეის ეფექტური, წარმატებული პროექტი მოშალოს და მოსპოს. ბუნებრივია, რუსეთი ხვდება, რომ ამ ეტაპზე სამხედრო გზით ვერ გადაუვლის დასავლეთს, მაგრამ მას შეუძლია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური გავლენის მოპოვებით შეარყიოს ევროპული ერთიანობა”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“შემდგომ კი, როცა ევროპა პოლიტიკურად დასუსტებული იქნება, რუსეთი შეტევაზე გადავა და სამხედრო გზით ჯერ ბალტიისპირეთს დაიბრუნებს და მერე დანარჩენს. რუსეთის საინფორმაციო-პოლიტიკური, მათ შორის ეკონომიკური გავლენების მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვან სახელმწიფოებს, რომელთაც ევროპასთან ინტეგრაცია სურთ, მოუსპოს ამის პერსპექტივა იმით, რომ დაასუსტოს თვითონ ევროკავშირი, გახადოს უუნარო და ამ ქვეყნებზე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული შეტევები, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში სამხედრო ოპერაციებითაც არ ჩაერევა. დღეს საქართველო ამ დიდი ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა - რუსეთი ეკონომიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს. მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის რუსულ ეკონომიკასთან მიბმა მიმოსვლით, ვაჭრობის გაფართოებით, ტურისტების რაოდენობის ზრდით და ა.შ. კრემლს იმედი აქვს, რომ არჩევნების შედეგად ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვშორდებით დასავლეთის გზას, ჩვენს ოცნებას, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. რუსეთის მიზანია ამ ჰიბრიდული გავლენით მოხდეს საქართველოს საზოგადოების სრული გაბრუება, მისი ფსიქოლოგიური და ინფორმაციული აღქმის სრული აღრევა”- დასძენს ლაშა ძებისაშვილი.
არჩევნების წინა ბოლო კვირა - ვის უმტყუნებს ნერვები
“არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს, შესაძლოა, მოჩვენებითი სიმშვიდე იყოს დ არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირაში ხელისუფლებას ან ოპოზიციას ნერვებმა უმტყუნოს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ვითარება არც ისე მშვიდია, როგოც ამის წარმოჩენას ხელისუფლება ცდილობს. მათი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული მიზნებისთვის ართმევენ და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის პარალლეურად ხდება ოპოზიციის მხარდმჭერთა თვალთვალი, მოსმენა, დაშინება და შანტაჟი. ასევე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებაც. მაგალითად, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ 19 ოქტომბერს თბილისის ცენტრში, სადაც მათი ოფისია, თავს დაესხნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნების წინა ბოლო კვირა - ვის უმტყუნებს ნერვები.
“მითხრეს, აქ კედლებს რატომ ღებავო. ვუთხარი - სამსახურში მივდივარ, გამიშვით-მეთქი. დარეკეს. მოვიდა მანქანა, გადმოვიდა ხუთი კაცი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ, გააძრეს “პულვერიზატორი”, მცემეს, მირტყეს და შემღებეს... გამომსარჩლებელი არავინ იყო”, - ამბობს ბადრი ოყუჯავა. ოპონენტების ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია და ამის დასტურად ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მოჰყავთ. ასევე უარყოფენ ოყუჯავაზე თავდასხმაში მათი მხარდამჭერების მონაწილეობას. მმართველი გუნდი ოპოზიციას ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებაში სდებს ბრალს და ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს. “ქართული ოცნებიდან” ოპონენტებს რამდენჯერმე გაახსენეს 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო, თუმცა ფაქტი ვერ დადასტურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გასულ კვირას საგანგებო განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული ცრუ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება. ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა, ასევე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ანალიტრიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველაზე მეტად სიმშვიდე ხელისუფლებას აწყობს, რადგან დასავლეთისგან აქვს საფრთხე არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე იცის, რომ მას ყველა მხრიდან აკვირდებიან, ამიტომაც მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს სიმშვიდე შეინარჩუნოს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ლოგიკურად ასეა, რომ მმართველ გუნდს ახლა არაფერში უნდა აწყობდეს დაპირისპირება, ფიზიკური ანგარისწორება და დაშინება. მან კარგად იცის, რომ ყველა მხრიდან გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მას არაფერი დაბრალდეს. რაც შეეხება ამ ახალგაზრდაზე თავდასხმას, თუ ხელისუფლებას ამაში წვლილი არ მიუძღვის, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეს მაქსიმალურ ვადებში გაარკვიოს და თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინოს. მაშინ უკვე დამაჯერებელი იქნება, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ოპოზიცია კი, რასაკვირველია, ეცდება ასეთი ფაქტების გამოყენებას. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, ასევე ვიტყვი, რომ თუ მათ რაიმე ხელშესახები აქვთ ოპოზიციის წინააღმდეგ და იციან ასეთ ფალსიფიცირებული კადრების და აუდიო ჩანაწერების გაკეთებას ვინც აპირებს, მაშინ აჩვენონ და უფრო მეტი უთხრან ამაზე საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისევ პოლიტიკურ მანიპულაციად ჩაითველება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუმცა, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მაინც ველი, რომ უმძიმესი კვირა გევქნება. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს ნერვებმა მით უფრო უმტყუნოს. ამიტომ წინასწარ ხელისუფლების ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი. კი, ბატონო, “ნაციონალების” დროსაც და ადრეც რომ იყო ქვების სროლა პოლიტიკოსებზე და ოპოზიციაზე, მსგავსი შემთხვევა არ არის. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება”, - დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა და ამ დღეებში არ გამორიცხავს სიტუაციის უფრო დაძაბვას. როგორც იგი “რეზონანსთან” აცხადებს, დიდი ალბათობით, არჩევნების მოახლვებასთან ერთად “ოცნებას” ნერვები უმტყუნებს”, - დასძენს გამოცემა.
“ვინ ურეკავდა ოპოზიციის მხარდამჭერებს და აგინებდა? ვინ დაესხა ოპოზიციონერ ლიდერებს და ვინ გაუსწორდა მათ ფიზიკურად - გამოიძიეს? სად არიან დაკავებულები, ან საერთოდ იდენტიფიცირებული არიან ეს ადამიანები? არა და არც არავის აღარ ახსენებს იმ სასტიკ ანგარიშსწორებას, რაც მაისში პოლიტრიკურ ლიდერებზე მოხდა. “ოცნების” ე.წ. ტიტუშკები და ზონდერები დიდი ალბათობით არჩევნების დღეს ამოქმედდებიან. ასევე დაიწყება ე.წ. ძველი ბიჭების ამოქმედება, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მისული ხალხის დაშინებას დაიწყებენ. ეს მაინც მოჩვენებითი სიმშვიდეა და ამ დღეებში, ფაქტია, მათ (ხელისუფლებას) ნერვები უმტყუნებთ. კარგად იციან, რომ სხვაგვარად არჩევნების მომგები არ არიან. ალბათ ისევ საარჩევნო უბნებთან დაიწყებენ ხალხის შანტაჟს. არც ფიზიკური ანგარიშსწორებაა გამორიცხული. ბოლო ფაქტი - თუ ოყუჯავას ცემა თავად ხელისუფლებამ არ დაუკვეთა, მაშინ რა უნდა იმ ადამიანების დადგენას, ვინც ის სცემა? ამიტომ “ოცნების” ამ მოჩვენებითი სიმშვიდის არავის სჯერა, რადგან მათ ახლა ყველაზე მეტად არჩევნების წაგების ეშინიათ. როცა ხელისუფლებას რაღაცის ეშინია, ის კარგავს კონტროლს და მაშინვე ძალადობას იწყებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
მირიან მირიანაშვილი - “ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ არის”
“ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენს სოციუმში ახლა ის არის, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცენ ხმა. საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისის და დიდი ქალაქების, ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ მათში მაინცდამაინც დიდ სიმპათიას ვერ იწვევს ჩვენი ოპოზიციის შემადგენლობა. ამიტომაც ოპოზიციური ამომრჩეველი დღეს დგას დილემის წინაშე, რა ფორმით გამოხატოს თავისი ოპოზიციური განწყობა. აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს ოპოზიცია მოიაზრება, როგორც ივანიშვილთან ბრძოლის ინსტრუმენტი - ანუ ოპოზიციისთვის მიცემულ ხმას ოპოზიციის სიმპათიად ნუ ჩათვლით. ეს გარემოება მხედველობაში რომ მიეღოთ გაცილებით ადრე, სხვანაირი პოლიტტექნოლოგიების გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი. რაც შეეხება “ქართული ოცნების” პერსპექტივებს, როდესაც ამბობენ, რომ მინიმუმ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნიან, ავიწყდებათ მთავარი - 60%-იანი მხარდაჭერა მაშინ არ ჰქონიათ, როცა ამ პარტიის რეიტინგები ზენიტში იყო”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 26. 10.24 - “ოცნება”, ოპოზიცია, “ტექნიკური მთავრობა”, დასავლეთი და რუსეთი / “ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ არის”.
“დღეს, როდესაც მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულია, და თან “ოცნებამ” ძალიან უცნაური პრინციპი მოიფიქრა, რომ გაუნაწილებელი მანდატი ყველა ბარიერგადალახულზე განაწილდება, ძალიან სათუოა მათთვის სასურველი შედეგის მიღება. ამ პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა თეორიულადაც კი შეუძლებელია. ამიტომაც ამ პოლიტიკური მოცემულობების მიხედვით ჩამოყალიბდება შედეგები. ივანიშვილის პრობლემა ოპოზიციური პარტიები კი არა, ოპოზიციური ელექტორატი და ის პერსპექტივაა, თუ გარე კონტურიდან როგორი იქნება ოპოზიციური ელექტორატის მხარდაჭერა. თუმცა ამ გარე კონტურიდან ისეთი გაუგებარი სიგნალები მოდის, იმის თქმა, რომ ამერიკული პოლიტელიტა 26 ოქტომბრისთვის გამოთავისუფლებული იქნება თავისი საარჩევნო პრობლემებიდან, გადაჭრით არ შეიძლება. 26 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე, სანამ ამერიკელები გათავისუფლდებიან თავიანთი საარჩევნო პრობლემებისგან, ივანიშვილს რჩება მანევრირების საშუალება და ამიტომაც დღეს გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ერთი რამ ძალიან მაღელვებს - ამომრჩეველთა რაოდენობა იმდენად დიდია საქართველოში, რომ რეგისტრირებულს დიდად არ ჩამორჩება. ეს როგორ დაითვალა და რანაირად მოხდა, რომ საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობა ცოტაა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მე ისიც მიკვირს, რომ ამ თანაფარდობას ოპოზიცია არ აპროტესტებს. მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასია და როგორ ხდება, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანი იმდენად ცოტაა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა უტოლდება მოქალაქეთა სრულ რაოდენობას. გარდა ამისა, თავად საარჩევნო პროცედურაში ისეთი აუწყობელი მოდელი შემეჩეხა, რომ ძალიან უცნაურ განცდასა და მოლოდინს ბადებს. ასეთი უცნაურობები ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ისეა გაზრდილი და თან არა ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ პირადად მე ძალიან ბევრ კითხვას მიჩენს. ამომრჩევლისთვის უცნობია მექანიზმი, თუ როგორ ხდება ხმების კოდირება და დათვლა, როგორ მუშაობს გადამცემი სისტემები, როგორია მონაცემთა ასახვის ელექტრონული კოდები. როგორ მოქმედებს თავად ელექტრონული არჩევნების მექანიზმი. გარდა ამისა, კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, ხელით გადათვლის შედეგები როგორ აუქმებს ელექტრონულს. იქ მხოლოდ დადასტურებაზეა ლაპარაკი. ამიტომ მგონია, შესაძლოა ესეც პრობლემა გახდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“კითხვებს მიჩენს ისიც, რომ 18 სუბიექტი მონაწილეობს, საიდანაც გასვლის მეტ-ნაკლები შანსი 4-ს აქვს. ვინმემ იკითხა, რატომ მოხდა, რომ მაინცდამაინც ამ არჩევნებში ასე შემცირდა საარჩევნო სუბიექტების რიცხვი, როდესაც მათი რაოდენობა 60-მდე იყო ხოლმე, ხოლო მოქმედი პარტიების რაოდენობა კი ორასამდეც არის? ამ ბევრი უცნაურობის უკან ხელისუფლების ინტერესების რეალიზების მოდელს ვერ დაინახავ. საერთოდ, ამ საარჩევნო პროცესში ხელისუფლებას ძალიან ბევრი უცნაურობა აქვს ნაკეთები და მათი ჯამი როგორ შემოტრიალდება, არ ვიცი, მით უმეტეს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ოპოზიციის ენერგეტიკასა და დასავლეთის ოპოზიციისთვის მხარდაჭერაზე ან პირდაპირ ვთქვათ, დასავლეთის არჩევნებში ჩარევის ხარისხზე. ამიტომ ეს უცნაურობები, რაც შეიძლება ისევ ხელისუფლებას შემოუტრიალდეს ცუდად, რატომ გააკეთეს, არ მესმის”, - თვლის ანალიტიკოსი.
“არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი საშინაო ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის არჩევნებს. ერთხანს ტრამპის შანსი ნულამდე იყო დასული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი, რაც მიხვდა, რომ აგებდა არჩევნებს, ტრამპი გაურიგდა რესპუბლიკური ფრთის კონსერვატიულ ნაწილს, ვისთანაც აქამდე დაპირისპირებული იყო და მათ მისცა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზემოქმედების ბერკეტები. შესაბამისად, ის, რომ ტრამპი მოვა, პუტინთან გარიგებას დადებს და საქართველოში დარჩება სტატუს-კვო, რისი იმედიც ჰქონდა ივანიშვილს, ეს იმედიც მოკვდა. ფაქტობრივად, თუ ტრამპი მოვიდა და ამის შანსი ამ გარიგების შემდეგ გაიზარდა, დიდი ალბათობით, რუსეთთან გარიგების იდეა მოკვდა, რადგან ეს საკითხი პუტინის მტრების ხელში აღმოჩნდა. ამიტომაც საგარეო კონტურზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ნეგატიური პროცესები ჩამოუყალიბდა. ამას ემატება ისიც, რომ “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა სურდა, რათა კონსტიტუციაში ცვლილება შეეტანა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ. წლების განმავლობაში ეს რუსეთს უნდოდა, მაგრამ ახლა კრემლი რადიკალურად წინააღმდეგია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში იმავეს გაკეთების საფრთხე გაჩნდა. ამიტომაც კრემლს სულ არ აწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ამის გაკეთება. ასე რომ, ივანიშვილს პოლიტიკური რეალობის გადაწყვეტის ეს კოზირი ხელიდან გამოეცალა. მიმდინარე რეალობაში კი რა არის “ქართული ოცნების” სტრატეგიული ამოცანა ამ არჩევნების შემდეგ, არ ვიცი”, - ამბობს მირიან მირიანაშვილი.
“უკვე რამდენიმე თვეა, ვამბობ და რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს, რომ ამ ყველაფრის შედეგი იქნება არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა. ხელისუფლების განწყობა ასეთია - არ ცნობენ და ნუ ცნობენ, დროთა განმავლობაში იძულებული გახდებიან, ცნონო. ეს რეალობის გამაოგნებლად არაკომპეტენტური შეფასებაა, რადგან ისტორიაში არ მომხდარა, რომ ამერიკას არჩევნების ლეგიტიმურობა არ ეცნო და მერე დროთა განმავლობაში ეცნო. არალეგიტიმურად ცნობა იმას ნიშნავს, რომ ჩატარდა უკანონოდ და უკანონობა დროთა განმავლობაში კანონიერი ვერ გახდება. ამიტომაც “ოცნებას” ამ ფორმულაში კორექტივი აქვს შესატანი, თანაც სწრაფად. რაც მთავარია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ სტადიამდე არ მივიდეთ, რომ არჩევნები ცნონ არალეგიტიმურად. ამის გაკეთება შესაძლებელია, ამის ბერკეტები ივანიშვილს აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავ, რომ ეს არ მოხდება. თუმცა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის კავშირის გამო განსაკუთრებით მიუღებელი ხდება რუსეთის ბანაკში ყოფნა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“სხვათა შორის, ყველა ქვეყანაში ტრამპისტული ბანაკი ანტირუსულად არის განწყობილი, მხოლოდ საქართველოშია ეს ბანაკი პრორუსული და მათგანაც კი მომივიდა ხმა, რომ კიმ ჩენ ინი მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთს სთხოვს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გაერთიანებას და ეს იმდენად სკანდალური ალიანსია, რუსეთისთვის და რუსეთის მოკავშირეებისთვის იმდენად ცუდ პერსპექტივებს ხატავს, რომ ჩვენთვის ძალიან არასახარბიელო სიტუაცია იქმნება. ამიტომაც ხაზგასმით ვაკეთებ მინიშნებას - ივანიშვილისთვის დასავლეთთან კულუარული მოლაპარაკების დრო დადგა, სხვა შანსი აღარ რჩება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აქ საკმაოდ მშფოთვარე პერიპეტიები გველის”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“ძალიან უცნაურიც იქნება, რომ ჯერ არჩევნების შედეგები არ არის დამდგარი და სალომე ზურაბიშვილმა დასავლელ წრეებთან დაიწყოს შემადგენლობის შეთანხმება. იმისთვის, რომ ეს საკითხი აქტუალური იყოს, ჯერ არჩევნებში ოპოზიციისთვის პოზიტიური შედეგი უნდა დადგეს. ამიტომაც ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ არა პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით, არამედ როგორც მოცემულობაზე. რაც შეეხება იმას, თუ არჩევნების წინა დღეებში შემადგენლობის გაცხადება რა გავლენას იქონიებს, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი აზრით, ჯობდა, ეს არ გაკეთებულიყო. როგორც ჩანს, ამ მთავრობაში ზურაბიშვილს ნავარაუდევი ჰყავს “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები და როგორც ვხვდები, მთავრობაში დაახლოებით მესამედი სწორედ ისინი იქნებიან. ეს ფაქტი კი საზოგადოების ოპოზიციური ელექტორატისთვის სერიოზული დამაბრკოლებელია”, - დასძენს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, განსაკუთრებით კი ხაზარაძე, პრემიერის პოსტზე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს...” - პასუხობს:
“დასავლურ პოლიტტექნოლოგიურ სტრუქტურებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, მათ შორის, მედიებსაც. ოპერატიული პაუზა აიღეს და ელოდებიან მითითებებს, რომლის ცენტრი, ვაშინგტონი, ჯერ შიდა არჩევნებზეა გადართული - ანუ დასავლეთს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს და, თუკი გადაწყვიტა “ქართულ ოცნებასთან” სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, როგორი შედეგიც არ უნდა მივიღოთ არჩევნებში, კატეგორიულად მოსთხოვს ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას. სალომე ზურაბიშვილის აქტიურობას მეც ზუსტად ასე ვხედავ - მას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ სურს ოპოზიციის ლიდერი გახდეს და ერთი წლის თავზე არჩევნებში სწორედ ის იყოს პროცესების სათავეში. მე როგორც ვიცი, ეს იდეა მაკრონთან, საზოგადოდ, დასავლეთთან უკვე შეთანხმებულია. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხაზარაძის აზრი იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერი ამ არჩევნების შემდეგ, ვერ იქნება თუნდაც მაკრონზე უფრო წონადი. შესაბამისად, მე ხაზარაძის ოპოზიციის ლიდერობას და მით უმეტეს, პრემიერმინისტრობას, ამ ეტაპზე სერიოზულად არ ჩავთვლიდი. ერთადერთი, რაც რჩება, არის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელსაც დასავლეთთან აქვს სერიოზული კონტაქტები და მისი ლობითაც სარგებლობს. ოპოზიციისთვის კი ეს სერიოზული ზურგის ქარია, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ოპოზიციას დასავლეთში ასეთი ძლიერი ლობი არა ჰყავს. მე დღეს სხვა ალტერნატივის იდეას ვერ ვხედავ”.