ქართული პრესის მიმოხილვა 06.01.2020

ხათუნა ლაგაზიძე - “მთავარი კითხვაა რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია”

სანდრო­ თვალჭრელიძე - ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია

ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი ანუ როდის არის დუმილი ოქრო

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “მთავარი კითხვაა რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია”

“გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია ამერიკელების მორიგი შეტევის თაობაზე - თავს დაესხნენ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებას, რასაც, სულ მცირე, ექვსი ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო ემსხვერპლა. ეს ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს აშშ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილ და გათვლილ მოქმედებებთან და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებთან. ყასემ სოლეიმანი, ფაქტობრივად, ირანის მეორე პირი და აიათოლას მიერ სიცოცხლეშივე წმინდანად იყო აღიარებული. ამერიკელების მტკიცებით, სწორედ ის იყო 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორი. სოლეიმანი იყო კრემლთან პირდაპირ კავშირზე მყოფი გენერალი, რომლის რჩევითაც შევიდა რუსეთი სირიაში”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “მთავარი კითხვაა _ რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია” / “ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან პოზიტიურ პროექტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ხელისუფლებისგან ბოღმის ნთხევას კი არ ითხოვენ, არამედ საქმის კეთებას” / “გასულ წელს რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოში ჩვენი საზოგადოება იყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი მოსახლეობა როგორმე სრულ სულიერ და მორალურ კაპიტულაციამდე მიეყვანა. ამას ფსიქოლოგიურ-დივერსიული ოპერაციებით ცდილობდა”.

“ირანმა ბოლო წლებში არნახულად გააფართოვა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, რითაც შეავიწროვა აშშ-ის ინტერესები და ამასთანავე, გაიზარდა საფრთხე ისრაელისთვის. ირანი დღეს აკონტროლებს სირიის, ერაყისა და ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამაში დიდი წვლილი სწორედ სოლეიმანიმ შეიტანა, რომელიც იყო ირანის გარეთ ოპერაციების მთავარი დამგეგმავი და ჩამტარებელი... ეს სპეცოპერაცია აშკარად წინასწარ დაგეგმილი იყო, შესაბამისად, ირანის საპასუხო ნაბიჯისთვისაც აშშ, წესით, მზად უნდა იყოს. ფართომასშტაბიან ომამდე რამდენად მივა საქმე, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, თავდაპირველად ირანისთვის მარტივ სამიზნედ შეიძლება იქცნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პარტნიორები, ანუ ის ქვეყნები, სადაც აშშ-ის ბაზებია. ამერიკელები განიხილავენ იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების სერია მოუწყონ აშშ-ის მოქალაქეებს. აიათოლას ფანატიზმი იმდენად დიდია, ვერაფერს გამოვრიცხავთ. იმავდროულად, ამერიკელი ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩართვა ამერიკისთვის შესაძლოა იქცეს რუსეთის და ჩინეთის წისქვილზე წყლის დასხმად... ცალკე თემაა რუსეთი, რომელიც ირანს აუცილებლად დაეხმარება. ვლადიმირ პუტინი სოლეიმანის ლიკვიდაციას მაშინვე გამოეხმაურა და ამერიკელები ლამის ტერორისტულ აქტში დაადანაშაულა. ჯერ ძალიან მწვავეა ვითარება და ძნელია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ჩემი აზრით, თუ პროცესები ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდა, ეს ვითარება ჩვენს ქვეყანაზე დიდად არ აისახება, თუმცა, თუ ფართომასშტაბიან ომამდე მივიდა საქმე, რისი ალბათობაც ჯერჯერობით დიდი არ ჩანს, ბევრი მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ პრობლემებზე - დაწყებული ლტოლვილთა ნაკადით და ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო პროცესებით დამთავრებული. ბევრმა შეიძლება გაიხსენოს სირიის კონფლიქტი და ის, რომ სირიელ ლტოლვილთა უდიდესი ნაკადიდან ჩვენამდე ძალიან ცოტამ თუ მოაღწია, მაგრამ ირანი სხვა თემაა. სომხეთის გავლით შეიძლება ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მოგვაწყდეს, რამაც შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს. ჩვენთვის გაცილებით მძიმე შეიძლება გამოდგეს ის, თუ რაში დასჭირდება, ერთი მხრივ, ამერიკას და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია, ეს მთავარი კითხვაა. საინტერესოა, რომ 3 იანვარს თურქეთმა აშშ-ს­ ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება არ მისცა. ამიტომ ბუნებრივად დგება დღის წესრიგში საკითხი, როგორ შეიძლება დასჭირდეს ამერიკას საქართველოს ტერიტორია, მათ შორის საჰაერო სივრცე? აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 2019 წლის მიწურულს აშშ-მა საქართველოს სამხედრო მიზნებისთვის უპრეცედენტო ფინანსური დახმარება გამოუყო. ეს მიანიშნებს სწორედ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-ისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება რუსეთს, ის აუცილებლად გვერდში დაუდგება ირანს. საფრთხე იმისა, რომ სომხეთში საკუთარი ბაზა გააძლიეროს და საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს ირანის საზღვართან შეიარაღებისა და სამხედრო ძალების გადასროლისთვის, საკმაოდ დიდია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა თეორიულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ და ეს მხოლოდ ვარაუდებია. რეალობაა ის, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ჩვენს სამეზობლოში ტრიალებს - ვგულისხმობ რუსეთის მიერ საბჭოთა სივრცის ახალი სახით აღდგენის მცდელობებს, რაც ბოლო დროს თვალსაჩინოდ გამოჩნდა უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის მოწოდებაში, დავიწყოთ ფიქრი ახალი ვარშავის ბლოკის შექმნაზეო. ამის სანაცვლოდ ის უკრაინელებს დამამცირებელ თანხას სთავაზობდა, რუსეთი 100 მილიარდს გვაჩუქებსო... რთული პროცესები მიმდინარეობს ბელორუსშიც. გასული წლის დეკემბერში რუსეთ-ბელორუსის ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის შექმნის საკითხი განიხილებოდა, რაზეც ლუკაშენკომ კატეგორიული უარი განაცხადა. მან პირდაპირ თქვა, თუ რუსეთი შეეცდება ბელორუსის დაპყრობას, ამას ნატო არ დაუშვებს და სამხედრო კონფრონტაცია დაიწყებაო. ამის შედეგად რუსეთმა ბელორუსს ნავთობი გადაუკეტა”, - განმარტავს ექსპერტი.

“მოლდოვაში კი პროდასავლური მთავრობა პრორუსმა პრეზიდენტმა შეცვალა. საქართველოც მთელი 2019 წლის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე იყო. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ფონს ქმნის და თუ ამას ირან-აშშ-ის კონფლიქტიც დაერთო, ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება. გარკვეულწილად, ეს შეიძლება იყოს შანსიც, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდეს, როგორიც არასდროს ყოფილა, მაგრამ რისკებიც თავისთავად ცხადია, იზრდება, მათ შორის ირანის მიერ აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში ტერორისტული აქტების მოწყობის თვალსაზრისითაც. მთელ ამ ნეგატივში ჩემთვის მაინც ყველაზე იმედისმომცემია აშშ-ის სამხედრო დახმარება, რაც თვალსაჩინო მესიჯია იმისა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთისთვის საქართველოს დათმობას, ეს კი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანი ირიბი გზავნილია. ვფიქრობ, მომავალი არჩევნები სწორედ ამ ჭრილში წარიმართება - რუსეთი სულ უფრო მძაფრი ზეწოლის შედეგად მოახერხებს და დააბრუნებს საქართველოს თავისი გავლენის სივრცეში, თუ აშშ შეინარჩუნებს მას როგორც პროდასავლურ და დემოკრატიულ ქვეყანას?” - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“გასულ წელს რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოში ჩვენი საზოგადოება იყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი მოსახლეობა როგორმე სრულ სულიერ და მორალურ კაპიტულაციამდე მიეყვანა. ამას ფსიქოლოგიურ-დივერსიული ოპერაციებით ცდილობდა. რუსეთი ამ ხერხებს სხვადასხვა ქვეყანაშიც ხშირად იყენებს საზოგადოების დაქსაქსვისთვის, აგრესიის გაღვივებისა და ნიჰილიზმის დასათესად. პრობლემა ის არის, რომ ამის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები ჩვენს ხელისუფლებას არ მიუღია, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნაც არ უცდია. არადა, ჩვეულებრივ ომში ვართ ყოველდღიურად, უბრალოდ, ამას საინფორმაციო ომი ჰქვია და იარაღი ფსიქოლოგიურ-დივერსიული აქტებია. ისევე როგორც ნებისმიერ ომში, ამ დროსაც გჭირდება კონტრსტრატეგია. თქმა იმისა, რომ ამასთან სრულად გამკლავება და მისი განეიტრალება შესაძლებელია, ტყუილი იქნება. ამას ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ, მაგრამ ზიანის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. თუნდაც იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, რომლებმაც ამ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში არის ნატოს კიბერუსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ცენტრები. ჩვენც შეგვეძლო მათ ქსელში ჩართვა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანას, როგორც ნატოს კონტრიბუტორს. საქართველოს უარს არავინ ეტყოდა - დაგვეხმარებოდნენ კიდეც და გამოცდილებასაც გაგვიზიარებდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვითხოვია დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში ეს საფრთხეები ნათლად იყო ასახული”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისა, რუსეთისთვის არ არსებობს საქართველოში ფასეული და ღირებული პოლიტიკური პარტნიორი. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მისთვის მიუღებელია. მას არ სჭირდება პოპულარული და მაღალრეიტინგიანი პოლიტიკური ძალა. ის, რასაც რუსეთი შარშან მთელი წლის განმავლობაში აკეთებდა საოკუპაციო ხაზთან - ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების პერმანენტულ გატაცებასა და “მცოცავ ოკუპაციას” - ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რათა ერთი მხრივ, ჩვენს საზოგადოებას თავი სრულიად უსუსურად ეგრძნო და იმავდროულად, მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია, წარმოეჩინა ის უნიათოდ მოსახლეობის თვალში. ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა გავიხსენოთ, რამდენ ხანს ამყოფა რუსეთმა საზოგადოება და განსაკუთრებით ხელისუფლება ჩოქბჯენში... მოკლედ, კრემლს არ სჭირდება აქ რომელიმე პოპულარული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მაღალი მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლებს, რათა საქართველო მუდმივად იყოს ქაოსის კერ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რუსეთს “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნა კი არ ანაღვლებს, არამედ იმ გავლენის შენარჩუნება, რომელიც ამ ბოლო წლებში მოიპოვა. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და საფრთხილოც იქნება რუსეთის ტაქტიკა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მისი მთავარი ამოცანა ჩვენი ოპოზიციის ერთიანობის დაშლა-დაქსაქსვა იქნება. დღეს მას ქაოსი ყველაზე მეტად აწყობს. თუ ვერ მოჰყავს და ვერ მოიყვანს ხელისუფლებაში ძალას, რომელიც სრულად გაატარებს რუსეთის ინტერესებს - მაგალითად, 2024 წლამდე შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევრაზიულ კავშირში და ა.შ. - ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ აქ მუდმივი ქაოსი იყოს, რათა ისე დაასუსტოს ქვეყანა, რომ ბოლოს და ბოლოს თავის საწადელს მიაღწიოს. საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკას საარჩევნო ჭრილში თუ განვიხილავთ, ერთადერთი, რამაც შეიძლება მას სიტუაცია გაუუმჯობესოს, არის არა “ნაციონალური მოძრაობის~ მისტიფიკაცია როგორც ყველაზე საშიში ძალისა, რაც ძველებურად ვეღარ იმუშავებს, არამედ პოზიტივზე აქცენტი. “ქართულმა ოცნებამ” მაქსიმალური პოზიტივი უნდა შეიტანოს საარჩევნო კამპანიაში, თუ სურს დღევანდელი ძალიან ცუდი რეიტინგის გაუმჯობესება. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - თვლის ხათუნა ლაგაზიძე.

“აქამდე საოცარი რამ ხდებოდა - ეს იყო იშვიათი ხელისუფლება, რომელიც თავის საარჩევნო კამპანიებს მხოლოდ ნეგატივზე აგებდა, არადა, პოზიტივზე აქცენტირება მის ხელთ არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენებით, თუ ვინმეს შეუძლია, სწორედ ხელისუფლებაა. მისი მესიჯი 2016 წლიდან დღემდე ასეთი იყო: “გაერთიანდით ჩემ გარშემო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ კარგი, არამედ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობაა” ცუდი”. ახლა ამგვარი პოლიტიკა ვეღარ უშველის. ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან პოზიტიურ პროექტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ხელისუფლებისგან ბოღმის ნთხევას კი არ ითხოვენ, არამედ საქმის კეთებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღემდე ვერ შეძლო (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საზოგადოებისთვის ახალი, რესურსული ლიდერების შეთავაზება. აუცილებელია ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთა, რომლებიც შეძლებენ სიახლის, სასიკეთო ცვლილებების მოლოდინის შექმნას. გარდა ამისა, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა აუხსნას, თვითონ რას სთავაზობს საზოგადოებას, რას მოუტანს ამომრჩეველს უკეთესს? ამაზე პასუხი აუცილებლად სჭირდება საზოგადოებას, რომ ოპოზიციას ენდოს. თუ მან არჩევნების წინ ვერ შეძლო ხალხის დიდი მასის გამოყვანა მხარდასაჭერად, გაუჭირდება არჩევნებში წარმატების მიღწევა. თუ ხელისუფლებას არ ექნება იმის რიდი, რომ ხალხის დიდი მასა გამოვა ქუჩაში არჩევნების შედეგების დაცვის მოთხოვნით, ის მოიქცევა ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოიქცა _ საკუთარ თავს საზოგადოების “გადაგდების” უფლებას მისცემს”, - დასძენს ექსპერტი.

სანდრო­ თვალჭრელიძე - ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია

“უსაფუძვლოდ მიმაჩნია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ვადების ამოწურვის მიუხედავად, მუშაობას არ შეწყვეტენ და ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა პროექტი არ გაჩერდეს. კონტრაქტით გათვალისწინებულ 590 მილიონ ამერიკულ დოლარს საიდან დადებენ ანგარიშზე? ამის შესაძლებლობა არ აქვთ უკვე ორი წელია, ახლა რა უნდა ქნან?! ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსორციუმს რაღაც მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც არ მინდა, მიზანმიმართულად არ უჭერენ მხარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს.

“პროექტში არც ერთი ამერიკული კომპანია არ შემოვიდა. მგონია, რომ ამერიკელები კონსორციუმის გასვლას ელოდებიან, რათა თავად შემოვიდნენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მჯერა, რომ პორტის აშენება მთავრობას არ უნდა. ვფიქრობ, პორტი აუცილებლად აშენდება! ეს თემა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ... საკმაოდ სენსიტიური საკითხია, გამგები გაიგებს... ანაკლიისა და ფოთის პორტებს აბსოლუტურად სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. ფოთის პორტში ისეთი სიღრმეების უზრუნველყოფა გამორიცხულია, როგორიც არის ანაკლიაში. ეს კი გადამწყვეტია პროექტისთვის. სრულიად სხვადასხვაა ამ პორტების კომერციული და სტრატეგიული დანიშნულებაც. ჩემი აზრით, ხაზარაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დაიწყო პროექტის კომერციალიზაცია. ეს არ არის კომერციული, ეს ერთმნიშვნელოვნად სტრატეგიული პროექტია. რუსეთი რომ ანაკლიის პორტის ალტერნატივად ტამანის პორტს განიხილავს, ხომ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ანაკლიის პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო ადრე დაიწყო. იმ პერიოდში, ანუ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი, ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და ჩამოაყალიბა პირობები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პორტი, რომლის აშენებაც სურდათ აქ ამერიკელებს. დავიწყეთ კვლევა და მთელი საქართველოს სანაპიროდან მხოლოდ ანაკლიაში მოვნახეთ ამ პორტისთვის საჭირო ადგილი. მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა ბევრი მიზეზის გამო. მთავარი კი მაინც ის გახლდათ, რომ ამერიკის პრეზიდენტ კლინტონს არ უნდოდა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა დაიჯერა, რომ პუტინთან მოახერხებდა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას და სამხედრო შემადგენელზე, ანუ აშშ-ის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა, რაც შეცდომა იყო”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ვფიქრობ, პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. ანაკლია ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენს უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენი შემდგომი სტრატეგიისთვის აფხაზეთთან დაკავშირებით. კონსორციუმს ეს პროექტი ძალიან ჩუმად უნდა გაეკეთებინა. ასეთი ამბის ატეხას კონსორციუმს არავინ აპატიებს. დააკვირდით ერთ რამეს - როდესაც ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედებები, მისმა პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს. ე.ი. რაღაცაშია საქმე, მან გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა. პრინციპში, გაწირეს მისი ინტერესები”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “როგორ ახსნით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას: `იმედი მაქვს, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არ აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ”, - პასუხობს:

“ეს განცხადება ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტისთვის კონსორციუმს ჩინეთში არ უნდა დაეწყო ინვესტორის ძებნა. ეს პროექტი არ უნდა ყოფილიყო დაფინანსებული არადასავლური და არაქართული წარმოშობის ფულით. როგორ გგონიათ, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია, რატომ ტოვებენ კონსორციუმს ამერიკული კომპანიები? იმიტომ ხომ არა, რომ კონსორციუმის ჩანაცვლება უნდათ სხვა, ამერიკული კომპანიით?!”

ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი ანუ როდის არის დუმილი ოქრო

“დეკემბერს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე­ ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან, ანუ თუ მასვე დავესესხებით, “აღსაყდრებიდან”... ის ჯერ 2013 წელს შეეცადა გაპრეზიდენტებას, თუმცა არ გამოუვიდა. გვახსოვს, მაშინ აცხადებდა, პრეზიდენტის როლი ჩემზეა გამოჭრილიო! მას ხუთი წლის შემდეგ დაუჯერა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც შეირჩა ვითომ დამოუკიდებელ, არაპარტიულ საპრეზიდენტო კანდიდატად.... საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 70% ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დაბალია პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის მაჩვენებელიც - 27%. რაც დღეს ქალბატონი ზურაბიშვილისა და საპრეზიდენტო ინსტიტუტის თავს ხდება, უპირველესად იმის ბრალია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობაც კი არ მიიჩნევს მას თავის პრეზიდენტად, ვინც ხმა მისცა - მას ხომ ძირითადად, “ქართული ოცნების” გამო და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი ანუ როდის არის დუმილი ოქრო.

“მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული­ თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია”, - ეს არის ამონარიდი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვიდან. შეიძლება ითქვას, ზურაბიშვილს შემდეგაც დროდადრო ახსენდებოდა “ეროვნული თანხმობის” მნიშვნელობა და ამის თაობაზე განცხადებებს აკეთებდა, თუმცა რეალურად მისი მოქმედება, სამწუხაროდ, განხეთქილებას და საზოგადოების დანაწევრებას უფრო უწყობდა ხელს. ერთი შეხედვით ის თითქოს ხალხთანაა - ფეხით დადის ქუჩაში, სადილობს საზოგადოებრივი კვების ისეთ ადგილებში, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა, შეიძლება გადააწყდეთ საცურაო აუზზე, არ აცდენს კულტურულ ღონისძიებებს, მაგრამ როცა საჭიროა, როცა შეიძლება მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდეს, ის თითქმის არასდროს ჩანს, ანუ ლამის ზედმიწევნით ასრულებს თავისივე ნათქვამს - პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ცოტა ზემოთ.. მოკლედ, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, თვითონ როდის და რას გადაწყვეტს და არცთუ მნიშვნელოვანი - რას ითხოვს მისგან დრო და ვითარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბულინგის სამიზნეა. “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (რომ არაფერი ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ ლობიოს ჭამაზე) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით... ვის აწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების, ან კიდევ მასა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?” - კითხულობს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს და თან აშკარად ჩანს, რომ იოტისოდენადაც არ ფიქრობს საკუთარ შეცდომებზე. დიახ, მას მართლაც ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანი აკვირდება და მის ყველა განცხადებასა და ნაბიჯს პრეზიდენტის წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ვინ აძლევს მათ ყველაზე მეტ საკბილოს?! ისევ და ისევ პრეზიდენტი, რომელიც ხშირად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს და აუხსნელად იქცევა. რა თქმა უნდა, ლობიოს ჭამა ცოდვა არ არის, მაგრამ როდის და სად შეჭამ ლობიოს, ამას აქვს მნიშვნელობა. როცა ხალხი ქუჩაშია, დედაქალაქში საპროტესტო აქციები არ წყდება და შენ, პრეზიდენტი, ამაზე სიტყვასაც არ ძრავ, უარესი - ამბობ, რომ ვერ გარკვეულხარ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ჯობია თუ პროპორციული, და მომიტინგეებისგან 100-ოდე მეტრის მოშორებით ლობიოს საჭმელად მიდიხარ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ სალობიეშიც შეიძლება მოგიცვივდნენ, გისტვინონ და შენი “დაბულინგებაც” სცადონ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მას რომ ჰკითხოთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება პრეზიდენტის საქმე არ არის, თუმცა, როცა მმართველ პარტიას სჭირდება, ამსხვრევს მითს პრეზიდენტის ინსტიტუტის ზეპარტიულობის შესახებ... ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების სფეროს განეკუთვნება, ინაუგურაციიდან მალევე ევროპაში ჰქონდა წარმატებული ვიზიტებიც, მაგრამ გვაჩვენა ისიც, რომ საგარეო მიმართულებით ქვეყნის სკანდალში გახვევაც ხელეწიფება. მისი განცხადებები ქვეყნის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე ლამის აზერბაიჯანთან პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზად იქცა. აბსოლუტურად მართალია პრეზიდენტი, როდესაც აცხადებს, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება სურს, მეზობელ სახელმწიფოებთან­ საზღვარი დადგენილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის ხმამაღლა განცხადებასაც შესაბამისი დროისა და ადგილის შერჩევა სჭირდება. როცა ამას ამბობ აზერბაიჯანში ვიზიტისას ისე, რომ სახელმწიფოთა შორის ეს საკითხი მომზადებული არ არის, უნდა ივარაუდო მაინც, რომ ამას დაძაბულობა მოჰყვება, რითაც შეიძლება სულ სხვა ძალამ ისარგებლოს. ასეც მოხდა და როგორც ცდილობდა რუსეთი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის წახალისებას, ამის მომსწრენიც გავხდით”, - დასძენს გამოცემა.

“როცა საზღვრებზე ლაპარაკობს, პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და განსაკუთრებულად იფრთხილოს, თუმცა ზურაბიშვილს ლაპარაკისას სიფრთხილე არ სჩვევია - “პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის _ საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან ნატიში შესვლა, ხან -ევროკავშირში. ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ, სახელმწიფოს, გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან”. - კვლავ არასწორი ფორმულირება, არასწორი შედარება და აქცენტები. პრეზიდენტს უჭირს ქართულ ენაზე ლაპარაკი და შეიძლება მისი ლაფსუსები ამასაც მივაწეროთ, მაგრამ ის ამას არ აღიარებს, ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ნათქვამზე, იმასაც კი არ ცდილობს, ტექსტი განცხადებებისა, რომელთაც, როგორც თვითონ ამბობს, როცა გადაწყვეტს, მაშინ აკეთებს, წინასწარ მოამზადოს, რომ მერე მსმენელმა და მკითხველმა არ იმკითხაოს, რისი თქმა სურდა პრეზიდენტს... ზურაბიშვილი ამას არ აკეთებს, ჰოდა, გაუგებარია, რატომ უკვირს, რომ მისი ორაზროვნად ნათქვამი ფრაზები საქილიკო ხდება!”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი­ და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა”, - ბრძანა ცოტა ხნის წინ მთავარსარდალმა და გადაირია ქვეყანა! კონტექსტს თუ დავუკვირდებით და ძალიან დავფიქრდებით, იქნებ მივხვდეთ­ კიდეც, რომ ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, იმის თქმას ცდილობდა, საქართველოს ვერასდროს ეყოლება ისეთი ძალისა და მასშტაბის არმია, რომ რეგიონის დაპყრობაზე იფიქროსო (ისიც საკითხავია, ძლიერი­ არმიაც რომ გვყავდეს, ამაზე რატომ უნდა ვიფიქროთ), მაგრამ თქვა ის, რაც თქვა, ამიტომაც დაიმსახურა კრიტიკა მეგობარი `ქართული ოცნების~ ბოსებისგანაც კი, თვითონ კი ეს განცხადება მოგვიანებით ასე განმარტა: “ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რომ შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ”. ბუნებრივია, ისმის კითხვა: სად აქ? საქართველოში, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის? და “იქ” სად არის? სად ესმით სალომე ზურაბიშვილის კარგად, ან რომელ ენაზე?! ყველაზე უარესი კი ის არის, რომ განცხადებაში ჩანს - პრეზიდენტი საკუთარ თავსაც “იქ” მყოფებს მიაკუთვნებს, თვითონაც “იქაურია” და აშკარად გრძნობს კულტურულ უპირატესობას აქაურთა მიმართ, რომელთაც გაგების უნარს უწუნებს... ანუ აქაც ზურაბიშვილი საკუთარ პრობლემას ვერ ხედავს”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“ავლაბრის რეზიდენციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანების სასახლე სჯობია ფსევდორაიხსტაგს”, _ განაცხადა მან ერთი წლის წინ და ორბელიანების სასახლეში გადაბარგდა, მაგრამ საბოლოოდ სახელმწიფოს ორი სასახლე შერჩა შესანახად. აქეთ ორბელიანების სასახლის მორთვა-მოკაზმვა გახდა საჭირო ძვირად ღირებული ანტიკვარული ნივთებით, იქით - სააკაშვილის აგებულ სასახლეს დაარქვეს ცერემონიების სასახლე და ისიც სახელმწიფო ბიუჯეტს აწევს კისერზე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილს პომპეზური ღონისძიებების გამართვისას “ფსევდორაიხსტაგის”ჰავა სულაც აღარ ვნებს... მის ირგვლივ აგორებული ყველაზე დიდი სკანდალი გახლდათ შეწყალების საკითხი. მის მიერ შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ მკვლელები, მათ შორის - ისეთი გახმაურებული საქმის ფიგურანტიც, როგორიც იყო ოთხმეზურის მკვლელობა, მაგრამ პრეზიდენტი აქაც ყველაფერს საზოგადოებას აბრალებს, რომელმაც თურმე ვერ გაიგო, რომ შეწყალება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა მიმართ გულმოწყალებასაც ითვალისწინებს. ეს გასაგებია, თუმცა საქმესაც ხომ გააჩნია! თან შეწყალების ერთ ნაკადში რამდენიმე უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული რომ ხვდება, ეს ბუნებრივად აჩენს კითხვებს. მით უფრო გაუგებარი იყო პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი - თუ ის საკუთარ გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევდა, რატომ გამოაცხადა შეწყალებაზე მორატორიუმი? ესეც ახალი კითხვების გაჩენის საფუძველი...”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია...” - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ჰოდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ისწავლეთ ქართული ენა, ქალბატონო პრეზიდენტო! საპრეზიდენტო მართვის კიდევ ოთხი წელიწადი გაქვთ წინ და საკითხავია, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებენ “აქაურები” თქვენს ორაზროვან ლაპარაკსა თუ მოქცევას”, - თვლის სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა