ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას

აშშ-ს დაზვერვის უფროსისა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, ორი დღეა ყველაზე აქტუალურად განხილვადი თემაა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში.

ამ თემაზე საუბრისას ვიზიტის მიზნად ძირითადად სამი ვერსია განიხილება 1. უკრაინა-რუსეთ ომის დასრულების შესაძლებლობების ძიება, 2. რუსეთ-ირანის ურთიერთობები და 3. აშშ-ს მიერ ინფორმაციის ფლობა იმაზე, რომ რუსეთი ევროპაზე შეტევისთვის, ან ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

კიდევ განიხილება სხვა ვერსიებიც, მაგალითად, აშშ-ში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლოა, ტრამპს ჰქონოდა გარკვეული თხოვნები პუტინისადმი, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, რომ წინა სამი ვერსია ყველაზე აქტუალურია.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს და თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ, რის გამო იყო ჩასული ამერიკული სპეცსამსახურის უფროსი მოსკოვში?

- ჯონ რეტკლიფი, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი ელვისებური სისწრაფით ჩაფრინდა მოსკოვში.

ვიდრე ამ თემაზე სხვა საკითხებს შევეხები უნდა ვთქვა ის, რომ ჯონ რეტკლიფი აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახლავთ. იგი მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტზე უფრო მეტად უჭერს მხარს უკრაინას.

ასეთი დონის ვიზიტი ნამდვილად არ იქნებოდა რუტინული, და ამ თვალსაზრისით რთულია დავეთანხმოთ პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც ამ ვიზიტზე განაცხადა რომ ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში „ნახევრად რუტინული იყო“. მან ასევე თქვა, რომ ამავე ვიზიტის შედეგებზე „რაიმე იმედების გაღვივება არ სურს“.

ჯონ რეტკლიფი აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახლავთ. იგი მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტზე უფრო მეტად უჭერს მხარს უკრაინას

მაგრამ, ისეთი დონის პოლიტიკოსი, როგორც ჯონ რეტკლიფია, ჩადის მოსკოვში აშშ-ს პოზიციების განსამტკიცებლად, ჩვეულებრივი ვიზიტი არაა. ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა აშშ-ს ახალი სერიოზული გამოწვევები ემუქრება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, გარკვეულ წილად სპეკულაცია შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ რომ ამ თემაზე ინფორმაცია არის მწირი. თუმცა, რაღაც ინფორმაცია ჩვენც გაგვაჩნია.

თავიდან პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა საერთოდ უარყო ჯონ რეტკლიფის ვიზიტი, რაც გასაკვირია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პესკოვის შეფასებებს და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საერთოდ არ უნდა დავეყრდნოთ, რადგან იგი ხშირად აშკარად აცდენილია ყოველნაირ რეალობას.

სხვათა შორის, ეს შემდგომშიც გაგრძელდა, როდესაც მან თქვა რომ არაფერი არ იცის მაღალი დონის შეხვედრაზე. თუმცა, დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები რეგულარულად ხდება.

ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლა რომ მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ კონტაქტებს არ ჰგავდა, იმიდანაც ჩანს, რომ იმ დღეს პუტინმა უამრავი შეხვედრები გადადო. ირიბად, შესაძლოა, ესეც იყოს იმის დადასტურება რომ ჯონ რეტკლიფის შეხვედრა პუტინთან ნამდვილად შედგა.

ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლა რომ მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ კონტაქტებს არ ჰგავდა, იმიდანაც ჩანს, რომ იმ დღეს პუტინმა უამრავი შეხვედრები გადადო. ირიბად, შესაძლოა, ესეც იყოს იმის დადასტურება რომ ჯონ რეტკლიფის შეხვედრა პუტინთან ნამდვილად შედგა

თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, ან თუნდაც იმას რომ ჯონ რეტკლიფი მოსკოვში მხოლოდ თავის კოლეგებს შეხვდა, ამ ვიზიტს, შესაძლოა, ჰქონოდა ორი მიზეზი.

ვიდრე ამაზე მოგახსენებთ, უნდა განვიხილოთ დრო, როცა ეს ვიზიტი შედგა. ანუ ზოგადი კონტექსტი. ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ზოგადი კონტექსტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბარბაროსულ ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, ახლა ძალთა ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ იხრება.

ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ზოგადი კონტექსტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბარბაროსულ ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, ახლა ძალთა ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ იხრება

უკვე ყველასთვის, მათ შორის რუსებისთვისაც გასაგებია რომ ფსონი რომელიც რუსებმა დადეს უკრაინის გამოფიტვაზე, ანუ რუსების გამოფიტვის სტრატეგიამ ვერ გაამართლა და ევროპის ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსებით ზურგგამაგრებული უკრაინა უფრო კარგად ართმევს თავს გამოფიტვის სტრატეგიას, ვიდრე რუსეთი.

ეს დასტურდება გამოქვეყნებული ბოლო კვლევით, რომელიც რუსეთის „შემნახველმა ბანკმა“ ჩაატარა და რომელსაც პუტინის ერთ ერთი მოკავშირე გერმან გრეფი ხელმძღვანელობს. ამ კვლევის თანახმად რუსეთის გამარჯვება მხოლოდ 3%-იანი ვარაუდით ფასდება. ეს მონაცემები ჰაკერებმა გამოაქვეყნეს, მაგრამ, იგი მაინც საგულისხმოა.

რუსების გამოფიტვის სტრატეგიამ ვერ გაამართლა და ევროპის ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსებით ზურგგამაგრებული უკრაინა უფრო კარგად ართმევს თავს გამოფიტვის სტრატეგიას, ვიდრე რუსეთი

ვინაიდან რუსებმა იციან რომ ომს აგებენ და ომში ინიციატივას კარგავენ, რუსებმა რაღაც სხვა რადიკალურ ზომებს უნდა მიმართონ. ამ თვალსაზრისით რუსეთს მხოლოდ ორი შესაძლებლობა აქვს დარჩენილი - პირველი - შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ევროპაზე, მაგრამ აქ ძირითადად ბალტიის ქვეყნები განიხილებიან, და მეორე- უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება.

თუ რუსეთმა ამ ვერსიიდან რომელიმე გამოიყენა, მისი შედეგი რუსეთისთვის იქნება კატასტროფული, შესაძლოა, ამას რუსეთში ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე ეს ვერსია აწუხებს აშშ-ს, განსაკუთრებით უკრაინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

ბალტიის ქვეყნებზე შეტევისათვის რუსებს არანაირი რესურსი არ გააჩნია. ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში სწორედ ამ ორივე მესიჯს გააჟღერებდა.

ვინაიდან რუსებმა იციან რომ ომს აგებენ და ომში ინიციატივას კარგავენ, რუსებმა რაღაც სხვა რადიკალურ ზომებს უნდა მიმართონ. ამ თვალსაზრისით რუსეთს მხოლოდ ორი შესაძლებლობა აქვს დარჩენილი - პირველი - შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ევროპაზე, მაგრამ აქ ძირითადად ბალტიის ქვეყნები განიხილებიან, და მეორე- უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება

ცხადია ის, რომ ამერიკელები უკრაინას ისეთ დახმარებას არ უწევენ, რისი იმედი ჩვენ ყველას და პირველ რიგში უკრაინას გვქონდა. ეს რუსეთისთვის, შესაძლოა, ყოფილიყო სერიოზული არგუმენტი, რის გამოც ჯონ რეტკლიფს, შესაძლოა, რუსებისთვის ეთქვა - თუ თქვენ ამას გაბედავთ, იცოდეთ, რომ აშშ-ს აქვს შესაძლებლობა უკრაინას მიაწოდოს ნებისმიერი სახის იარაღი, რაც აშშ-ს აქვს, რა თქმა უნდა, გარდა ბირთვული იარაღისა.

ანუ, აშშ ევროპელებთან ერთად გააძლიერებს უკრაინას და რუსეთი თავის ტერიტორიაზე ისეთ მომაკვდინებელ დარტყმებს მიიღებს, რომ ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება.

ვფიქრობ, მოსკოვში ყოფნისას ჯონ რეტკლიფმა ვაშინგტონის ეს გზავნილები ჩაიტანა.

- ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, მოსკოვში იმავე დღეს ჩავიდა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი გალაჰერი.

ფაქტობრივად, ვატიკანმა მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ვატიკანის პლატფორმა შესთავაზა.

გავრცელებული ცნობებით, მან მოსკოვში უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა ჩაიტანა, რომელიც 1. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და დონბასის რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს.

უკვე ვიცით, რომ დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე მოსკოვი უარს აცხადებს. ეს რეგიონი რუსეთისააო და ჩვენს გარდა იქ არავინ არ უნდა იყოსო.

როგორც ჩანს, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების საკითხში ისევ პატური სიტუაციაა?

- დღეს, შესაძლოა, იყოს პატურ სიტუაცია, ვინაიდან, რუსებს ბოლომდე გააზრებული არ აქვთ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.

არქიეპისკოპოს გალაჰერის ვიზიტი და მისი შეხვედრა ლავროვთან იმაზე მეტყველებს რომ თავად რუსები მოეკიდნენ ამ ვიზიტს ძალიან სერიოზულად. თუ გალაჰერი შემდეგ უშაკოვსაც შეხვდება, ეს იმის ნიშანიც იქნება, რომ უშაკოვი რომ გალაჰერს შეხვედროდა ლავროვმა ურჩია.

შესაძლოა, ახლა მართლაც ჩანს, რომ პატური ვითარებაა, მაგრამ ჯონ რეტკლიფის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებთათვის ვაშინგტონის პოზიცია მიეტანა მოვლენათა განვითარების იმ ორ ვერსიაზე, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

დღეს, შესაძლოა იყოს პატურ სიტუაცია, ვინაიდან, რუსებს ბოლომდე გააზრებული არ აქვთ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ

ანუ ვაშინგტონმა ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტით პრევენციული ნაბიჯები გადაგა რომ მოსკოვს არ მიეღო აშშ-თვის არა მარტო არასასურველი, არამედ, მიუღებელი გადაწყვეტილებები.

ახლა ვხედავთ, რომ რუსები აქტიურად საუბრობენ კონსტანტინოვკის აღებაზე. დონეცკიდან კონსტანტინოვკამდე 55 კილომეტრია. ღირდა კი მილიონ ნახევარი რუსეთის ჯარისკაცის დაკარგვა ამ ტერიტორიის დასაკავებლად? არადა ამ ტერიტორიებისთვის რუსეთი 4, 5 წელიწადია იბრძვის. ამას ყველა ხედავს და ეს რუსეთის საზოგადოებასაც აფხიზლებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ხისტი პოზიციები აქვს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების საკითხებში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი სწრაფად იცვლება.

ვაშინგტონმა ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტით პრევენციული ნაბიჯები გადაგა რომ მოსკოვს არ მიეღო აშშ-თვის არა მარტო არასასურველი, არამედ, მიუღებელი გადაწყვეტილებები

ამას ემატება რუსეთში არსებული ბიუჯეტური, საფინანსო, ეკონომიკური პრობლემები და კრიზისები. რეგიონებში ნაციონალური მოძრაობების გაძლიერება და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს რუსეთს მიიყვანს იმ წერტილამდე, როცა მოხდება თვისობრივი გარდატეხა, რაც რუსეთს იძულებულს გახდის წავიდეს უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე.

ამისთვის უკრაინა არის მზად, ზელენსკის პუტინისგან განსხვავებით საკუთარი მოქალაქეების ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლე ადარდებს.

აქედან ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა დაპირისპირების ზოლზე ცეცხლის შეწყვეტა და პროცესის დიპლომატიურ სიბრტყეში გადაყვანა. მაგრამ, რუსეთისთვის ამაზე წავლა სასარგებლო იქნებოდა 1, 5-2 წლის წინ.

ახლა ასეც რომ მოხდეს, რუსეთს მასზე დაწესებული სანქციები არ მოეხსნება და არანაირ გარანტიებს, რომ იგი ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს მიიღებს, არავინ არ მისცემს. ამგვარი ხიფათის წინაშე უკრაინა 2 წლის წინ ნამდვილად იყო.

ახლა ასეც რომ მოხდეს, რუსეთს მასზე დაწესებული სანქციები არ მოეხსნება და არანაირ გარანტიებს, რომ იგი ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს მიიღებს, არავინ არ მისცემს. ამგვარი ხიფათის წინაშე უკრაინა 2 წლის წინ ნამდვილად იყო

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ თეთრ სახლში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა დენ კეინმა, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ელბრიტ კოლბმა.

იმავე ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ბრიუსელში შეხვდება ნატოს გენმდივან მარკ რიუტესა და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ წინ სერიოზული ამბები გველის..

- ეს ნიშნავს იმას, რომ ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ორი ვერსია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ - რუსეთის ევროპას და ბალტიის ქვეყნებზე შეტევა და ბირთვული იარაღის უკრაინაში გამოყენების საშიშროებას ვაშინგტონში სერიოზულად განიხილავდნენ.

ეს ამყარებს პირველ ჩვენს მიერ განხილულ ვერსიას, რომ რუსეთი მკაცრად გააფრთხილეს მისი გეგმების განხორციელების შემთხვევაში თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი.

ეს ამყარებს პირველ ჩვენს მიერ განხილულ ვერსიას, რომ რუსეთი მკაცრად გააფრთხილეს მისი გეგმების განხორციელების შემთხვევაში თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი

როგორც ჩანს, ამიტომაც აამოქმედა აშშ-მ ევროპაში თავისი სამხედრო მანქანა. ვგულისხმობ ბრიუსელის ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრები და ევროპელებთან კონსულტაციები. ეს არ გამორიცხავს ასევე იმას, რომ მოსკოვი სერიოზულად გააფრთხილეს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რა შეიძლება მოხდეს.

- თუ ასეთ გეგმებს მოსკოვში სერიოზულად განიხილავდნენ უმაღლეს დონეზე, გამოდის რომ კრემლში თავადაც კარგად ესმით რომ ევროპაზე თავდასხმის გარეშე რუსები ომს ვერ იგებენ.

გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას მიეცემა საშუალება თავის მოსახლეობასთან, რომლის უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერს მხარს, თავისივე პროპაგანდის საშუალებით ამტკიცოს რომ იგი ომს არა უკრაინასთან აწარმოებდა, არამედ ნატოსთან.

ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ კრემლში სერიოზულად განიხილავდნენ ნატოს მზადყოფნის გამოცდას თემაზე, ნატო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა თუ არა ნატოს მე-5 მუხლს და დაიცავდა თუ არა თავის წევრ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებს.

ასე ჩანს?

- რუსეთის ხელისუფლება ხედავს რომ არსებული ვითარება მას არ აწყობს, კარგავს ინიციატივას, და ინიციატივა უკრაინის ხელში გადადის. როგორც ჩანს, მოსკოვში განიხილავდნენ რუსეთის მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც მათი აზრით რუსეთს ომში გარდატეხის შეტანას მოუტანდა.

ორი ვერსია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ სავარაუდოდ, რაზე ჩავიდა მოსკოვში ჯონ რეტკლიფი, როგორც ჩანს, კრემლში მართლაც განიხილებოდა. ეს ადასტურებს აზრს რომ რუსეთში მართლაც ვერ ხედავენ იმ სახიფათო ფაზიდან გამოსვლის სხვა გზას, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინა-რუსეთის ომშია აღმოჩენილი.

ორი ვერსია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ სავარაუდოდ, რაზე ჩავიდა მოსკოვში ჯონ რეტკლიფი, როგორც ჩანს, კრემლში მართლაც განიხილებოდა. ეს ადასტურებს აზრს რომ რუსეთში მართლაც ვერ ხედავენ იმ სახიფათო ფაზიდან გამოსვლის სხვა გზას, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინა-რუსეთის ომშია აღმოჩენილი

მაგრამ, ფაქტია, რომ ორივე ვერსია, ბალტიის ქვეყნებზე შეტევა, ან უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ამიტომ ჩაიტანა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვაშინგტონის ეს გაფრთხილებები. ხოლო სამშვიდობო ინიციატივები გალაჰერმა გაახმიანა.

რუსეთმა თავისი მოქმედებებით პრაქტიკულად ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას. ეს კი ახლა, რუსეთისათვის დამატებით გამოწვევადაა ქცეული.

- უკრაინის საკითხში ისე ვითარდება პროცესები, არაა გამორიცხული უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით კვანძის გახსნის კონტურები ჩანდეს, ან ამგვარი მოლოდინები სადღაც ახლოსაც კი იყოს?

- ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შემდგომ რუსეთის მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში პროვოკაციული ქმედებები ნაკლებად სავარაუდოა.

ჯონ რეტკლიფი არა მარტო სერიოზული ადამიანია, უკრაინის სერიოზული მხარდამჭერია. მიუხედავად მისი ამ პოზიციისა, რუსეთმა მოსკოვში მის მიღებაზე უარი არ განაცხადა.

ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შემდგომ რუსეთის მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში პროვოკაციული ქმედებები ნაკლებად სავარაუდოა

მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსებმა კარგად იცოდნენ, რომ ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩადიოდა. ამერიკელები ჯონ რეტკლიფს მოსკოვში ის არ გაუშვებდნენ, რომ მათ არ ჰქონოდათ მოსკოვში მისი მაღალი დონის შეხვედრების გარანტია. რუსეთს დღეს არა აქვთ ფუფუნება უარი უთხრან ამერიკელებს შეხვედრაზე, თუნდაც ამერიკელებმა მოსკოვში გააგზავნონ ამერიკის ადმინისტრაციაში უკრაინის ისეთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, როგორიც ჯონ რეტკლიფია.

რუსეთს დღეს არა აქვთ ფუფუნება უარი უთხრან ამერიკელებს შეხვედრაზე, თუნდაც ამერიკელებმა მოსკოვში გააგზავნონ ამერიკის ადმინისტრაციაში უკრაინის ისეთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, როგორიც ჯონ რეტკლიფია

ეს შეხვედრა, ამ თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება