კორნელი კაკაჩია - საქართველოს რუსეთის დელეგაციის მიღება მოუწევს - გარკვეული უხერხულობა იქნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ექსპერტ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოს მაისში, ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციის მიღება მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი ქვეყანა საერთაშორისო იმიჯს დაიზიანებს.

როგორც კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ დელიკატურია, თუმცა, საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მას აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულება, რომ ყველა დელეგაციას, მათ შორის რუსეთის დელეგაციასაც ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნას.

„საკმაოდ დელიკატური სიტუაციაა შექმნილი იქედან გამომდინარე, რომ საქართველო თვითონ არის ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია, რომ ამ ვალდებულებებზე უარს ვერ იტყვის. ასევე მნიშვნელოვანია ის შიდა კონტექსტი, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან. ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი გამოცდილება, თუ როგორ ჩამოდიან მაგალითად, საქართველოში კოსოვოს სპორტული ნაკრებები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს აღიარებული კოსოვო. მსგავსი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთიდან სხვა მაღალჩინოსნების ვიზიტები იქნებოდა ეს პერსონალურ დონეზე, პრიმაკოვის თუ სხვა პირების, უკვე განხორციელდა“, - განაცხადა კაკაჩიამ.

ამასთან, კაკაჩია ფიქრობს, რომ სერგეი გავრილოვის ვიზიტის შედეგად შექმნილი პრობლემის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

„არა მგონია, გავრილოვის ვიზიტის მსგავსი პროცესები განვითარდეს, რადგან კონტექსტი სულ სხვაა. გავრილოვი მმართველმა პარტიამ მოიწვია, ამჯერად კი საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მან თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. არა მგონია, ქართული ოპოზიცია ამას ვერ ხვდებოდეს და ამ კონტექსტში განსხვავება ვერ ნახოს, ამიტომ ამ ორს ერთმანეთს მაინც ვერ შევადარებდი.

ბუნებრივია, გარკვეული უხერხულობა იქნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს იმიჯი და მისი როლის დადებითად წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე, მითუმეტეს, რომ ლავროვი არ იქნება იქ ერთადერთი მაღალჩინოსანი, იქ იქნებიან ევროპელი ლიდერები და შესაძლებელია მან დიდი ყურადღება არც მიიპყროს“, - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დელეგაცია ქვეყანაში არ შემოუშვას.

„არა მგონია, ამაზე წავიდეს საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის დელეგაცია ქვეყანაში არ შემოუშვას. ჩვენ ვართ თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა ნორმალურად ჩავატაროთ ეს შეხვედრა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დაინტერესებულია მისი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდეს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყველა დეგელაციას ნორმალური მიღება ჰქონდეს. ასევე, არა მგონია, რომ რუსეთის დელეგაციას არ ესმოდეს შექმნილი სიტუაცია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინცდამაინც ლავროვი ჩამოვა, შეიძლება სულ სხვა ადამიანი ჩამოვიდეს. ალბათ, ამ საკითხზე გარკვეული კონსულტაციები დასჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან. გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ, რაღაც გამოსავალი გამოცდილებიდან უნდა გავიზიაროთ. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებშიც არის დაგროვილი გამოცდილება და არა მგონია, ახალი ველოსიპედის გამოგონება დაგვჭირდეს“, - განაცხადა კაკაჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს