ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026

ირაკლი მელაშვილი - “მიშას ფანატიკოსები ბევრი ოპოზიციური ლიდერისთვის ძალიან დიდი საფრთხეა”

ახალი ძალა ოპოზიციურ ფლანგზე - რა პოტენციალი აქვს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის პარტიას

მირიან მირიანაშვილი - „ირანის გამო საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება“

ირაკლი ჩიხლაძე - “სადაზვერვო ქსელის ხელმძღვანელი” და გულბაათ რცხილაძე - “ორი ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში”

კვარტალური სამხედრო-ჟურნალ „არსენალის“ 2026 წლის ივნისის N2 (298) ნომრის მიმოხილვა

* * *

ირაკლი მელაშვილი - “მიშას ფანატიკოსები ბევრი ოპოზიციური ლიდერისთვის ძალიან დიდი საფრთხეა”

“აქცია კარგი იყო, ოღონდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავისთავად აქცია პოლიტიკური პროცესის ნაწილი უნდა იყოს. მხოლოდ აქციას ღირებულება არა აქვს და ჯერ ამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ხედავს. კი ბატონო, 26 მაისს საკმაოდ ბევრი ჩვენი მოქალაქე გამოვიდა, უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან, მაგრამ თვითონ აქციის მონაწილეებიც და ისინიც, ვინც ამ ყველაფრის გაგრძელებას ვერ ხედავენ და ამიტომ არ გადიან აქციაზე, სწორედ იმას ამბობენ, რომ პოლიტიკური გზა არ ჩანს, თუ როგორ მივაღწიოთ ცვლილებებს და ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ გზის ჩვენებას. რაც შეეხება სააკაშვილის აქტივობას, ის ციხიდანაც იბრძვის პირველობისათვის. მისი ამოცანაა, რომ მის გარეშე არაფერი მოხდეს და ამის გამო ახლა ეჭვის დათესვაზე მუშაობს. მისი განცხადებები, რომ ვიღაცამ უღალატა, ოღონდ არ იტყვის, ვინ, ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ყველამ ერთმანეთზე უნდა იეჭვიანოს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 26 მაისის აქცია, სააკაშვილი, მელია და “ვიღაც კაცი” - რა ხდება ოპოზიციაში და რა ურთიერთობა აქვთ სააკაშვილსა და “ოცნებას”?!

“მომხრეების მართვის ეს მეთოდი ისევე ძველია, როგორც პოლიტიკა და პოლიტიკური პროსტიტუცია. ყველა ყველას ეჭვით უნდა უყურებდეს, არავის არ უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად, ბელადის თანხმობის გარეშე რამის გაკეთება, ყველა გზა ბელადთან უნდა მოდიოდეს. თუ ყველა ერთმანეთს ეჭვით უყურებს, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ ჰორიზონტალური კავშირის გამყარებას, გუნდის შექმნას და ყველა ისევ ერთ კაცზე იქნება დამოკიდებული. ბოლო დღეებში ღალატის შესახებ განცხადებები სწორედ ამისკენ არის მიმართული. და კიდევ ერთი - შენი ციხეში ჯდომა ღალატს უნდა დააბრალო და ამაში უნდა დაარწმუნო ფანატიკური მომხრეები, რომლებიც მზად არიან, გაგლიჯონ ნებისმიერი, ვისკენაც ხელს გაიშვერ. ამიტომ სააკაშვილი არავისკენ ხელს არ გაიშვერს, ეს თემა მუდმივად დახურული იქნება. ვინმეს თუ დაადანაშაულებს, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი უდანაშაულოა, ამიტომ არავის დაადანაშაულებს და ყველა ეჭვში ეყოლება. გარდა ამისა, ეს ღალატის თემა რომ არა, მერე მართლა შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რა ჯანდაბის გამო ჩაჯექი ასეთი ჭკვიანი და მაგარი კაცი არაჟნის კონტეინერში, რატომ ჩაიგდე თავი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში და საერთოდ, რა იყო ეს ყველაფერიო. ასეთ შემთხვევაში მისი ყოვლისშემძლეობის, გამჭრიახობისა და `მიშა მაგარიას~ მითი დაიმსხვრევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ამიტომ ღალატის თემა მუდმივად იარსებებს, რომელსაც სააკაშვილი სულ გაახმაურებს, რათა ოპოზიციაში ყველა ეჭვის ქვეშ იყოს, თან გაიძახის, ვიცი, მაგრამ არ ვიტყვიო და არავის ებადება კითხვა, რატომ არ ამბობს. მეცოდებიან ის მომხრეები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მათით მანიპულირებენ. ადრეც მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკოსი, ვინც ასე იქცევა, ძალიან საშიშია. ის პერიოდულად ურტყამს გაერთიანებული ალიანსის ლიდერებს, რათა თავის საზოგადოებასა და მომხრეებს აჩვენოს, რომ მის გარდა ყველა უვარგისია. ძალიან დესტრუქციულია სააკაშვილის რიტორიკა. არ ვიცი, ეს მისი რიტორიკაა თუ იმ პირის, ვინც მის “ფეისბუკს” მართავს, ეგეც გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ უნდა გაარკვიონ. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ იძულებულია ეს ილაპარაკოს, რადგან, ფაქტობრივად, ტყვეობაში ჰყავს მის გარემოცვას. რასაც აკეთებს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამით, ამაზე კითხვის ნიშნები არსებობს და სულ უფრო იმატებს. მიშა სააკაშვილის ქმედებები და განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი გადაწყვეტილებები ბოლომდე თავისუფალი არ არის და უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის მოლაპარაკება მართლაც არსებობდა, მაშინ ის განცხადებები, რაზეც მელია მიუთითებს, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები ხდება. მელიას ინფორმაციით, მოლაპარაკების თემა უკრაინაში მიშას გაშვებაა, რაც, სხვათა შორის, უკრაინულმა მხარემაც მოითხოვა. შესაბამისად, ოპოზიციაზე პერმანენტული დარტყმა, რომელიც უკვე ორი თვეა გრძელდება მიშას მოულოდნელი აქტივობებით, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველა სხვა დაპატიმრებული პოლიტიკოსის საჯარო აქტივობა, მათ შორის, “ფეისბუკზე” წვდომაც, მკაცრად შეზღუდულია, მიშას კი, ფაქტობრივად, ყველაფერი გახსნილი აქვს. ყოველივე ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი ქმედებები ხელისუფლებას, მინიმუმ, აწყობს, ან შესაძლოა ეს შეთანხმების ნაწილიც იყოს. მელიას განცხადებებიც სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“აშკარად ჩანს, რომ მიშა საერთოდ ყველაფრისა და ყოველგვარი არჩევნების წინააღმდეგია, სადაც პირველი და მთავარი საკითხი თავად არ იქნება. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ აფიქსირებს პოზიციას არჩევნებზე. თუ მიშას გათავისუფლება პირველ რიგში არ იქნება დათქმული და მისი საკითხი არ გადაწყდება, ის ყველაფრის წინააღმდეგ წავა და თავისიანებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ამან შეიძლება საერთოდ დაანგრიოს “ნაციონალური მოძრაობა”, თანაც მიშას შეუძლია თავისი ფანატები - “მიშამადიდებლები” მიუსიოს ენმ-ის ლიდერებს, რომლებიც მაინცდამაინც პოპულარულები არ არიან. ასეთ ვითარებაში ოპოზიციასაც ძალიან უჭირს პოზიციის ფორმირება, რადგან ერთგვარ “სენდვიჩში” ექცევა - ერთი მხრიდან ხელისუფლებაა, მეორე მხრიდან - მიშა. იმ ოპოზიციურ ელექტორატში კი, რომელზეც ეს გაერთიანება მუშაობს, მიშა მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ უჭირს ოპოზიციას დააფიქსიროს ისეთი პოზიცია, რომელსაც მიშა არ ეთანხმება, რათა მისგან და მისი ფანატიკოსებისგან დარტყმა არ მიიღოს. აი, ეს არის რეალური მდგომარეობა და მიშას ფანატიკოსების ალყა ბევრი ოპოზიციური ლიდერისთვის ძალიან დიდი საფრთხეა”, - მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი.

“რაც შეეხება გორის ინციდენტს, როცა ძალოვანებს ეყრდნობი, ისინი ასე უყურებენ საკითხს - თუ შენ კანონს არღვევ და მე გიცავ, მაშინ ჩემი ჩადენილი უკანონობის დროს შენ უნდა დამიცვაო. ძალოვანების ასეთმა ქმედებამ საქართველოში ბევრი ხელისუფლება დააზარალა, დაწყებული შევარდნაძით და დამთავრებული სააკაშვილით... გორის ინციდენტიც ჩვეულებრივი ამბავია, არც პირველია და არც ბოლო. უბრალოდ, გადაიღეს და იმიტომ გამოჩნდა, თორემ ასეთი რამ ხშირად ხდება. სანამ გადაღებული არ არის, პოლიციას მოწმედ პოლიციელი მოჰყავს, მოსამართლეც ამას რეალობად იღებს და ყურადღებას არ აქცევს, რას ამბობს დაკავებული ან დაზარალებული _ პოლიციელი ყოველთვის მართალია. ჩვენ დავუბრუნდით იმას, რაც სააკაშვილის დროს იყო”, - ამბობს რესპონდენტი.

“ეს სისტემა მაშინ შეიქმნა - პოლიცია იყო მთავარი დასაყრდენი, “კუდი” აბსოლუტურად დაუსჯელი იყო. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ერთი პირის დასჯაც კი სისტემას ჩამოშლიდა. ამიტომ მოქალაქის ნებისმიერი პროტესტი სასტიკად ისჯებოდა და სასამართლოებში 99%-იანი მაჩვენებელი იყო, როცა მოსამართლეები ძალოვანების ვერსიას უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ. დღესაც ამ სისტემისკენ მივდივართ, თუმცა ბოლომდე ვერ ახერხებენ. რადგან ჩანაწერი გავრცელდა, პრემიერს მოუწია განცხადების გაკეთებამ, რაც თავისთავად ძალიან ცუდია. პრემიერი მაშინვე გაემიჯნა იმ ფაქტს, რომ თითქოს შსს და პროკურატურა არაფერს იძიებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი განცხადება იყო, თითქოს დამნაშავეები “ნაცები” იყვნენ და “ცუდი ქცევის” გამო დააკავეს, სისხლის სამართლის დანაშაული არც უხსენებიათ. ამიტომ მოუწია პრემიერს ჩარევამ, რომ ძალოვანებს რაღაც გაეკეთებინათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არავის უნდა. როდესაც ასეთი ფირი არსებობს და მის მიჩქმალვას ცდილობ, მერე ისევ ისე დგება პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულებზე. ადრე თუ გვიან, ამ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დადგება”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.

ახალი ძალა ოპოზიციურ ფლანგზე - რა პოტენციალი აქვს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის პარტიას

“ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მოთამაშე ჩნდება. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფიძნებული ორგანიზაცია “ჯერ საქართველო” 21 ივნისს ყრილობას გამართავს და ოფიციალურად დაფუძნდება პოლიტიკურ პარტიად. ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. “ჩვენ ვგეგმავთ და განზრახული გვაქვს, რომ 21 ივნისს მოხდეს პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა. ეს არის ის თარიღი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ და ვმოძრაობთ მაგ თარიღის მისამართით”, - განაცხადა ყიფიანმა. ბევრი დეტალი ახალ პარტიაზე, ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუმცა მის პოლიტიკურ სიმპათიებზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ის ფაქტი, რომ ყიფიანი თავის თანამოაზრეებთან ერთად 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი ძალა ოპოზიციურ ფლანგზე - რა პოტენციალი აქვს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის პარტიას.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიზე “ფეისბუკზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მოძრაობა “თავისუფლების მოედანთან” ავლებს პარალელს და ვარაუდობს, რომ “ჯერ საქართველო” იქნება დასავლეთის მორიგი პოლიტიკური პროექტი საქართველოში. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ “ჯერ საქართველო” ცენტრისტული პროევროპული პარტია იქნება... “ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა (აქ არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რატომ შეუწყვიტეს მას კონტრაქტი, ეს დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრმა იცის რატომაც!) ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის “ჯერ საქართველოს” დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე, რომლის აზრით “ერთი ასეთი უკვე შემოიყვანა “თავისუფლების მოედნის” სახით, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყიფიანის შემთხვევა განსხვავებულია, ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა, მის ფიგურას მოსახლეობის ნაწილის თვალში რაღაც წონას აძლევს. ის არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული “ნაცმოძრაობასთან”, თუმცა 26 მაისს ესწრებოდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შაბაშს” - დაასკვნის ანჯაფარიძე... “მოსალოდნელი იყო, რომ როცა ყიფიანმა ექსპერტთა კლუბი დააარსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა, ის აუცილებლად გადმოვიდოდა პოლიტიკურ ველზე, ტრადიციული მარშრუტია. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თავად ყიფიანი რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს უნდა იყოს პროევროპული ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრით, ახალ პარტიას”ნაკლებად აქვს” ე.წ. მესამე ძალად ქცევის პოტენციალი და ასევე ნაკლებად მოსალოდნელა, რომ ის ოპოზიციის ალიანსს შეუერთდეს”, - დასძენს გამოცემა,

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას თვლის ეს პოლიტიკური ძალა იმის მიზეზად, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელშიც ვართ - პარტიები, ლიდერები იცვლებიან, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრიალებენ იმ წრეზე, რა წრეზეც მისი წინამორბედი პარტიები. ბოლო ორი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ოცნების” მაგალითზე ეს კარგად ჩანს. დღეს “ოცნება” ისეთივე ჭაობშია, როგორშიც იყო “ნაციონალური მოძრაობა” 2012-ში, შეიძლება უფრო უარესშიც... მეეჭვება, რომ ოპოზიციურ ალიანსს შეუერთნენ. ორგანიზაციულად მონაწილეობდნენ თუ რა 26 მაისის დაგეგმვაში, ამაზეა ლაპარაკი, თორემ იმ აქციაზე ბევრი ისეთი იყო, ვინც ალიანსის მხარდამჭერი არაა და უბრალოდ პროტესტის გამოსახატავად მივიდა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ყიფიანი და მისი პოლიტიკური ჯგუფი ალიანსს შეუერთდეს, ამ ეტაპზე მაინც”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მირიან მირიანაშვილი - „ირანის გამო საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება“

“მართალია, ირანმა და ამერიკამ თითქმის ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ დარჩა ერთი ფუნდამენტური საკითხი - ირანის ბირთვული პროგრამა და განსაკუთრებით გამდიდრებული ურანი. ირანი ითხოვს, მისი გამდიდრებული ურანის მარაგი, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, ნახევარ ტონამდეა, ჩინეთის ან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ და იქ საერთაშორისო კომისიის მეთვალყურეობით ათწლიანი ვადით შეინახონ. ამერიკა ამაზე აღარ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სწორედ ვაშინგტონი საუბრობდა ათწლიან მორატორიუმზე. სავარაუდოდ, ტრამპს გაუჩნდა განცდა, რომ ირანის ბოლომდე გატეხა შეუძლია და მაქსიმალურ ზეწოლას აგრძელებს. ირანის ხელისუფლებისთვის ასეთი დათმობა შიდაპოლიტიკურად კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. ამან შესაძლოა თავად რეჟიმის სტაბილურობასაც შეუქმნას საფრთხე. ამიტომ თეირანი ამ ნაბიჯზე ვერ მიდის და სწორედ ამან გახადა ესკალაციის განახლება თითქმის გარდაუვალი”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ირანის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება“.

“ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა პირობა არ არსებობს. ორივე მხარის სტრატეგიული გათვლა მცდარი აღმოჩნდა: ირანი ფიქრობდა, რომ კონფლიქტი ნავთობის ფასს ბარელზე 180-200 დოლარამდე გაზრდიდა და მსოფლიო ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებდა, რაც ვაშინგტონზე უზარმაზარ ზეწოლას მოახდენდა, მაგრამ ფასები 90-100 დოლარის ფარგლებში დარჩა. მეორე მხრივ, ტრამპს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლით ირანის რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლებოდა - ესეც არ მოხდა. შედეგად, ორივე მხარე უკვე ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ის წინა პირობები, რომლებიც ფართომასშტაბიანი ომისკენ უბიძგებდა პროცესებს, დღეს აღარ არსებობს. თუ ირანში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამერიკისთვის მისაღები რეჟიმი მოვიდოდა, ბირთვული პროგრამის საკითხიც ავტომატურად მოიხსნებოდა. თუმცა ეს სცენარი ჩაიშალა. ამ ვითარებაში, ფართომასშტაბიან ომში გადასვლისთვის არც ერთ მხარეს არა აქვს საკმარისი მოტივაცია. ამიტომ, გაგრძელდება ე.წ. ქირურგიული დარტყმების ტაქტიკა. ერთხანს იქნება პერიოდული შეტევები და დროებითი დაზავებები”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“თუ ტრამპი დაასკვნის, რომ ეს კონფლიქტი მისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება და პრობლემა გრძელვადიან პოლიტიკურ ტვირთად ექცევა, რაც მის პოზიციებს დააზიანებს როგორც კონგრესში, ისე სენატში შეიძლება ჩათვალოს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და ირანში უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე გადავიდეს. მაშინ არა მხოლოდ ესკალაციას, არამედ გაცილებით მძიმე და მასშტაბურ ესკალაციას მივიღებთ. საქართველოსთვის ეს, ერთი მხრივ, საფრთხეც იქნება და, მეორე მხრივ, შესაძლებლობაც. ირანის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნის წონა დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ამერიკისთვის. თუ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, იზრდება მის მიმართ ინტერესი ევროპიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა მოთამაშეებისგანაც. ამიტომ ნებისმიერი ვითარება, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის, ჩვენთვის სტრატეგიულ შესაძლებლობას ქმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ირანის გამო კრიზისი გაგრძელდება, სომხეთის გავლით დაგეგმილი ზოგიერთი პროექტი შესაძლოა პრობლემური გახდეს და ამან საქართველოს მნიშვნელობა უფრო გაზარდოს. მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის საკითხი პირდაპირ ირანის საზღვართან გადის, რაც ლოჯისტიკის და უსაფრთხოების მხრივ დიდ კითხვებს აჩენს. ასეთ პირობებში საქართველომ შესაძლოა დამატებითი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბონუსები მიიღოს. თუმცა ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის დინამიკაზეც. ამ თვალსაზრისით რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. რუსეთს რამდენიმე თვე აქვს, რომ საბოლოოდ უპასუხოს კითხვას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ დასვა - საბოლოოდ ვის უმცროს პარტნიორად, ანუ სატელიტად, ხედავს საკუთარ თავს: ჩინეთის თუ ამერიკის?” - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“დღეს რუსეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთზე, ხოლო ამერიკა მას სთავაზობს ამ დამოკიდებულების შემცირებას და საკუთარი გავლენის სფეროში გადმოსვლას. თუ რუსეთი ამ შეთავაზებაზე თანახმაა, გადაწყვეტილება ახლა უნდა მიიღოს. ნოემბრის არჩევნების შემდეგ, თუ ტრამპი შიდაპოლიტიკური ფაქტორების გამო დასუსტდება, მას რუსეთთან ახალი და მასშტაბური დაახლოების პოლიტიკის დაწყება გაცილებით გაუჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთს რამდენიმე თვე დარჩა საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. ამ კონტექსტში გადაწყდება საქართველოს მომავალიც. რუსეთს დრო გაჰყავს. ის ჩინეთს საბოლოოდ ვერ მოსწყდება. შესაბამისად საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები ამერიკასთან, რომელიც ორ-სამ თვეში გამოიკვეთება, შეიძლება სერიოზული ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ამერიკიდან მნიშვნელოვანი წინადადებების განხილვამ მოუწიოს - ამერიკელები ამიერკავკასიაში ჯარის შემოყვანას აპირებენ”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.

“ჩემი ინფორმაციით, “ტრამპის გზის” ფარგლებში კერძო სამხედრო სტრუქტურის განთავსებას გეგმავენ. საუბარია მასშტაბურ ძალაზე, დაახლოებით 8-12 ათას კაცზე. ეს კონტინგენტი, ერთი მხრივ, ირანის ჩრდილოეთ საზღვრის მიმართულებით იქნება განლაგებული, მეორე მხრივ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში უნდა განთავსდეს. ფაქტობრივად, ეს პენტაგონის არაოფიციალური, ე.წ. ფარული სამხედრო რესურსია. ზელენსკის სომხეთში ვიზიტიც სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. კიევს სურს ამერიკელების დაქირავებულ ამ ძალებში უკრაინელების წილი რაც შეიძლება დიდი იყოს. ამიერკავკასიაში უკრაინული სამხედრო რესურსის გამოყენება ევროპაში სურთ. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის რეგიონში შექმნა. საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ამასთან, რთულად წარმოსადგენია, რომ ამერიკამ რეგიონში ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა შექმნას და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელობა უგულებელყოს”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“სამხედრო ლოჯისტიკის თვალსაზრისით, სომხეთისთვის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულება სწორედ საქართველოა. შესაბამისად, საქართველოს ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო შესაძლებლობები ამ კონტინგენტის უზრუნველყოფისთვის სერიოზულ საყრდენ ფუნქციას შეასრულებს. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე თვეში ეს სურათი უფრო მკაფიო გახდება. როდესაც საქართველოში ისმის კითხვა, რატომ არ გვაწვდის ამერიკა კონკრეტულ პირობებს და რას გულისხმობს ურთიერთობის გადატვირთვა, ჩემი პასუხი მარტივია: ვაშინგტონს მხოლოდ ფორმალური ან ტექნიკური ხასიათის წინადადებების გაკეთება რომ სურდეს, აქამდეც გააკეთებდა. საუბარია უფრო მასშტაბურ და სტრატეგიულ პაკეტზე, რომლის წარდგენისთვისაც შესაბამის მომენტს ელოდებიან. საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტშიც”, - დასძენს მირიან მირიანაშვილი.

ირაკლი ჩიხლაძე - “სადაზვერვო ქსელის ხელმძღვანელი” და გულბაათ რცხილაძე - “ორი ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში”

“სუს-მა ერთ დღეში უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. პირველ შემთხვევაში საუბარია ღიად პრორუსული შეხედულებების მქონე აქტივისტ გულბაათ რცხილაძეზე. მისი დაკავებიდან 2 საათში კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე - 2008 წლის ომის დროს მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, არის თუ არა ამ დაკავებებს შორის რამე კავშირი, უნდა ველოდოთ თუ არა სუს-ის ახალ განცხადებას საქართველოში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების შესახებ და ახალ დაკავებებს, თუმცა ამან უკვე გამოიწვია სერიოზული რეზონანსი. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბოლო პერიოდში სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობა აშკარად გააქტიურდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 22 აპრილს, სუს-მა ასევე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა და კიდევ ორზე ძებნა გამოაცხადა. ეს იყო პრაქტიკულად პირველ მსგავსი შემთხვევა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” 14-წლიანი ყოფნის პირობებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ირაკლი ჩიხლაძე - “სადაზვერვო ქსელის ხელმძღვანელი” და გულბაათ რცხილაძე - “ორი ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში” / არის თუ არა კავშირი სუს-ის მიერ ერთ დღეში განხორციელებულ ორ ხმაურიან დაკავებას შორის.

“მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ოკუპირებული ახალგორის რაიონის მცხოვრები იყო, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში და მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. გულბაათ რცხილაძესთან დაკავშირებით სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ის “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები”, - განაცხადა დილით გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ, რომლის ინფორმაციით ის `ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. რამდენიმე დღის წინ, 24 მაისს კი, მისი ინიციატივით საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. რუსული “სპუტნიკის” ცნობით, ინიციატივის მთავარი მიზანი იყო საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. “სპუტნიკი” წერდა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შაბათს, შუადღის 2 საათზე, სუს-ში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა და ისევ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მოქალაქის დაკავებაზე. ბრიფინგზე ისევ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ამჯერად საუბარია ადამიანზე, რომელიც თავად მართავდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო ქსელს საქართველოში. “დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით”, - განაცხადა მაღრაძემ, რომლის თქმით, “გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს”, - დასძენს გამოცემა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს”, - განაცხადა მაღრაძემ. ამ განცხადებიდან მალევე გაირკვა დაკავებულის ვინაობაც - ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე. იგი რამდენიმე ორგანიზაცის დამფუძნებელი და დირექტორია - მათ შორისაა მედიაკავშირი „ევრაზია", ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი, კავკასუს პრინციპიუმი. ასევე, ის არის მედია გამოცემა “კავკაზნიუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეს გამოცემა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის შესახებ წერს სტატიებს. მისი დაკავება მედიას ოჯახმაც დაუდასტურა”, - წერს სტატიის ავტორი,

“ამასთან, როგორც დაკავებულის მეუღლე მაია ნებიერიძე “ტვ პირველთან” აცხადებს, ირაკლი ჩიხლაძე არ მონაწილეობდა რუსულ პროექტებში. “ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მეც ახლა ადვოკატს უნდა შევხდე. ზოგადად იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც, რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა. არა რუსულ პროექტებში (არ მონაწილეობდა). სანამ ამ კანონებს მიიღებდნენ, რაღაც დაფინანსები ჰქონდა უცხოეთიდან, მერე უკვე კანონი რომ მიიღეს, შეწყვიტა ამ პროექტებში მონაწილეობა. რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა არ ვიცი, სხვადასხვა პროექტებში იღებდა მონაწილეობას. დიახ, მის საქმიანობას უკავშირდება სავარაუდოდ, დაკავება. გამომძიებლებს თავად უთხრა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერე და სანამ ადვოკატი არ მეყოლება არაფერს არ ვიტყვიო”, - აცხადებს მაია ნებიერიძე. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, შესაძლოა, ეს დაკავებები უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ძალიან რთულია ვთქვა, არის თუ არა ეს ორი დაკავება კავშირში ერთმანეთთან. არ გამოვრიცხავ, რომ სრულიად სხვადასხვა საქმე იყოს და უბრალოდ დროში დაემთხვა. ამ მიმართულებით სუს-ის გააქტიურება გასაკვირი არაა, რადგან დღეს საქართველო ჰიბრიდული ომის ქარცეცხლშია. მით უმეტეს, მოსკოვი სომხეთზე პირდაპირ მუქარებს ახორციელებს და სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალებისთვის ემზადება. ამიტომ საჭიროა ამაში საქართველო არ იყოს გამოყენებული. ასე რომ, კარგია, როცა ჩვენი სპეცსამსახურები ჩვენი პოლიტიკური მტრის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მოქმედებენ. რამდენად ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. ვერ გეტყვით, ახლო მომავალში იქნება თუ არა უფრო დიდი დაკავებები. ეს წინასწარ არავინ იცის, რადგან ძალიან გასაიდუმლოებულია. თუმცა, გამორიცხულიც არაფერია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ჟურნალ არსენალი“ 2026 წლის ივნისის N2 (298) ნომრის მიმოხილვა

„ომის ჩიხში“ მოქცეული რუსეთი უკრაინაზე გამარჯვებას ბელარუსის დახმარებით შეეცდება... / უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა - ოფიცერთა განათლების თანამედროვე სისტემა / 1998 წლის სისხლიანი მაისი - კიდევ ერთი წარუმატებელი სამხედრო ოპერაციააფხაზეთში / რუსეთის აგრესიული სამხედრო დოქტრინა... ყველას დასაშინებლად / მოხალისეობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე / ფანტასტიკიდან რეალობამდე / რუსეთის ჰიბრიდული ომი: არალეგალური დაზვერვა დამძინარე აგენტები / სპეცოპერაცია „ბერლინის გვირაბი“ / ქართველის Thunderbolt II სამსახურს უბრუნდება / რეზერვი სამშობლოს სამსახურში - „ხვალ ჯარში მივდივარ...“/ ირანის საზღვაო ამბიციების დასასრული / მეხანძრე-მაშველების სწავლება რუსთავში / შვეულმფრენის უსაფრთხოება იწყება მიწიდან / არსენალის“ 98 წლის ერთგული მკითხველი / გველეშაპიყველაზე მოხერხებული და სწრაფი სროლისთვის

„ომი მეხუთე წელში გადავიდა და მიუხედავად იმისა, ბოლო მესამე წელია რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივა აქვთ, კრემლი მაინც ვერ აღწევს სტრატეგიულ ჩანაფიქრს - უკრაინის სრულ ოკუპაციას. ეს კი არა, პუტინის არმიამ ჯერ ისიც ვერ მოახერხა, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის 24 თებერვალს შეტევები მანამდე უკვე ოკუპირებული ქალაქ დონეცკიდან დაიწყო და არა სახელმწიფო საზღვრიდან. ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებაზე მხოლოდ 50-60 კმ-ით თუ წაიწია წინ და ისიც უდიდესი საბრძოლო დანაკარგის ფასად. პუტინი, ფაქტობრივად, „ომის ჩიხშია“ და არ შეუძლია უკრაინასთან ომის გამარჯვებამდე მიყვანა, მაგრამ არც უკან დახევა და იმის აღიარება სურს, რომ ომი ჩაფლავებულ ავანტიურად იქცა“, - წერს ჟურნალი არსენალი 2026 წლის ივნისის N2 (298) ნომერში სათაურით „ომის ჩიხში“ მოქცეული რუსეთი უკრაინაზე გამარჯვებას ბელარუსის დახმარებით შეეცდება...

“პუტინს არ სურს ისტორიაში შევიდეს როგორც „ხელმოცარული და დამარცხებული“ პოლიტიკური ლიდერი და ამიტომაც ეძებს ყველა გზას, რათა როგორმე მცირე წარმატებას მაინც მიაღწიოს უკრაინასთან ომში და ასეთ „წარმატებად“ შეიძლება იქცეს უკრაინის დონეცკიის ოლქის როგორმე ბოლომდე აღება, რათა რუსეთი ამ ომში „გამარჯვებულად“ გამოაცხადოს. ბოლო პერიოდში გააქტიურდა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასულ ამ ომში რუსეთის მხარეს შეიძლება ბელარუსი ჩაერთოს და ლუკაშენკომ არა მარტო თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან მისცეს პუტინის არმიას უკრაინაზე შეტევის უფლება (როგორც ერთხელ მოხდა ომის დაწყების პირველ დღეებში), არამედ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შენაერთები და დანაყოფებიც ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში“, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზები გაჰყავთ და საარტილერიო პოზიციებს აწყობენ. მიგვაჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას“, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სირსკიმ დააკონკრეტა, რომ დღეისათვის რუსეთ-უკრაინის ომში 1 200 კმ-მდე აქტიური ფრონტის ხაზია და თუკი ბელარუსის არმია მართალც დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე, ეს დამატებით დიდ და ურთულეს გამოცდად იქცევა უკრაინის თავდაცვითი სისტემისთვის. უკრაინა-ბელარუსის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1 084 კმ-ს შეადგენს და ის მერამდენე წელია ჩაკეტილია... უკრაინისთვის ბელარუსის საზღვარზე ახალი ფრონტის ხაზის გახსნა უდიდეს ზეწოლად გადაიქცევა,“ - განაგრძობს გამოცემა...

„სწავლება აერთიანებს ტაქტიკურ, სამეთაურო, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, საინჟინრო, საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამედიცინო და ლიდერულ კომპონენტებს. დიდი ყურადღება ეთმობა ოცეულის დონის მართვას, საბრძოლო გარემოში მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებასა და ლიდერული უნარების განვითარებას. კურსზე მსმენელები გადიან: საველე-ტაქტიკურ მეცადინეობებს; მომზადებას უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში; ზამთრის სამთო მომზადებას; ზაფხულის სამთო-საბაზისო მომზადებას; აერომობილურ მომზადებას; წყალზე მომზადების პროგრამას; სტაჟირებას ოცეულის მეთაურის რანგში; JTEC-ში ოცეულის ბრძანების აღსრულებას. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ პრაქტიკულ გარემოში ოფიცრისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაზე“, - აცხადებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი გოგელია ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სათაურით უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა - ოფიცერთა განათლების თანამედროვე სისტემა.

„სწავლება აერთიანებს ტაქტიკურ, სამეთაურო, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, საინჟინრო, საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამედიცინო და ლიდერულ კომპონენტებს. დიდი ყურადღება ეთმობა ოცეულის დონის მართვას, საბრძოლო გარემოში მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებასა და ლიდერული უნარების განვითარებას. კურსზე მსმენელები გადიან: საველე-ტაქტიკურ მეცადინეობებს; მომზადებას უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში; ზამთრის სამთო მომზადებას; ზაფხულის სამთო-საბაზისო მომზადებას; აერომობილურ მომზადებას; წყალზე მომზადების პროგრამას; სტაჟირებას ოცეულის მეთაურის რანგში; JTEC-ში ოცეულის ბრძანების აღსრულებას. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ პრაქტიკულ გარემოში ოფიცრისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაზე“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი გოგელია.

„რაც შეეხება რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით პროგრამას, ის ორწლიანია და ამ დროის განმავლობაში მსმენელები აკადემიაში 123 დღე იმყოფებიან. სწავლება, ძირითადად, მიმდინარეობს არასამუშაო დღეებში - შაბათს ან კვირას. კურსის დასაწყისში მსმენელები გადიან ინდივიდუალური მომზადების 12-დღიან სწავლებას აკადემიის ბაზაზე. აღნიშნული პროგრამის მიზანია თავდაცვის ძალებისთვის მომზადდეს განათლებული და მოტივირებული ოფიცრები. პროგრამა აერთიანებს საერთო-საჯარისო ტაქტიკას, ქვედანაყოფის მართვას, სამხედრო კავშირგაბმულობას, სამხედრო ტოპოგრაფიას, პირველ სამედიცინო დახმარებას, ლოჯისტიკას, ფიზიკურ მომზადებასა და საველე პრაქტიკულ სწავლებებს.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლამდე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არიან ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის არანაკლებ მეორე კურსის სტუდენტები ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები“, - განაგრძობს რესპონდენტი...

„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის ამ უპირველეს სახელმწიფო დღესასწაულს ხალხი 35 წელია ხვდება მოუშუშებელი იარით - დროებით დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებით. თუმცა ამ ხნის განმავლობაში საქართველომ რამდენჯერმე, 1990-იან წლებში, სცადა დაკარგული მიწების ნაწილის დაბრუნება. ერთ-ერთი ასეთი ცდა იყო 1998 წლის მაისის სამხედრო ოპერაცია გალში, რომელიც სწორედ 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ქართველებით დასახლებული აფხაზეთის ყველაზე დიდი რაიონის დეოკუპაციით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საკუთარ ძალებსა და ინიციატივაზე გადაჭარბებული წარმოდგენა, მოწინააღმდეგის ძალის შეუფასებლობა და რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა საქართველოს კიდევ ერთი სასტიკი მარცხით დამთავრდა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით 1998 წლის სისხლიანი მაისი - კიდევ ერთი წარუმატებელი სამხედრო ოპერაციააფხაზეთში.

„აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის დაცემიდან მეხუთე წელს საქართველოს ხელისუფლებას საბოლოოდ გადაეწურა იმედი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეგიდით მოქმედი, რეალურად კი მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალები შეასრულებდნენ მოსკოვის შეთანხმების მე-4 პუნქტს და ხელს შეუწყობდნენ „ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა უსაფრთხო დაბრუნებას, უწინარეს ყოვლისა, გალის რაიონში“. ვინაიდან საქართველოში სახელშეკრულებო-სამართლებრივი დოკუმენტები ძალიან იოლად ეძლევა ხოლმე დავიწყებას, ამიტომ მოკლედ გავიხსენებ, თუ რას წარმოადგენდა და რას ავალებდა რუს მშვიდობისდამცველებს მოსკოვის შეთანხმება“, - აღნიშნავს გამოცემა.

„სოხუმის დაცემიდან 7 თვის შემდეგ, 1994 წლის მაისში, მოსკოვში რუსეთის შუამავლობით კვლავ დაიდო ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შეთანხმება. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების მეთაურთა საბჭოს 1994 წლის 15 აპრილის განცხადების საფუძველზე, სთხოვეს საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება სწრაფად შევიდა ძალაში და დსთ-ის სამშვიდობო (რეალურად მხოლოდ რუსეთის) ძალები უკვე 1994 წლის მაისის ბოლოს განლაგდნენ ე.წ. უსაფრთხოების ზონაში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე უსაფრთხოების ზონად გამოცხადდა არა სოხუმი ან ოჩამჩირე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა 1992-93 წლების ომის დროს, არამედ შედარებით მშვიდი გალის რაიონი. ამასთან, დსთ-ის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატით განსაზღვრულ უსაფრთხოების 12-კილომეტრიან ზონაში მოექცა ზუგდიდის რამდენიმე სოფელი“, - განაგრძობს გამოცემა...

„ამა წლის 12 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ (ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა) მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათთვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებში (თუკი ეს საკითხი არ არის შეთანხმებული და დადასტურებული კრემლის მიერ). კანონი, ძირითადად, შეეხება რუსეთის ე. წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დაკავებულ რუს მოქალაქეთა გამოხსნასა და მათი ინტერესების დაცვას, მაგრამ მისი დებულებები შეეხება ყველას, ვისაც შეიძლება პრობლემები შეექმნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რუსეთის აგრესიული სამხედრო დოქტრინა... ყველას დასაშინებლად.

„საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ე. წ. ჩრდილოვან ფლოტში, რომელსაც სანქცირებული ნავთობის და თხევადი გაზის მარაგები გადააქვს, შეიცავს 140-მდე ენერგომატარებლის გადამზიდავ გემს, რომელთაგანაც მხოლოდ 40 ევროკავშირის სანქცირებულია. იმავდროულად, უკრაინის ომის ფონზე, როდესაც რუსეთის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 8% მიდის სამხედრო ხარჯებზე და თავდაცვის ბიუჯეტის 47% ხმარდება მის დაფინანსებას, რუსეთში დაიწყო ისეთი პროცესი, რომელსაც სამხედრო პოლიტოლოგიაში უწოდებენ „მილიტოკრატიას“ ანუ „ქვეყანაში მდგომარეობაა, როდესაც ხელისუფლების სათავეში არიან მილიტარისტული აზროვნების პოლიტიკოსები, შეიძლება ყოფილი სამხედროები, რომლებიც ახორციელებენ ძალაუფლების უზურპაციას და მართავენ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას“. რუსეთის მილიტოკრატიული სახელმწიფო მოდელი უკვე ჩამოყალიბდა 2023 წლიდან დღემდე, თუმცა მისი კონტურები დაფიქსირდა 2015 წელსაც“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მას აქვს შემდეგი მახასიათებლები: რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზაცია ანუ რუსმა ძალოვანებმა მთლიანად აიღეს ხელში ქვეყნის ეკონომიკური მართვის სადავეები. უკვე ამ ეტაპზე სამხედრო ხარჯების (აქ იგულისხმება მთლიანი ხარჯთა ერთობლიობა, თავდაცვის ბიუჯეტის ჩათვლით) ოდენობა 2023-დან 2026 წლისთვის გაიზარდა დაახლოებით 30%-ით და მიაღწია 140 მლრდ დოლარს. ამავე დროს, ეროვნული ბიუჯეტის 30% მოდის სწორედ სამხედრო დანახარჯებზე და ეკონომიკური ზრდის ტემპი უკავშირდება თავდაცვის სექტორს, ასევე მომიჯნავე მრეწველობის დარგებს (მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა), რომელთა საწარმოები მუშაობენ სამ ცვლაში (ზუსტად ანალოგიურად სამი ცვლის პრინციპზე საბჭოთა კავშირის საწარმოები მუშაობდნენ 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს). სწორედ ეკონომიკის მილიტარიზაციის კონტექსტში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დასაქმებულთა ანაზღაურება კატასტროფულად იზრდება“, - განაგრძობს გამოცემა...

„ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა და მოხალისეების მონაწილეობაა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ორგანიზაციის ფუნქცია მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საზოგადოების იმ ფენას, რომელსაც ამ ეტაპზე აქტიურ თავდაცვის ძალებში მსახურების შესაძლებლობა არ მიეცა. სწორედ ამ პრინციპის რეალიზების, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 8 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ დააფუძნეს მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი უნიკალურობა გახლავთ სწორედ ამ სამი დამფუძნებლის ინტელექტუალური რესურსების გაერთიანება“, - აცხადებს მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი გაზეთ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სათაურით მოხალისეობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.

„თუ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მის ხელმძღვანელზე, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეზე ვისაუბრებთ, მათი ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება. ჩვენი სასწავლო პროგრამები დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ვეტერანებით, ოფიცრებით, სერჟანტებითა და კაპრალებით, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებენ. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მისი ჩართულობითა და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით სასწავლო პროგრამები დამუშავდა და ადაპტირდა სამოქალაქო სექტორზე, რათა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მოსულ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ეფექტური და პრაქტიკული სწავლება მიეღოთ. სამინისტრო დღემდე აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერაში“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველოს გენერალთა კლუბის“ წარმომადგენლებმა კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ პროგრამების ადაპტირებაში, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს რეზერვის მომზადების სისტემიდან არის აღებული. სწორედ ამ გამოცდილმა გენერლებმა იმუშავეს პროგრამაზე, რომელმაც მოხალისეებში დიდი ინტერესი და მოტივაცია გამოიწვია. 2024 წლის ბოლოს ჩავუდექი სათავეში ორგანიზაციას და დავიწყეთ სასწავლო პროგრამების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მიმართულებების უფრო აქტიურად განვითარება. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებსაც მისცემდა და იმავდროულად, ქვეყანაში მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას შეუწყობდა ხელს. 2025 წლის სასწავლო სეზონი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგიანი ეტაპი აღმოჩნდა. შეკრებები 28 აპრილს დავიწყეთ და სეზონის განმავლობაში 12 შეკრება ჩავატარეთ. ამ პერიოდში 1 350 მოხალისე გადავამზადეთ, მათ შორის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ომის ვეტერანები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს შეკრებებში ძალიან ბევრი ქალი მონაწილეობდა“, - განაგრძობს გამოცემა...

„უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები თანდათან ემსგავსება ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებს, სადაც დისტანციურად მართვადი რობოტიზებული მექანიკური საშუალებები საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ჰაერში, ხმელეთსა თუ ზღვაში. ალბათ, შორს არ არის ის დროც, როცა რობოტიზებული სისტემები ბრძოლებში ადამიანების ჩარევის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმოქმედებენ. ომმა დაპირისპირებულ მხარეთა შორის გააჩინა ე. წ. რუხი ანუ სიკვდილის ზონა, რომელიც დანაღმულია და დღე-ღამის განმავლობაში ჰაერიდან უპილოტოებითა და მიწაზე რობოტიზებული კომპლექსებით კონტროლდება. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც კი მოძრაობს, დაკვირვების ქვეშაა და ცოცხალ არსებას გადარჩენის მინიმალური შანსიც არა აქვს”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ფანტასტიკიდან რეალობამდე.

„ამჟამად რუხი ზონის სიგანე დაახლოებით 20 კმ-ია, მაგრამ სისტემების სრულყოფასთან ერთად სიგანის 50 კმ-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. ჰაერში რუსული დრონების აქტიურობისა და ქვეით ჯარისკაცთა ნაკლებობა უკრაინას ომის წარმოების ოპტიმალური გზების გამონახვას აიძულებს. საუკეთესო გამოსავალი სახმელეთო რობოტიზებული სისტემების გამოყენებაში მოიძებნა. 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებში მოიერიშე რობოტიზებული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ განაცხადა. სრულიად ახალი სტრუქტურის ქვედანაყოფში მართვის ერთიანი სისტემა ქვეითებს საჰაერო და სახმელეთო დრონებთან აერთიანებს. ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული მოდელის არსი შემდეგია: ჰაერიდან და მიწიდან დრონების კომბინირებული შეტევა-დარტყმები მოწინააღმდეგეს პოზიციების დატოვებას აიძულებს და მას უკვე ქვეითები უდანაკარგოდ იკავებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამ მოდელში დრონები იმავე ფუნქციას ასრულებენ, რისთვისაც რუსები მოტოციკლეტებს, კვადროციკლებს, ცხენებსა და ვირებსაც კი იყენებენ. ამ მიდგომამ აპრობირება წელს ფრონტის სამხრეთ ნაწილში გაიარა და თებერვლიდან ოკუპანტებისგან მნიშვნელოვანი ტერიტორიების გათავისუფლება მოახერხა. უპილოტო სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა (Uncrewed Ground Vehicles – UGV) პირველი ბატალიონი მე-20 ცალკეული უპილოტო სისტემების ბრიგადა К2-ში ჩამოყალიბდა. ქვედანაყოფის ამოცანები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, ხოლო რობოტებისთვის სირთულის ცნება არ არსებობს და არც რუსების ეშინიათ. მიმდინარე წლის სამ თვეში სახმელეთო რობოტებმა ფრონტზე 22 ათასზე მეტი მისია შეასრულეს და ამით, სულ მცირე, 22 ათასზე მეტი ჯარისკაცი გადარჩა. მისიათა უმეტესობა ფრონტის ყველაზე სახიფათო ზონებში ლოჯისტიკური ამოცანების შესრულებაზე მოდის“, - განაგრძობს გამოცემა.

„2008 წლის 21 სექტემბერს ესტონეთის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, 61 წლის ჰერმან სიმმი და მისი მეუღლე, ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰეტე სიმმი. თუმცა ქალბატონი სიმმი სამი თვის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. ეს იყო პირველი შემთხვევა 1991 წლიდან, როდესაც ესტონეთის მოქალაქეს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. ცნობილია, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ სამხილების მოძებნაში აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს უშიშროების სტრუქტურები, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რუსეთის ჰიბრიდული ომი: არალეგალური დაზვერვა და მძინარე აგენტები“ (გაგრძელება).

„ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში ჰერმან სიმმი წლების განმავლობაში მუშაობდა ესტონეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მან 1978 წელს დაამთავრა სსრკ შსს აკადემია, ჰქონდა მილიციის პოლკოვნიკის ჩინი და დიდხანს იყო ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. 1995 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა - ჯერ თავდაცვითი ინფორმაციის ანალიზის ბიუროს, ხოლო 2000 წლიდან ამავე სამინისტროს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის განყოფილების უფროსად. საინტერესოა, რომ ჰერმან სიმმს ევალებოდა ქვეყნის მასშტაბით სამხედრო საიდუმლოების დაცვის კოორდინაცია, მათ შორის სპეცსამსახურებში. ჰერმან სიმმი სამსახურებრივი მივლინებით რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და შეხვედრები ჰქონდა ქართველ კოლეგებთან. სიმმი ხელმძღვანელობდა ესტონეთის დელეგაციას სხვადასხვა კონფერენციაზე, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საიდუმლოების დაცვის საკითხებს შეეხებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

„თვეში 2-3-ჯერ სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, სადაც, ესტონეთის კონტრდაზვერვის ვარაუდით, ხვდებოდა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს. 2006 წლიდან იყო ზემოაღნიშნული განყოფილების მრჩეველი, თუმცა საერთაშორისო დონის საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვება და დიპლომატიური პასპორტი მაინც ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ რუსეთის დაზვერვაზე სიმმი 1995-2008 წლებში მუშაობდა. ესტონეთის კონტრდაზვერვამ ოპერატიულ დამუშავებაში ის 2008 წლის გაზაფხულზე, ნატოსადა ევროკავშირის უშიშროების სტრუქტურების რეკომენდაციით აიყვანა. ნატოს მთავარი სპეცსამსახური ანუ ნატოს უშიშროების ბიურო - NATO office Security (NOS) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს ამ ბლოკის პოლიტიკას უშიშროების საკითხებში“, - განაგრძობს გამოცემა...

„საბჭოთა აგენტი „ჰომეროსი“ სპეცსამსახურების ისტორიაში შევიდა როგორც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი „მაოხრებელი“. მისგან მიყენებული ზიანი მართლაც ძალზე დიდი იყო: 1951-1961 წლების განმავლობაში მან გასცა რამდენიმე ათეული საიდუმლო ოპერაცია და საბჭოთა კავშირს მიაწოდა რამდენიმე ასეული უცხო ქვეყნის აგენტის ვინაობა. მხოლოდ 1961 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ „ჰომეროსის“ ფსევდონიმით იმალებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI6-ის მაღალი რანგის თანამშრომელი ჯორჯ ბლეიკი. გეორგ ბეჰარი (შემდგომში ჯორჯ ბლეიკი) 1922 წელს დაიბადა როტერდამში (ნიდერლანდები). მამა - ეგვიპტელი ებრაელი, ხოლო დედა ჰოლანდიელი კათოლიკე ჰყავდა. ამ საოჯახო მრავალფეროვნების დამსახურებით გეორგს პოლიგლოტობის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა (მან შეისწავლა და თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ნიდერლანდურ ენებს), რამაც დიდად განსაზღვრა მისი მომავალი“, - წერს ჟურნალის არსენალი“ სტატიაში სათაურით სპეცოპერაცია „ბერლინის გვირაბი“ .

„დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი და ავანტიურა იყო. თავად განსაჯეთ: 18 წლის ბეჰარი გერმანელებს ებრძოდა ჰოლანდიაში, 1943 წელს დიდი წვალებით მოახერხა ინგლისში გამგზავრება (იმ პერიოდიდან მისი ვინაობა ჯორჯ ბლეიკი გახდა) და ორი წლის შემდეგ უკვე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი გერმანიაში ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა. 1948 წელს ბლეიკი კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთი კორეა), კერძოდ, სეულში მიავლინეს დაზვერვის რეზიდენტად. 1950 წლის ზაფხულში ჯორჯ ბლეიკი და სხვა ბრიტანელი დიპლომატები ჩრდილო კორეის ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წლის აპრილში დაბრუნდნენ ლონდონში. იმავე წლის სექტემბერში ჯორჯ ბლეიკი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, ერთ-ერთი განყოფილების (ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, რომლის დანიშნულება ფარული მიყურადება იყო) უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროს ის უკვე საბჭოთა აგენტი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც შემდგომ ჯორჯ ბლეიკი იხსენებდა, 1951 წელს, ჯერ კიდევ ტყვეობაში ყოფნისას, მან თავად შესთავაზა სამსახური საბჭოთა დაზვერვას. ჯორჯ ბლეიკი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ერთხელ, ტყვეობაში, კარლ მარქსის „კაპიტალის“ კითხვისას, „გონება გაუნათდა“, კაპიტალიზმის მთელი ბოროტება დაინახა და „კომუნიზმის სიდიადე“ ირწმუნა. ბუნებრივია, ამ ზღაპრების არავის სჯერა. სინამდვილეში, რამ უბიძგა ახალგაზრდა ბრიტანელ მზვერავს, რომელსაც წინ წარმატებული კარიერა ელოდა, საბჭოთა აგენტი და „თხუნელა“ გამხდარიყო? ვფიქრობ, ეს კითხვა ჯერაც პასუხგაუცემელია და ჯორჯ ბლეიკის გადაბირების საიდუმლო კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების არქივებშია ჩაკეტილი”, - განაგრძობს გამოცემა...

Thunderbolt II-ის საბრძოლო ბიოგრაფიიდან: 1983 კუნძულ გრენადაზე ოპერაცია Urgent Fury; 1991 წელს სპარსეთის ყურეში ოპერაცია Desert Storm-ში მოიერიშის 30 მმ-იანი ქვემეხი ერაყელთა საბჭოურ Т-72М ტიპის ტანკებს იოლად ანადგურებდა. ბრძოლებში ერაყის არმიამ 7 მოიერიშე ჩამოაგდო და 15-17 დააზიანა; 1994-1995 წლებში ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოიერიშეები ბოსნიელი სერბების პოზიციებს ბომბავდნენ; 1999 წელს მონაწილეობდნენ სერბეთის ოპერაციაში; ავღანეთის ომში 2002 წლის მარტიდან ჩაერთვნენ და თითქმის კამპანიის ბოლომდე დარჩნენ; 2003 წელს ოპერაცია Iraqi Freedom-ში ერაყის არმიამ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდო; 2011 წელს 6 მოიერიშე მონაწილეობდა ლიბიაში ოპერაცია Odyssey Dawn-ში; 2024 წლის ოქტომბრიდან 12 მოიერიშე ებრძოდა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებებს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ქართველის Thunderbolt II სამსახურს უბრუნდება.

„ტექნიკური პროგრესი ავიაციაში თავის ადგილს სწრაფად პოულობს და მის განვითარებას აჩქარებს. ცოტა ხნის წინ მე-5 თაობის გამანადგურებლები მოვლენად ითვლებოდა. ამჟამად ამერიკული Lockheed Martin F-22 Raptor-ები და F-35-ები არა მარტო დაფრინავენ, არამედ საბრძოლო მოქმედებებშიც რეგულარულად მონაწილეობენ. სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული რუსული Су-57 და ჩინური Chengdu J-20. საფრენოსნო გამოცდას გადის Cinuri Shenyang-is J-35, თურქული TAI-s TF-X Kaan-ი, სამხრეთკორეული KAI-ს KF-21 და სხვ. მოწინავე საავიაციო ქვეყნების სპეციალისტები უკვე მე-6 თაობის გამანადგურებლებზე ფიქრობენ და წინასწარ მონახაზებს აკეთებენ. ძველი და თანამედროვე მოდელების თვითმფრინავებს შორის ერთგვარ შეჯიბრებაში უპირატესობა უკანასკნელთა მხარესაა. შესაბამისად, ინტერესი წინა თაობის მოძველებული ტიპის თვითმფრინავებზე მცირდება და ზოგიერთისთვის ეს სამსახურის დასრულებას მოასწავებს“, - განაგრძობს გამოცემა.

„2024 წლის მარტის ბოლოს ამერიკულ ჟურნალ The National Interest-ში გამოქვეყნდა სტატია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებმა კომპანია Fairchild Republic-ის A-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშეთა ჩამოწერა დაიწყო. მიზეზი თანამედროვე კონფლიქტებში სამხედრო თვალსაზრისით განვითარებულ მოწინააღმდეგესთან მისი შეუთავსებლობა გახდა. იმავე წლის თებერვალში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 355-ე ავიაფრთამ A-10-ების პირველი პარტია ავიატექნიკის შესანახ ბაზას გადასცა. წლის ბოლომდე ავიაფრთის ყველა 76 მოიერიშის აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულება იყო გადაწყვეტილი. გეგმის თანახმად, A-10-ს უფრო სრულყოფილი მოდელის თვითმფრინავი შეცვლიდა, ხოლო გამოთავისუფლებული მფრინავები თანამედროვე ტიპის საფრენ აპარატებზე გადასხდებოდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

„გამარჯობა, ბატონებო!“ - ასე იწყება შეკრების ყოველი დღე სამწყობრო მოედანზე, სადაც 202-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დგანან. ეს ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონი უჩანეიშვილია, რომელიც ომახიანი მისალმებით სტიმულს აძლევს თავის ჯარისკაცებს. როგორც კი ბაზაში შედგამ ფეხს, უკვე ჯარისკაცი ხარ და იქაურ დისციპლინას ემორჩილები, ელვის სისწრაფით იცვამ ფორმას და დავალებას ელოდები. ჯარმა არ იცის უამინდობა, სიცხე, სიცივე, დაღლა... და შენც გრცხვენია ამ ყველაფრის გამოვლენის. ფორმა სიამაყეა, ღირსება, სიძლიერე და სიმტკიცეა; მზადყოფნაა, იდგე იქ, სადაც სამშობლოს დასჭირდები. რეზერვმა ამის განცდის შესაძლებლობა მოგვცა ყველას, ასაკისა და სქესის მიუხედავად. აქ ყველა თანატოლია, ვეტერანი თუ ახალბედა, გამოცდილი თუ დილეტანტი, სტუდენტი თუ შუახნის ადამიანი. ყველას ერთნაირად მოეთხოვება და ყველა ცდილობს აჩვენოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რეზერვი სამშობლოს სამსახურში / „ხვალ ჯარში მივდივარ...“

„ყველა ზრუნავს საკუთარი ბატალიონის იმიჯსა და ავტორიტეტზე და ეს სახალისო კონკურენცია სხვა ბატალიონებთან ძალების მობილიზების მოტივაციას აჩენს. არიან რეზერვისტები, რომლებიც კონტრაქტს მეორე ვადით აგრძელებენ, მათ შორის, მეც. ხუთი წელია, ვმსახურობ, ყოველი შეკრება კი პირველს ჰგავს. ყველა შეკრებაზე გული წინ გარბის და ის ემოცია მეუფლება, რაც პირველ შეკრებაზე მქონდა. გონებაში ხუთი წლის წინ უბის წიგნაკში ჩაწერილ სიტყვებს ვაკოწიწებ და ვიხსენებ, თუ რა სიამაყით ვალაგებდი მაშინ ჩანთას... ხვალ ჯარში მივდივარ... კაცმა რომ მკითხოს, რატომო, პასუხი ბევრია. რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს სახელმწიფოს ინტერესებისაგან განკერძოებით. მერგო პატივი და მონაწილეობა მივიღე ჩემი ქვეყნის ერთიანობის დაცვაში, ახლა კი საშუალება მეძლევა წვლილი შევიტანო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; დიდხანს ვემზადებოდი ამ დღისთვის და ყოველთვის მჯეროდა, დადგებოდა დრო და ჯარისკაცის ამპლუასაც მოვირგებდი“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ასე რომ, მართლაც არასოდეს უნდა თქვა არასოდეს და არც შესაძლებლობებზე დაიჩივლო, რადგანაც მას დიდი მონდომება აჩენს, მონდომება, სურვილი და მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხო არაა ყაზარმა, დენთის სუნი და ტყვიის წუილი, მაინც მგონია, სრულიად განსხვავებული ეტაპი დგება ჩემს ცხოვრებაში, სადაც არა გაქვს არათუ დაღლის, არამედ წელში მოხრის უფლებაც კი, რადგანაც მტერმა მხოლოდ მხრებგაშლილი და წელგამართული უნდა გნახოს. ეს განცდა მქონდა მაშინაც, როცა ომში მივდიოდი, როცა თოფის ხმის მეშინოდა და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი. სხვათა შორის, მკვდარსაც არ ვიყავი შენახები... მერე იყო პირველი ცრემლები ომში შეძენილი მეგობრების ცხედრებზე. მერე იყო ჩუმად დადებული ფიცი მათ კუბოებთან, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი. ხვალიდან ამ ფიცის განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა, რისთვისაც ასიათასჯერ ვმადლობ უფალს. ხვალ ჯარში მივდივარ... თუმცა არ ვიცი, რა ჰქვია ამას, წარსულში დაბრუნება თუ დაბრუნება წარსულიდან“, - განაგრძობს გამოცემა...

„ისტორიული საზღვაო ტრადიციები ირანს არ გააჩნია, თუმცა ბოლო წლებში თეირანს საოკეანო სამხედრო ფლოტის შექმნაზე პრეტენზიები გაუჩნდა და ამისათვის ძალისხმევასა თუ ფინანსებს არ იშურებდა. ირანული ხომალდების ხანგრძლივი საოკეანო ლაშქრობები და სხვადასხვა ქვეყნის პორტებში შესვლა ქვეყნის საზღვაო ძლიერების დემონსტრირების საქმეს ემსახურებოდა. აღსანიშნავია ფრეგატ Sahand-ის ცურვა კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ატლანტის ოკეანეში და 2021 წლის ივლისში სანქტ-პეტერბურგში ვიზიტი; 2022-2023 წლებში ფრეგატმა Dena-მ ირანის ფლოტის ისტორიაში პირველად შემოუარა დედამიწას; ინდოეთის ოკეანეში ირანული ხომალდები რეგულარულად მონაწილეობდნენ რუსეთსა და ჩინეთთან ერთად ერთობლივ საზღვაო სწავლებებში და მრავალი სხვა”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ირანის საზღვაო ამბიციების დასასრული.

„ერაყთან რვაწლიან ომში ირანის ფლოტს თითო სარაკეტო და საპატრულო კატარღა გამოაკლდა, ხოლო მთავარი გამოცდა ირანელ სამხედრო მეზღვაურებს აშშ-მა ჩაუტარა. ომის დროს სპარსეთის ყურეში ირანელთა დარტყმების სამიზნე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის დროშით მოცურავე რამდენიმე ტანკერი აღმოჩნდა. ტანკერებზე დაკვირვებისა და თავდასხმების კოორდინაციისთვის ირანი ნავთობმომპოვებელ პლატფორმებს იყენებდა. თეირანის აქტიურობის შესაჩერებლად 1988 წლის 18 აპრილს ამერიკელებმა ნავთობმომპოვებელი პლატფორმების Sassan-ისა და Siri-ს მწყობრიდან გამოსაყვანად ოპერაცია Praying Mantis-ი ჩაატარეს. ირანელები წინააღმდეგობის გაწევას ავიაციითა და ხომალდებით შეეცადნენ, რაც სრული მარცხით დასრულდა. ამერიკელებმა საპასუხო მოქმედებებით ფრეგატი Sahand-ი და სარაკეტო კატარღა Joshan-ი ჩაძირეს, გაანადგურეს Boghammar-ის ტიპის სწრაფსვლიანი 4 კატარღა, ხოლო ფრეგატი Sabalan-ი მძიმედ დააზიანეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ვაშინგტონ-თეირანის დაძაბული ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდა, რაც დროდადრო ზღვაზე დაპირისპირებასა და სახიფათო ინციდენტებში იჩენდა თავს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სწრაფსვლიანი კატარღები შეიარაღებული მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის ამერიკულ ხომალდზე თავდასხმების იმიტირებას ახდენდნენ ან სიახლოვეს სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ. ამერიკელი მეზღვაურები ხმოვანი გაფრთხილებებითა და ზოგჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლებით შემოიფარგლებოდნენ. დიდი რეზონანსი ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ 2016 წლის 12 იანვარს სპარსეთის ყურეში კუნძულ ფარსთან ამერიკული 2 კატარღისა და 10 მეზღვაურის დაკავებას, მიზეზი კი კატარღების ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლა გახდა. მეზღვაურები 15 სთ-ის შემდეგ გათავისუფლდნენ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დარღვევა სანავიგაციო შეცდომის გამო მოხდა. დაკავების დროს დაჩოქილი ამერიკელი მეზღვაურების ფოტოებს თეირანი პროპაგანდისთვის აფრიალებდა”, - განაგრძობს გამოცემა...

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტ „eNOVATION – Extended Network of CBRN Training Centres for Innovation“-ის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება რუსთავში, ქარხანა „აზოტის“ ტერიტორიაზე ჩატარდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. წვრთნების მიზანი ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე, უწყებათშორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება იყო“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით მეხანძრე-მაშველების სწავლება რუსთავში.

„სწავლებაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. საველე სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რეაგირების დანაყოფი. რას გულისხმობდა ეს სწავლება, რა ტიპის წვრთნებზეა საუბარი და რამდენად მასშტაბურია, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ უწყების წარმომადგენლებს ესაუბრა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტ „eNOVATION – Extended Network of CBRN Training Centres for Innovation“-ის ფარგლებში ჩატარებული სწავლება წარმოადგენდა სრულმასშტაბიან, მრავალკომპონენტიან საველე წვრთნას, რომლის მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება. სცენარი მოიცავდა ქიმიურ ინციდენტს – ამიაკის გაჟონვას, რომელიც მაღალი რისკის საფრთხედ ითვლება. სწავლება მოიცავდა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სრულ ციკლს: ინციდენტის აღმოჩენით და შეფასებით დაწყებული, მისი ლოკალიზაცია-ლიკვიდაციითა და შედეგების მართვით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ სცენარი ლოკალური მასშტაბის საგანგებო სიტუაციას ასახავდა, მისი სირთულე და ორგანიზება მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ ოპერაციულ გარემოსთან. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ოპერატიული მართვის სტანდარტული სისტემები. მსგავსი წვრთნები მნიშვნელოვნად აძლიერებს სწრაფი რეაგირებისა და უწყებათშორისი კოორდინაციის უნარებს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი...

„22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს დაარსებიდან 27 წელი შეუსრულდა. ღონისძიებაზე სასაზღვრო ავიაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა მიულოცა და წარმატება უსურვა. ავიაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიახლეები გააცნეს. ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა იოსებ არჯევანიშვილმა ღონისძიება 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნისთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალს“ იოსებ არჯევანიშვილი სასაზღვრო ავიაციის გეგმებსა და სხვა თემებზე ესაუბრა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით შვეულმფრენის უსაფრთხოება იწყება მიწიდან.

„მადლობას გიხდით მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. როდესაც სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სიახლეებზე ვსაუბრობ, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად, აქტიურად მიმდინარეობს სასაზღვრო ავიაციის განვითარება. გასულ წელს დაგვემატა ახალგაზრდა კადრები, განახლდა სასაზღვრო ავიაციის ავიაპარკი, კერძოდ, 3 ახალი თანამედროვე H-145 ტიპის სამაშველო შვეულმფრენი გვყავს, რეგულარულად მიმდინარეობს მფრინავებისა და პირადი შემადგენლობის გადამზადება, ეს ყველაფერი კი ხელმძღვანელობის მუდმივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენი თავის კლასში ძალიან კარგია. გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობით, ავტოპილოტითა და მართვის პროგრამაში ჩადებული ახალი ტექნოლოგიებით. რადგან საშუალო ზომისაა, სიმაღლეებზე კარგად მანევრირებს და კარგადაც ვიყენებთ. H-145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციებ“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იოსებ არჯევანიშვილი.

„ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. თუ ხანძარი გაჩნდა მთაში ან ტყეში, სადაც ვერ მიდის ცოცხალი ძალა, მაშინ ვერთვებით ჩვენ, ანუ ავიაცია, და ხანძრის ლოკალიზაციას ვახდენთ, მის გავრცელებას ვუშლით ხელს. სტიქიური უბედურების დროს დახმარების ზარის შემოსვლისთანავე ვრეაგირებთ. ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიცაა მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ჩვენი მოვალეობაა როგორც მოქალაქეების, ასევე დაშავებულების სტიქიური ზონიდან გამოყვანა, ასევე მაშველებისა და სხვა საჭირო სამსახურების თანამშრომელთა შემთხვევის ადგილამდე ჩაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობაა, ფრენისთვის ხილვადობა არ არის და ფრენა შეუძლებელია, მაგალითად, მთაში, ასეთ დროს ფრენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ ფრენის აუცილებელი პირობაა ხილვადობა. ე. წ. დაბალი ღრუბლის შემთხვევაში დაბალ სიმაღლეზე გვიწევს ფრენა და ხეობებში იზრდება ავარიის რისკი, რადგან ბევრ ადგილას გაყვანილია მაღალი ძაბვის სადენები, რაც ფრენას ხელს უშლის“, - განაგრძობს რესპონდენტი...

„შემთხვევით გავიგე, რომ „არსენალს“ თურმე 2004 წლიდან მუდმივად კითხულობს ადამიანი, რომელიც საქართველოში ჟურნალის, ალბათ, ყველაზე უხუცეს მკითხველად შეიძლება ჩაითვალოს. ჰიდროელექტროსადგურების დამსახურებული მშენებელი ოთარ გიგაური 98 წლისაა და ასეთი სოლიდური ასაკის მიუხედავად, ჟურნალის ყოველ ახალ ნომერს მოუთმენლად ელოდება. უფრო მეტიც, „არსენალის“ შესაძენად კიოსკში თავად მიდის, რათა გზაში თვალი გადაავლოს სარჩევს, მოინიშნოს მისთვის საინტერესო სტატიები და სახლში ყურადღებით წაიკითხოს”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით „არსენალის“ 98 წლის ერთგული მკითხველი.

„დავიბადე 1928 წლის 5 ნოემბერს თბილისში. მე-6 კლასში ვიყავი, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო და დაჭრილების სამკურნალოდ სკოლები ჰოსპიტლებად გადაკეთდა. ქალაქში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, ამიტომ ჩემი ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში გადავიდა. არც სოფლად იყო დალხინებული ცხოვრება. მოსწავლეებს არ გვქონდა წიგნები და სასწავლო ნივთები, არ გვყავდა მასწავლებლები. სავალდებულო საგნად სამხედრო მომზადებას გავდიოდით. სწავლის გარდა, ბავშვებს ფიზიკური შრომაც გვიწევდა. ომის ამბები დიდსა თუ პატარას აინტერესებდა, ხოლო სოფლად ამის შესახებ ინფორმირების ერთადერთი წყარო გაზეთები იყო. გაზეთებიდან ვიცოდი გმირების გვარები, ფრონტების დასახელებები, ფრონტების სარდლები, გამოყენებული საბრძოლო ტექნიკის ტიპები, მონაცემები მნიშვნელოვან ბრძოლებზე და სხვ. შეიძლება ითქვას, სამხედრო საქმით დაინტერესებას სკოლის პერიოდში გაზეთების კითხვით ჩაეყარა საფუძველი“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ გიგაური.

„საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის დროს ოფიცრის წოდების მისაღებად სტუდენტებისთვის სამხედრო კათედრის გავლა სავალდებულო იყო. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ საბჭოთა არმიის ერთ-ერთ ნაწილში საველე შეკრება გავიარე და ოფიცრის, ლეიტენანტის წოდება მომენიჭა. ინტერესი სამხედრო საქმისადმი კვლავინდებურად მქონდა, მაგრამ იმ წლებში ქართულ ენაზე სამხედრო შინაარსის ლიტერატურა ძალიან ცოტა იყო, მეტწილად სამხედრო მემუარები იბეჭდებოდა. თანამედროვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივ, ფაქტობრივად, არაფერი მოიპოვებოდა. ქართულ პერიოდულ გამოცემებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო“, - განაგრძობს ოთარ გიგაური...

„ქართულ მითოლოგიაში „გველეშაპი“ საშინელ ცეცხლისმფრქვეველ და სისხლისმღვრელ არსებას აღნიშნავს, უცხოეთში კი მისი შესატყვისია ძველი ბერძნული სიტყვა „დრაკონი“ და ეს სახელი ზუსტად შეესაბამება იმ დიზაინს, როგორითაც წარმოადგინეს ახალი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი ლას-ვეგასის ყოველწლიურ საიარაღო გამოფენა SHOT Show 2026-ზე. ამერიკული საიარაღო ფირმა Rideout Arsenal-ის ახალი პისტოლეტი Dragon -ი გამოირჩევა ორი ტექნიკური ნიუანსით, რომლებიც გათვლილია იმაზე, რომ მსროლელის ხელმა რაც შეიძლება ნაკლები უკუცემის ძალა იგრძნოს გასროლის შემდეგ და პისტოლეტის ლულაც ნაკლებად „ახტეს“ ზემოთ, რათა შენარჩუნდეს მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტე სწრაფსროლის დროს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით „გველეშაპი“ ყველაზე მოხერხებული და სწრაფი სროლისთვის / 2025 წლის „საიარაღო ჰიტი“ - პისტოლეტი Dragon ორი ტექნიკური თავისებურებით.

„პირველი ტექნიკური თავისებურებაა პისტოლეტის ავტომატიკის სისტემა - გასროლის დროს დამწვარი დენთის აირი აწვება და უკან გადააადგილებს საკეტს. მაგრამ საკეტის თავში დამონტაჟებული სპეციალური ბერკეტი ტრიალდება და ენერგიის ნაწილს გადასცემს საკეტის კოლოფს, რითაც „ზრდის“ საკეტის მასას და ანელებს საკეტის უკან მოძრაობას. ამ დროს დამწვარი დენთის აირის წნევა მნიშვნელოვნად მცირდება, საკეტი და საკეტის კოლოფი ერთად აგრძელებენ გადაადგილებას უკან, რათა მოხდეს გამოყენებული ვაზნის ჰილზის ექსტრაქცია და ლულის თავში ახალი ვაზნა გაიგზავნოს. მეორე ტექნიკური თავისებურება კი ის არის, რომ „დრაკონის“ ლულა რაც შეიძლება დაბლაა განთავსებული, ისე, რომ ლულის წრფე მსროლელის ხელისგულის ერთგვარ გაგრძელებად გადაიქცეს, რაც, თავის მხრივ, უფრო ამცირებს გასროლისას პისტოლეტის „ახტომას“. კონსტრუქტორებმა ასევე გამოიყენეს უძრავი ლულის პრინციპი და ერგონომიკული პისტოლეტის ტარი, რომელიც კარგად ზის მსროლელის ხელში“, - აღნიშნავს გამოცემა.

„პისტოლეტი მოდულის პრინციპითაა კონსტრუირებული და საშუალებას იძლევა მისმა მფლობელმა სურვილისამებრ შეცვალოს პისტოლეტის დეტალები. „დრაკონი“ 961 გრამს იწონის და მას 17 ან 200-ვაზნიანი მჭიდები უყენდება. პისტოლეტი გათვლილია 9 მმ „პარაბელუმის“ ვაზნებზე. მისი ლულის სიგრძე 127 სმ-ს შეადგენს. ახალი ნახევრად ავტომატური პისტოლეტ Dragon-ის სარეკომენდაციო ფასი ამერიკულ საიარაღო მაღაზიებში 3.600 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თუკი მყიდველს სურს მთელი კომპლექტის შეძენა, რომელშიც თავად „გველეშაპის“ გარდა შედის მაღალი ხარისხის ქეისი, დამატებითი მჭიდები და სხვა საიარაღო აქსესუარები, მაშინ 5.500 დოლარს უნდა შეელიოს”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა