აკაკი ცომაია - ანაკლიის პორტით დავკარგეთ დიდი ინვესტიცია და მეტი დასავლეთი საქართველოში - მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან

ის, რომ ანაკლიის პორტით დავკარგეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია, პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში, ეს ფაქტია. მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან,- ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „ინტერპრესნიუსთან“ მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ექსპერტი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განხორციელება მთავრობის ინტერესში არ შედის და თუ პორტს ააშენებენ, ეს რუსული, ჩინური ან თავად ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელდება. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ინვესტორი კომპანია უნდა ყოფილიყო ამერიკული, აკაკი ცომაია ამბობს, რომ შესაძლებელია გამოჩნდნენ ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიები, რომლის უკან დგანან ინვესტორები რუსეთიდან ან ჩინეთიდან.

„მთავრობას რომ არ უნდა ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს, ეს უკვე დიდი ხანია გამოჩნდა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პროექტი მათთვის სასურველი არ არის. ამდენად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ის, რომ ანაკლიის პორტით ჩვენ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ივესტიცია და არა მხოლოდ დიდი ინვესტიცია, არამედ პოლიტიკური უსაფრთხოების სხვადასხვა გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ფაქტია. ქვეყანამ ის უბრალოდ გაუშვა ხელიდან მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირი განცხადებისა. ამდენად, ამ მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან.

ანაკლიის პორტის პორტის მშენებლობა შეიძლება განახორციელოს მთავრობამ, მაგრამ აქ იქნება უკვე ჩინური, რუსული ფული, სავარაუდოდ, თავად ივანიშვილის ფული და შესაბამისად, ნაკლები იქნება დასავლეთის ინტერესი.

ინვესტორი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, იმის უკან კვლავ შეიძლება იდგას ივანიშვილი. 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ინვესტიცია განხორციელდეს პანამიდან ისეთი სახელმწოდებით, რომელიც რეგისტრირებულია აშშ -ში და მათ უკან დგანან რუსი ან ჩინელი ინვესტორები, უამრავი მეთოდი არსებობს და მერე უნდა ამტკიცო, რომ ეს ის არ არის და როგორც ხდება ხოლმე მთავრობამ ეს უნდა „გააპრავოს“ - „რას ამბობთ, პოლიტიკური პარტიები არ ცვლიან ისევ თავიანთ დღის წესრიგს და ა.შ.“ და არის ჩვეულებრივი პინგ-პონგის თამაში,“- აცხადებს აკაკი ცომაია.

ექსპერტი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ანაკლიის პორტში სერიოზული ინვესტორების მონაწილეობა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ პროექტით, იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ საქართველო მიმზიდველი გახდებოდა სხვა მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვისაც, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი პორტის აშენება ნიშნავს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„ერთი, რასაც ვხედავთ არის ის, რომ სახეზეა და დამნახავი კარგად დაინახავს, თუ როგორ მიზანმიმართულად ჩააგდო მთავრობამ ანაკლიის პორტი და გაყარა ყველა ინვესტორი და თითოეულ ინვესტორს, რომელიც იყო წარმოდგენილი, დასახელებული და მზად იყო ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო, საკმაოდ დიდი ისტორია, გამოცდილება გააჩნდა.

ის ინვესტორები, რომლებიც შემოდიოდნენ საქართველოში იყვნენ მსხვილი ცნობილი ამერიკული, ევროპელი ინვესტორები, ეს კი სხვა ინვესტორებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ ასევე საქართველოში, ანუ მულტიპლიკაციის ეფექტი აქვს ამას. როცა ასეთი ინვესტორები შემოდიან, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ისინი გრძნობენ გარკვეულ პოლიტიკურ გარანტიებსაც, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ სტრატეგიული მოკავშირეების და პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ გარკვეული ინტერესი აქვთ ანაკლიის პორტში და თუ ჩინეთი, ან რუსეთი წამოყოფს თავს, ამერიკის მთავრობის გარანტიები არსებობს ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ლოკომოტივი და შექმნას კარგი საფუძველი მომავალში ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანაში. ამის ნიშნები იყო ანაკლიის პორტის პროექტის სახით და მთავრობამ ის ხელიდან გაუშვა. არ ვიცი, ეს მათი გულუბრყვილობით, უტვინობით, მიზანმიმართულად მოდა თუ ყველაფერი ეს ერთად აღებული იყო, მაგრამ სახეზეა, რომ ეს ასე მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში გონიერი ადამიანები მუშაობენ, ეს ნამდვილად არ არის ასე, ვერ ვიტყვი ასევე, რომ მთავრობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის ბედი და მომავალი, რადგან ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ და იკვეთება ისიც, რომ მთავრობაში არიან ნეპოტიზმის ნიშნით შეყრილი ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ და აინტერესებთ კერძო ინტერესი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა