ცხინვალის რეჟიმი თბილისს “ახალ რეალობასთან” შეგუებასა და ოკუპირებული რეგიონების აღიარებას სთხოვს
“თუ რამე იცის, სასამართლოზე წარმოადგინოს” - “ოცნება” ღარიბაშვილს პოლიტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს
“სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს” - ბრიუსელი ერევანთან “თაფლობის თვეს” აგრძელებს
* * *
ცხინვალის რეჟიმი თბილისს “ახალ რეალობასთან” შეგუებასა და ოკუპირებული რეგიონების აღიარებას სთხოვს
“ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი თბილისს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისკენ მოუწოდებს. ქართულ მხარეს, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია. “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარება თვით საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება... საქართველო ჯერ კიდევ ვერ ეგუება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორ ახალ სახელმწიფოსთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის აწყობა და მათი აღიარება მის ინტერესებშიც შედის”, - აღნიშნა ჯიოევმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცხინვალის რეჟიმი თბილისს “ახალ რეალობასთან” შეგუებასა და ოკუპირებული რეგიონების აღიარებას სთხოვს.
“მისივე თქმით, ქართული მხარისგან, დროდადრო დეკლარირებული მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საპირისპირო და ხშირად პროვოკაციული რიტორიკა ისმის. ჯიოევმა აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ ეტაპზე ერთადერთი ფორმატია, სადაც პირდაპირი დიალოგი მიმდინარეობს. მისი თქმით, შეხვედრების მთავარი ამოცანა რეგიონში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამორიცხვაა. “ჩვენთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე”, - განაცხადა ჯიოევმა, რომლის აზრით, “აშკარაა, რომ ქართული მხარის ეს პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენასა და სტაბილურობას ხელს არ უწყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მიუხედავად ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანასწორუფლებიან დიალოგს და ვცდილობთ კონკრეტული შედეგების მიღწევას”, - ამბობს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობიათვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 18 წლისთავს აღნიშნავენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა" 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო. შეგახსენებთ, რუსეთსა და დე ფაქტო რეჟიმებს სურთ, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, სადაც აიღებს ვალდებულებას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო მათ დამოუკიდებელ მხარეებად ანუ ფაქტობრივად სახელმწიფოებად ცნობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“მსგავსი შინაარსის გზავნილები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში პერიოდულად გაჟღერებულა: თბილისს “ახალი რეალობის” აღიარების, “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობასა და პირდაპირი, თანასწორუფლებიანი დიალოგისკენ მოუწოდებენ. მსგავსი განცხადება არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის მხრიდან, მოსკოვი თბილისისგან “ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას” და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან “ძალის გამოუყენებლობის” შესახებ შეთანხმებების გაფორმებას ელოდებ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა”, - დასძენს გამოცემა.
“თუ რამე იცის, სასამართლოზე წარმოადგინოს” - “ოცნება” ღარიბაშვილს პოლიტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს
“ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ და მის წერილებს “ცარიელ სიტყვებს” უწოდებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული ბოლო წერილი, მანამდე გამოქვეყნებული წერილების შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. “სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად ცდილობს, პოლიტიკა გამოიყენოს. მას აღიარებული აქვს უმძიმესი დანაშაული - ფულის გათეთრება პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად იგი ბრალდებულია სხვა კორუფციულ დანაშაულში - თანხების მითვისებაში. ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს”, - განაცხადა გორდულაძემ, რომლის თქმით, “მეორე მხრივ, რა ქართულით არის დაწერილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თუ რამე იცის, სასამართლოზე წარმოადგინოს” - “ოცნება” ღარიბაშვილს თავის გადასარჩენად პოლიტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.
“გორდულაძის რიტორიკას აგრძელებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმ ადამიანს მოუწევს კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება, ვინც ბოროტად იყენებდა საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს და საჯარო ფინანსებს. “მან თავად განმარტოს, რა იცის. მე ერთი რაღაც ვიცი, როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომ საქართველოში კეთილსინდისიერად საქმიანობის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ საჯარო რესურსებს, პოზიციებს, აბსოლუტურად შეუზღუდავად აქვთ კანონის ფარგლებში საქმიანობის შესაძლებლობა, ხოლო იმ პირებთან, განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს, საჯარო ფინანსებს, ადრე თუ გვიან, კანონი აუცილებლად მივა და მათ მოუწევთ კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ მისი წერილებიდან, ეს არის აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტი”, - განაცხადა მახაშვილმა, რომლის თქმით, “საზოგადოებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს დგას არაერთი მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მისივე თქმით, ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე იმგვარად, რომ პრევენციულად თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა. თუ რამე იცის, მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით. სასამართლოზე შეუძლია რომ მობრძანდეს და წარმოადგინოს. ერთი მხრივ გვესმის მისი ცარიელი სიტყვები, მერე მხრივ არიან კონკრეტული მოწმეები და არის უამრავი კონკრეტული მტკიცებულება”, - თქვა მახაშვილმა. “ფედერალისტების” ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილი მიაჩნია, რომ “ჩვენი, როგორც ცივილიზებული საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, სამართლიანად გასამართლდეს და არა მისი პატრონის შურისძიებით”, - განაგრძობს გამოცემა.
“ივანიშვილის რეჟიმს რომ ჩამოვშლით, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მტერსაც სამართლიანად ექცევა. არა იმიტომ რომ მტერი მებრალება (არანაირად), უბრალოდ სწორი მასეა, ჩვენთვის - ყველასთვის. ჩვენ, როგორც ხალხი, რომ კარგად ვიყოთ, მასეა საჭირო”, - მიიჩნევს ჩერგოლეიშვილი. ამასთან, “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგალითიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არანაირი ერთგულება არ არსებობს და როცა მას დასჭირდება, ნებისმიერს გაწირავს. ამასთან, დოლიძე ყურადღებას ამახვილებს პარტიის შიგნით “ფსევდოერთგულებაზეც” და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში თავად ღარიბაშვილის წვლილიც უდიდესია”, - დასძენს გამოცემა.
“სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს” - ბრიუსელი ერევანთან “თაფლობის თვეს” აგრძელებს
“სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიაში დადებითად აფასებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს. ევროკომისიის პრესსპიკერის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია. “ჟენევაში გამართული ჩვენი პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი წარმატებული იყო, ამას ემატება ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მდგრადობისა და ზრდის გეგმაზე, ევროპის მშვიდობის ფონდსა და პარტნიორულ მისიებზე. სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაედგა და თავის მხრივ მიიღო ე.წ. ევროკავშირის კანონპროექტი. ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია”, - განაცხადა მარკუს ლამერტმა, რომლის განმარტებით, “რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება მკაფიოდ განსაზღვრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს” - ბრიუსელი ერევანთან “თაფლობის თვეს” აგრძელებს და ახალ ბონუსებს ჰპირდება.
“ჩვენ უკვე ვმუშაობთ ერევანთან ერთად სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგალითად, სატრანსპორტო კავშირების, ვაჭრობისა და სხვა მრავალი მიმართულების განვითარებით. ეს ასევე კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ამას ინტერესით ვაკვირდებით. თქვენ ასევე იცით, რომ პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირისადმი გამოხატულ ამ აშკარა მხარდაჭერას”, - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს. “დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა”, - განაცხადეს უწყებაში. სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება და გაწევრიანების პერსპექტივა პოლიტიკურად რეალური, თუმცა, პრაქტიკულად ექსტრემალურად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ერთის მხრივ, ერევნის ეს ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან ყარაბაღის მოვლენების შემდეგ მოსკოვზე იმედგაცრუებულმა სომხეთმა დასავლეთთან უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალტერნატივების ძიება დაიწყო, რასაც ქვეყანაში მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ბრიუსელის მხრიდან სტრატეგიული ინტერესიც უმაგრებს ზურგს. თუმცა პროცესს გიგანტური ბარიერები ეღობება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ექსპერტთა თქმით, სომხეთის ეკონომიკა და ენერგეტიკა მჭიდროდაა მიჯაჭვული რუსეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე, რომლის დატოვებაც კრემლის მხრიდან სერიოზულ ეკონომიკურ შანტაჟსა და კრიზისს გამოიწვევს, ხოლო ევროკავშირი, როგორც არასამხედრო ალიანსი, ერევანს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს. ამას ემატება სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, რეგიონული იზოლაცია და ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუროკრატიული პროცედურები, რის გამოც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანების განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური სიგნალია და რეალურ შედეგამდე მიღწევას ათწლეული დასჭირდება”, - დასძენს გამოცემა.