საქართველოში კვების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და სწრაფად მზარდი სფეროა. „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი“ (NMG) კი, რომელიც მისი მთავარი წარმომადგენელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია, მიწოდების ჯაჭვის სრულ ტრანსფორმაციას იწყებს. მრავალმილიონიანი კაპიტალდაბანდებებითა და ახალი, მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობით, კომპანია აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება სწორი საინვესტიციო სტრატეგია გრძელვადიანი მდგრადობის გარანტიად.
NMG-ის წარმატების საფუძველი მრავალპროფილური, ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს-მოდელია. ჯგუფმა შექმნა უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც ერთიან საოპერაციო ჯაჭვში აერთიანებს წარმოებას, დისტრიბუციას, შიდა ლოგისტიკასა და საცალო ვაჭრობას.
აღნიშნული სტრატეგია კომპანიას საშუალებას აძლევს, სრულად გააკონტროლოს პროდუქტის გზა საწარმოო ხაზიდან უშუალოდ მაღაზიის დახლამდე. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტფელში შემავალი შვილობილი კომპანიები ოპერაციულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ. ეს კი მენეჯმენტის მაღალ მოქნილობასა და ბაზრის ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.
65 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურაში
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წელს NMG-მ შვილობილი კომპანიების განვითარებაში 65 მილიონი ლარი დააბანდა. ეს კაპიტალი საწარმოო სიმძლავრეების მოდერნიზაციას, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, პროცესების ავტომატიზაციასა და საცალო ქსელის გაფართოებას მოხმარდა.
ამ მასშტაბის კაპიტალდაბანდება პირდაპირპროპორციულად აისახება ჯგუფის კონსოლიდირებულ მაჩვენებლებში, რაც მას ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აქცევს. შედეგი ციფრებში კარგად ჩანს: ჯგუფი დღეისათვის 700-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს მართავს საქართველოს მასშტაბით, 15-ზე მეტ სხვადასხვა მიმართულების კომპანიას აერთიანებს და 11 000-მდე ადამიანს ასაქმებს ქვეყნის მასშტაბით. ეს მაჩვენებელი NMG-ს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო დამსაქმებლად აქცევს. 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯგუფის მიერ გადახდილი გადასახადები 167.5 მლნ ლარს შეადგენს.
500-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოება
NMG-ის საწარმოო პლატფორმა ამჟამად 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტის გამოშვებასა და მართვას უზრუნველყოფს. ჯგუფის შვილობილი ბრენდები დომინანტურ პოზიციებს ინარჩუნებენ ისეთ სასურსათო სეგმენტებში, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, ნაყინის წარმოება, პურ-ფუნთუშეული… 2025 წელს, „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიებმა 12 300 ტონაზე მეტი პროდუქცია აწარმოა.
საწარმოო სეგმენტს ამყარებს გამართული სადისტრიბუციო სისტემა, რომელსაც 300 ერთეულისგან შემდგარი ავტოპარკი ემსახურება. სისტემა ფარავს ქვეყნის მთელ გეოგრაფიულ არეალს, 6 000-მდე სავაჭრო ობიექტისთვის უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას და დღეში, საშუალოდ 2000 სავაჭრო ობიექტს ამარაგებს.
სტრატეგიული განვითარება - 43 000 კვ.მ ფართობის ლოგისტიკური ჰაბი
ჯგუფი ამჟამად 43 000 კვადრატული მეტრი ფართობის თანამედროვე ლოგისტიკურ ჰაბს აშენებს. პროექტის დასრულების შემდეგ ის, საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურულ ობიექტად იქცევა.
ახალი ჰაბი მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობას თვისობრივად შეცვლის - გაზრდის სიმძლავრეს, შეამცირებს ლოგისტიკურ დანახარჯებს და ჯგუფს კიდევ უფრო მეტ ოპერაციულ მოქნილობას შესძენს. ამასთანავე, ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებისთანავე, სადისტრიბუციო ქსელი სრულად ღამის მომსახურებაზე გადავა, რაც მიწოდების ვადების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
„ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ფიზიკური ზრდა არ არის. ეს არის უწყვეტი, სისტემური პროცესი, რომელიც ეფექტიანობას, ინოვაციებსა და ადამიანებზე ზრუნვას ეფუძნება“, - აცხადებენ NMG-ში.
NMG უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს.